საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: უილიამ ოსგუდ ფილდი
26 ივლისს სვანეთის რეგიონებში ხაიშსა და ჭუბერში სპეცოპერაციას განხორციელდა. ფინანსთა სამინისტრო განცხადებით, სპეცოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ხე-ტყის უკანონო მოჭრის და ხის მასალის არალეგალური რეალიზების ფაქტების გამოვლენა და ამ პროცესში მონაწილე დამნაშავეების დაკავება. აღნიშნულ მოქმედებებს ადგილობრივ მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგ სვანეთის რეგიონში განსაკუთრებით დიდ რაოდენობით პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 1000-1200 ძალოვანი გამაგრდა ხაიშისა და ჭბერის თემებში, სადაც მათ გადაკეტეს სატრანსპორტო-სავალი გზები და ჩაკეტეს რეგიონალური ცენტრები[1]. სამთავრობო გუნდის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ სვანთეში ჩატარებული საგამოძიებო სპეცოპერაცია წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ნაწილს, რაც მიზნად ისახავს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა და გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა წინააღმდეგ მკაცრი მოქმედებების გატარებას[2]. ამის მიზეზი კი, პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის დამდგარი ზიანის თავიდან აცილება და ტყის აღდგენის პროცესი წახალისებაა[3]. მთავრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც უამრავი კითხვა ჩნდება სვანეთში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მობილიზებული სპეცრეზმელებისა და ამ მაშტაბის სპეცოპერაციის აუცილებლობის შესახებ.
უახლესი ისტორიის განთვალისწინებით, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გატარებული რეპრესიული პოლიტიკა სისტემურ ხასიათს ატარებდა, სვანეთში მიმდინარე ეს მოვლენები მძაფრ ასოციაციებს აჩენს სახელმწიფო დონეზე სისტემური რეპრესიისა და პოლიციური რეჟიმის განახლების შესახებ. ამასთან, სვანეთში ბოლო წლებში ჰიდროელექტრო სადგურებისა თუ კაშხლების მშენებლობის ირგვლივ წარმოებული წინააღმდეგობის პოლიტიკის და ადგილობრივი თემის ე.წ. „მონოკულტურული განვითარების“ იმპერატივთან ღია დაპირისპირების პირობებში, კიდევ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს ჭუბერსა და ხაიშში საპოლიციო ძალების მაღალი კონცენტრირება და სადამსჯელო ხასიათის მატარებელი სამთავრობო ინიციატივები.
ენერგოპროექტებთან დაკავშირებული კოლექტიური წუხილი
„მშვიდობიან დროს ნებით ვკარგავთ ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ კუთხეს, სვანეთს, იმიტომ, რომ გაძლევთ პირობას – ამ ჰესებით ეს კუთხე დაიცლება; ეს იქნება კატასტროფა“[4]
EMC-ის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში, სადაც ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების წინააღმდეგ გაჩენილი სოციალური პროტესტია შესწავლილი, კოლექტიური მობილიზების ის შემთხვევებია გაანალიზებული, სადაც ადგილობრივი მკიდრი მოსახლეობა და აქტივისტები ღია წინააღმდეგობაში შედიოდნენ ძალაუფლებრივი ერთეულებიდან წამოსულ ისეთ ინიციატივებთან, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის თუ პროგრესის სახელით უგულვებელყოფდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და კულტურულ წუხილებს. კვლევის ავტორს აინტერესებს, თუ რა ემანსიპატორული ხასიათი გააჩნდა აღნიშნულ პროტესტებს, სადაც პროტესტის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ განვითრების მონოკულტურულ პარადიგმას[5] და განვითარების ტრანსფორმაციული მოდელების გაჩენის პოტენციალს ქმნიდნენ[6].
კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში საქართველოს არაერთ მაღალმთიან რეგიონებში მიმდინარეობდა კოლექტიურ მობილიზების შემთხვევები, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთი და აჭარაში. ისტორიულად, ენერგოპროექტების წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი მობილიზება ჰუდონჰესის მშენებლობის შეჩერების პროტესტს უკავშირდება, რომელმაც ჯერ კიდევ 1989 წლიდან მოიკიდა ფეხი და მისი პერიოდული გააქტიურება 2005 და 2013 წლებში ხდებოდა. კვლევის მიხედვით საერთო წუხილი, რის ირგვლივაც ენერგოპროექტების წინააღმდეგ კონსოლიდირებული ადგილობრივი მოსახლეობა, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებოდნენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ექსკლუზიური, უთანასწორო და მონოკულტურული მოდელი იყო, რომელიც არ ითვალისწინებდა მონაწილეობით დემოკრატიის, გადაწყვეტილებების დელიბერაციულად მიღების თუ ადგილობრივების სოციო-კულტურული ღირებულებების ფუნდამენტური პრინციპების დაცვის საკითხებს.
გარდა განვითარების ექსკლუზიურ და მონოკულტურულ მოდელზე წუხილისა, წინააღმდეგობაში ჩართული პირები ასევე მიუთითებდნენ აღნიშნული ენერგოპროექტების ეკონომიკური სარგებლიანობის პრობლემურობაზეც. კერძოდ, აქტივისტების და ადგილობრივებისთვის კითხვებს აჩენდა პროექტების ხარჯეფექტურობისა და მომგებიანობის დასაბუთება, მისი წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, ადგილობრივი მოხმარების უზრუნველყოფის თუ რეგიონალური თანამშრომლობის საჭიროების ჭრილში. სახელმწიფოს მხრიდან ენერგოპროექტების ეკონომიკური სარგებლიანობის სუსტი და არადამაჯერები დასაბუთება კი ადგილობრივებში აჩენდა განცდას კერძო ფინანსური ინტერესებისა და კორუფციული სქემების დომინაციის შესახებ[7].
კოლექტიური წუხილის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა პროექტების გავლენა ქვეყნის ტერიტორიულ უსაფრთხოებაზე. სასაზღვრე ზოლებთან მოსახლეობის გამოსახლების აუცილებლობას ადგილობრივები ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის და გეოსტრატეგიული პოზიციებისთვის რისკის შემცველ ნაბიჯად მიიჩნევდნენ:
„სოფელ ჭუბერსა და სოფელ ნაკრას სასაზღვრო ზოლი ყოფს რუსეთის ფედერაციასთან, კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთთან, გარემო და ყოფითი პირობების გაუარესების შემთხვევაში, აღნიშნული სოფლები თუ დაიცალა მოსახლეობისგან, საზღვრის დაცვის პროცესიც გართულდება, რაც ასევე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის შემცველი იქნება.“[8]
დამატებით, კვლევა აჩვენებს რომ მაღალმთიანი რეგიონების თემში კოლექტიურ წუხილს იწვევდა ბუნებრივი და კულტურული გარემოს განადგურების მაღალი საფრთხეები:
„კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში საუბრობენ ცხოველთა და მცენარეთა ენდემური სახეობების დაკარგვის საშიშროებაზე; ხე-ტყის გაჩეხით მთის ეროზირებულ კალთებზე ღვარცოფების წარმოშობის ალბათობაზე, ასევე ტენიანობის მატებაზე გაზაფხული-შემოდგომის პერიოდებში და სეისმურად აქტიური ზონებიდან მომდინარე საფრთხეებზე.“[9]
სოციალური კონტროლი და მოთხოვნა განვითარების ალტერნატიულ ხედვაზე
ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების წინააღმდეგ გაჩენილი სოციალური პროტესტის კვლევაში საუბარია, თუ როგორ მოდის ენერგოპროექტების ეკონომიკური მოდელები წინააღმდეგობაში სხვა ალტერნატიულ ეკონომიკურ აქტივობების განვითარებასთან და როგორ ზღუდავს ის ეკონომიკური აქტივობების ალტერნატიულ გზებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და ტურისტული დარგების განვითარება. ასევე კლვევა ცხადყოფს, რომ მაღალმთიან რეგიონში ინტენსიურად ხდება სასოფლო-სავარგულე მიწების გასხვისება და აღნიშნული ტერიოტორიების ენერგეტიკის მწარმოებლ ინდუსტიისთვის გადაცემა. ეს გარემოება კი ეკონომიკური აქტივობის მხოლოდ ორ შედარებით ნაკლებ პროდუქტიულ და არასტაბილურ ალტერნატივას ტოვებს. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია დასაქმდნენ ენერგოპროექტების შედეგად გაჩენილ დროებით სამუშაო ადგილებზე ან ჩაერთონ სერვისის და მომსახურების სფეროში. ეს ტენდენცია კი, კვლევის თანახმად, ადგილობრივ ახალგაზრდებს უბიძგებს სკოლის ადრინდელ პერიოდშივე მიტოვებისკენ და დროებით თუ სეზონურ სამუშაოებში ჩართვისკენ. ეკონომიკური აქტივობის ეს ტენდენცია, „უხეშად გარდაქმნის ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ ისტორიულად ჩმოყალიბებული სოციალური ურთიერთობების სახეს“[10]
მონოკულტურული განვითარების ჰეგემონია, რომელიც მოდერნიზაციას და ეკონომიკურ მომგებიანობას განვითარების ერთადერთ ქვაკუნთეხად სახავს, მაღალ სოციალურ კონტროლს და პოლიტიკურ ექსკლუზიას უქვემებარებს ენერგოპროექტების წინააღმდეგ გაერთიანებულ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს პროცესი წინააღმდეგობაში ჩართული ადგილობრივი თემის „ჩამორჩენილებად“, „არაპროგრესულებად“ თუ „არასახელმწიფოებრივად მოაზროვნეებად“ მონიშვნის გზით მიმდინარეობს. ენერგოპროექტების წინააღმდეგ გაერთიანებულთა რეგრესულ ძალად სახელდება კი კიდევ უფრო აღრმავებს გაუცხოებას და დაპირისპირებას ესტაბლიშმენტურ ცენტრსა და მთიან პერიფერიას შორის.
პოლიტიკური და სოციალური ექსკლუზიის, ასევე ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის ფონზე, სადაც ეკონომიკურ საქმიანობებში მონაწილეობის მცირე ალტერნატივებს შორის ძირითად დასაქმების წყაროებს ენერგოპოექტებზე დროებით მუშახელად მუშაობა ან მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად შრომაში ჩართვა წარმოადგენდა, მოსახელეობა ხშირად მიმართავდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ინდივიდუალურად გადაჭრის გზებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ხე-ტყის მოჭრა და მისი რეალიზება ეკონომიკური შემოსავლის და კეთილდღეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, რისი შეზღუდვის შემდეგ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ადგილობრივი თემი:
„წლების განმავლობაში, როგორც ჭუბერის, ასევე ნაკრას თემისთვის, სატყეო მეურნეობა შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. თუმცა, 2015 წლის სექტემბრიდან აიკრძალა ხე-ტყის გატანა სვანეთიდან. რამდენადაც რეგიონს საქართველოს დანარჩენ ადგილებთან მხოლოდ ერთი გზა აკავშირებს, პოლიცია და ეკოინსპექცია კარგად აკონტროლებს გასასვლელ გზას. ამ აკრძალვას, მოსახლეობის უმეტესობა აღიქვამს, როგორც ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან, რათა დაითანხმონ ადგილობრივები ნენსკრას პროექტზე.“ ჭუბერის თემის მცხოვრები[11]
რეპრესია და საპოლიციო ტერორი
სვანეთის რეგიონში რეპრესია და საპოლიციო ტერორის განსაკუთრებულად მაღალი დონე სიახლეს არ წარმოადგენს. სააკაშვილის მთავრობის პირობებში თითქმის ხალხურ ლეგენდებად ქცეული რეპრესიისა და საპოლიციო ტერორის ისტორიები ადგილობრივი ავტორიტეტების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებსა და სახალხო-სადამსჯელო ღონისძიებების ხშირ და განსაკუთრებულად სასტიკ შინაარს ავლენს. ხელისუფლების ცვლილების და მათ მიერ დეკლარირებული რეპრესიულ-საპოლიციო რეჟიმის შესუსტების მიუხედავად, სვანეთში არც 2012 წელის არჩევნების შემდეგ შეცვლილა საპოლიციო ტერორის პოლიტიკა. კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურების წინააღმდეგ გაჩენილი ორგანიზებული პროტესტის შესახებ EMC-ის კვლევაში გამოკითხული რესპოდენტები პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის ჩახშობის, შეიარაღებული სპეცრაზმის მობილიზების, რეპრესიისა და კონტროლის არაერთ შემთხვევას იხსენებენ 2013 წლიდან დღემდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2016 წლის 20 მაისს ჭუბერში ნეკრაჰესის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო მოვლენებისას მობილიზებული განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმები და შეიარაღებული პოლიციელები. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ამ შემთხვევას ადგილობივ მოსახლეობაში მწვავე პროტესტი მოჰყვა, რაც საბოლოო ჯამში 8 ჭუბერის მკვიდრის დაკავებით დასრულდა[12].
