საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნაციონალისტურ-იმპერიალისტური იდეოლოგია, რომელსაც პუტინი თავს ახვევს რუსებს, წარსულით იკვებება და ისტორიულ მოგონებებს და კონცეფციებს იყენებს რუსი ხალხის ცნობიერების შესაცვლელად და მათ სამართავად.
ანდრეი კოლესნიკოვი, კარნეგის რუსეთ-ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი
06/12/2023
უკრაინის ომმა სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეუქმნა კრემლს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობის იდეოლოგიური ფუნდამენტის განახლების საბაბადაც იქცა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, იდეოლოგია სათავეს იღებს „ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებებიდან“. ეს იდეები თავმოყრილია ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“, რომელიც სავალდებულოა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის და უმაღლესი სასწავლებლების ყველა პირველი კურსის სტუდენტისთვის.
პუტინის რეჟიმი დღეს არსებითად ჰიბრიდული ტოტალიტარიზმია, რომელიც აერთიანებს სრულ ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარულ პრაქტიკებს. ამ მოდელს, გარკვეულწილად, თვითგამართლება სჭირდება. პოლიტიკური სისტემა უკეთ დაიმკვიდრებს თავს და გაამართლებს საკუთარ არსებობას, თუკი იპოვის შესაბამისის სიტყვებს იმ იდეოლოგიური რეალობის ხელოვნურად აღსაწერად, რომელიც თავადვე შექმნა. რაც უფრო მკაცრია რეჟიმი, მით უფრო მკაცრია სიტყვებიც. რაც უფრო მეტი რეპრესიული პრაქტიკა ინერგება, მით უფრო აქტიურია იდეოლოგიური სამშენებლო მასალების გამოგონების, წარმოებისა და საზოგადოების ცნობიერებაში დანერგვის ინდუსტრია.
სტატიაში განხილულია იმ მსოფლმხედველობის ისტორიული საწყისები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავს ახვევს ქვეყანას. არსებითად, ესაა „რუსული იდეის“ თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ინტელექტუალური დისკურსიდან იღებს სათავეს. პუტინისტური იდეოლოგია იმ იდეების ერთობლიობაა, რომელიც შეიმუშავა ნიკოლოზ I-ის მთავარმა მრჩეველმა, გრაფმა სერგეი უვაროვმა 1830-იან წლებში („მართლმადიდებლობა, ავტოკრატია და ეროვნება“), ის ასევე მოიცავს ოფიციალური ხელისუფლების მოსაზრებებს ნაციონალიზმის შესახებ, სლავიანოფილურ ფილოსოფიას, სტალინურ იმპერიულ იდეოლოგიას და ეკლექტიკურ იდეებს, რომლებიც ნასესხებია 1960-იან და 1970-იანი წლების რუსული ნაციონალისტური მოძრაობებიდან.
2023 წლის ივნისში, ფინეთის ყურის სანაპიროზე, სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში, 175 მეტრიანი დროშების სამეული აღმართეს, რომელთაგან თითოეული ფეხბურთის მოედნის ნახევარია. გვერდიგვერდ აფრიალდა რუსეთის იმპერიის 165 წლის წინანდელი შავი, ყვითელი და თეთრი დროშა; საბჭოთა კავშირის დროშა ჩაქუჩითა და ნამგლით და თანამედროვე რუსული სამფეროვანი დროშა. ამ უცნაური ჩვენების გვირგვინი იყო ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, გაზპრომის ლახტა თაუერი, რომელიც პუტინის რეჟიმის სახელმწიფო-კაპიტალისტური მოდელის შესანიშნავი სიმბოლოა. ამ ფილოსოფიურ ეკლექტიზმს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.
ისტორიული ექსკურსი
რუსეთის სახელმწიფო მოდელი დიდი ხანის განმავლობაში თავად ქმნიდა როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგს, ასევე იდეოლოგიურ მხარდაჭერასა და გამართლებას. მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში რუსეთის ექსპორტის დიდი წილი მარცვლეულით ვაჭრობაზე მოდიოდა. ისტორიკოსმა ალექსანდრე ეტკინდმა შესანიშნავად აღწერა, თუ როგორ მუშაობდა ეს ინდუსტრია. „ისინი, ვინც მესაკუთრეთა ინტერესებს უზრუნველყოფენ, ცდილობენ, გააკონტროლონ მათი საკუთრება... ჯგუფი, რომელიც რაღაც რესურსით ვაჭრობს და ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს იცავს, განუყრელ ერთობად ყალიბდება.[1] ძნელია არ შენიშნოთ ანალოგია თანამედროვეობასთან: ძირითადი საქონლის წარმოება, ტრანსპორტირება და შენახვა, იქნება ეს ტყავი თუ ნავთობი, მთლიანად უნდა იყოს დაცული − მათ შორის, მთელი მოსახლეობისგანაც. აქედან გამომდინარეობს უსაფრთხოების, როგორც თავისუფლების საპირწონის აკვიატება და იდეოლოგიის შექმნა, რომელიც ამ მოდელის არსებობას ამართლებს. [2]
ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ძირითადმა მსაზღვრელმა, ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულებამ მზა პროდუქციის საპირწონედ, რომელიც ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღლა დგას − გავლენა მოახდინა როგორც პოლიტიკური სისტემის სტრუქტურაზე, ასევე მის იდეოლოგიურ საფუძვლებზე. აქედან მომდინარეობს "სახელმწიფოს მარადიული ჰიპერტროფია“, როგორც რუსმა ფილოსოფოსმა ნიკოლაი ბერდიაევმა განმარტა მეოცე საუკუნის შუა წლებში.[3] შიდა კოლონიზაციის ლოგიკამ დაარწმუნა რუსეთის მმართველები, რომ „აუცილებელი იყო რუსეთს ირგვლივ ტერიტორიების ხელში ჩაგდება და მათი დაცვა“.[4] უფრო ფართო მნიშვნელობით, უსაფრთხოებით შეპყრობილ სახელმწიფოს თავი უნდა შემოესაზღვრა გარე გავლენებისგან.
