საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს საქართველოში მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მხარდამჭერად და დამხმარედ პირველ რიგში სოციალური მუშაკი წარმოგვიდგება ხოლმე. სერვისის გამცემ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებას კანონმდებლობა ავალდებულებს სოციალური მუშაკის კადრის ყოლას და ბენეფიციართათვის სოციალური მომსახურების შეთავაზებას. სოციალური მუშაობის მთავარი მარეგულირებელი ჩარჩო სოციალური მუშაობის შესახებ კანონია, ხოლო სხვა სპეციფიკური კანონები უწყებების დონეზე განმარტავენ სოციალური მუშაკის როლსა და ფუნქციას. მაგალითად, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალდებულებს სოციალური მუშაობის დანერგვას, ხოლო არასრულწლოვანთა რეფერირების პროცედურები - მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს. საქართველოში მოქმედი ბევრი სერვისის გამცემი არასამთავრობო ორგანიზაციაც თავის ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სოციალურ მუშაობაზე აფუძნებს, იქნება ეს მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო პროგრამები, შინმოვლის სერვისი თუ სხვა. სოციალური მუშაკები ხშირად მომსახურებასთან დამაკავშირებელი მთავარი რგოლი არიან, ან თავადვე მომსახურებას წარმოადგენენ, ამიტომაც ნებისმიერი სოციალური სერვისის ეფექტიანობის ან ნაკლოვანების განხილვისას ამ პროფესიის გარშემო მსჯელობა და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება გვიწევს.
სოციალური მუშაკების კადრების და მათი განვითარების რეალური ინტერესის სიმწირე
სოციალური მუშაობა ადამიანის დამხმარე პროფესიათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში ძალიან ახალგაზრდაა და დაახლოებით ოც წელს ითვლის. მიუხედავად სფეროს სიახლისა და შესაბამისად კვალიფიციური კადრების რაოდენობის სიმწირისა, სოციალური მუშაობა თითქმის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება, სადაც ადამიანის დახმარება არის საჭირო. თავდაპირველად პროფესიაზე მოთხოვნა საქართველოში 2000-იან წლებში გაჩნდა, როდესაც დეინსტიტუციონალიზაციის სახელით ცნობილი პროცესი - დიდი ზომის ბავშვთა სახლებისა და სამზრუნველო დაწესებულებების დაშლა დაიწყო. საჭირო გაჩნდა კადრი, ვინც სწორად შეაფასებდა ბავშვთა ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ საჭიროებებს და შეურჩევდა მათ ზრუნვის ალტერნატიულ ფორმას (სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, 2023).
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ 2022 წელს ჩატარებული კვლევის „სოციალური მუშაობის სამუშაო ძალის შესახებ“ მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სულ 835 სოციალური მუშაკი იყო დასაქმებული, მათგან საუნივერსიტეტო განათლება 265-ს აქვს (საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, 2022). სოციალური მუშაკები წარმოდგენილი არიან ბავშვთა დაცვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მომსახურებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სხვა. საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ თავის სამოქმედო გეგმაში განსაზღვრავს სოციალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდას წლების მიხედვით, იმისათვის რომ დასაქმებულმა შეძლოს ბენეფიციართა ადეკვატური მომსახურება. მაგალითად 2022 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 345 უნდა ყოფილიყო, ხოლო განათლების სამინისტროსი - 110 (კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, 2018). ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით კი 2022 წელს ჯანდაცვის სამინსიტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 272-ს შეადგენდა, ხოლო განათლების სამინისტროში კი 58-ს. რეალური მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კანონის მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობას. დღეს გამოწვევაა ასევე სოციალური მუშაკების საქმეთა დათვლის მეთოდოლოგიის არარსებობა და შესაბამისად, ამ მხრივ ხარისხის კონტროლი. საქართველოს კანონი სოციალური მუშაკის საქმეთა მაქსიმალურ რაოდენობად 50-ს განსაზღვრავს, ხოლო საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ მიუხედავად დასაქმების ადგილისა სოციალურ მუშაკთა საქმეთა რაოდენობა 8-18 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს (ხვთისიაშვილი, 2020). 2019 წლის აუდიტის ანგარიშის[1] მიხედვით კი, საქართველოში 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდიოდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში - 1850. არსებული რაოდენობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ სოციალური მუშაკების კადრი სათანადოდ არ ჰყოფნის საქმის ხარისხიანად შესრულებას, რაც ცხადია მომსახურების მიმღებ პირს აზარალებს და თავად პროფესიონალს კი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.
საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა დიდ ნაწილს პროფესიული გადაწვის ისეთი მახასიათებლები გამოუვლინდა, როგორიც ემოციური გადაღლა, პიროვნული მიღწევებით უკმაყოფილება და დეპერსონალიზაციაა. კვლევის შედეგების თანახმად, მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა თითქმის 26%-ში ვლინდება დეპერსონალიზაციის[2] ძლიერი განცდა, სოციალურ მუშაკთა თითქმის 46% ემოციურად ძალიან ძლიერად არის გადაღლილი. პროფესიით გადაწვის რისკები გაზრდილია სამუშაოს დიდი მოცულობის, ინტენსიურობისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო (საქართველოს განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია, 2022).
სოციალური მუშაკების კადრების დეფიციტი თავად სოციალური მუშაკებისთვის ყველაზე ნათლად შესამჩნევია. ამას ცხადყოფს კიდევაც 2019 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ორგანიზებული უპრეცედენტო გაფიცვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სისტემაში კადრების დამატება იყო. ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკის პროფესიონალი კადრი ფიზიკურად ძალიან ცოტაა და ხშირად კარგად მომზადებულ დამსაქმებელსაც უჭირს კადრის მოზიდვა, თუმცა, მეორე მხრივ აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის საბაბით სოციალური მუშაკები სწორედ იმ სამსახურიდან გაათავისუფლეს, სადაც ასეთი კადრების ყველაზე კრიტიკული დეფიციტი არსებობდა. კერძოდ, 2019 წელს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან 7 სოციალური მუშაკი, ხოლო 2020 წელს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს (სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, 2020). იმის გამო რომ ამ ქმედებას, რაიმე ლოგიკური და რაციონალური ახსნა ვერ მოეძებნება, ვთვლი, რომ რეორგანიზაციის პროცესი დამსაქმებლისთვის იყო შესაძლებლობა, ერთგვარად შური ეძია 2019 წლის კოლექტიური დავისა და გაფიცვის გამო. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულთა უმეტესობა აქტიურად მონაწილეობდა საგაფიცვო პროცესში და რამდენიმე მათგანი ორგანიზატორიც კი იყო. ცხადია, ასეთი მანკიერი პრაქტიკა აზარალებს არა მხოლოდ გათავისუფლებულს, არამედ თავად დამსაქმებელს და იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც გათავისუფლებულები ემსახურებოდნენ. ხოლო სხვა სოციალურ მუშაკებს დასაქმების მოტივაციას მნიშვნელოვნად უქვეითებს.
სოციალური მუშაობის არსიდან გამომდინარე, მიუხედავად დასაქმების ადგილისა და სამიზნე ჯგუფისა, სოციალური მუშაკი საჭიროებს კომპეტენციას და ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს ბენეფიციარის მრავალმხრივ საჭიროებას. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკი, რომლის პირდაპირი მოვალეობა შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვა, მკურნალობის ხარჯებისა და დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერა, ან უსახლკარო პაციენტის დაბინავებაზე ზრუნვა წარმოადგენდეს, გვერდს ვერ აუვლის სავარაუდო ძალადობის ნიშნებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ბენეფიციარს. ასეთ შემთხვევაში, ყველა სოციალური მუშაკი ვალდებულია ფლობდეს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრების ტექნიკებს, რათა მეორეული ტრავმატიზაცია აიცილოს, იცოდეს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მსხვერპლთა მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებების შესახებ და საჭიროების მიხედვით გაუწიოს თანხლება. დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზოგიერთი დასაქმებული სოციალური მუშაკის მზაობა და კვალიფიკაცია. მეტიც, არიან სოციალური მუშაკის პოზიციაზე დასაქმებული კადრები, რომელთაც არც საუნივერსიტეტო განათლება და არც პროფესიული გადამზადება გავლილი არ აქვთ.
