საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა ხელფასი ან შემოსავალი დაკარგეს. სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა დასაქმებული, რის გამოც, მათ უმრავლესობას დანაზოგი არ აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში მწვავედ დგას სტატუსშეჩერებული სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებამ სწავლის გადასახადის დაფარვის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა.
ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროცესის შესახებ რომლებიც სწავლის გადასახადის გადავადებას ან შემცირებას ითხოვენ. შეიქმნა სტუდენტების პეტიცია, საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. კიდევ ერთ პეტიციაში აღნიშნულია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პირობებში, რამდენადაც ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვეღარ ფარავენ სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებული არიან უარი თქვან განათლებაზე.
ამ დროისთვის არსებული კვლევები აჩვენებს რომ კორონავირუსის პანდემიას ექნება გრძელვადიანი გავლენა შრომის ბაზარზე, მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ დაცულობაზე და უთანასწორობის მაჩვენებლებზე, რაც მაღალი ალბათობით აისახება უმაღლესი განათლების მისაწვდომობასა და კურსდამთავრებული სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებზე. ამ ფონზე პრობლემურია, რომ სახელმწიფო სიღრმისეულად არ იკვლევს პანდემიის გავლენას განათლების სისტემაზე და სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული სტუდენტების 13% სწავლას კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილზე უფრო გვიან დაამთავრებს; ამასთან, მართალია, უარყოფით ზეგავლენას სტუდენტების ყველა ჯგუფი დაექვემდებარა, თუმცა დაბალშემოსავლიანი სტუდენტებისთვის სწავლის გადადების მაჩვენებელი 55%-ით მეტია, ვიდრე დანარჩენი სტუდენტების შემთხვევაში.
ცხადია რომ პანდემია და მისი შედეგები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში ისედაც არსებულ უთანასწორობებს და შედარებით რთული ფინანსური მდგომარეობის მქონე სტუდენტებს განათლების მიღების, დასაქმების და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს ართმევს. პანდემიასთან და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებულ ზოგად, ფართოდ გავრცელებულ სტრესს, დაბალშემოსავლიანი სტუდენტების შემთხვევაში, ფინანსური პრობლემებით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:
ინსტრუქცია