რუსულ მესიანიზმს და რუსული ექსკლუზიურობის იდეას, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული მოსკოვის, როგორც მესამე რომის მრავალსაუკუნოვან კონცეფციაში, ასევე დიდი ხნის ტრადიცია აქვს. კიდევ ერთი რუსი ფილოსოფოსი, გუსტავ შპეტი, წერდა, რომ „[რუსეთი] თავს სიამაყით უწოდებდა მესამე რომს და ამით, გაუცნობიერებლად ხაზს უსვამდა თავის უმამობას. ის ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ ყოველგვარი კლასიკური ტრადიციისა და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის გარეშე.“[5]
თუმცა, მესამე რომის იდეოლოგია მხოლოდ თეოლოგიური კონცეფცია არ ყოფილა. ბერდიაევი წერდა, რომ „მოსკოვის, როგორც მესამე რომის იდეოლოგიამ ხელი შეუწყო მოსკოვში დაფუძნებული სახელმწიფოს ცარისტული ავტოკრატიის გაძლიერებას და ძალაუფლების გავრცელებას, და არა − ეკლესიის აყვავებას და ღრმა სულიერ ცხოვრებას“.[6]
მიმდინარე კონფლიქტისას, პუტინის მსოფლმხედველობით, დაკარგული ბიზანტიის როლს, რომელიც იმპერიას გამოეყო, უკრაინა თამაშობს.
1833 წელს ცარის, ნიკოლოზ I-ის გავლენიანმა განათლების მინისტრმა, გრაფმა სერგეი უვაროვმა წარმოადგინა სახელმწიფო იდეოლოგიის ხედვა, რომელიც მოიცავდა როგორც რელიგიას, ასევე პოლიტიკურ სისტემას. „მართლმადიდებლობა, ავტოკრატია და ეროვნება“ წარმოსახვითი კონსტრუქცია იყო (არანაკლებ წარმოსახვითი, ვიდრე საბჭოთა ეპოქის „მეცნიერული კომუნიზმის“ იდეოლოგია ან პუტინის რეჟიმის ახალი კურსი „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“) და, ასევე, ინსტრუმენტი ადამიანების გონების სამართავად და დასამორჩილებლად. შემთხვევითი არ არის, რომ „ნაციონალური იდეა“ სახელმწიფოს ეკუთვნოდა: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჩამოაყალიბა სახელმწიფომ და დაწესდა ზემოდან ქვემოთ.
რუსული პატრიოტიზმის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა, არის ომის, როგორც განსაწმენდელის იდეა. ის ნაციონალისტური იმპერიალიზმის სხვადასხვა ფორმასა და ისტორიულ პერიოდში ვლინდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით, პირველ მსოფლიო ომამდე და მისი მიმდინარეობის დროს.
ასოციაციური და აშკარად არქაული იდეოლოგიური მაქსიმა, რომელიც უკრაინის ომმა აღადგინა, არის იდეა სამშობლოსთვის სიკვდილის შესახებ. ეს იდეა აიტაცეს რუსული ეკლესიის მამამთავარმა, პატრიარქმა კირილმა და პოპ მომღერალმა შამანმა. შამანი ჰიტში „ავდგეთ!“ რუს მოზარდებს ეუბნება:
„ავდგეთ, სანამ ღმერთი და სიმართლე ჩვენ მხარესაა, მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც გამარჯვება მოგვიტანა, მათ, ვინც სამოთხეში დაივანეს და ჩვენთან აღარ არიან, მოდით, ავდგეთ და ვუმღეროთ სიმღერა.“
ომები ხშირად აკომპენსირებდა რუსების არასრულფასოვნების კომპლექსს, რომლის მიზეზიც, უპირველესად, ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობაა. თუმცა, ასევე, ომები მხოლოდ ამძაფრებდა ეროვნული დამცირების, წყენისა და რევანშის წყურვილს, განსაკუთრებით, მოსკოვის დამარცხების შემდეგ ყირიმის და რუსეთ-იაპონიის ომებში.
თანამედროვე რუსეთში ნაციონალისტ-იმპერიალისტებისა და ლიბერალებს შორის არსებული კონფლიქტის ფესვები შესაძლოა მოვიძიოთ სტალინისტებსა და ანტისტალინისტებს შორის დაპირისპირებაში, რაც თავისთავად, გაგრძელებაა მეცხრამეტე საუკუნეში მიმდინარე ცნობილი დებატებისა მედასავლეთეებსა და სლავიანოფილებს შორის.
