[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს თსუ-ს სტუდენტებს 

დღეს, 28 აპრილს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები აქციას გამართავენ. თსუ 2 მაისიდან სწავლების ონლაინ რეჟიმს წყვეტს და სტუდენტებს აუდიტორიაში დაბრუნებას სთხოვს. თუმცა უნივერსიტეტის სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის სემესტრის დასრულებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის თბილისში გატარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება, ხოლო ბევრი მათგანი აცხადებს, რომ სემესტრის დასრულებამდე აუდიტორიაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. მიუხედავად ამ პრობლემების გაჟღერებისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას არც ცვლის და არც ასაბუთებს, სტუდენტების წუხილებს კი უპასუხოდ ტოვებს. თსუ-ს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოციალურად გულგრილი პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რაც განსაკუთრებით ნათლად პანდემიურ ვითარებაში გამოჩნდა. თსუ წლებია სტუდენტების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, პანდემიურ ვითარებაში კი მან ვერც ჰიბრიდული რეჟიმის მოწესრიგება მოახერხა. ამ გადაწყვეტილებით თსუ მრავალწლიანი პრობლემის აღიარებისა და მისი შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების ნაცვლად, ყველაზე მოწყვლადი სტუდენტების მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.

თსუ-ს არ განუმარტავს რატომ მიიღო სემესტრის მიწურულს, როცა სწავლის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, სწავლების რეჟიმის შეცვლის გადაწყვეტილება. განმარტებად ვერ ჩაითვლება გაჟღერებული არგუმენტები სწავლების ხარისხთან დაკავშირებით. პანდემიურ ვითარებაში სწავლების ხარისხის შენარჩუნება უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა, სემესტრის ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ფიზიკური ლექციების განახლება კი სწავლების გაუმჯობესების წინაპირობა ვერ იქნება, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა სტუდენტების დიდი ნაწილის თქმით ისინი ლექციებზე ფიზიკურად დასწრებას ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სასწავლო წლის დაგეგმვის განსხვავებული გზა აირჩიეს. მათ ნაწილში სწავლება აკადემიური წლის დასრულებამდე ონლაინ რეჟიმში რჩება, ხოლო ნაწილი სტუდენტებს სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმს სთავაზობს. სემესტრის დასრულებამდე სწავლების ფიზიკურად განახლებას გეგმავს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისში, სადაც სტუდენტები მსგავს წუხილებს გამოთქვამენ.

სტუდენტების თქმით მდგომარეობას ართულებს გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა. ინფლაციური პროცესისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შუქზე საბინაო ბაზარზე კიდევ უფრო გართულდა ხელმისაწვდომი საცხოვრისის მოძიება, ხოლო თბილისში ცხოვრების ყოველდღიური ხარჯები თვიდან თვემდე იზრდება. ამ ვითარებაში თბილისში გადმობარგება დიდ სირთულეებს უკავშირდება. სტუდენტების თქმით მათ სწავლების ფიზიკურ რეჟიმზე გადასვლა შემდგომი სემესტრიდან უფრო გაუადვილდებოდათ, როცა უფრო ხანგრძლივი საცხოვრებლის და მათი საცხოვრებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად მეტი დრო და საშუალება ექნებოდათ.

ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სტუდენტების ღირსეული სტუდენტური საცხოვრისით უზრუნველყოფაა, თუმცა ეს პრობლემა საქართველოს უმაღლესი განათლების სასწავლებლებში წლებია მოუგვარებელი რჩება. ამ ჩავარდნის გადაჭრას ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობა დასჭირდება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია შემუშავდეს სტუდენტური საცხოვრებლის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უმაღლესი განათლების ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე გავრცელდება და სტუდენტებზე მორგებული საცხოვრისის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

თსუ-ში არსებული ვითარება სტუდენტური საცხოვრებლის მიმართულებით არსებული პრობლემების კარგი მაგალითია. უნივერსიტეტის არსებული ინფრასტრუქტურა უკიდურესად მოუწესრიგებელია. მძიმე მდგომარეობაა ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც შენობა ამორტიზებულია, ოთახებში კი სტუდენტური ცხოვრებისთვის შეუსაბამო მდგომარეობაა. დაპირებები ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენების შესახებ წლებია სფრულფასოვნად არ სრულდება. თსუ-ს რექტორმა, გიორგი შერვაშიძემ, 2018 წელს გასცა დაპირება მასშტაბური ახალი მშენებლობის შესახებ, რომელსაც სტუდენტური საცხოვრებლის 3,000 ახალი ერთეული უნდა შეექმნა. თუმცა ამ ახალი ობიექტის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, ლისის სტუდენტური საცხოვრებელი კი, სადაც საცხოვრებელი პირობები უკეთესია, მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს.

თსუ-ში არსებული პრობლემები მიუთითებს ღრმა და სისტემურ ჩავარდნებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში და მის მიღმა, რაც ხშირად ხდება სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფების პროტესტის საგანი. პანდემიის საწყის ეტაპზე ფინანსურ შეღავათებს ითხოვდნენ შეზღუდვების შედეგად დაზარალებული სტუდენტები, თუმცა უნივერსიტეტმა სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებაზე ამ შემთხვევაშიც უარი თქვა და სტუდენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით იმ სტუდენტებს, ვინც სემესტრის დასრულებამდე თბილისში გადმოსვლას ვერ მოახერხებენ, უნდა ჰქონდეთ სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ეტპაზე, მათ შორის საგამოცდო პროცესში. სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემის მოსაგვარებლად კი უნდა შემუშავდეს და შესრულდეს სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა, როგორც თსუ-ში ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“