[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / კვლევა

სკოლის პოლიტიკა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  100

გამოცემის წელი:  2022

მკვლევრები:  ირმა ხაბაზი, გიორგი ფოცხვერიშვილი

სკოლის_პოლიტიკა_ფსიქოაქტიურ_ნივთიერებებსა_და_უსაფრთხოებასთან_დაკავშირებით_1688376733.pdf

1.1. უსაფრთხო სკოლა

1.1.1 რა არის უსაფრთხო სკოლა?

განათლება წარმოადგენს ყოველი ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას[1]. განათლების მნიშვნელობა ფასდაუდებელია ბავშვის ჩამოყალიბების, კრეატიული ტალანტების აღმოჩენის, კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და სოციალური უნარების დასწავლის პროცესში.[2] სკოლას, თავისი როლიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, რომ  გადამწყვეტი როლი ითამაშოს ბავშვის ჩამოყალიბებაში. შეასწავლოს მას არა-ძალადობრივი ქცევის მოდელები, ასწავლოს სწორი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები.[3] სკოლამ, განათლების მიცემასთან ერთად, უნდა შეძლოს, რომ მოსწავლეს შეასწავლოს სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ცნებები, რასაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება არაძალადობრივი ქცევის ჩამოყალიბების პროცესში.

ამავდროულად, ბევრი მოსწავლისთვის, სკოლა გამოწვევებით სავსე ადგილს წარმოადგენს, სადაც ისინი შეიძლება შეეჯახონ ძალადობას ან ისწავლონ ეს უკანასკნელი. სკოლა შეიძლება იქცეს ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის, მუქარის, შეურაცხყოფისა და დასჯის ადგილად, სადაც, შესაძლოა, ცოდნის მიღებისგან გამოწვეული კმაყოფილება ჩაანაცვლოს დაუცველობის, ტკივილისა და ტრავმის გამოცდილებებმა.[4] ამას ადასტურებს არაერთი კვლევა, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ძალადობის გამოცდილებების შესახებ ჩატარებულა.[5] UNICEF-ის 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 13-15 წლის მოსწავლეთა დაახლოებით ნახევარს, 150 მილიონ ბავშვს, სკოლაში ან სკოლის მიმდებარედ განუცდია თანატოლთა მხრიდან ძალადობა.[6]

ამ გამოწვევების დასაძლევად შემუშავდა უსაფრთხო სკოლის მოდელები, რომლებიც, განათლების მიცემასთან ერთად, მოსწავლისთვის უსაფრთხო და მხარდაჭერაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას ემსახურება. უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მრავალწახნაგოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უსაფრთხო სკოლის შეჯერებული და ერთგვაროვანი განმარტება, ძირითადი ელემენტები ყველა შემთხვევაში უცვლელია. უსაფრთხოა სკოლა, სადაც გარანტირებულია მოსწავლის ჯანმრთელობა, დაცულობა და უსაფრთხოება, როგორც სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისას, ასევე გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. უსაფრთხოა სკოლა, რომელიც სტრუქტურულად გამართულია, მედეგობას ინარჩუნებს და უმკლავდება წარმოქმნილ გამოწვევებს. უსაფრთხო სკოლა მოსწავლეში იწვევს როგორც სიმშვიდის, ისე მღელვარების შეგრძნებას. სიმშვიდის იმიტომ, რომ მოსწავლე იმყოფება ფიზიკურად, ემოციურად და კოგნიტურად დაცულ სივრცეში, რომელიც მას ავიწყებს გარეშე პრობლემებს, ხოლო მღელვარების კი იმიტომ, რომ ბავშვი შეიგრძნობს მის გარშემო არსებულ შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივას.[7] თანამედროვე აკადემიურ ლიტერატურის მიხედვით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სკოლაში პოზიტიური სასკოლო კლიმატის დამკვიდრება.[8]

უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის მოდელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის მიზნებით. სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბევრად კომპლექსური პროცესია, რომელიც სასკოლო ცხოვრების თითოეული ასპექტის მოწესრიგებას გულისხმობს. ასეთებად მიჩნეულია უსაფრთხო ფიზიკური გარემო (სკოლის ზომა, კლასის ზომა, ინფრასტრუქტურა); განათება, ხმაური და სწორი ტემპერატურის უზრუნველყოფა; ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნლილი ადგილების დაცულობა; ფიზიკური დაზიანებების პრევენცია; ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, სკოლაში ქიმიური ნივთიერებების შენახვის პოლიტიკა; ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პოლიტიკა, საკვების ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სკოლამდე უსაფრთხო მისვლა ან ტრანსპორტირება, მათ შორის ექსკურსიების უსაფრთხოება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის შექმნილი პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები; სასკოლო ჯანდაცვა, მათ შორის ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენცია; კრიზისული სიტუაციების მართვა (სტიქიები, მიწისძვრა, ხანძარი).

უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის შექმნის დროს, ეს საკითხები გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციისა და ზემდგომი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ.[9] მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ძალადობის, დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედებების პრევენცია სასკოლო უსაფრთხოების მხოლოდ ერთ კონკრეტულ ასპექტს წარმოადგენს, აღნიშნულ თავში ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელზე გამახვილდება და მოკლედ მიმოვიხილავთ სკოლაში ძალადობისა და ანტისოციალური ქცევის პრევენციის ყველაზე გავრცელებულ მოდელებს. 

სკოლის_პოლიტიკა_ფსიქოაქტიურ_ნივთიერებებსა_და_უსაფრთხოებასთან_დაკავშირებით_1688376733.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გაეროს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 28.

[2] Office of the Special Representative of the Secretary-General on Violence Against Children, (2016), Tackling violence in Schools: A global perspective Bridging the gap between standards and practice, foreword.

[3] Ibid.

[4] ibid p. 1, ასევე იხილეთ: UNICEF (2018), An everyday lesson: End Violence in schools, p. 5.

[5] A global initiative working to end all forms of violence against children in and through school: https://www.end-violence.org/safe-to-learn, ასევე იხილეთ: World Vision, (2020), “OUR research, OUR rights: Ending violence against children through the lens of child researchers from Bosnia and Herzegovina, Brazil, Indonesia, Nicaragua, Romania and Sierra Leone; Pinheiro, Paulo Sérgio, (2006), UN World Report on Violence Against Children, p. 138; Office of the Special Representative of the Secretary-General on Violence Against Children, (2016), Ending the Torment: Tackling bullying from the schoolyard to cyberspace, p. 101.

[6] UNICEF (2018), An everyday lesson, End Violence in schools, p. 3.

[7] UNESCO International Institute for Capacity-Building in Africa, (2017). School Safety Manual – Tools for teachers, p. 6., ასევე იხილეთ: სოფიო გორგოძე კრებულში უსაფრთხო სკოლა საზოგადოების თანამონაწილეობის გარეშე (2011) გვ. 17.

[8] Ibid; ასევე იხილეთ:  Thapa, A., Cohen, J., Guffey, S., & Higgins-D’Alessandro, A. (2013). A review of school climate research. Review of educational research, 83(3), 357-385, p. 1-2.

[9]დეტალურად იხილეთ: Frumkin, H., Geller, R. J., Rubin, I. L., & Nodvin, J. (Eds.). (2006). Safe and healthy school environments. Oxford University Press, 251-269.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“