საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოსთვის გამოწვევად რჩება შრომითი ურთიერთობების სფეროში გარკვეული ჯგუფების თანასწორობის უზრუნველყოფა, როგორც ნორმატიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. საკანონმდებლო ჩარჩო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად 2013-2014 წლებში შეიქმნა. თუმცა ის სრულად ვერ პასუხობს რეალობაში არსებულ უთანასწორობის ფორმებს და მასშტაბს და არ ითვალისწინებს ევროპული ანტიდისკრიმინაციული სამართლის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიაზროს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მის მიერ განხილულ საქმეთა 16%-ში დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის წახალისება დადგინდა; საქმეთა 70%-ში საქმის განხილვა შეწყდა, რადგან მხარემ სამართლებრივი დაცვის ალტერნატიულ საშუალება გამოიყენა (სასამართლოს მიმართა), ან მოპასუხემ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოუდგინა ინფორმაცია (მტკიცებულებები). იმავე მონაცემების თანახმად, უფლებათა დარღვევის დოკუმენტირებულ შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა შრომით სფეროში მიემართება. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დგებიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი საჯარო სექტორში კვლავ ძალზე დაბალია (2016 წლის მდგომარეობით, დასაქმებულთა 0.1% იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) და ეს მაჩვენებელი არ ავლენს გაუმჯობესების ტენდენციას; არ არსებობს ზუსტი მონაცემები კერძო სექტორიდან. ქალებთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით პრობლემურია გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის შრომით სფეროში სექსუალური შევიწროების ხშირი შემთხვევები, უთანასწორო ანაზღაურება, დასაქმების შეწყვეტა და ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში საქართველო ვალდებულია, გადასინჯოს ქვეყნის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. 2017 წლისთვის საქართველოს უნდა დაენერგა თანასწორობის სამი დირექტივა: (1) რასობრივი თანასწორობის შესახებ დირექტივა (2000/43); (2) დასაქმებაში თანასწორობის შესახებ დირექტივა (2000/78); (3) საქონლისა და მომსახურების გენდერულად თანასწორი მისაწვდომობის შესახებ დირექტივა (2004/113). აღნიშნული შეთანხმებულ ვადებში ვერ განხორციელდა. ზემოხსენებული ვალდებულებების შესასრულებლად მიმდინარე პერიოდისთვის საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონმდებლობაში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების შეტანის საკითხს, რაც მიზნად ისახავს შრომით სფეროში თანასწორობის დირექტივების იმპლემენტაციას. ეს პროცესი წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვეყნისათვის, საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ევროპული ანტიდისკრიმინაციული სამართლის სტანდარტების გაზიარებით, შექმნას დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო. თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებათა პროექტი არათუ არ გულისხმობს ევროკავშირის წინაშე ვალდებულების სრულად შესრულებას, არამედ შემოიფარგლება მინიმალური გავლენის მქონე საკითხების რეგულირებით და ყურადღების მიღმა რჩება საქართველოს რეალობაში არსებული მნიშვნელოვანი და კომპლექსური პრობლემების გადაჭრა.
დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია