საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დასაქმებულთა ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკის შემუშავება, მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს, რაც მუდმივად დასტურდება დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის სიმძიმით და მათი ექსპლუატაციის პრაქტიკით. შრომითი უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი ასევე ვლინდება დასაქმებულთა მასშტაბურ გაფიცვებში, პროტესტებსა და სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკურ მაჩვენებელში.
შრომის პოლიტიკის, მათ შორის, ეფექტური შრომის ინსპექციისა და შრომის ადმინისტრირების სისტემის ფორმირება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფომ, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ შეძლო ქმედითი და დასაქმებულის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება.
შრომის უფლების დაცვისა და დასაქმების პოლიტიკის მიმოხილვის მიზნით შევისწავლეთ ექვსი პოლიტიკური პარტიის: „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამაში კი საერთოდ არ არის საუბარი შრომის უფლებისა და დასაქმების საკითხებზე.
ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და შრომის ადმინისტრირების ეფექტური სისტემის ამუშავება უკანასკნელი წლებია შრომის უფლების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების მთავარ მოთხოვნას წამოადგენს, რამდენადაც აღსრულებითი მექანიზმების არარსებობა ხელს უშლის დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას სამუშაო ადგილებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს კი მისი შეზღუდული მანდატის და სუსტი ბერკეტების გათვალისწინებით არ შეუძლია ამგვარი გარდაქმნის მოხდენა.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შრომის ინპსექტირების მექანიზმის მანდატის გაზრდა მიიჩნევა შრომის პოლიტიკის გარდაქმნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად, ამგვარ დაპირებას ვერ ვხვდებით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში.
შრომის პოლიტიკის ადმინისტრირების სხვა მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც შრომითი დავების მოგვარების მექანიზმების და სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ეფექტიანი სისტემის შექმნას მოიცავს, თუმცა, არ წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას ამ მიმართულებით. ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული კავშირის როლის გააქტიურებას შრომის პირობებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხებში, პროფორიენტაციის კომპონენტის გაძლიერებასა და ამ კუთხით სისტემური მიდგომების გამოყენებას, თუმცა, არც ამ შემთხვევაში ვხვდებით ამგვარი რეფორმების კონკრეტულ ხედვებს.
დღემდე გამოწვევად რჩება შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდართებთან ჰარმონიზაცია და დასაქმებულთა შრომითი უფლების საკანონმდებლო მოწესრიგება, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარის დადგენის, დღიური საათობრივი სამუშაო დროის განსაზღვრისა და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციების შემოტანის საკითხი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წინასაარჩევნო პროგრამა საუბრობს ამ კუთხით უკვე გაწეული სამუშაოს შესახებ და მიუთითებს, რომ „შეიქმნა კანონმდებლობა, რომლის მიზანია თითოეული დასაქმებულისათვის შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“. თუმცა, ამ მიმართულებით არ ხედავს დამატებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროებას.
პარტია „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა მინიმალური ხელფასის დადგენის საჭიროებაზე საუბრობს და მიუთითებს რომ ასეთი ზღვარი 500 ლარით, ხოლო საათში - სამი ლარით განისაზღვრება.
„ეროვნული ფორუმი“ გეგმავს სახელმწიფო შესყიდვების განხორცილებისას, განსაკუთრებით საერთაშორისო ტენდერების შემთხვევაში, კანონმდებლობით იქნას განსაზღვრული ვალდებულება, რომ სამუშაოს პროცესის ორგანიზების თითოეულ საფეხურზე, სამუშაოს წარმოებაში ჩართული პერსონალის არანაკლებ 90% იყოს საქართველოს მოქალაქე.
დასაქმებულთა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებულად მწვავედ მიემართება მძიმე, მავნე და საშიშ პიროებებში დასაქმებულ ადამიანებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამით ითვალისწინებს საპენსიო სისტემის ახალი მოდელის შექმნას, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტი. დაგროვებითი პენსია გულისხმობს თანადაფინანსების მოდელს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან.
