საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2013 წლის 17 მაისის კონტრ-აქციის მასშტაბსა და ძალადობრივ ხასიათს, მხოლოდ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობებით ვერ ავხსნით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჰომოფობიური განწყობების ხარისხი შემაშფოთებლად მაღალია, მათი მობილიზება და კონკრეტული აქციის (და კონკრეტული ადამიანების) წინააღმდეგ მიმართვა სწორედ 2013 წლის 17 მაისს მოხდა. მანამდე ჰომოფობიურ კამპანიასა და აგრესიას მსგავსი მასობრივი ხასიათი არასოდეს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლგბტ აქტივიზმი 2013 წლისთვის უკვე რამდენიმე წელს ითვლიდა.
ჰომოფობიის ცნების, როგორც კულტურის ერთგვარი ბუნებრივი კუთვნილების გააზრება თავისთავად საკმაოდ პრობლემურია. როგორც მურეი (2009, 2) აღნიშნავს, ჰომოფობია არა ბუნებრივი, არამედ სოციალურად წარმოებული ფენომენია და მისი სხვადასხვა ფორმის, გამოხატვის მეთოდებისა და შინაარსის გასაგებად “ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების” ანალიზია საჭირო. და თუ ჰომოფობიას, ამგვარად, სოციალურად წარმოებულ ფენომენად გავიაზრებთ, რომელიც ფორმასა და შინაარსს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით იცვლის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები საქართველოში, კულტურაში არსებული ბუნებრივი ჰომოფობიის გამოხატულება კი არ იყო (მიუხედავად იმისა, რომ მის არსებობას არ უარვყოფ), არამედ ამ ჰომოფობიის წარმოების და მისთვის ფორმის და შინაარსის მიცემის კულმინაციური მომენტი. სწორედ 17 მაისს ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა ქართული ეროვნული ღირებულებების პირდაპირ და ძირითად წინააღმდეგობად და დასავლური გარყვნილების ქართველი ხალხისთვის თავსმოხვევის მცდელობად განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიასა თუ კულტურულ სივრცეებში მსგავსი დისკურსი 90-იანი წლებიდან არსებობდა (Aghdgomelashvili 2012), 17 მაისმა, ამ დისკურსს მანამდე არნახული ხილვადობა შესძინა, ნათლად და მკაფიოდ განმარტა და პოპულარულ ცნობიერებაში საბოლოოდ გაამყარა.
თუ 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიური დისკურსის შინაარსის განმსაზღვრელ (და/ან განმამტკიცებელ) თარიღად დავინახავთ, რა ფაქტორები უნდა გავაანალიზოთ იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ გახდა ქართული ეროვნული პროექტისთვის ჰომოფობიის გაძლიერება და ლგბტ უფლებების წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნულობის გადარჩენის ცენტრალური კომპონენტი? ცხადია, რამდენიმეგვერდიანი მიმოხილვა ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს. ამ სტატიას საკმარისი სივრცე არ აქვს ქართული ეროვნული პროექტის და სხვადასხვა პერიოდში მისი სექსუალობასთან მიმართების სახეცვლილებების ისტორიული ანალიზისთვის. თუმცა, ვფიქრობ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხის გაცემაში ქართული ჰომოფობიური დისკურსის ორი ცენტრალური კომპონენტის გამოყოფა დაგვეხმარება: ა) ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლის დასავლურ ღირებულებად და ქართველთათვის თავსმოხვევად დანახვა და ბ) 17 მაისის აქციის “ჰომოსექსუალობის პროპაგანდად” შერაცხვა (და პროპაგანდა, აქ ცენტრალური სიტყვაა).
