[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით გამოყენების უკანონობაზე იდავებს

მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს გაძლიერებული ვიდეომონიტორინგის მექანიზმსა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას. ეს ტენდენცია განსაკუთრებულად შესამჩნევია გასული წლის დეკემბრიდან, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რეპრესიული ცვლილებები შევიდა და არსებითად გაიზარდა ჯარიმების ოდენობა საპროტესტო აქციების ფარგლებში ხშირად გამოყენებული სამართალდარღვევების, მათ შორის,გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის.[1]

აღსანიშნავია, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ისედაც იყო დამონტაჟებული შსს-ის ზოგადი ხედვის კამერები,[2] ძირითადად, გზაჯვარედინებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებთან, აგრეთვე გარე სივრცეს აფიქსირებდა სხვადასხვა კერძო, სავაჭრო ობიექტის მიერ განთავსებული ვიდეოკამერები, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებულად ბევრი სამეთვალყურეო კამერა ბოლო თვეების განმავლობაში, უწყვეტი პროტესტების ფონზე, დამონტაჟდა. ვიდეომონიტორინგის სისტემის გააქტიურება შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მიერ პროტესტის ჩახშობის სტრატეგიების ცვლილებას უკავშირდებოდეს. მანამ სანამ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს სპეციალურ საშუალებებსა და არაპროპორციულ ძალას იყენებდა, ვიდეომონიტორინგის გაძლიერება, როგორც ჩანს, მათ ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა იმ პერიოდიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეთა ტერორის ფორმები შეცვალა და საკანონმდებლო ცვლილებების გზით დემონსტრანტების დასჯაზე კონცენტრირდა, შეკრების ადგილას რამდენიმე ათეული სახის ამომცნობი კამერა გაჩნდა. 

“ქართული ოცნების” აქციაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები 

უშუალოდ შეკრებასთან დაკავშირებით ვიდეოკამერები პირველად გასული წლის 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული წინასაარჩევნო დემონსტრაციისთვის დამონტაჟდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აღნიშნული კამერების საშუალებით მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. შეტყობინების გაგზავნიდან თითქმის 4 თვის თავზე სამსახურმა გვაცნობა, რომ ფაქტის შემოწმება არ დაწყებულა, რის საფუძვლადაც მითითებული იყო განცხადების განხილვის დროს ვიდეომონიტორინგის საშუალებების არარსებობა (დემონტაჟი) და “ქართული ოცნების” მიერ მონაცემების დამუშავების ფაქტის დაუდასტურებლობა.[3]

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების დასაწყებად არ არის აუცილებელი მონაცემთა დამუშავება იყოს მიმდინარე ან უწყვეტი. მთავარია, გამოკვეთილი იყოს დროის თუნდაც მცირე პერიოდში მონაცემთა დამუშავების პრინციპების ან/და წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტი. მიუხედავად დემონტაჟისა, სამსახური, დარღვევების სამომავლო პრევენციის მიზნით, ვალდებული იყო შეესწავლა განცხადებაში მითითებული გარემოებები და განეხორციელებინა მასზე შესაბამისი რეაგირება. 

პროტესტის ადგილას სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟება

“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული შეკრებიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში  უწყვეტი პროტესტების ადგილას - რუსთაველის გამზირზე არ დაფიქსირებულა დამატებითი კამერების, მათ შორის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების, განთავსების ფაქტი, თუმცა გასული წლის 14 დეკემბერს საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) მიერ ადამიანების სახისა და ემოციების ამომცნობი ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების შესყიდვის შესახებ.[4] ამ დროისთვის “ქართულ ოცნებას” უკვე ჰქონდა ინიცირებული აქციებზე ნიღბის აკრძალვისა და გზის გადაკეტვისთვის სახდელის გამკაცრების კანონპროექტები. შესყიდულ კამერებს, ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მაღალი ხარისხის გარჩევადობა აქვს და შეუძლია ამოიცნოს ადამიანის ასაკი, სქესი, ემოცია, მისი სახე მათ შორის სამედიცინო ნიღბის ტარების შემთხვევაში.

საჯარო სივრცეში განთავსებული სახის ამომცნობი კამერები პირთა განუსაზღვრელი წრის მონაცემებს ამუშავებს, დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიაში კი უამრავი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ექცევა. სახის ამომცნობი ტექნოლოგიების საშუალებით მუშავდება ბიომეტრიული მონაცემები - ადამიანების ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლები. ევროსაბჭოს 108-ე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სახის მახასიათებლები, როგორც ბიომეტრიული მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და შესაბამისად, დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიები პროტესტის ადგილას გამოიყენება, ის ასევე ამუშავებს ათასობით პირის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სენსიტიურობის გათვალისწინებით აგრეთვე ექცევა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა სიაში.

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების კანონიერება

სამართალდამცავი ორგანოს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე  ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ის დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას არ უკავშირდება.[5] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების შემთხვევაში კანონი სტანდარტულად მოქმედებს სამართალდამცავების საქმიანობაზე. შესაბამისად, შსს სახის ამომცნობ კამერებს უნდა იყენებდეს მხოლოდ  განსაკუთრებულ კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და დამუშავების პრინციპების დაცვით.

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების საფუძვლებს სპეციალური ნორმა არეგულირებს, რომლითაც სამართალდარღვევების გამოვლენა ან მათზე რეაგირება ავტომატურად არ ქმნის ამ ტიპის მონაცემების დამუშავებისთვის საკმარის საფუძველს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები ამომწურავად არ არის ჩამოთვლილი და სხვა ნებისმიერი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც იძლევა დამუშავების შესაძლებლობას. 2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებით,  სამართალდარღვევის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელი გახდა ფოტოსურათის გადაღება, თითის ანაბეჭდების აღება, ხმის ჩაწერა და სხვა ღონისძიებების ჩატარება.[6][7] ამ საკანონმდებლო ცვლილებით “ქართულმა ოცნებამ” ფორმალურად შექმნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების საფუძველი, რადგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბოლო საფუძველს - “სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ შემთხვევას” მოარგო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებული ახალი ნორმა.[8] ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება კანონიერია, რადგან დამუშავების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც, აუცილებელია მონაცემთა დაცვის პრინციპების დაცვა.

რუსთაველის გამზირზე შეკრების მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით სახის ამომცნობი კამერების განთავსება “პერსონალურ მონაცემთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს. ესენია:

მონაცემთა მინიმიზაცია[9] - ეს პრინციპი მოითხოვს მონაცემების დამუშავებას მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომელიც მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

სახის ამომცნობი კამერებით საპროტესტო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ და პროპორციულ ზომად, რადგან სამართალდამცავებს აქვთ მოქალაქეების იდენტიფიცირებისა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვა, ნაკლებად შემზღუდავი, საშუალებები. პროტესტის ადგილას, როგორც წესი, მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. მათ ადგილზევე შეუძლიათ, მოქალაქეებს მოსთხოვონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და გამოუწერონ ჯარიმა, რაც უწყებებს დიდი ოდენობით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ჩაწერას, შენახვასა და გადაცემას თავიდან აარიდებს, თუმცა ამ მეთოდს მასშტაბურ აქციებზე პოლიცია ფაქტობრივად არ იყენებს. ადგილზე რეაგირების ნაცვლად ვიდეოჩანაწერების დამუშავება პროტესტის ჩახშობისა და მოქალაქეთა დაშინების სტრატეგიის ნაწილია. ამით „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეებში შექმნას განცდა, რომ მათი ნებისმიერი ქმედება შენახული და დოკუმენტირებულია, რაც სამომავლოდ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მონაცემთა დამუშავება სუბიექტის ღირსების შეულახავად - მონაცემთა დაცვის ფუნდამენტური უფლების მიზანია ადამიანების ღირსებისა და უფლებებისთვის საზიანო მონაცემთა დამუშავების თავიდან აცილება. ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს პრაქტიკის მიხედვით, მონაცემთა დაცვის უფლების კონტექსტში ადამიანის ღირსებას ენიჭება უპირატესი ძალა, ქვეყნის კონსტიტუციის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სამოქალაქო სამართლის დებულებების ანალიზის საფუძველზე. [10]

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დამუშავების კონტექსტის მხედველობაში მიღებითა და კონსტიტუციური ღირებულებების კონტექსტში შეაფასოს. სამართალდამცავი ორგანოები სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ყველაზე ხშირად  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებისთვის იყენებენ. ეს მუხლი პასუხისმგებლობას ადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის, მათ შორის საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, რომელიც, როგორც წესი, რელევანტურია საპროტესტო აქციების კონტექსტში. სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება ათასობით პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი ხდება. სამართალდარღვევა, რომლის გამოვლენისთვისაც ბიომეტრიული და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება, არსებითად არ არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და არ ქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მონაცემების ამ მასშტაბით დამუშავება  სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნებს ცდება და  შეკრების მონაწილეების დაშინებისა და ტერორის ფორმას ატარებს.

მონაცემების სამართლიანად დამუშავება - სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ მონაცემები დამუშავდეს სუბიექტისთვის გაუმართლებელი და უსამართლო შედეგების გამოწვევის გარეშე. საერთაშორისო სტანდარტებით, მონაცემთა დამუშავების სამართლიანობის შეფასებისთვის უნდა შეფასდეს, როგორ აისახება დამუშავება ინდივიდებსა და ჯგუფებზე. თუ მონაცემთა დამუშავება ერთი პირის მიმართ მაინც იწვევს გაუმართლებელ ზიანს, ასეთი დამუშავება სამართლიანად არ უნდა ჩაითვალოს.[11]

ღია სივრცეში, უწყვეტი პროტესტის ადგილას განთავსებული სახის ამომცნობი კამერები ამუშავებს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციასაც, როგორიცაა პოლიტიკური შეხედულების შესახებ მონაცემები. ასეთი ინფორმაციის ჩაწერამ და შენახვამ შეიძლება არსებითი საფრთხე შეუქმნას პროტესტის მონაწილეებს, გამოიწვიოს მათი დევნა და სხვადასხვა ფორმით, მათზე არასასურველი ზემოქმედება.

საერთაშორისო სტანდარტები სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებაზე

საერთაშორისო სტანდარტებით, სახის ამომცნობი ტექნოლოგია უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკანასკნელი ღონისძიება, თუ სხვა ნაკლებად ინტენსიური საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია  სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ან სხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინტერესისთვის, როგორიცაა: არასრულწლოვანების უსაფრთხოების დაცვა. [12]

სახის ამოცნობის ტექნოლოგია (FRT) ორეტაპიან პროცესს აერთიანებს. პირველ ეტაპზე სახის გამოსახულების შეგროვება და მისი თარგად გარდაქმნა ხდება, შემდეგ კი ამ თარგის შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულ თარგებთან პირის იდენტიფიცირების ან ავთენტიფიკაციის მიზნით. პერსონალური მონაცემების ამ მასშტაბით დამუშავება ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში არაპროპორციული ჩარევის რისკებს, რომელიც ხშირად საკვანძო წინაპირობაა სხვა ფუნდამენტური უფლებების (შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების, გადაადგილების თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვ.) დაცვის უზრუნველსაყოფად. სამართალდამცავი ორგანოების მიერ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა დააზიანოს სოციალური, დემოკრატიული და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში.[13]

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Glukhin v. Russia სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურების ფარგლებში, პირის იდენტიფიცირების, ადგილსამყოფლის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, პირადი ცხოვრების პატივისცემის ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, როდესაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ ექმნება კონკრეტული საფრთხე,  სამართალდარღვევის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ ან/და დემოკრატიული საზოგადოებისთვის გადამწყვეტ საჭიროებას, რომელიც ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების საჭიროებას გამოავლენდა.[14]

