[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / თარგმანი

სოციალური გარიყულობა და სოციალური დაცვის სქემებზე წვდომა

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატიაში[1] განხილულია ის ბარიერები, რომლებსაც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები სოციალური დაცვის სქემებზე წვდომისას აწყდებიან, ამასთანავე, მოცემულია მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება აიხსნას აღნიშნული მოვლენა სოციალური გარიყულობით. სერვისში ჩართვის უფლების მქონე ადამიანები გარიყულნი არიან სოციალური დაცვის სქემებიდან მრავალი კომპლექსური მიზეზის გამო, როგორებიცაა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები ბიუჯეტის შესახებ, სქემის დიზაინი და სერვისის განხორციელებით გამოწვეული გამოწვევები. ამასთან, მოცემულ გარემოებებთან ერთად, ადამიანთა უთანასწორო მდგომარეობა სქემებზე წვდომისა და ინტეგრაციის ბარიერების გადალახვისთვის არათანაბარ შესაძლებლობებს ქმნის. ნაშრომში ასევე აღწერილია, თუ როგორ ხდება გარიყულობა არა მხოლოდ ბენეფიციარების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის დროს, არამედ საოპერაციო ციკლის სხვა პერიოდებშიც, მაგალითად, ფულადი დახმარების გადარიცხვისა და პროგრამით დაწესებული პირობების აღსრულების პროცესში. ამასთან, კვლევაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და სოციალური გარიყულობის დაძლევის არსებული მაგალითები.

  1. შესავალი

გასულ წლებში, განვითარებად ქვეყნებში სოციალური დაცვის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო სერვისის, აღიარების ხარისხი გაიზარდა. ინდივიდებისა და ოჯახებისთვის მინიმალური შემოსავლის გარანტიის შეთავაზების მეშვეობით, ეფექტიანად შემუშავებული სოციალური დაცვის სქემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიღარიბის დაძლევაში. სოციალური დაცვის სქემები ხელს უწყობენ სიღარიბის წინააღმდეგ მდგრადობის ზრდასა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების დამოუკიდებლობას. ისინი სამუშაო ბაზარზე მათ აქტიურად ჩართვის საშუალებას იძლევა და აძლიერებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ სოციალურ კონტრაქტს. მაგალითად, 2012 წელს, გაერომ მხარი დაუჭირა „სოციალური დაცვის მინიმალური ზღვრის“ კონცეფციას. კონცეფციის მიხედვით, საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ წევრებს, უნდა მიეცეთ საშუალება, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სოციალური დაცვა.[i] ამასთან, ფორმალური სოციალური სქემები ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად, ბრაზილიაში, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში, გაფართოვდა.

ამის მიუხედავად, სოციალური დაცვის სქემებიდან გარიყულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (2014) მონაცემებით, გლობალური მოსახლეობის მხოლოდ 27%-ს აქვს წვდომა სოციალური დაცვის სრულყოფილ სისტემებზე, რაც, ერთი შეხედვით, მოსალოდნელიცაა. განვითარებული ქვეყნების ისტორია გვიჩვენებს, რომ სრულყოფილი ეროვნული სოციალური დაცვის სისტემების ჩამოყალიბება გრძელვადიანი მცდელობის შედეგია (Lindert 2004). მხოლოდ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას შეუძლია საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის უზრუნველყოს სოციალური დაცვის სისტემებზე სრული წვდომა, ამიტომ დღეს სოციალური დაცვის სისტემიდან გარიყულობა პოლიტიკის მთავარ საკითხს წარმოადგენს. სრული წვდომის არარსებობა ამცირებს სოციალური დაცვის სქემების ეფექტიანობასა და ზეგავლენას, ზღუდავს მათ ღირებულებას, ასევე, პოტენციურად ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ გარიყულობასა და დისკრიმინაციას. ამან კი  შეიძლება გამოიწვიოს  არსებული მდგომარეობის გაუარესება.

