[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC და მარნეულის სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო წინადადებებით მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და სოფელი ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო ქარალის და კასუმლოს სოფლების სათემო ცენტრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტისთვის ორი საპროექტო წინადადება წარუდგინეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო სოციალური მუშაკების სერვისისა და მუნიციპალიტეტის დონეზე თარგანების რესურსის შექმნას უკავშირდება.  

 

 ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტები ითვალისწინებს:

  1. მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების დაქვემდებარებაში სათემო სოციალური მუშაკების ინსტიტუტის განვითარებასა და  ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული მდგრადი სოციალური პოლიტიკის შემუშავებას;  
  2. მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში უმცირესობის ენაზე თარგმანის რესურსების შექმნას, მათ შორის, საკრებულოს და მარნეულის ვებ-გვერდებზე აზერბაიჯანულენოვანი პლატფორმის დამატებას და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ წარმოებაში თარგმანის რესურსების შექმნას;

 

ჩვენი ორივე საპროექტო წინადადება მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრსა და სოფლებში არსებულ სოციალურ და სამართლებრივ მდგომარებაზე ჩვენს სისტემურ დაკვირვებასა და კვლევას, ასევე, ადგილობრივ თემებთან, ორგანიზაციებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგებს ეყრდნობა.  

აღნიშნული საპროექტო წინადადებები მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალური ცვლილებებისკენ არის მიმართული და ვიმედოვნებთ, რომ მათ გრძელვადიანი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და მათ დემოკრატიულ მონაწილეობაზე.

 

  1. სათემო სოციალური მუშაკების ინსტიტუტის განვითარება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი მუშაობა აჩვენებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სათანადოდ არ არის  ჩართული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმ ბაზისურ პროგრამებშიც, რომელიც სახელმწიფოში მოქმედებს. ამის მიზეზი არსებული ენის პოლიტიკის მიღმა, რომელიც ქართული ენის დომინაციის პრინციპზე დგას, სოციალური მომსახურების სფეროს არაეფექტიანი მუშაობაა. ადგილზე მომუშავე სოციალური მუშაკების რიცხვი არასაკმარისი, მათი რესურსები კი მწირია. ამასთან იმის გამო, რომ ადგილზე მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის ენა (აზერბაიჯანული) არ იციან, მათთვის შეუძლებელი ხდება ადგილობრივებთან კომუნიკაცია და მუშაობა. სოფლად მცხოვრები ადამიანები ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ საბაზისო ინფორმაციას არ ფლობენ, რომელიც მაგალითად საყოველთაო დაზღვევას და პენსიას უკავშირდება. ცხადია, რომ ეს მდგომარეობა ეთნიკური უმცირესობების სოციალურ დაუცველობას კიდევ უფრო აღრმავებს. ამ პირობებში არსებითია სახელმწიფომ გაიაზროს მისი სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის პრობელმა ეთნიკურ უმცირესობების ჯგუფებში და მიიღოს დამატებითი ზომები ამ პრობლემის დასაძლევად.

ჩვენი ინიციატივა სათემო სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და მუნიციპალურ დონეზე სოციალური პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩვენი წინადადების მიხედვით, მნიშვნელოვანია მარნეულის მერიაში შეიქმნას სათემო სოციალური მუშაკების რესურსი, რომლებიც მარნეულის სოფლებში არსებული სოციალური საჭიროებების კვლევას და შესაბამისი ბაზის შექმნას, სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების პროაქტიულ (კამპანიურ) ინფორმირებას, შესაბამის სერვისებში მათ გადამისართებას და მხარდაჭერას მოახდენენ. ჩვენი ხედვით არსებითია სათემო მუშაკები ფლობდნენ  აზერბაიჯანულ და ქართულ ენებს და გააჩნდეთ შესაბამისი განათლება (სოციალური ან განათლების მეცნიერების მიმართულებით). ამასთან, არსებითია მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს მათი გადამზადებისა და პროფესიული გაძლიერების კომპონენტი. მნიშვნელოვანია ეს რეფორმა მუნიციპალიტეტმა  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა არასამთავრობო აქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმოს.  

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეს ინიციატივა თავსდება სოციალური სამსახურების სფეროს დაგეგმილ რეფორმაში, რომელიც სპეციალიზაციის და   დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დგას. მათ შორის, 2018 წელს მიღებული კანონი საქართველოს სოციალური სამუშაოების შესახებ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის მანდატს, რაც, მათ შორის, გულისხმობს სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებას, რეფერირებას, სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ამ სერვისებზში ჩაბმას და სხვა. ჩვენი აზრით, სათემო სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაჩენა მარნეულის მუნიციპალიტეტის დონეზე ამ რეფორმისთვის პოზიტიურ გამოცდილებას შექმნის და ის  მუნიციპალიტეტს მომავალში პროფესიონალი სოციალური მუშაკების რესურსის შექმნაში დაეხმარება და უფრო მეტიც, პოზიტიურ გამოცდილებას შექმნის სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. 