სტატიაზე მუშაობის პროცესში სოციალურ მუშაკთა შორის მცირე გამოკითხვა ჩავატარე და დავუსვი კითხვა, თუ რა მომსახურების დამატებას ან გაუმჯობესებას ისურვებდნენ ისინი, რათა ბენეფიციართა დახმარება უკეთესად შეძლონ და პროფესიული მიღწევებით კმაყოფილების განცდა ჰქონოდეთ. პასუხები მრავალმხრივი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა: უფასო სარეაბილიტაციო პროგრამები ნარკოტიკ და ალკოჰოლდამოკიდებული პირებისთვის, ფსიქიატრის უფასო სერვისი, ძალადობის განმახორციელებელი პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი, დასაქმების ხელშეწყობის ეფექტური სერვისები, უფასო საცხოვრისები და სხვა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროგრამებისა, რომელთა დანერგვა-გაუმჯობესება სოციალურ მუშაკებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ხოლო მათ გარეშე მუშაობა სოციალური მუშაკის შრომას ნაკლებ ეფექტიანს და შედეგიანს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე სოციალური სერვისებისთვის სახელმწიფო დაფინანსება იზრდება, ბენეფიციართა მზარდი რაოდენობისა და მრავალმხრივი საჭიროებების ფონზე, არსებული პროგრამები მაინც ვერ პასუხობს სათანადოდ გამოწვევებს. გარდა მომსახურებების სიმწირისა, თავად სოციალური მუშაობის ემპათიური ბუნება მძიმე შრომის პირობებისა და დიდი რაოდენობით ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფონზე სოციალურ მუშაკებს პროფესიული გადაწვისა და გადაღლის მაღალი რისკის წინაშე აყენებს.
სოციალური მუშაობისთვის ადამიანის გაძლიერების თეორია ამოსავალია და ის გულისხმობს, ინდივიდთან ერთად პრობლემის გაანალიზებას და სამოქმედო გეგმის დასახვას. სოციალურმა მუშაკმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბენეფიციარი დარჩეს თავისი ცხოვრების ეპიცენტრში, მონაწილეობა მიიღოს მის საქმესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაში და დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე (საკითხავი მასალა სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამებისთვის, 2021). ასეთივე მიდგომას ვეყრდნობით სხვადასხვა ნიშნით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ქალთა (ძალადობაგამოვლილ, დამოკიდებულ, უსახლკარო და სხვ.) მხარდაჭერის პროცესშიც. სოციალური მუშაკისთვის არა მხოლოდ კრიზისული ჩარევა და ე.წ. „ცეცხლის ჩაქრობა“ არის მნიშვნელოვანი, არამედ გრძელვადიანი შედეგების მიღწევა, რათა ბენეფიციარმა გამოძებნოს რესურსი დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება.
საქართველოში სპეციფიკურად ქალთათვის გათვლილი სოციალური მომსახურებები მწირია, უშუალოდ ქალთა მხარდაჭერის სოციალური პროგრამა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაა. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ორსული ქალები, რომელებიც სხვადასხვა სირთულის გამო აღმოჩნდნენ უსახლკარობის რისკის წინაშე, ან საჭიროებენ დაუყოვნებლად უსაფრთხო გარემოში განთავსებას, ასევე ქალი, რომლის ერთ-ერთი შვილიც 10 წელზე ნაკლებისაა (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ). პრაქტიკული საქმიანობა გვიჩვენებს, რომ პროგრამით მოსარგებლე ქალები წარსულში ხშირად გამხდარან ძალადობრივი ქცევის, ან სისტემური უსამართლობის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის 2022 წლის მონიტორინგის შედეგებში საუბარია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევების მართვისა და ბენეფიციართა რეაბილიტაციის პროცესში უკიდურესად მწირ ჩართულობაზე. ანგარიშში გამოკვეთილია სოციალური მუშაკის კადრის სიმწირე და არსებული კადრების მხრიდან კოორდინაციის ნაკლებობა თავშესაფრის თანამშრომლებთან (საქართველოს სახალხო დამცველი, 2022).
