[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

შრომა, თავისუფლება და პროტესტის დრო

მაია ბარქაია 

ავტორი:მაია ბარქაია ფოტო: ნათია ქარჩილაძე

ფოტო: ნათია ქარჩილაძე

 2017 წლის თებერვალში “ბიბლუსში” დასაქმებულებმა საზოგადოებრივი დუმილის დარღვევა გაბედეს და საკუთარი ექსპლუატაციური შრომის გამოცდილება საჯარო გახადეს. დამსაქმებელმა ისინი “საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით” სამსახურიდან დაითხოვა. 2017 წლის იანვარში რუსთავის აზოტის ქარხნიდან 350 თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. დღეს შრომის ბაზარზე სტაბილური, მხოლოდ სამუშაო ადგილების არასტაბილურობაა.

ჩვენ დიდი ხანია დაგვაჯერეს, რომ თითოეული ადამიანი წარმოადგენს  არა თავისთავად მიზანს, არამედ სხვათა ანუ ფინანსური ელიტების მიზნების განსახორციელებლად გამოსაყენებელ საშუალებას. გვიჩიჩინებენ, რომ თანასწორობის სურვილი მხოლოდ შურიანთა გონებაში შეიძლება გაჩნდეს, რომ მდიდრის სიმდიდრე მისი განსკუთრებული შესაძლებლობებისა და უნარების დამსახურებაა, რომ გასაქანი უნდა მივცეთ სახელმწიფოს, რათა მან ხელი შეუწყოს მდიდართა უფრო გამდიდრებას, რადგან თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტებს სჯერათ რომ  მდიდარი აუცილებლად დაასაქმებს ხალხს (პირობებს არ აქვს მნიშვნელობა)  და ამგვარად, ბევრს შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ამ იმედით, 1980-იანი წლებიდან ბევრმა ქვეყანამ ფინანსური ელიტებისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებას მიჰყო ხელი და საქართველოშიც, სხვა პროცესებთან ერთად, მოხდა შრომითი ურთიერთობების დერეგულაციაც, რომელიც მდიდრისთვის დოვლათის დაგროვების გზების გაკვალვას ისახავდა მიზნად.

დერეგულაციამ საქართველო ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად აქცია მსოფლიოში[1], მაგრამ გახდა თუ არა ის ასეთივე მიმზიდველი საკუთარი ჩაგრული მოქალაქეებისთვის? სამწუხაროდ, არა. საქართველო ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში.[2] 1980-იანი წლების ეკონომიკურ ლიბერალიზაციასთან ერთად განვითარებულ მდიდარ ქვეყნებშიც კი გაიზარდა უთანასწორობა, თუმცა ევროპის რიგი ქვეყნები უთანასწორობას გადასახადების, რედისტრიბუციისა და სოციალური დაცვის მექანიზმებით არეგულირებენ და ამარცხებენ (ჩანგი, 2014). ზოგიერთი პოლიტიკოსი დღესაც გვარწმუნებს, თითქოს, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, მეტი უთანასწორობის გამომწვევი დერეგულაციის პოლიტიკა გარდაუვალი იყოს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ჩანგი აღნიშნავს, რომ თანასწორობის პოლიტიკა და რეგულაცია არ მოდის ეკონომიკურ ზრდასთან წინააღმდეგობაში: ამის მაგალითია ფინეთი და იაპონია, რომელთა ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მათთან შედარებით უთანასწორო, მაგრამ მდიდარი ქვეყნების (ჩანგი, 2014).სახელმწიფოს ჩარევა გულისხმობს მის ვალდებულებას, გარდაქმნას ის სტრუქტურული პროცესები, რომლებიც უსამართლობას აწარმოებენ; ეს არანაირად არ ნიშნავს განუკითხაობის ბიუროკრატიული ავტორიტარიზმით ჩანაცვლებას.  ჩომსკი (2005) აღნიშნავს, რომ ისეთი მოაზროვნეც კი, როგორიც ჰუმბოლდტია, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგი იყო, უშვებდა გამონაკლისს და აღიარებდა, რომ როდესაც “თავისუფლება ანადგურებს თავად იმ პირობებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია არათუ თავისუფლება, არამედ ცხოვრებაც კი,” ჩარევა აუცილებელია.