ე.წ. “დასავლური ღირებულებების” “ქართული კულტურის” პოლარულ ოპოზიციად განსაზღვრას ცხადია, კონკრეტული პოლიტიკური და გეოგრაფიული სამიზნე ობიექტი ჰყავს - დასავლეთი (და ზოგჯერ, კონკრეტულად ევროპა). ქართული ეროვნული იდეოლოგიისა და სექსუალობის ურთიერთმიმართებაში სიტყვა “დასავლეთის” დისკურსული დომინანტობა ცხადს ხდის, რომ სექსუალობა და მისი კონტროლი ეროვნული პროექტის მხოლოდ კულტურული ნაწილი კი არ არის, არამედ ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა. ამრიგად, ლგბტ უფლებების წინააღმდეგ ბრძოლისას, “ქართული ეროვნული ღირებულებები” საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონტროლსაც ცდილობს. ან სულ მცირე, ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ გეოპოლიტიკურ მიზანს, ევროპასთან ინტეგრაციას აყენებს ეჭვქვეშ. კონტექსტისთვის, აუცილებელია გავიხსენოთ, 2013 წლის 17 მაისს ევროპასთან ასოცირების ხელმოწერამდე ერთი წელი იყო დარჩენილი.
რაც შეეხება სიტყვა “პროპაგანდის” 17 მაისის ჰომოფობიურ დისკურსებში დომინირებას, ერთი შეხედვით, მას კონკრეტული გეოგრაფიული და პოლიტიკური რეფერანტი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ის ღიად გაცხადებული არ არის. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ლგბტ აქტივისტებმა საქართველოშიც და მსოფლიოშიც კარგად იციან, რომ სიტყვათშეთანხმება “ჰომოსექსუალობის პროპაგანდა” პუტინის რუსეთის 2013 წლის ცნობილი ჰომოფობიური კანონის მემკვიდრეობაა. სულ მცირე, ამ სიტყვათშეთანხმების პოპულარიზაცია სწორედ რუსეთში, მისი აკრძალვის პერიოდში მოხდა. ”პროპაგანდასთან” ერთად, 17 მაისის შესახებ გამართულ დისკუსიებში რუსული წარმოშობის მეორე სიტყვათშეთანხმების - “უცხოეთის აგენტების”- ასევე კონტექსტის გარეშე, თუმცა ხშირი ხმარება ცხადყოფს, რომ ქართველი მემარჯვენე აქტივისტები და ეკლესია, ამ შემთხვევაში ქართული ეროვნულობის დასაცავად, რუსულ დისკურსსა და პოლიტიკურ ტექსტებს ეყრდნობოდა.
ამ სტატიაში, 17 მაისის, როგორც ქართული ჰომოფობიური დისკურსის კრიტიკული მომენტის ანალიზიც ქართული ეროვნული პროექტისთვის ამ ორი საგარეო ძალის გავლენას ეყრდნობა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ რა როლი აქვს ევროპას, როგორც კოლონიალისტურ ძალას ლგბტ პოლიტიკის ფორმებზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მათ შორის საქართველოში. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რუსული ანტი-ლგბტ პოლიტიკა ასევე რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ნაწილად დავინახოთ, რომელიც მის ყოფილ კოლონიებში ლოკალური ნაციონალისტური მოძრაობების მიერ ექსპორტირდება. 17 მაისის მოვლენების ასახსნელად საქართველოში ლგბტ პოლიტიკაზე ამ ორი ალტერნატიული და თანადროული იმპერიალისტური იდეოლოგიის როლი უნდა გამოვყოთ. ჩემი აზრით, საქართველოში ლგბტ აქტივიზმი თუ ანტი-ლგბტ სენტიმენტები და მათი ეროვნულ პროექტთან მიმართება სწორედ ამ ორი ძალის ძლიერი გავლენით ყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამოქალაქო სექტორში რუსეთის გავლენაზე საუბარი ახალი სულაც არ არის, დასავლეთის მიერ ლგბტ აქტივიზმის მხარდაჭერის კრიტიკას, ან ლგბტ აქტივიზმისთვის დასავლეთის (ან კონკრეტულად ევროკავშირისა და ამერიკის) როლის დეტალურ ანალიზს იშვიათად შევხდებით. ამიტომაც, ამ სტატიაში მთავარი ადგილი დასავლეთის მიერ სხვა ქვეყნებში ლგბტ უფლებების “მხარდაჭერის” კრიტიკას მინდა დავუთმო - პროცესს, რომელსაც ჯასბირ პუარი (2007) ჰომონაციონალიზმს უწოდებს. ხოლო რუსული პოლიტიკური ჰომოფობია, დამოუკიდებლად კი არა, სწორედ დასავლეთის ჰომონაციონალიზმთან მიმართებაში - როგორც ჰომონაციონალიზმზე სტრატეგიული და კარგად გათვლილი ნაბიჯი მინდა განვიხილო.
ჩემი ანალიზის მეთოდოლოგია ტრანსნაციონალურია. ტრანსნაციონალური მიდგომის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში, რომელიც იდეების, იდეოლოგიების, ადამიანებისა თუ ფინანსური კაპიტალის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვებისგან შედგება, ზღვარი ლოკალურ, რეგიონულ თუ გლობალურ პროცესებს შორის წაშლილია. ამ მიდგომით, კონკრეტული ადგილობრივი პროცესების ანალიზი მხოლოდ მისი რეგიონულ და გლობალურ პროცესებთან კავშირების გამოვლენით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ეს სტატიაც ეფუძნება დაშვებას, რომ 2013 წლის 17 მაისის ანალიზისათვის მისი სექსუალობის პოლიტიკის რეგიონულ თუ გლობალურ პროცესებთან მიმართებაში განხილვაა საჭირო. თუმცა ტრანსნაციონალური მიდგომა არ გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი პროცესები (მაგალითად, საქართველოში ლგბტ აქტივისტთა პოლიტიკა, სახელმწიფოს მიდგომა ლგბტ საკითხების მიმართ თუ ჰომოფობიური ან რელიგიური ძალების მობილიზება) მხოლოდ და მხოლოდ გლობალური პროცესებით აიხსნება. ცხადია, ლოკალური კონფიგურაციების, მათი ისტორიული თუ სოციალური მიზეზების გამოვლენა და ანალიზი მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, ამასთან ერთად, არ შეიძლება, ლოკალური პროცესები მათი ტრანსნაციონალურ პროცესებთან მიმართების გარეშე ვაწარმოოთ. ამ სტატიაში ძირითადი აქცენტი სწორედ სექსუალობის პოლიტიკის ტრანსნაციონალურ პროცესებზე იქნება გამახვილებული. ვფიქრობ, ამ პროცესების განხილვა საშუალებას მოგვცემს ნაწილობრივ მაინც გამოვავლინოთ 2013 წლის 17 მაისს საქართველოში წარმართული პროცესების პოლიტიკური ხასიათი. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა საფუძველს შექმნის ქართული კონტექსტის უფრო სიღრმისეული ანალიზისა და ჰომოფობიური თუ ლგბტ უფლებების მხარდამჭერი დისკურსების წარმოების პროცესის დეტალური შესწავლისათვის. თუმცა, უშუალოდ ლოკალური პროცესების ნიუანსების გამოვლენა ამ სტატიის ფარგლებს სცდება და ხანგრძლივ და სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.
2013 წლის 17 მაისს საქართველოში მიმდინარე პროცესების სექსუალობის გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირების მიზნით, სტატიის პირველ ნაწილში დასავლურ და უფრო კონკრეტულად, ევროპულ ჰომონაციონალიზმს და მის პრობლემებს მიმოვიხილავ, შემდეგ - რუსულ პოლიტიკურ ჰომოფობიასა და მის კავშირს დასავლურ ჰომონაციონალიზმთან. ბოლოს კი, ამ ურთიერთწინააღმდეგობრივი დისკურსების 17 მაისის მაგალითზე განხილვით ვეცდები, წარმოვაჩინო მათი როლი ქართულ ლგბტ მხარდამჭერ თუ ანტი-ლგბტ დისკუსიებში.
ინსტრუქცია