სვანეთის რეგიონში საპოლიციო და სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანის ხშირი პრაქტიკა რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ისტორიული გამოცდილება - ისტორიულად, სვანეთის რეგიონი ძნელად თუ ეწერებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ და ჰეგემონურ დღის წესრიგებში, ახერხებდა რა შეენარჩუნებინა საკუთარი თვითმყოფადობა, ღრმა ფესვების მქონე სოციალური თუ კულტურული ღირებულებები და შეექმნა გამორჩეული, ადგილობრივ სათემო ჯგუფებზე დაფუძვნებული ის დღს წესრიგები, რომელიც მეტ-ნაკლებად ავთენტურად პასუხობდა ადგილობრივი მოსხლეობის გამოწვევებს. გარდა ამისა, ძალაუფლებრივი ცენტრებიდან მომდინარე გადაწყვეტილებები, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში წარმოდგენილი ბუნებრივი რესურსების მაშტაბურ პრივატიზებას და გასხვისებას, მაღალ წინააღმდეგობას ხვდებოდა ადგილორივ დონეზე. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მაღალი დონის კონსოლიდირებისა და მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, ადგილობრივები ახერხებდნენ ხელი შეეშალათ ენერგოპროექტების განცხორციელებისთვის. ამ პროცესში ისინი წარმატებულად იცავდნენ საერთო სათემო სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებს კერძო მეწარმეებზე პრივატიზებისგან:
„[გვეუბნებიან] გირჩევნიათ, წამოხვიდეთ გარიგებაზე. ჩვენ ვეუბნებით, არ გვაინტერესებს გარიგება, არ გვაინტერესებს კომპენსაცია, ეს არის ჩვენი სოფელის განვითარების და განაშენიანების ერთადერთი პერსპექტივა. იქ მე მინდა ავიშენო სახლი. ჩემმა შვილმა, ჩემმა შვილიშვილმა უნდა აიშენოს სახლი. ყველა სოფელს აქვს სივრცე, სადაც უნდა განვითარდეს“[13]
დასკვნისთვის კი ხაზი უნდა გაესვას იმას, თუ რა სახის საპოლიციო პოლიტიკას ავლენს სვანეთის რეგიონზე განცხორციელებული მუდმივი და სისტემური რეპრესირებისა და ტერორის შემთხვევები. საკითხის ანალიზისთვის საინტერესო პერსპექტივას იძლვა ალექს ვიტალეს კონცეფტი პოლიციის კოლიტიკური ინსტრუმენტალიზირების შესახებ[14]. ვიტალე აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში ფუნდამენტურად შეიცვალა პოლიციის როლისა და დანიშნულების შესახებ დამოკიდებულება ძალაუფლებრივ ორგანოების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ საპოლიციო ერთეულებისთვის საზოგადოებირივი უსაფრთხოების, წესრიგის და კრიმინალის კონტროლის შენარჩუნება იყოს მთავარი პრიორიტეტი, ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დაცვის კარიკატურას ამოფარებულები საპოლიციო სისტემები ჩაგვრისა, რეპრესირებისა და უთანასწორობის გაღრმავების მთავარ მსახურებად გვევლინებიან. ვიტალე აღნიშნავს, რომ დღეს როგორც წესი, სახელმწიფოები პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის ნეიტრალურ დამცველებად წარმოაჩენენ, თუმცა სინამდვილეში, სახელმწიფოს ძალაუფლებრივი ღერძები პოლიციურ სისტემებს რიგით ინსტრუმენტად იყენებენ, რათა შეინარჩუნონ ძლაუფლება და ჩაახშონ ყველა ალტერნატიული სახის პოლიტიკური აქტივობის პოტენციალი ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა თვალთვალი, კრიმინალური ქმედებების ხელოვნური მიკერება, ძალის სანახაობრივი დემონსტრირება თუ ამავე ძალის რეალიზება. პოლიციური ერთეულების მსგავი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, ვიტალეს მოსაზრებით, კიდევ უფრო მეტად ამყარებს კლასთა შორის უთანასწორობას, ეკონომიკურ და სოციალურ უსამართლობას და ჩაგვრის თუ დისკრიმინირების პრაქტიკებს.