ჭეშმარიტად ‘თავისუფალი’ ბაზარი არ არსებობს, რადგან გვაქვს წესები, მინიმუმ იმის შესახებ, რისი გაყიდვა შეიძლება და რისი არა, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს ბიზნესს. მაგალითად, დღეს ყველა საზოგადოებაში ვთანხმდებით, რას არ გავყიდით ბაზარზე - ადამიანებს (მონობა), ადამიანთა ორგანოებს, ბავშვთა შრომას, ადამიანის სისხლს. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში და გეოგრაფიულ ადგილას, ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები ლეგალურ საბაზრო საქონელს წარმოადგენდა. შეზღუდვები პოლიტიკურია და მას მხოლოდ ეკონომიკურ ლოგიკას ვერ მივანდობთ. ასევე, შეიცვალა ჩამონათვალი იმისა, თუ რისი ყიდვა შეგვიძლია. მაგალითად, დღეს თავისუფლად შეგიძლია იყიდო გარემოს დაბინძურების უფლება (ჩანგი, 2014).

დასაქმებულთა სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, ნეოლიბერალები აცხადებენ, რომ თუ მშრომელი თანხმდება გაუსაძლის შრომით პირობებს, ეს მისი არჩევანია და მას უღირს ამ პირობებში მუშაობა.

მართალია, უფლებრივად თანამედროვე ადამიანი თავისუფალია და  ბატონყმობა გარდასულ დღეთა ამბავია… თუმცა, თანამედროვე ადამიანს ჰყავს ერთი საშინელი ბატონი, რომელსაც ჰქვია საჭიროება. ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემა მანიპულირებს უმუშევრობითა და ადამიანთა საჭიროებით.  მშრომელს უწევს არჩევანი გააკეთოს მომქანცველ ექსპლუატაციურ შრომასა და შიმშილს შორის. ადამიანი ქმნის საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ არ ქმნის მას მოცემული გარემოებებისგან და სოციალური ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად. დასაქმების ადგილებში ანალოგიური შრომითი ექსპლუატაცია, ქვეყანაში არსებული უმუშევრობა, სოციალური დაცვის მექანიზმების არარსებოა და სხვა გარემო-ფაქტორები განსაზღვრავენ მის არჩევანს, რომელსაც ირონია იქნება “თავისუფალი” უწოდო.

უფრო მეტიც, ჰეგემონური ნარატივი გვარწმუნებს, რომ სიღარიბეც ჩვენი უნიათობის და წარუმატებლობის შედეგია, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გამართულია, წესრიგშია, ყვავის და მხოლოდ სიზარმაცემ შეიძლება, საკუთარი მიზნების აღსრულებაში ადამიანს ხელი შეუშალოს. ის რაც ინდივიდის წარუმატებლობა გვგონია, სინამდვილეში სტრუქტურული უსამართლობის შედეგია. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ტაქტიკას იყენებდნენ საბჭოთა კავშირშიც 30-იანი წლებიდან: ითვლებოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ უკვე ყველაფერი გააკეთა სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, ახლა მხოლოდ “შრომა, ნებისყოფა და სურვილი” იყო საჭირო იმისთვის, რათა ადამიანებს დასახული მიზნისთვის მიეღწიათ (მშრომელი ქალი, 1935: 11).

“ბიბლუსის” ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დასაქმებულებს ჯერ მათთან უნდა დაემყარებინათ კომუნიკაცია. დასაქმებულებმა დაამყარეს კომუნიკაცია: უკმაყოფილება გამოთქვეს, რის შედეგადაც ისინი დაითხოვეს. თუმცა, ძალაუფლების მქონეთა ლოგიკით, კომუნიკაცია მყარდება მაშინ, როდესაც ხელმძღვანელები საუბრობენ და დასაქმებულები ეთანხმებიან. კომუნიკაცია სინამდვილეში ძლიერთა მონოლოგია, ხოლო ახლა დროა პროტესტისა, სოლიდარობისა და ბრძოლაში მხარის არჩევისა.

ძალაუფლების მფლობელნი მუდამ იმას ცდილობენ, რომ იდენტიფიცირება ჰეგემონურ ძალებთან მოვახდინოთ და არა - ჩაგრულ ჯგუფებთან; გვინერგავენ, რომ ჩვენ ვართ მოქალაქე-მომხმარებლები და არა მოქალაქე-მშრომელები; რეკლამების უნივერსალური ძალით ცდილობენ ჩაგრულთა შორის კომპლიციტურობის წახალისებას, რაც გულისხმობს ქმედებებით, ატრიბუტებითა და ცხოვრების სტილით მდიდარი უმცირესობის დამსგავსების მცდელობას. ეს ჩაგრულისთვის სიზიფეს შრომაა, რადგან ვერასოდეს მიუახლოვდება ჰეგემონურ იდეალს, მხოლოდ სიმულაციას ახერხებს. ფინანსური ელიტებისთვის ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპლიციტური ჩაგრული, რომელიც ძალაუფლების მქონესთან ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, არ აჯანყდება. ახლა კი დროა მხარის დაკავებისა და პროტესტისა.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“