საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 45
გამოცემის წელი: 2023
ISBN: 978-9941-8-5089-9
მკვლევრები:  თამარ გვასალია
დანაშაულის პრევენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი ფუნქციაა, შექმნას ხალხისთვის დაცული და უსაფრთხო გარემო. პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკის წარმოება ხელს უწყობს დანაშაულისა და ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებას, ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.[1]
წინამდებარე დოკუმენტი იკვლევს დანაშაულის პრევენციის პოლიტიკას საქართველოში. ნაშრომი მიზნად ისახავს, შეაფასოს, რამდენად ძლიერია შესაბამისი ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები პრევენციის დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებისა და გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი სისტემის მანდატშია მოქცეული. პრევენციული ფუნქციები, ძირითადად, გამოძიებაზე უფლებამოსილ ორგანოებს აქვთ. დანაშაულის პრევენციაში ნაკლებადაა ჩართული ის უწყებები, რომლებიც ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მუშაობენ. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის მიმართ ქვეყანას აქვს ტრადიციული მიდგომა, რომელიც პრევენციას მხოლოდ სისხლისსამართლებრივ კატეგორიად მიიჩნევს. პრევენციის ამგვარ გაგებას თანამედროვე ლიტერატურაში მკაცრად აკრიტიკებენ, რამდენადაც მას არ აქვს დანაშაულის თავიდან აცილების უნარი და, ძირითადად, დანაშაულის შეკავებისა და დასჯისკენ არის მიმართული.[2] პრევენციის ტრადიციული აღქმა არღვევს მიჯნას დანაშაულის კონტროლსა და რეალურ პრევენციას შორის.[3]
ტრადიციული ჩარჩოს საპირისპიროდ, პრევენციის თანამედროვე მოდელები დანაშაულის შემცირების სოციალურად პროგრესულ გზას ირჩევს, რაც სისხლის სამართლის ფარგლებს გარეთ მუშაობას და სოციალური პირობებისა და სოციალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერებას მოითხოვს.[4] პრევენციის არსებული გაგება ხელს უშლის ქვეყანაში სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის დანაშაულის მიმართ ინტერდისციპლინური პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობდა პრევენციის კლასიკური მოდელის გადააზრებას, გააძლიერებდა პრევენციის საკითხებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე მუშაობას და ხელს შეუწყობდა ზრუნვაზე ორიენტირებული, სოციალურად მგრძნობიარე პრევენციული პოლიტიკის წარმოებას.
[1]National Crime Prevention Framework, Australian Institute of Criminology, 2012. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DE9PN9 ბოლოს ნანახია: 29.10.2022
[2] Farrington, D.P. and Welsh, B. C (eds) (2012) The Oxford Handbook of Crime Prevention, Oxford University Press
[3] Lejins, P.P. (1967) The Field of Prevention. In Amos, W. E. and Wellford, C. F. Delinquency Prevention: Theory and Practice. NJ: Prentice-Hal
[4] Farrington, D.P. and Welsh, B. C (eds) (2012) The Oxford Handbook of Crime Prevention, Oxford University Press
ინსტრუქცია