[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / კვლევა

სასკოლო უსაფრთხოება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების ანალიზი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  89

გამოცემის წელი:  2023

ISBN:  978-9941-8-5559-7

მკვლევრები:  გიორგი ფოცხვერიშვილი, თორნიკე გერლიანი

სასკოლო_უსაფრთხოება_-_ვებ_GEO_1688374281.pdf

განათლების უფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით,[1] ისე გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციით,[2] რომლის მიხედვითაც, განათლება ყოველი ბავშვის ფუნდამენტურ უფლებადაა მიჩნეული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, დაწყებითი და საბაზო განათლება ქვეყანაში სავალდებულოა, რითაც სახელმწიფო იღებს სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი სასკოლო განათლების შეთავაზების ვალდებულებას.[3] ხარისხიანი განათლების მიწოდების გარდა, სკოლა ცენტრალურ როლს ასრულებს ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში, მათ შორის, წვლილი შეაქვს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარების, არაძალადობრივი ქცევის მოდელებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების სწავლების პროცესში.[4]

საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია.[5] ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, ეს პრინციპი გულისხმობს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, რომელზე პასუხისმგებლობასაც სკოლა იღებს.[6] ამ მიზნით, საჯარო სკოლებში 2010 წლიდან ინტეგრირებულია მანდატურის სამსახურიც.[7]

სასკოლო უსაფრთხოების საკითხი აქტუალობას პერიოდულულად იძენს. სამწუხაროდ, აღნიშნული თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია სკოლაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან, რომელიც მეტწილად მოზარდთა შორის კონფლიქტის შედეგად დგება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებს ყოველთვის მოსდევს საზოგადოებრივი მღელვარება და საკითხის ნაკლებად აკადემიური განხილვა მედიასა თუ პოლიტიკურ ჯგუფებში. ხშირად გაისმის კრიტიკა სკოლაში ძალადობის პრევენციის საკითხზე სახელმწიფოს არაეფექტიანი მუშაობის შესახებ. არაა გასაკვირი, რომ მსგავსი ვნებათაღელვა მალევე წყდება და ხელახალ აქტუალობას მორიგი ტრაგიკული შემთხვევის დროს იძენს ხოლმე, სკოლაში უსაფრთხო გარემოს კუთხით არსებული გამოწვევების კრიტიკული გადააზრების გარეშე.

2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში თითქმის 625 000 მოსწავლე სწავლობდა. ქვეყანაში მოქმედებდა 2308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთა 90% იყო საჯარო, ხოლო თითქმის 10% – კერძო. მითითებული პროპორციის შესაბამისია მოსწავლეთა განაწილებაც საჯარო (მოსწავლეთა 90%) და კერძო (მოსწავლეთა 10%) სკოლებში. 10 500-ზე მეტ მოსწავლეს მინიჭებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში ჯამში 8800-ზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, რაც აღემატება 2019/2020 და 2020/2021 სასწავლო წლის მონაცემებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება უფრო ადრინდელ (2016/2017, 2017/2018 და 2018/2019) სასწავლო წლებში მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელს.[8]

მითითებულ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო თითქმის 63 000 მასწავლებელი,[9] ხოლო საჯარო სკოლებში განაწილებული იყო 1600-ზე მეტი მანდატური.[10] 2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია საქართველოს 690 საჯარო სკოლაში,[11] რითაც ქვეყანაში საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტის 85%-ზე მეტს ფარავს.[12]

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად ტენდენციებს, 2021 წელს 55 არასრულწლოვანი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ხოლო 2022 წელს, 9 თვის განმავლობაში – 32.[13] სისხლის სამართლის საქმეებზე არასრულწლოვანთა მსჯავრდების მაჩვენებელი შემდეგნაირია: 2021 წელს, ჯამში, 210 არასრულწლოვანის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 170 მოზარდი ცნეს  დამნაშავედ. აღნიშნული მონაცემებით, არასრულწლოვანთა მსჯავრდების კუთხით, წინა წლებთან შედარებით, რაიმე არსებითი ცვლილება არ შეინიშნება.[14] გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 251 არასრულწლოვანის მიმართ, ხოლო 363-ის სისხლის სამართლის საქმეზე განრიდების მექანიზმი გამოიყენეს.[15] აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით, მცირედით (დაახლ. 5%) არის გაზრდილი არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე განრიდების გამოყენების მაჩვენებელი.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სასკოლო უსაფრთხოების, კონკრეტულად კი სკოლაში უსაფრთხო გარემოს დამკვიდრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და პრაქტიკის შესწავლა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომში მანდატურის სამსახური), როგორც უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაში ცენტრალური ფუნქციის მქონე ერთეულის საქმიანობის ანალიზს. ამასთან, კვლევის ფარგლებში შეფასდებიან სასკოლო საზოგადოების ის აქტორები და კოლეგიური ორგანოები, რომლებიც ჩართულნი არიან სასკოლო უსაფრთხოების აღსრულების პროცესში. ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზეც, რომელიც, ძირითადად, ტექნოლოგიურ და სამეთვალყურეო საშუალებებს მოიცავს. ტექსტში გაანალიზებულია სასკოლო დარღვევების ტიპები, ასევე, უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში პოლიციის ჭარბი როლი. საერთო ჯამში, დოკუმენტში შევეცდებით საქართველოში მოქმედი სასკოლო უსაფრთხოების მოდელის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ გააზრებას. იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევა მოემსახურება სკოლაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით ახალი ცოდნის შექმნას და ამ საკითხზე პროფესიონალთა და აკადემიური საზოგადოების წრეებს შორის დისკუსიის წახალისებას.

სასკოლო_უსაფრთხოება_-_ვებ_GEO_1688374281.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს კონსტიტუცია, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] გაეროს 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 28.

[3] საქართველოს კონსტიტუცია, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[4] Office of the Special Representative of the Secretary-General on Violence Against Children, (2016), Tackling violence in Schools: A global perspective Bridging the gap between standards and practice, foreword.

[5] საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3AAuXDN, წვდომის თარიღი: 10.07.2022.

[6] იქვე, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი.

[7] იქვე.

[8] სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენგო, ხელმისაწვდომია https://bit.ly/3mLW9en, წვდომის თარიღი: 31.03.2023.

[9] იქვე.

[10] სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის წერილი MES 5 22 0001291300.

[11] საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახური, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JDmZgi, წვდომის თარიღი 31.03.2023.

[12] ინტერვიუ მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოსა და ფსიქოსოციალური ცენტრის ხელმძღვანელებთან (ინტერვიუ 01).

[13] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის წერილი პ-1272-22.

[14] იქვე.

[15] საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 30, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JAfgQ5, წვდომის თარიღი: 31.03.2023.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“