საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
5 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა შეჩერებულიყო 19-სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბათუმის ბულვარის - ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი. ცხადია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), “საზოგადოება ბათომის” სახელით, მიღებულ განჩინებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაღალი ინტერესების ხელყოფის აღკვეთას.
“ამბასადორი ბათუმის“ ტერიტორიაზე უკვე მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროისთვის ძეგლისთვის დასაშვებ პარამეტრებზე უკვე 6 სართულით მეტია აშენებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებაზე უარის თქმით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს.
ზოგადად საერთო სასამართლოების მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არგამოყენება მართლმსაჯულების პრაქტიკის სერიოზული გამოწვევაა. მნიშვნელოვან სასამართლო დავებშიც კი, სადაც აშკარაა უფლებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული და შეუქცევადი დარღვევის რისკები, სასამართლოები როგორც წესი შეჩერების მექანიზმს არ იყენებენ და ამას აშკარად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით აკეთებენ. ამ პრაქტიკით სასამართლოები აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლსა და ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტრესების ეფექტიან დაცვაზე უარს ამბობენ, რაც ზოგჯერ მართლმსაჯულების როლს მთლიანობაში მოჩვენებითსა და არარეალურს ხდის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უკიდურესად პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, აჭარის მთავრობის წარმომადგენელები, “ამბასადორი ბათუმის” უკანონო მშენებლობის უგულებელყოფის პარალელურად, განაგრძობენ საჯარო ინტერესის დათმობას კერძო კომპანიების სასარგებლოდ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ადგილობრივების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომამ, რომელზეც ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის მოთხოვნით, საკრებულოს ბულვარის პლაჟის ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოქალაქეთა პროტესტის საპასუხოდ, 30 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყებაზე გამოცხადდება სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. თუმცა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული მორატორიუმი არ შეეხება “ამბასადორი ბათუმის” მიმდინარე მშენებლობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი. ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს.
პარალელურად სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) და “საზოგადოება ბათომი” სხვა აქტივისტურ ჯგუფებთან და მოქალაქეებთან ერთად განაგრძობენ სამოქალაქო ბრძოლას საჯარო სიკეთეებისა და კულტურული სივრცეების დასაცავად.
ინსტრუქცია