სიონისტები და ანგლოსაქსები
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „[პუტინს] ჰყავს სამი მრჩეველი: ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და ეკატერინე დიდი“. თუმცა, მცირეა მტკიცებულებები იმისა, რომ პუტინს ჰქონდა ქვეყნის მოდერნიზაციის ისეთივე ამბიცია, როგორც ამ ცნობილი პერსონებს. რაც შეეხება მათ მიდრეკილებას რეპრესიების მიმართ, პუტინმა კარგად გაითავისა პეტრე პირველის ფრაზა ნამდვილი რუსული მიწების „დაბრუნებისა და გაძლიერების შესახებაც“. სიმართლეს თუ ვიტყვით, პუტინს მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს: საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
ცხადია, რომ სიძულვილის ენითა და რუსეთის სიდიადისა და უპირატესობის შესახებ დისკუსიის ტონით, ქვეყანა სტალინის მმართველობის ბოლო წლების, 1940-იანების ბოლოსა და 1950-იანების დასაწყისის სიღრმემდე დაეშვა. სტალინური იდეოლოგიის მკვლევარმა ევგენი დობრენკომ აღნიშნა, რომ „პოლიტიკა − ესაა თანამედროვეობაში შემობრუნებული ისტორია.“[7] პუტინის რეჟიმი წარსულის გახრწნილი გვამებით იკვებება, ამასთანავე, სტალინიზმის ავთვისებიან გამოსხივებასაც ისრუტავს, რომელიც პირდაპირ, ზედაპირზე ძევს. სტალინიც წარსულს იყენებდა ლეგიტიმაციისთვის და ამისთვის რუსეთის ისტორიის კინემატოგრაფიულ პორტრეტებსაც ქმნიდა. 1943 წლის 13 სექტემბერს მან კარგად შეაჯამა ისტორიულად და ნაციონალისტურად მოტივირებული იდეოლოგია ჩანაწერების სერიაში, რომელსაც სერგეი ეიზენშტეინის ფილმის „ივანე მრისხანის“ სცენარის კომენტირებისას აკეთებზე: „ცუდად არ არის წარმოდგენილი ივანე მრისხანე, როგორც თავისი დროის პროგრესული ძალა, და ოპრიჩნინა [სახელმწიფო ტერორი, რომელსაც ივანე ატარებდა], როგორც მისი ადეკვატური ინსტრუმენტი. [8]
სტალინის ეპოქის კიდევ ერთი რელიკვია ისტორიული გმირების პანთეონზე დაყრდნობაა. ეს თვალსაზრისი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როდესაც რეჟიმმა გვერდი აუარა მარქსისტულ-ლენინურ დოგმებს და ქვეყნის პატრიოტულ ისტორიაზე გააკეთა აქცენტი. ომის მოლოდინში სტალინის რეჟიმმა პანთეონის შენება დაიწყო. ივანე მრისხანემდე, ეიზენშტეინმა კიდევ ერთი პატრიოტული ფილმი გადაიღო ისტორიული პირის, ალექსანდრე ნეველის შესახებ, რომლის პრემიერაც 1938 წლის დეკემბერში შედგა.[9] მას შემდეგ შუა საუკუნეების ტიტულოსანი მეომარი-უფლისწული ოფიციალურ გმირად რჩება. უკრაინის ომის დროს ნეველი დაპყრობილი ტერიტორიის აღსანიშნავ სიმბოლოდ იქცა − ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ნეველის ძეგლი აეგოთ მარიუპოლში, უკრაინის განადგურებულ საპორტო ქალაქში. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ნეველს არაფერი აკავშირებდა ამ ქალაქთან; თავადური ბრენდის სახელი განასახიერებს რუსეთის მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებას დასავლეთთან და რაინდების ტევტონურ ეპოქაში გვაბრუნებს.
„ანტიპატრიოტულ ჯგუფებზე“ თავდასხმებისას, პუტინის ბოლოდროინდელი ლექსიკა გვიანი სტალინური ეპოქის ტერმინებს იმეორებს. 1949 წლიდან „უფვსვებო კოსმოპოლიტი“ ოფიციალურ ტერმინად იქცა მათთვის, ვინც საბჭოთა ხალხს შეეწინააღმდეგებოდა. 2014 წელს პუტინმა დანერგა ტერმინი „ერის მოღალატე“, რომელიც თანაარსებობს მთავრობის უფრო ადრეულ მცდელობებთან ერთად, მიზანში ამოეღო ე.წ. უცხოური აგენტები, კანონმდებლობითა და შევიწროების სხვადასხვა გზით.
სტალინის დროს „დასავლეთთან მლიქვნელობა“ (უპირველესად, აშშ-სთან) შიდა მტრების მახასიათებელ ძირითად ნიშნად იქცა. ამ დროს გაჩნდნენ „სიონისტები“, როგორც ჩრდილოვანი ძალა. სტალინის რეჟიმის დროს ებრაელები იმავე როლს ასრულებდნენ, რასაც პუტინის რეჟიმი დღეს უკრაინელებს ანიჭებს: მსოფლიოში ყველაზე უარესები არიან. 7 ოქტომბრის ისრაელზე ჰამასის შოკისმომგვრელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ენერგიულად უჭერენ მხარს პალესტინას. საბჭოთა პერიოდის ანტისემიტიზმის კლასიკური ფორმები რუსეთში ისევ დაბრუნდა ებრაელებზე შურისძიებისთვის. ამის გარეშე რუსული ჰიბრიდული ტოტალიტარიზმი თითქოს არასრული იყო.
გვიანი სტალინური პერიოდის ოფიციალური ანტისემიტური პროპაგანდის სულისკვეთება ჩანს სიმბოლურ სტატიაში სათაურით „სიონიზმი ანგლო-ამერიკელი ომის აგიტატორების სამსახურში“. ავტორები წერდნენ: „ებრაელი ფაშისტური სიონისტური ბანდების მიერ მშვიდობიანი არაბების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე აღემატება ჰიტლერის რეჟიმის მკვლელების დანაშაულს.“[10] ეს ფრაზა აღებულია მთავარი საბჭოთა იდეოლოგის, მიხაილ სუსლოვის სტატიის ხელნაწერიდან, მაგრამ ხერხი ნაცნობია: უხეში და ვულგარული ფრაზების საშუალებით მწერლები ურცხვად მიაწერენ დღევანდელ მტრებს იმ თვისებებს, რომლებითაც ქვეყნის ისტორიულ, ყველაზე საშინელ მტრებს აღწერდნენ. შესაბამისად, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ნაცისტურს უწოდებენ. მართალია ისრაელის დღევანდელ მმართველებს ასეთი მკაცრი ტერმინებით არ მოიხსენიებენ, მაგრამ კრიტიკა, რომელიც ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან და თავად პუტინის მხრიდან გაისმის, საკმაოდ მკაცრია.
ამავდროულად, პუტინის რეჟიმის წამყვანი იდეოლოგების გზავნილები სულ უფრო ემსგავსება კარიკატურებს. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი, პუტინის დიდი ხნის თანამებრძოლი, სხვა საკითხებთან ერთად, ამასაც ამტკიცებს: „ამერიკაში ზოგიერთს სჯერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა და ციმბირი ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნება შესაძლო ამოფრქვევის შემთხვევაში [იელოსტოუნის ვულკანი, შეერთებული შტატების დასავლეთში]. როგორც ჩანს, ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აქვთ ანგლოსაქს ელიტებს ასეთი დიდი სურვილი, დაეუფლონ დედამიწის ამ გულს.
მართლაც, რაც უფრო ნაკლებად სანდოა ინფორმაცია, მით უფრო აქტიურად იყენებენ მას პუტინის იდეოლოგები. პატრუშევმა ასევე დაადანაშაულა ფინეთი, რომ კარელიაში დესტაბილიზაციას გეგმავდა, უზარმაზარ რეგიონში, რომელიც ორივე ქვეყანას მოიცავს. „კარელიის რესპუბლიკაში სოციო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისა და არეულობის პროვოცირების მიზნით, დასავლური სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მუშაობენ სეპარატისტული განწყობის გაღვივებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“, − განაცხადა პატრუშევმა.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „პოლონეთის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად აპირებს უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას და იქ საკუთარი ჯარების განლაგებას“. პუტინის თქმით, პოლონეთის ლიდერები „იმედოვნებენ, რომ შექმნან რაღაც კოალიცია ნატოს ქოლგის ქვეშ და უშუალოდ ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში, რათა შემდეგ შეძლონ [ქვეყნის] საუკეთესო ნაწილის ხელში ჩაგდება… ცნობილია, რომ მათ ბელორუსიის ტერიტორიაზეც აქვთ გეგმები“.
ეს მოდელი მხოლოდ შიდა მოხმარებისაა, და ასევე, მოუხერხებელი და წარმოუდგენელია. რუსი მაღალჩინოსნები რეგულარულად ამტკიცებენ, თითქოს მოსკოვის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ოპონენტებს სჯერათ, რომ ქვეყნის სიძლიერეს ტერიტორიული სიდიდე განსაზღვრავს. ეს ყველაფერი შეიძლება ცარიელ პოლიტიკურ ლაპარაკს ჰგავდეს, მაგრამ ამგვარი პრეტენზიები ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება − ერთდროულად ავრცელებს იდეოლოგიას და იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ამავე იდეოლოგიის განსასაზღვრად და შესაქმნელად და ასევე, საფუძველს უქმნის რეჟიმის ძირითად მსოფლმხედველობას. კრემლის ხელში პუტინის იდეოლოგია ერთდროულად არის პოლიტიკური სტრატეგიაც და მისი რეალიზაციის საშუალებაც.
ანტიამერიკანიზმის სული
1960-იანი წლების ბოლოს ჟურნალი „მოლოდაია გვერდია“ (ახალგაზრდა გვარდია) იმდროინდელი რუსი ნაციონალისტების ცენტრად ითვლებოდა. მისმა რედაქტორებმა გამოაქვეყნეს სტატიების სერია, სადაც რუსული ნაციონალ-იმპერიალისტური იდეოლოგია წარმოადგინეს. ამ სტატიების საკითხები საფუძვლად დაედო პუტინის ეპოქის სახელმწიფო იდეოლოგიის, რომელიც დღეს უკვე სისტემატიზებულია.
