[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

წინა ხაზის მშრომელების მძიმე და დაუფასებელი შრომა - ინტერვიუ ტყიბულელ მეშახტეებთან

ქალაქ ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის შახტებში, სამუშაო პროცესი პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა და მოპოვებითი სამუშაოები, როგორც აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უწყვეტად გაგრძელდა. გამონაკლისი იყო სამუშაო პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება, რაც შახტებში 150-მდე დასაქმებულის ინფიცირებას მოჰყვა.[1]

ტყიბულის შახტებში დასაქმებულები კვლავ რთულ და საფრთხისშემცველ სამუშაო გარემოში აგრძელებენ შრომას, რასაც დამატებით ამძიმებს კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკი. 2018 წელს ტყიბულის შახტების დახურვის გადაწყვეტილების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით შახტების მდგომარეობა გერმანულმა აუდიტორულმა კომპანია DMT GmbH&Co.KG-მ შეაფასა. დასკვნის მიხედვით, შახტებში უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები გამოვლინდა, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნის მოპოვებით სამუშოებზე დასაქმებული პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.[2] კრიტიკული დასკვნისა და არსებული რეკომენდაციების მიუხედავად შახტებში მუშაობა ისე გაგრძელდა, რომ შახტებში არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა და ის ისევ რჩება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ გარემოდ.  

ტყიბულში სამუშაო პროცესის აღდგენის შემდეგ, საზოგადოებისთვის არაერთხელ გახდა ცნობილი მეშახტეების პროტესტის შესახებ, რომლებიც მძიმე რისკებსა და საფრთხეებზე უთითებდნენ და უარს ამბობდნენ სამუშაო პროცესის გაგრძელებაზე. საფრთხის შემცველ გარემოსთან ერთად, მეშახტეებისთვის განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სამუშაო ანაზღაურების სისტემის უსამართლობა, რაც გამომუშავებასა და თვიური გეგმის შესრულებას ებმის და მნიშვნელოვნად ზრდის  შრომის უსაფრთხოების რისკებს. მეშახტეთა გარკვეულმა ნაწილმა, თვის გეგმის შეუსრულებლობის საფუძველზე იანვრის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიიღო, რასაც პროტესტის უკიდურესი ფორმა მოყვა. ძიძიგურის ნახშირმომპოვებელ უბანზე 10-ზე მეტი მეშახტე ორი დღის განმავლობაში შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებდა.[3]

EMC ტყიბულის შახტში დასაქმებულ ერთ-ერთ მეშახტეს შახტებში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე  ესაუბრა.

 

  • საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილი

დღეს ტყიბულელი მეშახტის მთავარი წუხილი ისაა, რომ სახლიდან გასვლისას უკან ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნების გარანტია არ აქვს. უსაფრთხოება მთავარი პრობლემაა. წინა პერიოდებთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის.  უამრავი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად არანაირი ძირეული ცვლილება არ გაკეთებულა. ერთადერთი, რაც ახალმა კომპანიამ მოიგონა გაზის აპარატურის დაყენებაა და „ლავების“ აფეთქების დროს ხალხი გამოყავთ. ნახშირის მოპოვება იქნება თუ დამუშავება არაფერი არ შეცვლილა. პრობლემა რასაც ამდენ ტრაგიკულ შემთხვევამდე მივყავართ „კამერული“ სისტემით ნახშრის მოპოვებაა. ეს პრობლემა წლების მანძილზე გადაუჭრელია და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გადაჭრიან. დღეს მეშახტეების შრომა ისეთივეა როგორიც 30-40 წლის წინ იყო. „კომუნისტები“ კიდევ რაღაც მეთოდებს ცვლიდნენ, ადამიანს რომ შრომა გაიოლებოდა. დღეს ეგეც აღარ არის, აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა შახტში შრომის შესამსუბუქებლად და ადამიანის ჯანმრთელობის გადასარჩენად.

  • სამუშაო დრო

სამუშაო პროცესი 6 საათი გრძელდება, თუმცა გადაადგილების დროსთან ერთად 10-11 საათია. მე პირადად დილის ექვს საათზე მივდივარ სამსახურში, ერთი საათი „ნარიადის“ მიღებას სჭირდება. შემდეგ კი მინიმუმ ერთი საათი სამუშაო ადგილამდე მისვლას უნდა და ეგ გზა უკანაც უნდა გამოვიაროთ. ჯამში სამუშაოზე 10-11 საათს ვატარებთ.