პარტია სკოლამდელ განათლებაში დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას გეგმავს, თუმცა პროგრამაში არ არის მითითებული კონკრეტულად რაში გამოიხატება პარტიის ხედვა. ასევე იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების ზრდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ გეგმავს შეიმუშავოს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები კულტურის მოღვაწეთა და პედაგოგთა მიმართ.
დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიების საკითხს შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“. მათ წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ: „2017 წლის 1 იანვრიდან ხდება რეინვესტირებული მოგების გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, ჩვენ მიერ ინიცირებული იქნება ცვლილება, რომლის შესაბამისადაც საწარმოს დაქირავებულებისათვის დამქირავებლების მხრიდან სავალდებულო სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის შენატანების თანადაფინანსება, აგრეთვე, დაქირავებულთა განათლებაზე გაწეული ხარჯები გამოირიცხება მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზიდან“.
„ეროვნული ფორუმი“ ითვალისწინებს „პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირების უზრუნველყოფას უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარებისა და ატესტაციის თანამედროვე ეფექტური საშუალებებით“.
დასაქმების პოლიტიკის განვითარების მიმართულებით პოლიტიკური პარტიების ნაწილი გარკვეულ ხედვებს წარმოადგენს.
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს, ხოლო ტურიზმთან ასოცირებულ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილების საშუალო წლიური რაოდენობის ზრდას არანაკლებ 80 000-ით. პროგრამის მიხედვით, დასაქმების მიმართულებით ასევე შეიქმნება მსჯავრდებულთათვის ახალი დასაქმების ადგილები.
პარტია გეგმავს შრომის ბაზრის პერიოდულ კვლევას და შედეგებზე დაყრდნობით პროფესიული პროგრამების დანერგვას და უმაღლესი განათლების პრიორიტეტების განსაზღვრას. შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოსაფხვრელად პარტია აპირებს დამსაქმებელთა ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე მოთხოვნადი პროფესიების გამოვლენას, რათა მომავალი დასაქმებულების კომპეტენეციები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრარზე მოთხოვნად ხარისხს. ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ გეგმავს შემდეგ ნაბიჯებს: ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტის შექმნა, სხვადასხვა საგადასახადო რეფორმა, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, არქიტექტურული და სხვა პროექტები.
ქმედითი დასაქმების პოლიტიკის განხორციელების მიზნით, პარტია გეგმავს საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერებას სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელებს შორის. საჯარო სამსახურში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის კი უზრუნვლეყოფილი იქნება ქართული ენის მიზნობრივი სწავლება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა 2017 წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო წლების მანძილზე ყოველწლიურად 30 000 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ღირსეულ ანაზღაურებას სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებისათვის, სხვადასხვა ბიუროკრატიულ ფუფუნების გაუქმების ხარჯზე.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამა ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებას ითვალისწინებს. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ დასაქმების სტრატეგიად განიხილავს უმუშევართა აღრიცხვის ბანკის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზებას. პარტიის ხედვით, ფოკუსირება უნდა მოხდეს უმუშევრის მიერ ახალი სამუშაო ადგილის ძიების პერიოდის შემცირებაზე და იმ უმუშევრების ხელშეწყობაზე, რომელსაც აქვთ დასაქმების უმცირესი შანსი და შესაძლებლობა.
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამაში დასაქმების ხელშეწყობის საკითხები მხოლოდ დევნილებთან მიმართებით განიხილება. წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ: „დასაქმების პრობლემა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ დევნილებში, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, შედეგის თვალსაზრისით, ეფექტური იქნება, თუ მოვახდენთ მათ დიფერენციაციას და დევნილ მოსახლეობას შევთავაზებთ დასაქმების უშუალოდ მასზე ორიენტირებულ მექანიზმებს, კერძოდ: 1. დაწესდება საგადასახადო შეღავათები ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული იმ პირებისათვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესის ფარგლებში დაასაქმებენ 10 და მეტ დევნილს; 2. გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, დევნილებს მიეცემათ პროფესიული განათლების დაუფლების საშუალება; 3. დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმდებიან უშუალოდ დევნილები“.
ინსტრუქცია