საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებს შორის ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო. კონფლიქტი 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ შუშის აღების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. აღნიშნულმა ომმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ომში ჩართულ ქვეყნებზე, არამედ მთლიანად რეგიონზე და რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსზე.
ყარაბაღის მეორე ომის გავლენებზე საუბრისას, ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს კონტექსტი. საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი თემი, ეთნიკური ქართველების შემდეგ, ქვეყნის ყველაზე დიდ ორ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და ზოგიერთ რეგიონში შერეულად, საერთო მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ცხოვრობენ. კონფლიქტის მიმართ ამ ჯგუფების მედეგობაზე არსებით გავლენას ახდენს საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფრაგმენტულობა და ზედაპირულობა, და ასევე, ის ინსტიტუციური, სისტემური ადმინისტრაციული და სოციალური ბარიერები ცენტრალური და ადგილობრივი პოლიტიკის დონეზე, რის გამოც ეს ჯგუფები სრულყოფილად ვერ ახერხებენ საქართველოს საჯარო და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ადგილობრივ დონეებზე კიდევ უფრო სუსტია ინტერ-ეთნიკური-რელიგიური დიალოგისა და თანამშრომლობის, გაზიარებული სოციალური პრაქტიკების გამოცდილება.
ხაზგასასმელია, რომ ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობის დროს, საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა თემმა არაერთხელ გამართა აქციები და დემონსტრაციები ომის მონაწილე ქვეყნების მხარდასაჭერად. საქართველოს მოქალაქეებს, აღნიშნული ომის მიმდინარეობის დროს, მათი ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, ყარაბაღში საბრძოლველად წასვლის სურვილიც ჰქონდათ. ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებების ცალკეული გამოცდილებების შესახებ საქართველოში. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდებოდა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის კამათი და შეურაცხმყოფელი კომენტარები ომის თემაზე. ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების კონფლიქტური პოზიციები მეტწილად ომის თემას მიემართებოდა და ჩანდა ჭარბი იდენტიფიკაცია თუ ემოციური ჩართულობა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაში. ამის პარალელურად ამ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების სამეტყველო ენაში აშკარა იყო ხაზგასმა საქართველოსთან მათი კავშირისა და მოქალაქეობის ფაქტორზე, რომელიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობის დაცვის სტრატეგიებისკენ და გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.
წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს საქართველოს მოქალაქეებზე ყარაბაღის ომის გავლენები. უნდა ითქვას, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ჩატარდა ოცზე მეტი სიღრმისეული ინტერვიუ საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი თემის წევრებთან. კვლევის ავტორები აკვირდებოდნენ სოციალურ ქსელებში, საჯარო და დახურულ ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებს. ამასთანავე დოკუმენტის მომზადების დროს გაანალიზდა ადგილობრივი, ცენტრალური და მეზობელი ქვეყნების მედიასაშუალებებით გავრცელებული საინფორმაციო და ანალიტიკური მასალა.
დოკუმენტი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან. პირველ ნაწილში შემოთავაზებულია ზოგადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი თემის შესახებ. მეორე ნაწილში აღწერილია აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოების ნარატივები ყარაბაღის გარშემო. მესამე ნაწილში მოცემულია საქართველოს პოზიცია და მისი შეფასება, როგორც მეზობელი ქვეყნების მხრიდან, ისე საქართველოს მოქალაქე არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პერსპექტივიდან. მეოთხე ნაწილში წარმოჩენილია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ჯგუფების განწყობები ყარაბაღის ომის გარშემო. ბოლო, დასკვნით ნაწილში, წარმოდგენილია რეკომენდაციები არსებული სიტუაციის შესაცვლელად.
დოკუმენტი სამუშაო ანგარიშია და მისი მიზანია საკვლევ საკითხზე პირველადი ტენდენციების და დინამიკის წარმოჩენა.
სრულად დოკუმენტი ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია