[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და „ბათომი“ ამბასადორი ბათუმის საქმეზე სამინისტროს უარს სასამართლოში ასაჩივრებენ

26 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" (ყოფილი EMC) და "ბათომის" საჩივარი, რომელიც ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის უკანონობასა და კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო კანონმდებლობის მძიმე დარღვევაზე მიუთითებდა.

უწყებამ უარი განაცხადა ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის შეჩერებაზე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებაზე. შესაბამისად, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) და „ბათომი“ უმოკლეს ვადებში მიმართავენ სასამართლოს სააგენტოს მიერ გაცემული აღნიშნული ნებართვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ასევე, სარჩელით მოთხოვნილი იქნება ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება, რათა საქმის განხილვის პარალელურად უზრუნველყოფილი იქნას ბულვარის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა.

იმის მიუხედავად, რომ “ამბასადორი ბათუმი” ოფიციალურად მდებარეობს საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის ტერიტორიის საზღვრებში, სამინისტრო ვერ ასაბუთებს, 19-სართულიანი სასტუმროს განთავსებით როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობა, რაც ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სავალდებულოდ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს. ასევე, სამინისტრო პირდაპირ ეთანხმება ინვესტორის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მფლობელის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ბულვარის განაშენიანების გეგმის იურისდიქცია სავალდებულოდ არ გავრცელდება. ამ გეგმაზე მუშაობა ბათუმის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარეობდა, რა პროცესშიც ჩართული იყვნენ სააგენტოც და სამინისტროც, რომლებიც ახლა უგუელებელყოფენ განაშენიანების გეგმის მნიშვნელობას და მსგავს უკანონო გამონაკლისებს უშვებენ დაუსაბუთებელი არგუმენტებით. სამინისტრო არ ამოდის საჯარო ინტერესიდან და უგულებელყოფს, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმა ძეგლის დაცვისა და კონსერვაციის მიზნით შექმნილი დოკუმენტია და შესაბამისად, ის უნდა გავრცელდეს ძეგლის მთელ ტერიტორიაზე.

26 მარტის სამინიტროს გადაწყვეტილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" (ყოფილი EMC) და „ბათომის“ საჩივარში წარმოდგენილ არცერთ სამართლებრივ პრეტენზიაზე. სამწუხაროა, რომ სამინისტრო იზიარებს „ამბასადორი ბათუმის“ მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ „დაპროექტებული ნაგებობა შეესაბამება ქალაქის განაშენიანების ძირითად მიმართულებებს“.

სამინისტროს განმარტებით, უკვე არსებული შენობის სიმაღლის მატება არ გამოიწვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შემცირებას. სამინისტროს აღნიშნული არგუმენტაცია, არ არის გამყარებული სათანადო კვლევითა თუ ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით.

გარდა ამისა, განხილვისას წარდგენილ იქნა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ICOMOS საქართველოსა და სსიპ „გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“ დასკვნები, რომლებიც პირდაპირ უთითებდნენ ზიანზე, რაც ბულვარს მიადგებოდა ამ მშენებლობით. Ასევე, სამინისტროში საჩივრის განსახილველ ზეპირ სხდომაზე გამოიკითხნენ ხელოვნებათმცოდნეები - თამარ ამაშუკელი და თათია ღვინერია, რომლებმაც დეტალურად განმარტეს, თუ რატომ იყო დაუშვებელი ბულვარში მსგავსი მშენებლობა. აქედან გამომდიანრე, სამინისტროს მსგავსი პოზიცია მრავალ კითხის ნიშნას ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი საჩივრის განხილვას წინ უსწრებდა სამინისტროს დაუსაბუთებელი უარი დავის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერებაზე, იმ მოტივით, რომ შეჩერებით ზიანი მიადგებოდა „ამბასადორი ბათუმს” .

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) და “ბათომი” აგრეძელებენ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის გადასარჩენად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“