მართალია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი მომსახურებები ყველასთვისაა განკუთვნილი, თუმცა, არსებული სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ ამ სერვისით მოსარგებლეთა დიდი უმრავლესობა ქალია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ქ. თბილისის კრიზისული ცენტრის მომსახურება 2348 პირმა მიიღო, რომელთაგან ქალი ბენეფიციარი 1976-ია. (სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, 2023). კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების მიერ გაცემული მომსახურება ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისულ პერიოდში, როცა მსხვერპლს სასწრაფოდ განრიდება და კრიზისული ინტერვენცია ესაჭიროება. ვფიქრობ, საქართველოში მოქმედი ცენტრები ამას კარგად ახერხებენ, თუმცა, არა ერთი კრიტიკა არსებობს სერვისის მდგრადობის, გრძელვადიანი ინტერვენციის ხარვეზების, რეგიონული დაფარვის და სერვისის არაინკლუზიურობის შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული უახლესი კვლევის მიხედვით, დღეს მსხვერპლთა მხარდასაჭერი რესურსები არასაკმარისია და ის არ ჰყოფნის გრძელვადიან მხარდაჭერას და კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილებას. (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2023)
საქართველოში ძალადობაგამოვლილ ქალთა გასაძლიერებლად არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათი ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი მომსახურების გამოყენება ხშირად ხდება საჭირო, რადგან სახელმწიფო სრულად ვერ ფარავს ქალთა საჭიროებებს. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის ზემოთ ნახსენებ კვლევაში ვკითხულობთ, ორგანიზაციათა სერვისები ხშირად ჩამნაცვლებელიც კი ხდება სახელმწიფო მომსახურებების. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ბენეფიციართა სამედიცინო, ქირის, სასამართლო ბაჟისა და სხვა ბაზისური საჭიროებებისთვის თანხის მობილიზებას, აქვთ სხვადასხვა ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებების შესახებ ცოდნა და მუშაობის კომპეტენცია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურსი ასევე შეზღუდულია (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2023), ხოლო იქ დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ხარისხიანი სერვისის შეთავაზება ხშირად საკუთარი დაუანგარიშებელი და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს ხარჯზე უწევთ (სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, 2021). სოციალური სერვისების მიწოდება ორმაგად რთულია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირები, ლგბტქი ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ხელმისაწვდომობისა და მგრძნობიარე და თანასწორობი მოპყრობის გამოწვევებს აწყდებიან.
ზემოთ აღწერილი გარემოების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ქალთა მხარდაჭერისა და გრძელვადიანი რეაბილიტაციის რესურსები ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ მოიძიება. სოციალური სერვისის მთავარი მიმწოდებელი სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტი, არსებული კადრების ნაწილის კვალიფიკაციის და კომპეტენციის სიმცირე, მუდმივი ზეგანაკვეთური სამუშაო, პროფესიული გადაწვის სერიოზული მაჩვენებლები ცხადყოფს ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღების მობილიზების საჭიროებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, თავადვე დაუცველი პროფესიონალები ვერც ქალებს და ვერც სხვა ბენეფიციარებს სათანადო მხარდაჭერას ვერ აღმოუჩენენ.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში,2019.
[2] დეპერსონალიზაცია/ცინიზმი - პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი განზომილება, როცა ემოციურად გადამწვარი დასაქმებულები ნეგატიურად აღიქვამენ ბენეფიციარებს, იმედგაცრუებას გრძნობენ შესრულებული სამუშაოს მიმართ, კოლეგებთან და უფროსებთან კომუნიკაცია დაძაბული ხდება და ყველანაირ ინტერაქციას გაურბიან.
ინსტრუქცია