სვანეთში განვითარებულ მოვლენების ჯაჭვზე დაკვირვება სწორედაც რომ პოლიციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რეგიონი მეტ-ნაკლებად ემიჯნება ძალაუფლების ჰეგემონურ წესრიგს და მისგან განცალკევებით, ადგილობრივ პრაქტიკებზე თუ ცოდნაზე დაყრდნობით ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა და დაიცვას ფესვგამდგარი სოციო-კულტურული ღირებულებები, მათ ერთგვარ ანტაგონისტურ პოზიციაში ათავსებს ჰეგემონურ წესრიგთან მიმართებით. პოლიციური ძალების მაღალი რაოდენობით კონცენტრირება კი ამ რეგიონში, მათი „დაუმორჩილებლობისა“ თუ „პაგანური“ პრაქტიკების მორჯულებას და მის ნორმალიზების მოტივებითაა განმსჭვალული. ეს მცდელობები კი, თავის მხრივ უფრო მეტად ამძაფრებს დაპირისპირებულობის განცდას ადგილობრივ თემში, რასაც შესაძლოა სამომავლო პერსპექტივაში უფრო მეტი წინააღმდეგობა, გაუცხოება და სეპარაცია მოჰყვეს.
[1] http://netgazeti.ge/news/294980/
[2] http://netgazeti.ge/news/294980/
[3] http://liberali.ge/news/view/38679/mamuka-bakhtadze-khetyis-ukanono-chris-shesamtsireblad-mtavroba-mkatsr-zomebs-gaatarebs
[4] წინააღმდეგობი პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და უნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები, თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2017. გვ:165
[5]მონოკულტურული განვითარების კონცეფტი კვლევის მთავარ თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს, სადაც მკვლევარი ეყრდნობა გლობალიზაციის ცნობილი მკვლევარის ბიოვენტურა დე სოუზა სანტოსის კრიტიკას განვითარების იდეის სწორხაზოვნების შესახებ, რომლის მიხედვითაც განვითარების მონოკულტურობა გულისხმობს იმას, რომ „განვითარება მხოლოდ მოდერნიზაციის პროცესის შედეგად დამდგარ რეალობად მივიჩნიოთ და უგულებელვყოთ მისი მაღალი სოციალური, კულტურული და პოლიტიკურ საფასური.“ კვლევის ავტორი იზიარებს სანტოსის მიერ განვითარებულ კრიტიკას, რომ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური პროგრესი მხოლოდ მატერიალური წინსვლის შედეგად შეიძლება ვერ მიიღწეს.
[6]წინააღმდეგობი პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და უნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები, თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2017. გვ:150
[7] იქვე, გვ: 162
[8] იქვე, გვ: 165
[9] იქვე, გვ: 164
[10] იქვე, გვ: 166
[11] იქვე, გვ: 175
[12] https://www.youtube.com/watch?v=EHnugtfOSj4
[13]წინააღმდეგობი პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და უნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები, თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2017. გვ:178
[14] Alex S. Vitale, The End of Policing (London ; New York: Verso, 2017).
ინსტრუქცია