საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კონტექსტის მიმოხილვა:
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გამწვავდა, რამაც თითქმის მთელი ეთნიკური სომხური მოსახლეობის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. მიუხედავად ბაქოს პირობისა ეთნიკური სომხების უფლებების დაცვის შესახებ, უმეტესობამ ნაჩქარევად დატოვა რეგიონი, ძალადობის და ენის გამოყენების უფლების, მათი რელიგიის და წეს-ჩვეულებების შესაბამისად ცხოვრების თავისუფლებების დაკარგვის შიშით. სხვადასხვა გამოთვლებით, მთიან ყარაბაღში დარჩა რამდენიმე ათეული ეთნიკური სომეხი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ ტოვებენ საცხოვრებელს: არ სურთ მათი ნათესავების საფლავების დატოვება, ზოგი კვლავ იმედოვნებს, რომ დაკარგულ შვილებს იპოვის, ზოგი მოხუცებულ მშობლებზე ან პატრონის გარეშე დარჩენილ ცხოველებზე ზრუნავს.
2020 წლის ექვსკვირიანი ომის დროს აზერბაიჯანმა სომხური ძალებისგან დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშნველოვანი ნაწილი და მისი მეზობელი ტერიტორიები, რომლებიც სამი ათწლეულის მანძილზე იყო დაკავებული. ამ ომის შედეგად 37000-მდე ადამიანმა იპოვა თავშესაფარი სომხეთში,[1] და რამდენიმე ათასი ადამიანი გადავიდა დაკავებული ტერიტორიებიდან ყარაბაღის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იყო. 6000-ზე მეტი ადამიანი (ორივე მხრიდან) დაიღუპა ბრძოლაში, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა. მოსკოვმა რეგიონში 2000-მდე სამშვიდობო გაგზავნა.[2]. 2020 წლის ომის შემდეგ სომხურ საზოგადოებაში იმედი გაჩნდა, რომ სამშვიდობო ძალები გარკვეული ხნით სტაბილურობას უზრუნველყოფდადა სომხეთსა და ყარაბაღს ომის დამანგრეველი შოკისგან რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. თუმცა, ეს იმედები არ გამართლდა. სამშვიდობო ძალებმაა არა მხოლოდ არაფერი გააკეთეს ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ მათ რეგიონში მოქმედების მკაფიო მანდატიც კი არ გააჩნდათ.[3]
2023 წლის სექტემბერში სომხების მასობრივი გადასახლების შემდეგ, რეგიონის დედაქალაქის (რომელსაც სომხები სტეფანკერტს ხოლო აზერბაიჯანელები ხანკენდის უწოდებენ) ქუჩები, ცარიელი დარჩა და სავსე იყო ნაგვით, დამწვარი ნივთებითა და დოკუმენტებით. გადასახლების დროს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა ყარაბაღის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომლებსაც სამი ათეული წლის წინ ყარაბაღის პირველი ომის დროს მოუწიათ რეგიონის დატოვება, დაბრუნებისკენ მოუწოდა. 23 ნოემბრის ყოველდღიურ ბიულეტენში რუსი სამშვიდობოები აცხადებენ, რომ 19 სექტემბრიდან მათ დაშალეს 12 მუდმივი და 16 დროებითი სადამკვირვებლო პუნქტი რეგიონში. რაოდენ წინააღმდეგობრივადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსული სამშვიდობოები აგრძელებენ დავალებების შესრულებას 18 სადამკვირვებლო პუნქტზე და ბაქოს [დაკარგული] მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ მიმართული მათი საქმიანობის შესახებ აცნობენ.[4]
მთიანი ყარაბაღის დატოვება სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც აზერბაიჯანულმა ძალებმა რეგიონზე კონტროლი დაამყარეს. რამდენიმე დღეში ყველაფერი დასრულდა: თითქმის მთელი მოსახლეობა გაიქცა, უკან დატოვა ყველაფერი, რისი ტარებაც არ შეეძლოთ. „19 სექტემბრამდე ერთი კვირით ადრე უკვე ვიგრძენით, რომ აზერბაიჯანის ჯარები გადაადგილდებოდნენ სოფლების ახნაღბიურის და ავეტარანოტსის მიდამოებში. ჩვეულებრივი დილა იყო, არავის ეგონა, რომ ბრძოლა დაიწყებოდა, ჩვენ 90-იანი წლებიდან მიჩვეული ვართ, რომ შეტევა ჩვეულებრივ გამთენიისას იწყება, დილის 5-6 საათზე, ამჯერად ბრძოლა დაიწყო 19 სექტემბერს შუადღისას, პირველ საათზე“, - იხსენებს მთიანი ყარაბაღის სოფლის კარმირის ყოფილი მეთაური ჰოვიკი.[5] არავინ ელოდა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხდებოდა. ასობით მანქანა, სახურავებზე მთელი სიცოცხლის მანძილზე დაგროვებული ქონებით, ნელა მოძრაობდა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ - ერთადერთ გზაზე მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის. შემდეგ ავტობუსები, სატვირთო და სასწრაფო დახმარების მანქანები მთის გზებზე გრძელ რიგებში ჩამწკრივდნენ. „ჩემმა ქმარმა ფეხი დაკარგა ყარაბაღის პირველ ომში, 1992 წელს“, - ამბობს კარინე, დევნილი მარტაკერტელი ქალი, - „გვეშინოდა, რომ როგორც კი თურქი მესაზღვრეები ჩვენს დაკითხვას დაიწყებდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ჟორიკი ომის ვეტერანი იყო და საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემდნენ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მანქანას ჰაკარის ხიდზე სამხედრო გამშვები პუნქტი გაევლო და ასე დარჩენილიყო შეუმჩნეველი. ასეც მოხდა. გვითხრეს, ფეხით გაგვევლო, სანამ ჩემი მეუღლე ხიდზე მანქანით გადავიდოდა. ფეხებზე ქურთუკი დავაფარე, რომ არაფერი შეემჩნიათ და კითხვები არ დაესვათ. გვეშინოდა, რომ ომში მონაწილე მამაკაცებს არტახიდან არ გაუშვებდნენ, ამიტომ გაგვიმართლა“.[6] 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მძიმე და გრძელი მოგზაურობის დროს, რომელსაც 40 საათზე მეტი დასჭირდა. გადასახლება მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ რეგიონის ცხრათვიან ბლოკადას, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დადგა არასრულფასოვანი კვების, დეჰიდრატაციის და მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემების წინაშე.
