[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / კვლევა

ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მხარდამჭერი სერვისები და მექანიზმები საქართველოში - საჭიროებების და გამოწვევების ანალიზი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  45

გამოცემის წელი:  2023

მკვლევრები:  ანი გოგბერაშვილი

ძალადობაგამოვლილი_ქალებისთვის_მხარდამჭერი_სერვისები_და_მექანიზმები_საქართველოში_1701175492.pdf

ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებასა და პრევენციისთვის პირველი ნაბიჯი 2006 წელს ოჯახში ძალადობის ეროვნული კანონის მიღება იყო, რასაც სხვა მნიშვნელოვანი რეაგირებისა და დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება მოჰყვა. 2010 წელს გაიხსნა პირველი თავშესაფარი და ამოქმედდა სატელეფონო ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლთათვის. 2012 წელს ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა მიჩნეული, ხოლო 2017 წელს მოხდა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. 2019 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2021, გვ. 71).

სტამბოლის კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია ძალადობის მსხვერპლთა მრავალფეროვანი საჭიროებების საპასუხოდ უზრუნველყოს სერვისების ფართო სპექტრი, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად გულისხმობს სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებს, ფინანსურ დახმარებას, თავშესაფარს, განათლებას და სამუშაოს ძიებაში დახმარებას. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ დაამყაროს ეფექტური უწყებათაშორისი თანამშრომლობა ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და მხარდასაჭერად. ეს გულისხმობს სასამართლო სისტემის, პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების/ორგანოების მიერ კოორდინირებულ მუშაობას მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე (ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, მუხლი 18). კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მოახდინოს რეაგირება მულტისექტორული და მრავალუწყებრივი ინტერვენციების გზით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “ერთი ფანჯრის პრინციპით” სერვისების მისაღებად ( GREVIO , 2022, გვ. 54). “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის/დაზარალებულის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმა გულისხმობდა ეროვნული რეფერირების მექანიზმის შექმნას. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) საბაზისო შეფასების ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პროცედურები მომზადდა, თუმცა არ დამტკიცებულა, რაც ეფექტურ კოორდინაციასა და თანამშრომლობას უშლის ხელს (იქვე, გვ.41). მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, დღეს ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე წვდომის მხრივ უამრავი გამოწვევა არსებობს, რასაც წინამდებარე კვლევის ანგარიშში შევეხებით.

კვლევის მიგნებებიდან ჩანს, რომ ხშირად ძალადობის მსხვერპლებს სახელმწიფო სერვისების ნაკლები ნდობა აქვთ რეტრავმატიზაციის საფრთხის გამო. ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის გამართვისთვის და ადეკვატური სერვისების შექმნისთვის აუცილებელია ტრავმა-ინფორმირებული [trauma-informed] ზრუნვის პრინციპების დანერგვა. ეს მიდგომა გულისხმობს სერვისის მიმწოდებლების მაქსიმალურ ინფორმირებას ტრავმის გავლენებისა და მანიფესტაციის გზების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სერვისის მიმღებსა და გამცემს შორის ნდობის დამყარებას და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის მსხვერპლები აქტიურად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და სერვისის მიმწოდებლები პატივს სცემდნენ მათ ავტონომიას. მნიშვნელოვანია კულტურული სენსიტიურობის ასპექტიც, რაც სხვადასხვა კულტურული მიკუთვნებულობისა და იდენტობების მქონე ქალების გამოცდილებების გათვალისწინებას გულისხმობს. ტრავმა-ინფორმირებულ ზრუნვას ფოკუსი გადააქვს მსხვერპლის ძლიერ მხარეებზე და ერიდება მისი მდგომარეობის პათოლოგიზებას, რაც რეტრავმატიზაციის რისკსაც ამცირებს (Elliot, Bjelajac, Fallot, Markoff, & Reed, 2005). ამ პრინციპების დანერგვა გაზრდის მხარდამჭერი სისტემის ეფექტურობას სერვისების მიწოდების მხრივ. კვლევის მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ მიდგომებით ხელმძღვანელობენ, რის გამოც ძალადობაგამოვლილი ქალებისგან მეტ ნდობას იმსახურებენ.

ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საქართველოში ფუნქციონირებს დაცვისა და მხარდაჭერის ისეთი სახელმწიფო სერვისები და სამართლებრივი მექანიზმები, როგორებიცაა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, 112 - ერთიანი გადაუდებელი რეაგირების ნომერი, 112-ის მობილური აპლიკაცია, 116 06 საკონსულტაციო სატელეფონო ცხელი ხაზი, შემაკავებელი და დამცავი ორდერები, მოძალადის ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. გარდა ამისა, სერვისის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობენ თავშესაფრის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, იურისტის, სამედიცინო და სხვა სერვისებს საჭიროების მიხედვით. წინამდებარე კვლევაში განვიხილავთ თითოეულ სერვისსა და მექანიზმს, ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებს.

ძალადობაგამოვლილი_ქალებისთვის_მხარდამჭერი_სერვისები_და_მექანიზმები_საქართველოში_1701175492.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“