სათემო სოციალური მუშაკების რგოლის შემოტანით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელმწიფო სერვისების/პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დაცვის პროცესში. ამავდროუულად, ეს ინსტიტუტი დაეხმარება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ადგილობრივებთან კომუნიკაციის გაძლიერებაში, ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებას და პასუხისმგებელ უწყებებთან უკეთეს კოორდინაციაში.

 

  1. მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის თარგმანების რესურსების შექმნა

ჩვენი მეორე საპროექტო ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ენობრივი ბარიერის აღმოფხვრას, რომელიც აზერბაიჯანულ თემს აქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში. ადგილობრივებს  არ აქვთ შესაძლებლობა თვითმმართველობას მიმართონ თუნდაც საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად სწორედ ენობრივი ბარიერის გამო. უკანასკნელი კვლევის მონაცემებიც მიუთითებს, რომ გამოკითხულთა 69.9% საერთოდ არ მიუმართავს ბოლო ორი წლის მანძილზე თვითმმართველობისთვის პირადი ან საოჯახო პრობლემის მოსაგვარებლად. ხოლო 76.5% არ მიუმართავს საზოგადოებრივი საჭიროების გამო.[1] ენობრივი ბარიერი და თვითმმართველობასთან ჩატეხილი კომუნიკაციის ხიდი აღრმავებს აზერბაიჯანელი თემის პოლიტიკურ და სოციალურ გაუცხოვებას სახელმწიფოსთან.

საქართველოს მიერ როგორც საერთაშორისო ისე ეროვნული კანონმდებლობით აღებული ვალდებულები მას მოუწოდებს შექმნას თარგმნის რესურსები იმ ტერიტორიულ ერთეულებში უმცირესობების ენაზე, სადაც ეს უმცირესობები 20% მეტი რაოდენობით არიან წარმოდგენილი და არსებობს თარგმანის საჭიროება ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში.[2] იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანული თემი წარმოადგენს მარნეულის მოსახლეობის დაახლოებით 85 %-ს და სახელმწიფო ენის ცოდნა ყველაზე მწვავე პრობლემაა, რაც არაერთი კვლევით დასტუდება, სახელმწიფო ვალდებულია მიმართოს დამატებით პოზიტიურ ზომებს ადმინისტრაციულ წარმოებაში  ენის ბარიერის დაძლევისა და სახელმწიფო ინსტიტუებისგან ადგილობრივების  გაუცხოების, დაბალი პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის აღმოსაფხვრელად.

ხაზგასასმელია, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე თარგმნის რესურსების შექმნის მოთხოვნა არ აკნინებს სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობას. EMC და მარნეული სათემო ცენტრები სახელმწიფოს მოუწოდებენ სახელმწიფო ენის სწავლის ხარისხის ამაღლებისკენ, თუმცა აქვე მიგვაჩნია, რომ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში სახელმწიფო ენის მხარდაჭერის პოლიტიკამ არ შეიძლება მათთვის გამრიყავი გავლენა იქონიოს და სახელმწიფოსთან ბაზისური კომუნიკაციის შესაძლებლობები წაართვას.

ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივა მარნეულის მერიისა და საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდების აზერბაიჯანულენოვანი პლატფორმის შექმნასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში ქართული ენის არ მცოდნე პირებისთვის განცხადებების/საჩივრებისა და სხვა მიმართვებისა და ასევე საჯარო ინფორმაციის თარგმანის რესურსების შექმნას ითვალისწინებს.

EMC და სოფელი ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო ქარალის და კასუმლოს სოფლების სათემო ცენტრები გამოვთქვამთ იმედს, რომელიც  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენს ინიციატივებს გაითვალისწინებს და ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას მხარს დაუჭერს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://osgf.ge/publication/etnikuri-umciresobebis-warmomadgenlebis-politikur-ckhovrebashi-monawileobis-kvleva/, გვ: 76-77.

[2] ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენცია მუხლი 10(2) და მისი კომენტარები; ასევე იხ. ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მოქმედი კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკა   და გაცემული რეკომენდაციები რუმინეთის და პოლონეთისთვის 2001-2005-2013 წლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“