ამ ჟანრის არქეტიპული ფიგურები იყვნენ მწერლები − მიხაილ ლობანოვი და ვიქტორ ჩალმაევი. კავშირი საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიურ კლიშეებსა და თანამედროვეობას შორის კარგად ჩანს ჩალმაევის გამონათქვამებში, რომელიც უკვე ძალიან მოხუცი, ოთხმოცდაათი წლისა, 2022 წელს უკრაინას წარუმატებელ სახელმწიფოს უწოდებდა.
ლობანოვმა, თავის მხრივ, „მოლოდაია გვერდიის“ 1968 წლის აპრილის ნომერში გამოაქვეყნა ერთგვარი პოლიტიკური სტატია სათაურით "განმანათლებლური წვრილბურჟუაზია". ლობანოვი რუსი ნაციონალისტების მთავარ მოწინააღმდეგედ კარგად განათლებულ ქალაქელებს მიიჩნევდა, და წარმოადგენდა მათ, როგორც მთავარ საფრთხეს იმისთვის, რასაც დღეს "რუსული სამყაროს" (რუსკი მირ) უწოდებენ.
ურბანიზაციამ და საბჭოთა რეჟიმის თანდათანობითმა დაახლოებამ დასავლეთთან 1970-იანი წლების დათბობის პერიოდში, ბუნებრივია, შეაშფოთა სტალინისტები და ე.წ. რუსული პარტიის წევრები. რუსული პარტია იყო ქოლგა ჯგუფი, სადაც ერთიანდებოდნენ ჟურნალები, გაზეთები, ისტორიული და კულტურის ძეგლთა დაცვის რუსული საზოგადოება, ნაციონალისტი დისიდენტები და ნაციონალიზმის მხარდამჭერები მთავრობისა და საბჭოთა კომუნისტური პარტიის სხვადასხვა დონეზე. მათი მიმდევრები მოიძებნებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში, კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში (კომუნისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია) და კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. ტრადიციონალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ურბანული, ერთგვაროვანი, „უსულო“ ცივილიზაციის განვითარებას, რომელიც მათთვის ძირითადად დასავლეთთან ასოცირდებოდა. სამაგიეროდ, მხარს უჭერდნენ რუსი გლეხობის თემის ცნობიერებასა და ცხოვრების წესს, იდეებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო, როგორც ბუნებასთან უფრო ახლო მყოფი.
ლობანოვისა და ჩალმაევის სტატიებში რუსი პატრიოტის მტერი წვრილი ბურჟუაა, რომელიც მხოლოდ მატერიალურ ნივთებს აფასებს. ასეთ ადამიანს არ შეუძლია უყვარდეს სამშობლო. ლობანოვის თქმით, „ერს არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე ბურჟუაზიული კეთილდღეობის ცდუნება, ის ერის შემოქმედებითი გენიის დამბლის ტოლფასია... ადრე თუ გვიან, ვიხილავთ ამ ორი შეურიგებელი ძალის − მორალური თვითმყოფადობისა და ამერიკული სულის შეჯახებას“.
დღევანდელი იდეოლოგები ნაციონალისტების განცხადებებს თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებენ, რათა ახსნან და გაამართლონ უკრაინასა და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ჰიბრიდული ომი. „მოლოდია გვარდიის“ 1970 წლის აგვისტოს ნომერში სერგეი სემანოვი, რუსული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული შოვინისტი და ანტისემიტი, თავს დაესხა ლიბერალურ ბანაკს (ჟურნალ „ნოვი მირს“) და სპეკულირებდა ხალხისა და სახელმწიფოს ერთიანობის იდეით, რომელმაც დღეს მეორე სიცოცხლე პოვა. ფრაგმენტები მისი სტატიიდან შეიძლება თითქმის სიტყვასიტყვით ჩასვათ დღევანდელი რუსეთის ლიდერების გამოსვლებში, მაგალითად, უვაროვი ამბობდა, რომ: ”რა თქმა უნდა, ზოგიერთს სურს დაარღვიოს ხალხის ორგანული ერთობა ჩვენს სოციალისტურ სახელმწიფოსთან. კარგადაა ცნობილი, საიდან მოდის ეს საამაყო "ხმები". მსოფლიოს ბნელი ძალები დაჟინებით ცდილობენ, ნებისმიერი საშუალებით დაასუსტონ ჩვენი სახელმწიფო, დათესონ უთანხმოება და მტრობა საბჭოთა ხალხებს შორის. ამიტომაც ჩვენი მრავალეროვნული სამშობლოს მონოლითურობასა და ჩვენი ხალხების მეგობრობას თვალის ჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ“.
