საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იღებს ვალდებულებას, სამიდან რვა წლამდე პერიოდში, გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები დასაქმების, სოციალური და თანაწორი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების პოლიტიკის განვითარებას; ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას სამუშაო ადგილზე; იზრუნოს სოციალურ დიალოგზე, დახმარებაზე, ინკლუზიაზე; გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე; ასევე, ბიზნესებს შორის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, რითიც ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, სიღარიბის შემცირებას, სოციალური კეთილდღეობის ზრდას, მდგრად განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.
ასოცირების ხელშეკრულებაში ცალკე მუხლებადაა გამოყფილი დირექტივები, რომლებიც შრომით კანონმდებლობას, დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნის აღმოფხვრასა და სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ეხება.
შრომითი კანონმდებლობის შესახებ არსებული დირექტივების მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 4-6 წელიწადში საქართველო ვალდებულებას იღებს შეასრულოს 8 დირექტივა. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 1999 წლის დირექტივის მიხედვით, იკრძალება განსაზღვრული ვადით აყვანილ თანამშრომელთა დისკრიმინაცია უვადო ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალის სასარგებლოდ. დოკუმენტი მიზნად ისახავს ამ გზით დასაქმებულ თანამშრომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციას, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს განსაზღვრული ვადით გაფორმებული კონტრაქტების ულიმიტო რაოდენობით განახლების შემთხვევაში. აღნიშნული დირექტივის საფუძველზე ქვეყანას ეკისრება ვალდებულება დათქვას დასაშვები რაოდენობა თუ რამდენჯერ შეიძლება განახლდეს განსაზღვრული ვადით გაფორმებული კონტრაქტი ან ჯამში რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ვადიანი კონტრაქტები.
დირექტივები ეხება ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა დისკრიმინაციის აღმოფხვრასაც სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა სასარგებლოდ და მიზნად ისახავს, უკუაგდოს ის ბარიერები, რომლებიც ზღუდავს ნახევარ განაკვეთზე გადასვლის/დასაქმების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია საბჭოს 2002 წლის დირექტივაც, რომელიც ეხება დამსაქმებლის ვალდებულებას ინფორმაცია გაუზიაროს და კონსულტაცია გაიაროს თანამშრომლებთან ეკონომიკური და ფინანსური სტარტეგიის განვითარების პროცესში, ან უახლოეს მომავალში სტრუქტურული თუ ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვისას.
ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3-4 წელიწადში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის საქართველო ვალდებულებას იღებს შეასრულოს ევროკავშირის 6 დირექტივა. ერთ-ერთი მათგანია საბჭოს 2000 წლის დირექტივა თანასწორი მოპყრობის შესახებ, რომლის შესრულებაც საქართველოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოუწევს. აქ ერთ-ერთი მუხლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, გონივრული მისადაგების პრინციპის პატივისცემასა და სამუშაო ადგილზე შშმ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ეთმობა.
ამასთან, აღნიშნულ დირექტივებში მუხლები სოციალური დიალოგის შესახებ ავალდებულებს ქვეყანას, „ეროვნული ტრადიციებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით“, თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად ადეკვატური ზომები მიიღოს სოციალურ პარტნიორთა (დამსაქმებელთა და დასაქმებულთა) შორის დიალოგის ხელშესაწყობად. ამაში იგულისხმება სამუშაო პრაქტიკის მონიტორინგი, ქცევის კოდექსი და საუკეთესო პრაქტიკების შესხებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. სოციალურ პარტნიორთა ავტონომიის შეზღუდვის გამორიცხვით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს წაახალისოს ანტი-დისკრიმინაციული წესების დანერგვა და დირექტივით განსაზღვურლი მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მუხლად არის გამოყოფილი სახელმწიფოს როლი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შესაქმენალდ.
მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა დოკუმენტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას სამუშაო ადგილზე. 5-9 წელიწადში საქართველო 26 დირექტივის შესრულების ვალდებულებას კისრულობს. მნიშვნელოვანია მინისტრთა საბჭოს 1989 წლის დირექტივა, სადაც მთავარი ვალდებულებები ეხება რისკების შეფასებას, თავიდან აცილებას, მათი წარმოშობის წყაროებთან გამკლავებას; სამუშაო გარემოს პიროვნებასთან მისადაგებას; ტექნიკური პროგრესის ადაპტირებას; შესაბმისი ინტრუქციების მიცემას თანამშრომლებისთვის; პრევენციული პოლიტიკის შემუშავებას.
სხვა დირექტივები კონკრეტულ მითითებებს იძლევევა თუ რა ზომები უნდა გაატარონ დამსაქმებლებმა შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მითითებები ეხება უსაფრთხოების გასასვლელების ხელმისაწვდომობას; ტექნიკური მოწყობილობის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების/შეკეთების ვალდებულებას; ადეკვატური ჰიგიენის პირობების შექმნას და ა.შ. ერთ-ერთი დირექტივა ეხება დამსაქმებლის ვალდებულებას მომუშავეებს გააცნოს ის პოტენციური საფრთხეები, რასაც შეიძლება უაშუალოდ სამუშაო გარემოში წააწყდნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მითითებებია იმასთან დაკავშირებით, რომ პერიოდული ინსპექცია უნდა უტარდებოდეს დანადგარებს და ხდებოდეს მათი გასინჯვა (დატესტვა).
დირექტივები ეხება სამშენებლო ტერიტორიაზე მუშათა უსაფრხოების წესებსაც, სამუშაო გარემოში აზბესტთან, კარცინოგენულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფეთქებად ნივთიერებებთან შეხების შემთხვევაში სპეციალურ ნორმებს. შესაბამისი ნორმები ეხება ფიზიკურ საფრთხეებს (ხმაურს, ვიბრაციას, ელექტრომაგნიტურ ველს, რადიაციას).
6 წლის ვადაში უნდა შესრულდეს 1992 წლის დირექტივა მოპოვებით მრეწველობაში ჩართულ პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. დაკონკრეტებულია პირობები, რომელთა მიხედვითაც აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს მსგავს სფეროში დასაქმებულ მუშათა ჯანმრთელობის გამოკვლევა პოზიციაზე დანიშვნამდე და შემდგომში პერიოდული დაკვირვება მათ მდგომარეობაზე.
2013 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროცესში საქართველო ევროკავშირისაგან 27 მილიონს მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის (EAPIC)“ ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ინსტრუქცია