[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ამბასადორი ბათუმი შეჩერების ნაცვლად იზრდება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის” განახლებულ ნებართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ასაჩივრებს. საჩივარზე ზეპირი მოსმენა 2022 წლის 25 თებერვალს გაიმართება. 2021 წლის დეკემბერში გაცემული ნებართვის მიხედვით, 19-სართულიან პროექტს კიდევ ორი სართული ემატება - ამჟამად დაგეგმილი 21-სართულიდან 3 მიწის ქვეშ, ხოლო 18 მიწის ზემოთ ხვდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა. სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს; მისი კიდევ უფრო გაზრდა ძეგლის შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანების წინაპირობაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ამბასადორის” პროექტი მშენებლობის ეტაპზე იზრდება. შეგახსენებთ, რომ პროექტი, საწყის ეტაპზე, ოთხსართულიან ნაგებობას ითვალისწინებდა. 2020 წელს ამბასადორი ბათუმი უკანონო, მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, რაც ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენების გულისხმობდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი (ყოფ. საზღვაო პოლიკლინიკის) შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა. 2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა, რისი მიზანიც იყო ძეგლის სტატუსის მოხსნა, რაზეც უარი მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან. ამას გარდა, 2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ ძეგლის ინტერესების და ბათუმელების საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი განუცხადა. თუმცა, სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი (აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით. სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ამბასადორი ბათუმს“ კვლავ დაუკანონა უკანონო მშენებლობა.

ბათუმის ბულვარის ქალაქის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების საკვანძო სივრცეა, თუმცა ქაოტური, ფორსირებული განაშენიანება, მზარდი უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორი მასზე უმძიმესს წნეხს ქმნიან. ამ კონტექსტში ბათუმის მერიის არათანმიმდევრული და სოციალურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შეუქცევადი ზიანის საფრთხეს აჩენს. 2021 წელს მომზადებულ ბათუმის ბულვარის ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში, რომელიც სსიპ ბათუმის ბულვარმა მიიღო, „ამბასადორი ბათუმი”, ბულვარისთვის „შეუსაბამო ობიექტადაა” მიჩნეული, რადგან ის სივრცის ძირითად მახასიათებლებს არღვევს. კვლევა ბულვარის გენგეგმის ნაწილია, რომლის საბოლოო პროექტი ჯერაც არ გასაჯაროებულა.

2022 წლის 18 თებერვალს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა და აღსრულების პოლიციის ჩართულობით, ბულვარში ერთ-ერთი უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, თუმცა უწყება ამ დრომდე არ იღებს ზომებს „ბათუმი ამბასადორთან” დაკავშირებით. ბათუმის მერიის დაუფარავად პარადოქსული დამოკიდებულება სამშენებლო პროექტების მიმართ იმაზე მეტყველებს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებითა და კანონმდებლობის მოთხოვნებით არ ხელმძღვანელობს და სამართლებრივ ინსტრუმენტებს შერჩევითად მიმართავს.

აღნიშული გადაწყვეტილება, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და „ბათომის“ სასამართლოში გასაჩივრდა. კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, სასამართლო პროცესი ჯერაც არ ჩანიშნულა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და “ბათომი” აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის გადასარჩენად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“