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგიების გამოყენება გულისხმობს ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის იდენტობასთან. შესაბამისად, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მიღმა,  სახის ამოცნობის გამოყენება პირდაპირ ან არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით აღიარებულ რამდენიმე ძირითად უფლებასა და თავისუფლებაზე. (ადამიანის ღირსება, გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვა). საჯარო სივრცეებში ასეთი კამერების გამოყენება ფაქტობრივად გულისხმობს მასობრივ კონტროლს, რომელიც  მხოლოდ მძიმე დანაშაულების, მათ შორის, ტერორისტული აქტის და არა ნებისმიერი კანონდარღვევის თავიდან აცილებით მიზნებით შეიძლება იყოს გამართლებული.[15]

ადამიანის უფლებებში არაპროპორციულად ჩარევის რისკებს ზრდის ის ფაქტიც, რომ სახის ამომცნობ ტექნოლოგიას აქვს იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სიზუსტის მნიშვნელოვანი გამოწვევები. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს ანგარიშის თანახმად, თუ სახის ამომცნობი ტექნოლოგიები საჯარო თავშეყრის ადგილასაა დამონტაჟებული, ასობით პირი შეიძლება არასწორად იქნას დაიდენტიფიცირებული. ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას ფაქტობრივად შეუძლებელია სიზუსტის დონის განსაზღვრა.[16]

პროტესტის ფარგლებში, მათ შორის, ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება რუსეთის ხელისუფლების გავრცელებული პრაქტიკაა და განსაკუთრებით 2021 წლის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი პროტესტების შემდეგ,  კრიტიკულად განწყობილი პირების ტოტალური კონტროლისა და პოსტ ფაქტუმ დასჯის ფორმად იქცა. რუსეთის პოლიცია და მოსკოვის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი (DIT) არ ასაჯაროებს ადამიანების იდენტიფიცირების ზუსტ ალგორითმს, თუმცა აქტივისტები საქმის მასალებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ასკვნიან, რომ სახის ამოცნობის პროგრამა მოიცავს ორ მთავარ საძიებო სისტემას  „Sherlock“  - პასპორტთა მონაცემთა ბაზა და PSKOV („მნიშვნელოვანი კატეგორიის ძიების სისტემა“), რომელიც სოციალური ქსელების მონაცემებზე მუშაობს. ორივე საძიებო სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რაც უფრო მეტი ფოტოსურათი იძებნება პროგრამაში, მით უფრო ადვილი ხდება ადამიანის იდენტიფიცირება.[17]

რუსეთის ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, ბიომეტრიული პირადი მონაცემების დამუშავება არ შეიძლება განხორციელდეს პიროვნების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ წესს აქვს კონკრეტული გამონაკლისები, როგორიცაა: საგამოძიებო საქმიანობა ან მართლმსაჯულების განხორციელება, თუმცა ეს გამონაკლისები არ ეხება პოლიციის უფლებამოსილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში. ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობასაც იდენტური მიდგომა აქვს, თუმცა, რუსეთის მსგავსად, საკანონმდებლო ჩანაწერი პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს დემონსტრანტების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.[18]

გასაჩივრების მექანიზმი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენცია

2025 წლის 12 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯაროდ მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეესწავლა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების საშუალებით მონაცემთა დამუშავების კანონიერება. საჯარო მიმართვის საპასუხოდ, სამსახურმა განმარტა, რომ წარმოება დაწყებულია და დასრულებამდე წინასწარი შეფასება ვერ გამოქვეყნდება.[19]

მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფარგლებში, გეგმური შემოწმების მიღმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აქვს ორი ძირითადი უფლებამოსილება:[20]

  1. მონაცემთა სუბიექტის (პირი, რომლის მონაცემებიც მუშავდება) განცხადების განხილვა.
  2. დაინტერესებული პირის შეტყობინების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება).

თითოეული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი და გარე სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ფოტო/ვიდეო მასალის შემცველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები ჩაბარდება, არის მონაცემთა სუბიექტი. შესაბამისად,  აქვს უფლება მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოს მის შესახებ მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, დამუშავების კანონიერების შემოწმება.

არაგეგმური ინსპექტირებისგან განსხვავებით, რომელსაც სამსახური თავისი ინიციატივით აწარმოებს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა დროშია შეზღუდული. კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს და ეს ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიძლება გახანგრძლივდეს.[21]გარდა ამისა, მონაცემთა სუბიექტს, როგორც წარმოების მხარეს, აქვს უფლება, სამსახურისგან მოითხოვოს შემოწმების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღება. აქედან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტების სახელით განცხადებების წარდგენის მექანიზმი შეიძლება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს სამსახურის ინიციატივით დაწყებულ წარმოებასთან შედარებით.

შეჯამება

2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული შსს 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების მეშვეობით აჯარიმებს ათასობით ადამიანს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით დაწყებულ სამართალდარღვევის საქმეებში, სადაც ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს.[22] ამ დრომდე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ გაუვრცელებია წარმოების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია და არც შესაბამისი რეკომენდაციებით მიუმართავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაულისგან განსხვავებით,  საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას არ არღვევს იმ ხარისხით, რაც პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებულად სენსიტიური მონაცემების მასშტაბური დამუშავების საჭიროებას გამოაშკარავებდა. ადმინისტრაციული ჯარიმების გამოსაწერად ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ტექნოლოგია “ქართული ოცნების” ხელში არსებულ კიდევ ერთ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან ერთად, მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევას ისახავს მიზნად.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული რამდენიმე პირის სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და წარმოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც გზის გადაკეტვის  საქმეზე შსს ფოტო-ვიდეო მასალების შემცველ  მასალებს ჩააბარებს, საკუთარი უფლებების დასაცავად და მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართონ. ეროვნულ დონეზე ამ განცხადებების სამართლებრივი შედეგის მიუხედავად, ამგვარი მიმართვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თაობაზე დავა, მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მისამართად, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენ მიერ მომზადებული განცხადების თანდართული შაბლონი: 

განცხადების_ფორმა.docx

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - პროტესტების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური ანალიზი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Iry7sLam

[2] IDFI - ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში. გვ.17

[3] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსხურის 2025 წლის 07 მარტის N PDPS 0 25 00003261 წერილი სოციალური სამართლიანობის ცენტრს.

[4] რადიო თავისუფლება - „112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Gry3yAgN

[5] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.

[7] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

[8] საკანონმდებლო ცვლილებებამდე სახის ამომცნობი ტექნოლოგიები, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა უსაფრთხოების მიზნის ფართოდ განმარტების შედეგად. უსაფრთხოების დაცვა ფართო ტერმინია და არაკეთილსინდისიერი განმარტების პირობებში მასში ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება შეიძლება მოექცეს, თუმცა ასეთი განმარტების პირობებშიც კი სახეზე არ გვქონდა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების მეორე წინაპირობა - სხვა საშუალებით ამ მიზნის მიღწევის შეუძლებლობა ან არაპროპორციული ძალისხმევის საჭიროება.

[9] პერსონალურ მონაცემთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით.

[10] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Hri0N3Hl

[11] ICO- Principle (a): Lawfulness, fairness and transparency. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Fri3y3oz

[12] European Data Protection Board - Guidelines 05/2022 on the use of facial recognition technology in the area of law enforcement. გვ. 43.

[13] European Data Protection Board - Guidelines 05/2022 on the use of facial recognition technology in the area of law enforcement. გვ. 9

[14] CASE OF GLUKHIN v. RUSSIA (04.10.2023), § 89.                                                   

[15] CASE OF GLUKHIN v. RUSSIA § 39, 104.

[16] EDPB guidelines 3/2019 on processing of personal data through video devices adopted on 29 January 2020, for further guidance.

[17] OVD-Info - How the Russian state uses cameras against protesters. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Iry30tJA

[18] იქვე.

[19] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2025 წლის 12 მარტის განცხადება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MriJAAWo

[20] ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლი.

[21] ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი

[22] საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Jri8rDCB

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“