საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი გარემო. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის პრეამბულის შესაბამისად, გარემოს ადეკვატური დაცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის კეთილდღეობისათვის და მისი უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვისათვის.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, დასახლებული პუნქტის მახლობლად, ქათმის ფერმა შპს „სავანეთი 99“ ფუნქციონირებს. ამის გამო, ღია სივრცეში, წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობას უმძიმეს გარემოში უწევდა ცხოვრება. ფერმის მომიჯნავედ, ღია სივრცეში ეყარა დიდი რაოდენობით ქათმის ფეკალიები და სხვა ნარჩენები, ფერმიდან მომდინარე სუნი და დიდი რაოდენობით ბუზები ვრცელდებოდა თითქმის მთელ სოფელში.
ადგილობრივი აქტივისტების მოწვევით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ სავანეთში იმყოფებოდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თათია კაჭარავა აღნიშნავს: „მოსახლეობას პრაქტიკულად წართმეული ჰქონდა ღია სივრცით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა. სოფელში შექმნილი ეს მდგომარეობა გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანო ვითარებას ქმნიდა, ღირსების შემლახავ სოციალურ კლიმატს წარმოშობდა ადგილობრივებისთვის.“
ადგილობრივი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, თემის აქტივისტებთან შეთანხმებით, წერილობითი შეტყობინებები გააგზავნა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. ამ მიმართვების საფუძველზე, ორივე სამსახურმა ჩაატარა ფერმის ინსპექტირება, გამოავლინა შეუსაბამობები ნარჩენების მართვასთან და ჰიგიენური წესების დარღვევასთან დაკავშირებით, კომპანიას დააკისრა ჯარიმა და მისცა მითითებები ტერიტორიის დეზინფიცირების, ნარჩენების მართვის და განთავსების წესების თაობაზე.
„სექტემბერში მდგომარეობის გადამოწმების მიზნით კვლავ მოვინახულეთ სავანეთში ფერმის მიმდებარე ტერიტორია. ვითარება იყო საგრძნობლად გაუმჯობესებული, ტერიტორია დაგვხვდა გასუფთავებული, დეზინფიცირებული, არ იყო სუნი, ბუზების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად შემცირებული. ტერიტორიას ეტყობოდა ქიმიური დამუშავების კვალი“ - ამბობს თათია კაჭარავა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი.
ჩვენთან საუბარში, ფერმის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმაც დაადასტურეს, რომ კომპანია მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიის და ზოგადად სოფლის ქუჩების დეზინფიცირებას ახორციელებდა, მათივე განმარტებით, სოფელში მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია, თუმცა ზაფხულის ძალიან ცხელ დღეებში სუნი მაინც იგრძნობა ხოლმე.
მისასალმებელია, რომ საზედამხედველო ორგანოების ჩართულობა ეფექტიანი აღმოჩნდა და კომპანიამ დაიწყო ჰიგიენური ნორმების და ნარჩენების მართვის წესების დაცვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს სავანეთში მდგომარეობის მონიტორინგს, ადგილობრივ თემთან კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში განაგრძობს ადვოკატირების პროცესს, რათა დაიცვას მოსახლეობის უფლებები.
ინსტრუქცია