დიდწილად, ექსკლუზია სოციალური დაცვის სქემების დაფარვის ფუნქციას უკავშირდება. დაბალი დაფარვის მქონე სქემები, რომლის ძირითადი რესურსი მიმართულია სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისკენ, როგორც წესი, გამორიცხავს სამიზნე ჯგუფის დიდ ნაწილს. მაგალითად, ბრაზილიის სქემა - Bolsa Familia, და მექსიკის პროგრამა - Oportunidades, მათი სამიზნე პოპულაციის 49%-ს და 70%-ს გამორიცხავს, მაშინ როდესაც მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ოჯახების მეხუთედის დაფარვას (Veras, Peres, and Guerreiro 2007; Soares, Ribas, and Soares 2010). როდესაც დაფარვის სამიზნე მასშტაბი უფრო დაბალია, შეიძლება მივიღოთ სოციალური სქემებიდან გარიყულობის უფრო დიდი მაჩვენებელი. მაგალითად, ინდონეზიის სქემა - PKH, რომელიც სამიზნე მოსახლეობის უღარიბეს 5 პროცენტზეა გათვლილი, გამორიცხავს ბენეფიციარების 93%-ს (Alatas et al. 2016). ამის საპირისპიროდ, მაღალი სამიზნე დაფარვის სქემები უფრო ინკლუზიურია.

სოციალური სქემებიდან გარიყულობა არ შემოისაზღვრება მხოლოდ დაბალი სამიზნე დაფარვის მქონე პროგრამებით. სოციალური გარიყულობა ხდება უნივერსალური სქემებიდან, ასევე, იმ პროგრამებიდანაც, რომლებსაც აქვთ დიდი დაფარვა და მტკიცე მიზნობრივი დიზაინი.  მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ბავშვთა მხარდაჭერის გრანტი 2012 წელს მოიცავდა ბენეფიციარი ბავშვების დაახლოებით 60%-ს, თუმცა გამორიცხავდა სერვისში ჩართვის უფლების მქონე ბენეფიციარების 23,7 %-ს (UNICEF and SASSA 2013); მაშინ, როდესაც 2004 წელს, სამხრეთ აფრიკის ხანდაზმულთა პენსიამ მოიცვა ხანდაზმული მოსახლეობის 70%, იგი რიყავდა სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარების 13 %-ს (Samson et al. 2007). უნივერსალური სოციალური სქემებიდან ასევე ხდება ბენეფიციარების გარკვეული ნაწილის გარიყვა, თუმცა, სავარაუდოდ ეს იმის შედეგია, რომ მოსახლეობის შეძლებული ფენები ამ სქემებიდან საკუთარ თავს თავად გამორიცხავენ. მაგალითისთვის, საქართველოს უნივერსალური პენსია ყველაზე ღარიბი სამი დეცილის 99%-ზე მეტს მოიცავს, მაშინ, როდესაც ყველაზე მდიდარ დეცილში მისი დაფარვა 93.8%-მდე იკლებს (World Bank 2009).

სერვისებში ჩართვის უფლების მქონე ადამიანები გარიყულნი არიან სოციალური დაცვის სქემებიდან მრავალი კომპლექსური მიზეზების გამო, როგორებიცაა, მაგალითად, პოლიტიკის გადაწყვეტილებები პროგრამების დაფარვისა და ბიუჯეტის შესახებ, სქემის დიზაინი და მისი განხორციელებით გამოწვეული პრობლემები. ამასთან, ადამიანთა უთანასწორო მდგომარეობა სქემებზე წვდომისა და ჩართვის ბარიერების გადალახვისთვის არათანაბარ შესაძლებლობებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ექსკლუზია ხდება არა მხოლოდ ბენეფიციარების იდენტიფიკაციისა თუ რეგისტრაციის დროს, არამედ სოციალური პროგრამის საოპერაციო ციკლის სხვა ეტაპებზეც, მაგალითად, დახმარების გადარიცხვისა და პროგრამის პირობების აღსრულების პროცესში.

დღემდე, სოციალური გარიყულობის შესახებ არსებული კვლევების უმეტესი ნაწილი რაოდენობრივი ხასიათისაა და ძირითადი ყურადღება მიზნობრივი პროგრამების შეცდომების გაზომვას ეთმობა. შედეგად, გარიყულობის მიზეზებზე, ძირითადი სოციალური და პოლიტიკური პროცესებისა თუ დინამიკის ზეგავლენაზე ნაკლებადაა საუბარი; პოლიტიკის შემქმნელებს, პრაქტიკოსებს და მკვლევრებს შორის კი სოციალური გარიყულობის გარშემო არსებული დებატები მიზნად ისახავს მიზნობრივი მექანიზმების ეფექტიანობის დადგენას. უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვების, დახვეწილი მექანიზმების შემუშავების გარდა, საჭიროა, გარიყულობის მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზების უფრო სიღრმისეული ანალიზი. წინამდებარე სტატიაში სოციალური დაცვის სქემებიდან გარიყულობის მიზეზებისა და მათი გადაჭრის პოტენციური სტრატეგიების საკითხების შესწავლა სტიმულს აძლევს ამ სფეროში არსებული დებატების განვითარებას.

