საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება, მაგრამ მიუხედავად რაოდენობის ზრდის ტენდენციისა, კვლავ იკვეთება საქმის ისეთი გარემოებები, რომელიც სახელმწიფოს სუსტ პრევენციულ ღონისძიებებზე მიუთითებს და მისი პოზიტიური ვალდებულებების ვერ შესრულებას ადასტურებს, რაც რისკების სათანადო არშეფასებაში და მძიმე შედეგების თავიდან ვერ აცილებაში გამოიხატება. სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიში მიუთითებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში არსებულ ხარვეზებზე, რაც ვლინდება როგორც გამოძიების, ასევე მართლმსაჯულების სხვა ეტაპებზეც. კვლავ გამოწვევად რჩება განმეორებითი ძალადობის თავიდან ვერ აცილება.[1] კრიტიკულად პრობლემურია ასევე ფემიციდის საქმეები, როდესაც შესწავლილ საქმეებს ერთვის პოლიციისადმი მიმართვის და მის საფუძველზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების გამოყენება და ამის მიუხედავად მძიმე შედეგის აცილება მაინც ვერ ხერხდება. სახალხო დამცველის ფემიციდის მონიტორინგის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით 23 ფემიციდის საქმიდან 8 საქმეზე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი[2], პრობლემატურია ასევე სასამართლოს უმოქმედობა, ვინაიდან გარკვეულ საქმეებში ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის იზოლირება იმ ვადით, რომელიც უზრუნველყოფდა მომავალში დანაშაულის თავიდან აცილებას. იზოლირების ვადაში კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ეფექტურობის საკითხიც, რაც პრევენციის წინაპირობა უნდა იყოს. საქმეებში ვლინდება ასევე პირობითი მსჯავრის გამოყენების პრაქტიკაც, რასაც შემდგომში მკვლელობა მოჰყვა.[3] დაახლოებით იგივე ტენდენციაა 2019 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშიც, სადაც ათი ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის გაანალიზებული საქმის შემთხვევაში ძალადობის წინარე ისტორიის გამოკვლვისას ძალადობის შესახებ პოლიცისაადმი მიმართვები იკვეთება 4 საქმეში[4]. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების უგულებელყოფას და მის ბრალს მძიმე შედეგის დადგომაში ადასტურებს საიას მიერ მოგებული სასამართლო დავები, სადაც სახელმწიფო ქალის სიცოცხლის მოსპობის გამო პასუხისმგებლად იქნა აღიარებული და ფემიციდის ჩადენის მიზეზად სწორად სახელმწიფოს უმოქმედობა დადგინდა.[5] [6]. მიმდინარე წელს საიას წარმოებაში თვითმკვლელობამდე მიყვანის არსებულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ აიცილა თვითმკვლელობამდე მიყვანა და მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე იმის გამო, რომ იგი ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება) გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სტამბოლის კონვენციის, CEDAW-ს კომიტეტის ზოგად კომენტარებს და გვთავაზობს არგუმენტაციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სიღრმისეულ მიმოხილვაზე დაყრდნობით.[7] 2021 წლის 8 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ,,თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო პასუხისმგებლად ცნო 2014 წელს მომხდარი ფემიციდის გამო, ხოლო 2021 წლის 25 ოქტომბერს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, სადაც ასევე დადგინდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობის გამო, რამაც სიკვდილი გამოიწვია.[8]
წინამდებარე დოკუმენტში წარმოვადგნეთ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის პოლიტიკების თეორიულ და მოდელურ კონცეფციებს და საქართველოში უკვე ჩატარებული კვლევების მიმოხილვისა და ჩვენს მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევის (25 ზე მეტი ინტერვიუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან) გზით, ქართული რეალობის აღწერას შევეცდებით.
[1] სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ, გვ.16 https://ombudsman.ge/res/docs/2022050510285580108.pdf,
[2] ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2022070609293527273.pdf, გვ.25-27
[3] იქვე, გვ.28-29
[4] ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2021061415064722095.pdf, გვ.20
[5] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/sakhelmtsifos-umoqmedoba-femicidis-chadenis-mizezad-iqca#sthash.ffOn2cUB.dpbs
[6] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/shinagan-saqmeta-saministrosa-da-prokuraturas-femicidis-saqmeze-zianis-anazghaureba-daekisrat#sthash.imJzbWHm.dpbs
[7] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/tvitmkvlelobamde-miyvanis-femicidis-formis-saqmeze-uzenaesma-sasamartlom-mnishvnelovani-gadatsyvetileba-miigho-da-sakhelmtsifos-zianis-anazghaureba-daakisra#sthash.EcdcPncn.dpbs
[8] ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2022050510285580108.pdf, გვ.15
ინსტრუქცია