ბუნებრივია, „მოლოდაია გვარდიის“ სტატიებს მოწინააღმდეგე ბანაკიდან გამოეხმაურნენ. „ნოვი მირის“ გვერდებზე ცნობილმა ლიტერატურათმცოდნემ, ალექსანდრე დემენტიევმა ოფიციალური საბჭოთა დისკურსი გამოიყენა პატრიოტი ნაციონალისტების არათანმიმდევრული უთავბოლო ბოდვის ოსტატურად გასანეიტრალებლად. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას დიდი ხანია ესმოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. რედაქტორის მოადგილე ალექსეი კონდრატოვიჩი თავის დღიურში 1968 წლის დეკემბერში წერდა: „შოვინიზმი საბჭოთა პატრიოტიზმის ნიღბით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. თუ შოვინისტი არ ხარ, კოსმოპოლიტი ხარ, აქედან გამომდინარე, ხარ მტერი“.[11]
დემენტიევმა ასევე ჩამოთვალა რუსული პარტიის ძირითადი იდეები, რომლებიც სრულად არის წარმოდგენილი თანამედროვე დომინანტურ იდეოლოგიაში: „ჩვენი კრიტიკოსის [ჩალმაევის] სტატიებში რუსეთი და დასავლეთი არანაკლებ მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს, ვიდრე ტრადიციონალისტები და სლავიანოფილები მათ ნაწერებში. რუსეთმა, როგორც ათასწლოვანმა ორგანიზმმა, შეინარჩუნა სულიერი მშვენიერება როგორც თათრების ურდოს ბატონობის, ასევე ბურჟუაზიული მორალის, მატერიალური მოგების, უსულგულობისა და რაციონალიზმის ზეწოლის ქვეშ; მეორე მხრივ, დასავლეთი იქცა „მსუქან ჭიანჭველად“, რომელსაც მოაქვს ახალი ბარბარიზმი, ვულგარულობა, იაფი და გაყიდული კულტურა, სავსე კუჭი და კომფორტი. ეს არის ადგილი, სადაც სული კუჭის სინონიმად იქცა“.
ნაციონალისტებმა „ნოვი მირში“ გამოქვეყნებულ კრიტიკას ჟურნალ „ოგონიოკში“ უპასუხეს მანიფესტით „რას აპროტესტებს „ნოვი მირი?“ რომელსაც ხელს აწერდა თერთმეტი ტრადიციონალისტი მწერალი[12] და ისინი ტერმინებს არ ცვლიდნენ და აკრიტიკებდნენ „ნოვი მირის“ პოზიციას, როგორც „კოსმოპოლიტურს“. კონდრატოვიჩი თავის დღიურში წერდა: „ისევ ასწია კოსმოპოლიტიზმმა თავისი მახინჯი თავი. ცოტა ხანი გავიდა... ესე იგი. საბრალდებო დასკვნა მზად არის. ისეთი, როგორიც ადრე ვიცოდით. ცხოვრობ და ელოდები ისტორიის გამეორებას. ჩვენ უკან ვბრუნდებით − სტალინთან“.[13]
ეს ნამდვილი იდეოლოგიური ომი იყო. ვერავინ აჩერებდა ტრადიციონალისტებს, რომლებიც ინარჩუნებდნენ პოზიციებს საბჭოთა ოფიციალურ მედიასაშუალებებსა და სამთავრობო უწყებებში და სარგებლობდნენ საბჭოთა იერარქიაში მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირების მფარველობით. საბოლოოდ, რუსული პარტიის წევრები წარმატებით ჩაეწერნენ საბჭოთა სისტემაში, რომელმაც მათ რეჟიმის საჭიროებების მსახურება აიძულა. ამასთანავე, ნაციონალისტ-იმპერიალისტებმა შეასრულეს საკუთარი ფუნქცია და საკუთარი როლი ითამაშეს ლიბერალური ოპოზიციის ნარჩენების განადგურებაში. მათი მოძღვრება რეჟიმისთვის სასარგებლო იყო. ისტორიკოსი ალექსანდრე იანოვი ამბობს, რომ, „მათ „სოციალიზმსა“ და „კაპიტალიზმს“ შორის ბრძოლა სულიერი დაპირისპირების სფეროში შეიტანეს: რუსული სული ებრძოდა ბურჟუაზიულ სულისკვეთებას, რომელიც „ამერიკანიზმს“ ახასიათებდა“.[14] ამ წრეებში სტალინიზმი შესანიშნავად თანაარსებობდა ნაციონალიზმთან. ბევრმა ამ ორს შორის კავშირი აშკარად დაინახა, სტალინისტებს უწოდებენ „შავ ასეულებს“, რასაც რუსეთის მეოცე საუკუნის დასაწყისის ულტრანაციონალისტურ მოძრაობებთან გადავყავართ.[15]
ხუთი ახალი საყრდენი
პუტინის მმართველობისას დესპოტიზმის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, იდეოლოგია გაორმაგებული ძალით დაბრუნდა და წარმოშვა იდეები, როგორიცაა მაგალითად, „სუვერენული დემოკრატია“, კონცეფცია, რომელიც 2005 წელს გაჩნდა სახელმწიფოს მზარდი მძიმე ხელის გასამართლებლად. ამგვარი იდეებით აღინიშნა "სუვერენიტეტის" გაფეტიშებისა და აბსოლუტიზაციის დასაწყისი, რასაც ავტარკიისკენ რუსეთის ამჟამინდელი დაღმასვლის გასამართლებლადაც იყენებდნენ.
