[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოფელ სავანეთში ცხოვრებისთვის აუტანელი პირობებია

რამდენიმე კვირის წინ სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) წარმომადგენლები, პლატფორმა სალამთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში (ყოფილი იმირასანი) იმყოფებოდნენ. სოფელი სავანეთში დაახლოებით 1400 ადამიანი ცხოვრობს და მათ უმრავლესობას საქართველოს აზერბაიჯანელები შეადგენენ. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია წუხს, სოფელში არსებულ აუტანელ სუნსა და ბუზების ძალიან დიდ კონცენტრაციაზე სოფელში, რომელიც მათი თქმით, სოფლის შესასვლელში მდებარე ქათმის ფერმის მუშაობას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, აუტანელი სუნისა და მწერების შემაწუხებლად დიდი რაოდენობის გამო მათთვის რთული ხდება ეზოებით, ბაღებით სარგებლობა და ჰიგიენის დაცვა. მძიმე სუნი, დიდი რაოდენობით მწერები მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ცხოვრებს აუტანელს, მძიმეს და არაადამიანურს ხდის. ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვებათ ქალებს. მათი თქმით, სოფელში ხშირია ინტოქსიკაციას და სხვადასხვა ინფექციის გავრცელების შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ არსებული სასიცოცხლო გარემო მათ ღირსეული ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს და წუხან, რომ ამდენი წლის განმავლობაში მათი სასიცოცხლო ინტერესების აღიარება და გათვალისწინება არ მოხდა.

ქათმის ფირმა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 200-300 მეტრის მოშორებით მუშაობს და ის შპს „სავანეთი 99“-ს ეკუთვნის, რომელიც უკვე წლებია მეფრინველეობის პროდუქციას აწარმოებს. ფერმის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ჩვენც აღმოვაჩინეთ, რომ ფერმის მომიჯნავედ, ღია სივრცეში, დაყრილი იყო დიდი რაოდენობით ქათმის ფეკალიები და სხვა ნარჩენები, რომლებსაც ეხვეოდა ბუზების ძალიან დიდი რაოდენობა და ჰქონდა შემაწუხებელი სუნი. სუნი და ბუზების გავრცელება ჩანს სოფლის ბოლომდე. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვიზიარა, რომ ფეკალიების მასების გატანა ამ ტერიტორიებიდან იშვიათად ხდება, კომპანია მათ აგროვებს და შემდგომ ასხვისებს და სწორედ ეს პრაქტიკაა მათი მძიმე რეალობის მიზეზი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მხარდაჭერის მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წერილობითი შეტყობინებები გაუგზავნა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მოსთხოვა ქათმის ფერმის ინსპექტირება.

უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ განახორციელა „სავანეთი 99“-ის არაგეგმური ინსპექტირება და ინსპექტირებისას, დადგინდა, რომ ფერმის გარეთ, შპს „სავანეთი 99-“ის კუთვნილ ტერიტორიაზე ნამდვილად ეყარა ქათმის ფეკალიები, რის გამოც, კომპანიას მიეცა მითითებები და გონივრული ვადა ტერიტორიის დასასუფთავებლად და სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ამასთან ერთად, ინსპექტირება განახორციელა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. უწყებამ გამოვლენილ დარღვევებზე შეადგინა ინსპექტირების აქტი და დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას წარედგინება მოთხოვნა შეაჩეროს ნარჩენების ინსინერაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს შპს „სავანეთი 99“-ის ფუნქციონირებით სოფელ სავანეთში გამოწვეული პრობლემების მონიტორინგს, თვალს მიადევნებს სახელმწიფო უწყებების მიერ დაწყებული სამართლებრივი პროცესების მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების პრინციპის დასაცავად, დამატებით სამართლებრივ მექანიზმებს გამოიყენებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“