[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

შრომითი უფლებები და სოციალური პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 – 2020 წლების ასოცირების დღის წესრიგში

ევროკავშირსა და საქართველოს შორის განახლდა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ფარავს 2017-2020 წლების პერიოდს[1] და  ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014-2016 წლებისათვის არსებულ დღის წესრიგს.[2]

განახლებული დღის წესრიგი ადგენს მხარეებს შორის შეთანხმებულ პრიორიტეტებს ასოცირების შეთანხმების,მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე (DCFTA) არსებული თავის შესრულების მიზნით. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები, რაც გულისხმობს პირველ შემთხვევაში 2018 წლის ბოლოსათვის, ხოლო მეორე შემთხვევაში 2020 წლის ბოლოსათვის მათ მიღწევას ან ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს. განახლებული დღის წესრიგი მრავალ საკითხთან ერთად აქცენტს აკეთებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებისათვის მინიმალური გარანტიების უზრუნველყოფაზე და ადგენს ამ კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს.

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალს, რაც დღის წესრიგის ცალკეულ თავებშია მოცემული და რისი შესრულების ვალდებულებასაც იღებს საქართველო დადგენილი ვადების მიხედვით.

დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობისა და ინსტიტუტების გაძლიერების თავში მოცემული პრიორიტეტები:[3]

პროფესიული გაერთიანების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები

მოკლევადიანი პრიორიტეტები

  • სამართლებრივი ნორმების შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში შრომის ინსპექტირების სისტემის საზედამხედველო ფუნქციებს; მოქმედ კანონმდებლობაში შრომის ინსპექტორების უფლებამოსილებების შემზღუდავი ნორმების ამოღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების მიხედვით.

საშუალოვადიანი პრიორიტეტები

  • შრომის კოდექსის (განახლებული 2013 წლის ივნისში) იმპლემენტაცია და მისი, ასევე სხვა რელევანტური კანონმდებლობის ILO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შრომის კოდექსის აღჭურვა შრომითი დავების გადაწყვეტის პროცედურებით და მოლაპარაკების კულტურის განვითარების მიზნით მედიატორთა რეესტრის დამტკიცება.
  • შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის დაფუძნებაზე მუშაობის გაგრძელება, რომელსაც ILO-ს სტანდარტებთან შესაბამისად, ექნება შრომის უფლების ყველა პირობის მონიტორინგის შესაძლებლობა და შრომითი ურთიერთობების მონიტორინგისათვის სათანადო კომპეტენციები და შესაძლებლობები.
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ILO-სთან თანამშრომლობით სოციალური დიალოგის გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელება.

ბავშვთა უფლებების თავში[4] მოცემული პრიორიტეტები:

საშუალოვადიანი პრიორიტეტები

  • ყველაზე მოწყვლადი ბავშვების საჭიროებებზე მიმართული (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ქუჩის ვითარებაში მყოფი ბავშვები) ღონისძიებების გაძლიერება სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და გაფართოების გზით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების აბილიტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების ტერიტორიული მისაწვდომობის მხარდაჭერა და ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

თანასწორი მოპყრობის თავში[5] მოცემული პრიორიტეტები:

საშუალოვადიანი პრიორიტეტები

  • ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციები, დედობის დაცვის რეგულაციები, მშობლისა და პროფესიული ვალდებულებების შეთავსების რეგულაციები.

ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავში[6] მოცემული პრიორიტეტები:

საშუალოვადიანი პრიორიტეტები

  • მხარეები გააგრძელებენ დიალოგს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავში გათვალისწინებული საკითხების შესახებ, კერძოდ, გაცვლიან ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ფუნდამენტურ შრომით სტანდარტებთან მიმართებით მოქმედი სათანადო შრომის ინსპექციის სისტემის განვითარების, შრომის კოდექსის იმპლემენტაციის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების იმპლემენტაციის (რომლის მონაწილეა ორივე მხარე) და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თაობაზე. ასევე იმსჯელებენ და გაცვლიან ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ხსენებული თავით გათვალისწინებული ვალდებულებების სამომავლო შესრულების მიზნით დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

ეკონომიკური განვითარებისა და საბაზრო შესაძლებლობების თავში მოცემული პრიორიტეტები:

დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები[7]

მოკლევადიანი პრიორიტეტები

  • შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით ევროკავშირის acquis-სთან ჰარმონიზება და მისი იმპლემენტაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შრომის კანონმდებლობა და დასაქმების პირობები, გენდერული თანასწორობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა. კერძოდ, ევროკავშირის მიდგომის შესაბამისად, კანონმდებლობის აღსრულებისა და ზედამხედველობის შესაბამისი სისტემის დამკვიდრება (პირველ რიგში სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში) და სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება (მაგალითად, ტრენინგი ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე შრომის სამართალში).
  • საჯარო სამსახურის ახალი მოდელის იმპლემენტაციის მონიტორინგი.
  • ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის დამკვიდრების მიზნით სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფა.
  • სოციალური სამსახურებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესება, იმ ადმინისტრაციული ორგანოების გაძლიერების მიზნით, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაფუძნებული დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის განვითარებასა და იმპლემენტაციაზე.

საშუალოვადიანი პრიორიტეტები

  • ახლად ფორმირებული საჯარო დასაქმების სერვისის შესაძლებლობების გაფართოება და მისი ევროპული საჯარო დასაქმების სერვისების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • ILO-ს სტანდარტების შესაბამისი ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბების გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ადმინისტრაციული და აღმასრულებელი კომპეტენციები/მანდატი სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ასევე შრომის კანონმდებლობის საკითხებზე და შესაბამისი სასამართლო ორგანოების გაძლიერება.
  • დასაქმების სფეროში სტრატეგიული მიდგომის განვითარება, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე მეტი და უკეთესი ღირსეული პირობების მქონე სამუშაო ადგილის შექმნა, სამუშაო ადგილებისა და შესაბამისი უნარების უკეთესი ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ხელშეწყობისთვის ზომების მიღება და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდებზე.
  • სოციალური დიალოგის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი მუშაობისა და სოციალური პარტნიორების შესაძლებლობების გაზრდის გზით.
 
 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Association Agenda between the European Union and Georgia 2017-2020, ხელმისაწვდომია: https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/annex_ii_-_eu-georgia_association_agenda_text.pdf
[2] Association Agenda between the European Union and Georgia, ხელმისაწვდომია: https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/associationagenda_2014_en.pdf
[3] Association Agenda between the European Union and Georgia 2017-2020, 22.
[4] იქვე, 21.
[5] იქვე, 20-21.
[6] იქვე, 39.
7] იქვე, 46.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“