  • ანაზღაურება

შახტებზე ანაზღაურება ფიქსირებულია. თუმცა უბნებზე, რომლებიც ნახშირის მოპოვებაზე მუშაობენ ანაზღურება გეგმაზე და გამომუშავებაზეა დამოკიდებული. დასაქმებული მარტო იმ შემთხვევაში მოახერხებს გეგმის შესრულებას, თუ გეგმა რეალური იქნება. თუ ხელისშემშლელი პირობები არ იქნება, გეგმა შესრულდება. მაგრამ არის გეგმები რომლებიც პრობლემურია, თუმცა ესეც კომპანიის ტექნიკის გამო. კომპანია ვერ უზრუნველყოფს რომ დასაქმებულებს ხელი არ შეეშალოთ გეგმის შესრულებაში, ტექნიკა, ელ-მავლები მოძველებულია, გადაიარაღება არ ხდება, ამიტომ ხშირად გეგმის შესრულებაც არ გამოდის. ხელფასი მცირეა. თამამად ვიტყვი, რომ ეს ხელფასი მეშახტეს ყოველთვიურად იმ რაციონით გამოსაკვებადაც არ ეყოფა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

  • პროტესტი მიწის ქვეშ

პრობლემული გეგმების გამო მეშახტეების ნაწილმა იანვარში არსებული ხელფასი ვერ აიღო, ამიტომ შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებდნენ. მუშები საბოლოოდ დეპუტატის შემოთავაზებას დათანხმდნენ და ხელფასის მიღების სანაცვლოდ შეუსრულებელი გეგმების მომავალ თვეებში შესრულებას მოახდენენ. მაგრამ დეპუტატმა კომპანიის მხარე დაიჭირა, არანაირი ინტერესი არ ჰქონდა რომ ადამიანების პრობლემები გადაეჭრა, უბრალოდ პროტესტის მალე დამთავრება და სადღაც ზემოთ ქულების დაწერა უნდოდა, რომ შეძლო და პროტესტი გააჩერა...

  • შახტებში შრომა პანდემიის დროს

პანდემიის მიუხედავად, ქალაქ ტყიბულის შახტებში მუშაობა არ შეჩერებულა.  მეშახტეთა უმრავლესობაში მძიმე რესპირატორული დაავადებები ისედაც გახშირებულია, ხოლო კორონავირუსის ჯანმრთელობაზე გავლენის გათვალისწინებით შახტში შრომა კიდევ უფრო საფრთხის შემცველი გახდა.

პანდემიის პირობებში შრომის შესახებ ტყიბულის შახტებში დასაქმებულ რამდენიმე მეშახტეს ვესაუბრეთ. მეშახტეების ვინაობას, მათივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ.

 

  • პანდემიის გავლენა სამუშაო ადგილზე

ტყიბულელი მეშახტე, 53 წლის

თავდაპირველად რაღაც დონეზე ყურადღებას აქცევდნენ სამუშაო ადგილს. იყო შეწამვლები. თუმცა, მეორე ეტაპზე, განსაკუთრებით არჩევნების ჩამთავრების შემდეგ ყველაფერი ჩაჩუმდა. არჩევნებამდე ტესტებსაც გვიტარებდნენ, იმის შემდეგ აღარ. ტესტები ყოველ ათ დღეში, ორ კვირაში ერთხელ მაინც გვიტარდებოდა, არჩევნების შემდეგ ტესტირებები გაუქმდა, შესუსტდა კონტროლი. არჩევნებამდე მეტი კონტროლი იყო, თითქოს შეშინებულებიც იყვნენ, რაღაცის ეშინოდათ. სამუშაო პროცესი თუ საფრთხე არსებობს კორონას ეს არ შეუცვლია, ვირუსი ჯანმრთელობას ემუქრება. თუ ჯანმრთელად არ ხარ და გაქვს კორონა ბიულეტენზე მიდიხარ, ეგ საქმე მოგვარებულია, მაგრამ ტყიბული თუ დაინფიცირდა, დააინფიცირა შახტამ. ტყიბულში ვირუსის 90% შახტაშია. შახტა ისეთი რაღაცაა რომ ვერ დაიცავ, თუნდაც „კლეტში“ სათითაოდ ჩაუშვა ადამიანი, როდესაც სამუშაო სრულდება მეშახტეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, პირბადით ვერ იმუშავებ. ჰაერის ვენტილაცია არის, მაგრამ ძალიან სუსტია.

