[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC: მუსლიმი მესხი სტუდენტისთვის საქართველოში შემოსვლაზე შსს-ს უარი თვითნებურია და ის რეპატრიაციის პროცესს აზიანებს

ფოტო:ლიბერალი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება  მუსლიმი მესხი სტუდენტი ხალილ სარვაროვისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის ფაქტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევს.

ხალილ სარვაროვი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის მესხი მუსლიმია, რომლის მშობლებს საქართველოში მინიჭებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი, ხოლო თავად ხალილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-8 სემესტრის სტუდენტია. 2018 წლამდე იგი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებდა განათლებას საქართველოში, თუმცა, 2018 წლის საზაფხულო არდადეგების შემდგომ, როდესაც ის აზერბაიჯანიდან თბილისში ბრუნდებოდა, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს[1]. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის "ი" ქვეპუნქტით განსაზღვრული  საფუძვლით, რაც "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობის შემთხვევაში" ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მიმართვის მიუხედავად, საზღვრის კვეთის დროს მესაზღვრეებმა ხალილ სარვაროვს არ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით  და რა კონკრეტული მიზეზით ეკრძალებოდა ქვეყანაში შემოსვლა.

ამავე საფუძვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალილ სარვაროვს კიდევ ერთი უარი 2019 წლის 13 აგვისტოს უთხრა, როდესაც ის საქართველოში განმეორებით შემოსვლას  ცდილობდა. EMC-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და სარვაროვისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის მიცემა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა, საკუთარ გადაწყვეტილებაში კვლავ არ მიუთითა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი კონკრეტული საფუძვლის არსებობის გამო ეთქვა სარვაროვს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას EMC სასამართლოში ასაჩივრებს და ხალილ სარვაროვის მიმართ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, განათლების უფლების და პირადი თვითგანვითარების უფლების შეზღუდვას ამტკიცებს.

EMC მიიჩნევს, რომ ხალილ სარვაროვისთვის "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის "ი" ქვეპუნქტით განსაზღვრული "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით" ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რამდენადაც აღნიშნული ნორმის, როგორც მითითებითი (ბლანკეტური) ნორმის, გამოყენების სტანდარტი მოითხოვს, რომ ამ კანონის მე-11 მუხლის გარდა, უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც უცხოელ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება შეეზღუდება. აქედან გამომდინარე, შემოსვლაზე უარის საფუძვლად დასახელებული ნორმა ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და მისი გამოყენებისთვის საჭიროა არსებობდეს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ინდივიდი საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვას დაექვემდებარება.

მიუხედავად ამისა, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის "ი" ქვეპუნქტი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საქმეებში გამოიყენება, როგორც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, რაც შსს შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალოს პირს ქვეყანაში შემოსვლა. EMC აწარმოებს რამდენიმე მსგავს დავას, რომელშიც მათ შორის, იკვეთება კონკრეტული პირების მიმართ გადაადგილების თავისუფლების დისკრიმინაციული შეზღუდვის ნიშნები (მათ შორის, ასლანბეგ დადაევის საქმე, ჯამალ ალის საქმე).  აღნიშნული თვითნებური პრაქტიკა ხაზგასმულია სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა, ზემოთ განხილული საფუძვლით, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყოს კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმასთან.

EMC მიიჩნევს, რომ საზღვრის კვეთაზე დაუსაბუთებელი უარი ხალილ სარვაროვისთვის, რომელიც მესხი მუსლიმი რეპატრიანტების შვილია, საქართველოსთან უკვე აქვს ღრმა ემოციური, პირადი და სოციალური კავშირები და საკუთარ პროფესიულ მომავალს ასევე საქართველოს უკავშირებს, არსებითად აზიანებს, მუსლიმი მესხების რეპატრიაციის, ინტეგრაციის და საქართველოსთან მათი იდენტიფიკაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს აღიარებული და ამ კუთხით მას მთელი რიგი პოზიტიური ვალდებულებების გატარება ეკისრება.

EMC-ის მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებაში ხალილი იხსენებს, "ჩემი ოჯახი იმ ქართველთა ნაწილს მიეკუთვნება, ვინც 1944 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაასახლა. ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანში ვიმყოფებით, ჩემს ოჯახს აქვს რეპატრიანტის სტატუსი. ბავშვობიდან ერთი აზრი შთამაგონეს, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და ამეთვისა ქართული ღირებულებები, კულტურა და განათლება. ეს სურვილი ამიხდა, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. სამი კურსის განმავლობაში ვეცნობოდი ბევრ რამეს, ეს იქნება ჩემი პროფესია, თუ ქართული კულტურა, აზროვნება, ევროპული ღირებულებები, თავისუფლება, დემოკრატია, ტოლერანტობა. ქართველმა მეგობრებმა დამანახეს, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალ გარემოში. ამ შესაძლებლობების გამო გავხვდი აქტიური სტუდენტი, რომელსაც უნდა უფრო მეტი შეიცნოს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა მეოთხე კურსის მეორე სემესტრში წამართვეს სრულიად აუხსნელი და გაურკვეველი მიზეზების გამო".

აღსანიშნავია, რომ ხალილ სარვაროვისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს საქართველოში შემოსვლაზე უარის შემდეგ, EMC-მ მიმართა შესაბამის უწყებებს და საქმის კონტექსტისა და პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რევიზია და თვითნებური მოპყრობის აღმოფხვრა მოსთხოვა. სამწუხაროდ, აღნიშნულ მიმართვებს რაიმე პასუხი ან რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოთ ანიშნულის გთვალისწინებით EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საზღვრის კვეთის შეზღუდვის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს და შსს-ს მოუწოდებს:

  • მოახდინოს ხალილ სარვაროვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების რევიზია და კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტილების მიღება;
  • უზრუნველყოს თითოეულ საქმეში ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ჯეროვანი დასაბუთება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, რაც თვითნებური და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობას შექმნის.
  • გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების მძიმე სოციალური ეფექტი კონკრტული სოციალური ჯგუფებისთვის (საზღრის კვეთის დროს როგორც წესი მნიშნელოვან ბარიერებს, სწორედ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან) და გადაწყვეტილებები საქმის დეტალურ და ზედმიწევნით შესწავლას დააფუძნოს.
  • შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რელევანტური სახელმწიფო უწყებების გარდა, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს და აქტორებს გააერთანებს და კანონში არსებულ ხარვეზისა და დამკვიდრებული თვითნებური პრაქტიკის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] "ლიბერალი"-ს სტატია ხალილ სარვაროვზე: http://liberali.ge/articles/view/43382/ratom-ar-ushveben-khalils-saqartveloshi

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“