პუტინის რეჟიმს ჰყავს მუდმივი მთავრობა და აქვს ნახევრად ტოტალიტარული მმართველობის უაღრესად პერსონალიზებული სტილი. ამგვარი რეჟიმს ძირითადი იდეოლოგიური პრინციპები და ისტორიული წიაღსვლები საკუთარი დესპოტიზმის გასამართლებლად სჭირდება, რაც ასევე უნდა გავრცელდეს მასებში. ამით აიხსნება სხვადასხვა ინდოქტრინაციის ინსტრუმენტის დანერგვა სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ეს მოიცავს განახლებულ ისტორიისა და სოციალური კვლევების სახელმძღვანელოებს სკოლებისთვის და ახალ აუცილებელ კურსს −„რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“ საუნივერსიტეტო დონეზე. ამ კურსის უკეთესი სახელწოდება სამეცნიერო პუტინიზმი იქნებოდა, რაც დაეხმარებოდა მოქალაქეებს მოეძებნათ პარალელები „სამეცნიერო კომუნიზმის“ ლექციებთან, რომელთა მოსმენასაც მათ წინამორბედებს საბჭოთა უნივერსიტეტებში აიძულებდნენ.
დღეს რუს ერს იდენტობის კრიზისი უდგას, რომელიც დასავლეთთან უპრეცედენტოდ მძიმე კონფლიქტის ფონზე ვითარდება. (სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსი ერი იძულებული გახდა, კონფლიქტში შესულიყო საკუთარ თავთან.) და როგორც ყოველთვის ხდება დასავლეთთან დაპირისპირების დროს, რუსეთი დღესაც ირჩევს თვითიდენტიფიკაციის ნეგატიურ ფორმას, რომელიც ეყრდნობა ნაცნობ ლოზუნგებს, როგორიცაა: ”ჩვენ არ ვართ იგივენი, რაც ყველა!” ”ჩვენ განსაკუთრებული დნმ გვაქვს!” "ჩვენ ვებრძვით უღმერთოებას და მტრებს ჩვენი ქვეყნის დასავლეთის საზღვრებზე!" „ჩვენ უნდა დავიცვათ თავი ძველი ტერიტორიების დაბრუნებით და მათი „განთავისუფლებით“!“ მოკლედ რომ ვთქვათ, ალყაში მოქცეული რუსი ერის საუკეთესო დაცვა თავდასხმაა.
პუტინის მმართველობის სახელმწიფო იდეოლოგიის ძირითადი არსი ძალიან მარტივია. ამაზე მუდმივად ლაპარაკობენ რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი სპიკერები, უშიშროების სამსახურებიდან და სამოქალაქო თუ სამთავრობო უწყებებიდან. პატრუშევიდან დაწყებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველი მოადგილის სერგეი კირიენკოს ჩათვლით ყველა დაჟინებით ამტკიცებს: „მათ, ვინც დღეს რუსეთის წინააღმდეგ ომს ცდილობს, აშკარა მიზანი აქვთ და აღარც მალავენ. მათ სურთ, რომ რუსეთმა არსებობა შეწყვიტოს“.
პუტინის რეჟიმი ზრდის იდეოლოგთა ახალ თაობას, მათ შორისაა პოლიტიკური ტექნოლოგი, ანდრეი პოლოსინი, კირიენკოს გარემოცვიდან. პოლიტტექნოლოგების ამ ჯგუფმა გამოაქვეყნა ის, რასაც თავად „პენტაბაზისს“ უწოდებენ. ესაა ფუნდამენტური იდეების ხუთპუნქტიანი სია, რომელიც სავსეა კვაზი სულიერი სისულელეებით. ეს იდეები მოიცავს „პიროვნების აღზრდას“, „ოჯახის სიყვარულს“, „საზოგადოების ერთობას“, „სახელმწიფო წესრიგს“ და „საქვეყნო მისიას“. ჩამონათვალს ავსებს ოთხი ეგრეთ წოდებული ღირებულებით კონსტანტა: რუსეთის „განსაკუთრებული გზა“ (სონდერვეგის გერმანული კონცეფციის გადააზრება), „მესიანიზმი“ (ნაციის როლის განზრახ გაზვიადება), „სუპერადაპტაციურობა“ და „საზოგადო, როგორც ინდივიდუალიზმის ანტითეზა“. რუსეთის ისტორიის შესწავლისას სტუდენტები აუცილებლად გაიხსენებენ, რომ რუსეთის იმპერიაში კომუნალიზმის კონცეფციას ხელოვნურად ახალისებდა ხელისუფლება. „უფრო ადვილია მთელი ნახირის მწყემსვა, ვიდრე ამ ნახირის ცალკეული წევრისა“ − როგორც ერთხელ თქვა რუსეთის ცნობილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი ვიტემ.[16] კომუნალურ ბინებში ცხოვრებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის მოდერნიზაცია და შეზღუდა მოსახლეობის 80 პროცენტის სამოქალაქო უფლებები.[17]
თუკი ეს იდეები გარკვეულწილად ბუნდოვანია, ეს იმიტომ, რომ მართლაც ასეა. რეჟიმის სწრაფვა ისტორიით მანიპულირებისკენ და მისი დამახინჯება სასარგებლო ინსტრუმენტად იქცა. პუტინის სახელმწიფო იდეოლოგია მიზნად ისახავს იკვებებოდეს წარსულით და გამოიყენოს ისტორიული ექსკურსები და კონცეფციები რუსეთის მოქალაქეების მასობრივი ცნობიერების ხელახლა ჩამოსაყალიბებლად და მათ სამართავად. დაახლოებით ისე ხდება, როგორც გრაფი უვაროვის დროს. ისტორიკოსი ანდრეი ზორინი აღნიშნავს, რომ „წარსული მოწოდებული იყო ჩაენაცვლებინა იმპერიის საშიში და გაურკვეველი მომავალი, ხოლო რუსეთის ისტორია და მასში დაფუძნებული მართლმადიდებლობისა და ავტოკრატიის ინსტიტუტები ეროვნების ერთადერთ საცავად და ევროპეიზაციის უკანასკნელი ალტერნატივად იქცა. [18]
ეს კონცეპტუალური მიდგომები კარგად ჩანს მეათე და მეთერთმეტე კლასების ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებში, რომელთა ავტორები არიან სკანდალებით ცნობილი ყოფილი კულტურის მინისტრი, პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი, ანატოლი ტორკუნოვი. ასევე, ამ იდეების გამტარია ორი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო − „რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები“. პუტინის რეჟიმის იდეოლოგია, უპირველესად, ისტორიული დისკურსის საშუალებით წარმოაჩენს თავს. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების ავტორებისთვის იმის მტკიცება, რომ არსებობს ისტორიის ერთადერთი „სწორი“ გაგება. პუტინიზმის ისტორიული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ ეფუძნება მხოლოდ მოგონებების ცენზურას. არის კიდევ ერთი გადამწყვეტი ელემენტიც: დავივიწყოთ რუსი ერის ისტორიის ბნელი მხარეები.