ჩვენ მივედით და შევთავაზეთ, რომ შახტა შეეჩერებინათ. მაგრამ გვითხრეს, რომ ჩვენ კანონი გვიშვებს და სახელმწიფო არ გვიკრძალავს მუშაობას. აქეთ შემოგვიტრიალდნენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდოდა. ჩვენ ანაზღაურების შენარჩუნებას და სამუშაოს გაჩერებას ვითხოვდით, რადგან შიში იყო მეშახტეებში, მე მქონდა ვირუსი და კიდევ ძალიან ბევრს. ჩვენ წელიწადნახევარი სახლში ვისხედით და ხელფასის 100%-ს გვაძლევდნენ. კარგია რომ ასე მოხდა და ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ თუ ეს შეიძლებოდა, გაეჩერებინათ ცოტა ხნით და გადაეხადათ ხელფასები. შახტში ისეთი სამუშაოებია შესასრულებელი, რომ რეკომენდაციებს უბრალოდ ვერ დაიცავ, ვერ იმუშავებ. შახტში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შახტის გაჩერების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს, შახტის მუშაობის შეჩერება და ანაზღურება 100-ით, თუ არადა როგორც დღესაა, ვართ და ვმუშაობთ. თუმცა ჩვენც მოთხოვნების ეს პროცესი მალევე შევაჩერეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ მოვიგებდით, სახელმწიფომ მისცა უფლება რომ გაეგრძელებინათ მუშაობა და ჩვენც ვმუშაობდით. შახტში ინფიცირების მაღალ მაჩვენებლზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ტყიბულელი მეშახტე, 38 წლის

ადრე პერიოდული ტესტირებებიც ტარდებოდა, ბოლო პერიოდში აღარ. უბრალოდ ადგილზე რომ მივდივართ სიცხეს ვიზომავთ. შახტი ისეთი რამეა რომ არარსებულია ყველაფერი დაიცვა, ყველა რეგულაცია დაიცვა. დისტანცირების დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია, ვერ მოახერხებ. თვითონ შახტშიც პირბადით ვერ იმუშავებ, უჰაერობაა.

 

  • დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების კონტროლი

ტყიბულელი მეშახტე, 53 წლის

რეგულაციები არსებობს და დევს. რეგულაციების შემუშავებისას შახტის სპეციფიკას თუ გაითვალისწინებდნენ, მაშინ შახტა უნდა გაეჩერებინათ. შახტაში დისტანციის დაცვა შეუძლებელია. რეკომენდაციების შესრულებას ამოწმებენ, იციან ხოლმე, რაღაცნაირად შემოვარდებიან და ერთი დღე თითქოს რაღაცას შეამოწმებენ, მაგრამ შემდეგ ოცდაათი დღე ისევ ისეთი მდგომარეობაა. ამას ან ვერ შვებიან ან არ შვებიან. არჩვევნების შემდეგ ეს რეგულაციები მთლიანად მოიშალა. არჩევნებამდე კიდევ იყო, შესაძლოა 100%-ით მაშინაც არ იყო, თუმცა დღეს ეგეც აღარაა. შემოწმების შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ჯარიმის ან საყვედურის ამბავი არ გამიგია.

ტყიბულელი მეშახტე, 38 წლის

შახტაში რეგულაციების კონტროლი მიმდინარეობს, თუმცა შეძლებისდაგვარად. რეგულაციების დაცვას ადმინისტრაციაც ამოწმებს და უსაფრთხოებიდანაც ამოწმებენ, ყოფილა შემთხვევები, მაგრამ ჯარიმის თაობაზე არაფერი არ გამიგია.