კვლევა ეფუძნება შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვას, ინტერვიუებს მკვლევრებთან და პროგრამის განმახორციელებელ პირებთან ინდონეზიაში, კენიაში, პაკისტანში, სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში, ასევე წარმოჩენილია იმ კვლევითი ჯგუფის გამოცდილება, რომელიც მუშაობდა სოციალური დაცვის სქემებზე სხვადასხვა ქვეყანაში.[iii] აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სოციალური გარიყულობის თემაზე არსებული ლიტერატურის რაოდენობა შედარებით შეზღუდულია, თუმცა არსებობს კვლევები, რომელიც უშუალოდ ეხმიანება ამ თემას. მათ შორისაა რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისობრივი კვლევა. აქვე განვმარტავთ, მოცემულ ნაშრომში არ არის გამოკვლეული საკითხი, თუ როგორ შეუძლია სოციალური დაცვის მექანიზმებს, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის უფრო ფართო პროცესების განვითარებას. ამ მნიშვნელოვან საკითხზე სხვადასხვა მკვლევარი მუშაობს.[iv]

კვლევის ფარგლებში სოციალური დაცვა განმარტებულია შემდეგნაირად:

სოციალური დაცვა გულისხმობს პროგრამებს, რომლებიც ფულადი ან არაფულადი დახმარებების საშუალებით მუშაობენ რისკების, მოწყვლადობის, უთანასწორობისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე.

დოკუმენტის მიზნებისათვის, ტერმინი - სოციალური დაცვა, წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სინონიმს, ხოლო სტატია ფოკუსირებულია მთავრობის შემოსავლებით დაფინანსებულ სოციალური უზრუნველყოფის ტრანსფერებზე და არა სოციალური დაზღვევის პროგრამებზე.

სტატიის მე-2 ნაწილი აღწერს სოციალური გარიყულობის კონცეფციას და სოციალურ დაცვასთან მის კავშირს. ნაშრომის მე-3 და მე-4 თავებში მოცემულია პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ექსკლუზიის ტიპებისა და წყაროების შესახებ არსებული დასკვნები, ხოლო მე-5 ნაწილი მოიცავს კვლევის ძირითად შედეგებს და მოცემულია პოლიტიკის შემუშავებისა და პრაქტიკისთვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.

სტატიის თარგმანი მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

თარგმანი_1689939088.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Stephen Kidd (2017): Social exclusion and access to social protection schemes, Journal of Development Effectiveness, DOI: 10.1080/19439342.2017.1305982.

[i] International Labour Organisation, Recommendation concerning National Floors of Social Protection, R202 – Social Protection Floors Recommendation, 2012 (No. 202).

[ii] პენსიების სქემების უმეტესობისთვის დაფარვის მაჩვენებლები გამოითვლება პენსიის უფლების მქონე ადამიანების რაოდენობისა და შესაბამისი ასაკის მოსახლეობის მაჩვენებლების შედარებით. მოსახლეობის მაჩვენებლების უზუსტობები კი გავლენას მოახდენს დაფარვის მაჩვენებლის სიზუსტეზე.

[iii] ქვეყნის მასშტაბით ინტერვიუები  განახორციელეს შემდეგმა პირებმა:   Patricia Bachtiar, Tess Connolly, Mai linh Huynh, Nicola Ross, Dewi Sudharta და Tom Tanhchareun, ასევე საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის (DFAT) ყველა თანამშრომელმა. 

[iv] იხილეთ, მაგ., Babajanian and Hagen-Zanker (2012). ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად განიხილება იდეა, რომ სოციალურ დაცვას შეუძლია სოციალური ურთიერთობების გარდაქმნა და, შესაბამისად, ხელს უწყობს უფრო მეტ ინკლუზიასა და თანასწორობას (Devereux and Sabates-Wheeler 2004; Devereux et al. 2010).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“