2022 წლის 12 დეკემბრიდან, თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანმა გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი და ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და ყარაბაღს. არცახის მოსახლეობა სომხეთს ეყრდნობოდა მედიკამენტებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და სხვა მარაგის, მათ შორის საკვების ტრანსპორტირებისთვის. ბლოკადის მიზანი მთიანი ყარაბაღის მოსახეობაში შიმშილის გამოწვევა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ბლოკადა ასევე ზამთრის შუა პერიოდს დაამთხვიეს. აზერბაიჯანის მთავრობამ გადაკეტა სომხეთიდან მთიან ყარაბაღში მიმავალი გაზსადენი ბუნებრივი აირით და ასევე შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეძლო სახლების, სკოლებისა და საწარმოების გათბობა, ხოლო ელექტროენერგიის შეწყვეტა კვლავაც ართულებს მოსახლეობის მდგომარეობას. ძირითადი მიზანი ადგილობრივი სომხების ეთნიკური წმენდა იყო გზის გახსნის შემდეგ სახლებიდან მათიიძულებით გადასახლებით.
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ბლოკადის შემდეგ, სომხეთის მთავრობამ მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. შემდგომში ის გადაიქცა „ჰუმანიტარულ ცენტრად“, რომელიც სომხური მხრიდან ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან სოფელ კორნიძორთან დაარსდა. 19 სექტემბერს აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ჰუმანიტარულ ცენტრს დაევალა იძულებით გადაადგილებულთა მიღებისა და სასწრაფო განსახლების საჭიროებების მართვა.[7] ამის შემდეგ ლტოლვილები[8] რეგისტრაციისთვის გადაიყვანეს გორისში, უახლოეს სომხურ ქალაქში აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის საზღვართან. რამდენიმე დღეში დაორგანიზდა გორისიდან ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში ავტობუსებით ლტოლვილების გადაყვანა.
მასალა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“, ფარგლებში. SIDA და კვინა ტილ კვინა, შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.
[1] ადამიანები ლტოლვილების მსგავს მდგომარეობაში, ხელმისაწვდომია: 03.12.2023, URL: https://www.unhcr.org/am/en/persons-in-refugee-like-situation.
[2] Sargsyan L., რუსული სამხედრო ძალები არცახში: მანდატის ბუნდოვანება, გამოქვეყნებულია: 19.05.2021, ნანახია: 25.11.2023, URL: https://evnreport.com/politics/russian-peacekeepers-in-artsakh/.
[3] ომის შემდგომი პერსპექტივა მთიანი ყარაბაღისთვის, გამოქვეყნებულია: 09.06.2021, ნანახია: 03.12.2023, URL: https://www.crisisgroup.org/europe-central-asia/caucasus/nagorno-karabakh-conflict/264-post-war-prospects-nagorno-karabakh.
[4] რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობის შესახებ, გამოქვეყნებულია 23.09.2023, ნანახია: 25.11.2023, URL: https://mil.ru/russian_peacekeeping_forces/bulletins/more.htm?id=12487279@egNews.
[5] Davtyan A., Makiyan H., "შენ შეგიძლია აღიდგინო სახლი, თუმცა ვერ აღადგენ სამშობლოს“: სოფელი არცახის მეთაური ჰოვიკ პეტროსიანი, გამოქვეყნებულია: 30.11.2023, ნანახია: 02.12.2023 URL: https://rb.gy/6jg3b5.
[6] ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახთან ინტერვიუ მეტსამორის სასტუმროში, 15.10.2023.
[7] Abrahamyan G., არსებული სერვისები არცახიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გამოქვეყნებულია: 03.10.2023, ნანახია: 26.11.2023, URL: https://evnreport.com/new-updates/services-available-for-the-forcibly-displaced-from-artsakh/.
[8] ტექსტში ტერმინები ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირები გამოიყენება ერთი მნიშვნელობით ურთიერთშენაცვლებით.
ინსტრუქცია