 

  • ბიულეტენზე გასვლის შესაძლებლობა

ტყიბულელი მეშახტე, 53 წლის

არ გამიგია რომ ბიულეტენზე პრობლემა შექმნილიყო. თუ ოჯახის წევრს ვირუსი დაუდასტურდება ბიუელეტენზე მაგ შემთხვევაშიც გიშვებენ. ასეთი რამ მე პირადად არ მქონია, თუმცა გამიგია, ჩემი „ბრიგადის“ წევრს შეემთხვა. თუმცა „ბრიგადის“ დაინფიცირებულ წევრთან კონტაქტის შემთხვევაში - არა. ჩვენ ბრიგადაში თერთმეტი ადამიანი ვართ, თერთმეტიდან შვიდს ვირუსი დაუდასტურდა, ოთხმა მუშაობა გავაგრძელეთ. მოვითხოვეთ, რომ ჩვენი ბრიგადა მაინც შეეჩერებინათ, რადგან შვიდს დაუდასტურდა, სავარაუდოდ ჩვენც დაინფიცირებული ვიყავით. თუმცა არ გაგვაჩერეს. ერთი კვირის შემდეგ ვირუსი მეც დამიდასტურდა. ვიკითხეთ ასეთი დაყოფის მიზეზი, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში სამუშაო პროცესის გაჩერება მოუწევთ. ამიტომ „ბრიგადის“ სხვა წევრები მუშაობას აგრძელებენ.

ხშირად ადგილზე ვხუმრობთ კიდეც, მაინცდამაინც ყველა ცოლი და შვილი ხომ არ იქნება, რომ ბიულეტენი მოგვეცეს?! 

ტყიბულელი მეშახტე, 38 წლის

მე პირადად გამოვცადე ეგ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ანაზღაურებაც 100%-ით შემინარჩუნდა. ბიულეტენზე ასევე გიშვებენ თუ კოვიდი ოჯახის წევრს დაუდასტურდება. მაგრამ „ბრიგადის“ წევრისათვის ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ბიულეტენზე ვერ გადიხარ, მაშინ სამუშაო პროცესი უნდა გაჩერდეს, „ბრიგადის“ სხვა წევრები მუშაობას აგრძელებენ.

ტყიბულელი მეშახტე, 61 წლის

ვირუსის დადასტურების დროს ანაზღურების პრობლემა არ დგება. მაგის გარდა თავიდან დაინფიცირებულ მეშახტეებს სახლშიც აკითხავდნენ და რამდენიმე მათგანი წყალტუბოში, კოვიდ სასტუმროშიც გადაიყვანეს. ოჯახის წევრის დაინფიცირებისას მეშახტეს ბიულეტენი ეძლევა, სხვა შემთხვევაში მარტო ვირუსის დადასტურების დროს გაძლევენ, ისე სამუშაო პროცესი გაჩერდება.

 

  • სამუშაო დრო და ანაზღაურება

ტყიბულელი მეშახტე, 38 წლის

სამუშაო პროცესში არაფერი არ შეცვლილა. სამუშაო გრაფიკიც იმავე დარჩა, 6 საათი სამუშაო დროა და ემატება გადაადგილების დრო, ჯამში 8 საათი გამომდის. მე პირადად ცვლაში ვმუშაობ და ცვლიდან ცვლამდე 18 საათი ვისვენებ. ღამის სმენებშიც ანაზღურება იმავეა. დღეს ჩვენი მთავარი წუხილი ანაზღაურებაა. მიღებული ანაზღაურება არც იქ გაწეულ შრომას შეესაბამება და არც დღევანდელ ცხოვრებას.

ტყიბულელი მეშახტე, 53 წლის

სამუშაო პროცესში თითქმის არაფერი არ შეცვლილა. სამუშაო დრო, დასვენების დრო, ხელფასი ყველაფერი იგივეა. ჩემი სამუშაო გრაფიკი 6 საათია, გააადგილების დროის ჩათვლით 11 საათი. ღამის სმენები ისევ არ ანაზღაურდება. მეშახტეებისათვის არაფერი არ შეცვლილა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ტყიბულის შახტის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა - 17.11.2020 წ. - იხილეთ ბმული - https://pia.ge/ka/news/covid-19/tkibulis-shakhtis-144-tanamshromels-koronavirusi-dauphiksirda

[2] [2] EMC ტყიბულის შსახტების შესახებ აუდიტის დასკვნას აფასებს - 3.02.2020 წ. - იხილეთ ბმული - https://emc.org.ge/ka/products/emc-tqibulis-shakhtebis-shesakheb-auditis-daskvnas-afasebs

[3] EMC ძიძიგურის შახტში მშრომელთა მიმდინარე პროცესს ეხმაურება - 11.02.2021 წ. - იხილეთ ბმული - https://emc.org.ge/ka/products/emc-dzidziguris-shakhtshi-mshromelta-mimdinare-protests-ekhmaureba

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“