პუტინის რეჟიმმა ვერ შეძლო რუსეთისთვის ადეკვატური მომავლის უზრუნველყოფა და წააგო რბოლა, როგორც ეგრეთ წოდებულ გლობალურ დასავლეთთან, ასევე, მზარდ გლობალურ აღმოსავლეთთან − ჩინეთის მეთაურობით, თუმცა, პუტინის რეჟიმი მაინც ვერ თმობს ლიდერობის ამბიციებს. პირიქით, ის მთელ ენერგიას წარსულში დასაბრუნებლად მიმართავს. პუტინის დროს რუსულმა სისტემამ შეწყვიტა ძალისხმევა მოდერნიზაციასთან დაკავშირებული დიდი ხნის ვადაგადაცილებული ამოცანების გადასაჭრელად და დაიწყო დემოდერნიზაციის პროცესი, განვითარების ეტაპი, რომლის კულმინაციადაც იქცა „სპეციალური ოპერაცია“ უკრაინაში.
როგორც ჩანს, პუტინს, ოდესღაც მართლაც აკმაყოფილებდა რეტრო სტილის უტოპიის შენება. საუბედუროდ, ეს მიზანი დღეს უკვე საშინელ ანტიუტოპიად იქცა, რომელიც რუსეთის წარსულის ყველაზე ბნელი ნაწილებისგან შედგება. ოცდამეერთე საუკუნეში რუსეთის სახელმწიფოებრიობის ამგვარი საფუძვლები და როლი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დიდ უაზრობად მოჩანს. კრემლის მიდრეკილებამ, მიეღო ნაციონალისტური და იმპერიული იდეოლოგია, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი თვითდესტრუქციული რეპუტაცია.
[1] Alexander Etkind, Internal Colonization: Russia’s Imperial Experience (Moscow: New Literary Review, 2016), 110 (in Russian).
[2] Etkind, Internal Colonization, 138.
[3] Nikolai Berdyaev, The Russian Idea: Main Problems of Russian Philosophy of the 19th and Early 20th Century. On Russia and Russian Philosophical Culture. The Philosophers of Russian Post-October Foreign Lands (Moscow: Nauka, 1990), 46 (in Russian).
[4] Berdyaev, The Russian Idea.
[5] Gustav Shpet, An Outline of the Development of Russian Philosophy I (Мoscow: ROSSPEN, 2008), 66 (in Russian).
[6] Berdyaev, The Russian Idea, 60.
[7] Evgeny Dobrenko, Late Stalinism: The Esthetics of Politics, Volume 1 (Moscow: New Literary Review, 2020), 234 (in Russian).
[8] Dobrenko, Late Stalinism, 228.
[9] Dobrenko, Late Stalinism, 222.
[10]Sergei Semanov, “On Relative and Eternal Values,” Molodaya Gvardiya, issue 8 (1970), (in Russian).
[11] Alexei Kondratovich, Novy Mir Diary, 1967–1970 (Moscow: Sovetsky Pisatel, 1991), 337 (in Russian).
[12] 12“What Is Novy Mir Protesting Against?” Ogoniok, issue 30 (1969), (in Russian).
[13] 13Kondratovich, Novy Mir Diary, 1967–1970, 425
[14] 14Alexander Yanov, “The Russian Idea and the Year 2000,” Neva, issue 10 (1990): https://archive.org/details/B-001-028-251-1990-09-PDF/page/n79/mode/2up, 160 (in Russian).
[15] 15Nikolai Mitrokhin, The Russian Party: The Russian Nationalist Movement in the USSR, 1953–1985 (Moscow: New Literary Review, 2003), 339 (in Russian).
[16] Mikhail Davydov, The Price of Utopia: The History of Russian Modernization (Moscow: New Literary Review, 2022), 148 (in Russian).
[17] Davydov, The Price of Utopia, 146.
[18] Andrei Zorin, Feeding the Two-Headed Eagle: Literature and State Ideology in Russia in the Late 18th to Early 19th Centuries (Мoscow: New Literary Review, 2001), 372 (in Russian).
ინსტრუქცია