საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება 2014 წლის დეკემბერში მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის იმპლემენტაციის პროცესი თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც ეროვნული კანონდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციის, ისე მისი დანერგვისა და აღსრულების კუთხით. სახელმწიფო ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის უფლების, დამოუკიდებელი ცხოვრების, გარემოს მისაწვდომობისა და სხვა უფლებების რეალიზების პროცესში არსებულ გამოწვევებს. დღემდე, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპლექსური და სისტემური ხასიათის ცვლილებებს მოითხოვს. კონვენციის სათანადო იმპლემენტაციისათვის აუცილებელია კანონმდებლობისა და ინსტიტუციური მექანიზმების ფუნდამენტური რეფორმირება, რაც უპირველესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სოციალური მოდელის დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კვლევაზე დაფუძნებული პროგრამების შექმნას, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებასა და სხვა სისტემურ რეფორმებს მოითხოვს.
ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა და ამ საკითხების ინტეგრირება პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებში, სპეციალური ხედვისა და მიდგომების შემუშავების საჭიროებას წარმოშობს, რაც მნიშვნელოვანია შესაბამისი ხედვებისა და გეგმების სახით ასახული იყოს პოლიტიკური პარტიების პროგრამულ დღის წესრიგებში.
ამ მიზნით მიმოვიხილავთ ექვსი პოლიტიკური პარტიის: „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამას.
დასახელებული პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები გარკვეულწილად მიემართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს, რაც დეტალურად ქვემოთ იქნება წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამგვარ ხედვას საერთოდ არ მოიცავს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პროგრამა.
სოციალური მოდელის დანერგვა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის უპირველესი მიზანი და ფუნდამენტური პრინციპია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სოციალური მოდელის შექმნა ამ დრომდე არ მომხდარა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასება კვლავ სამედიცინო მოდელს ეყრდნობა, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის სულისკვეთებასთან.
მიუხედავად არსებული საკითხის მნიშვნელობისა, არცერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, არ შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასებისათვის სამედიცინო მოდელის გაუქმებისა და სოციალური მიდგომების დამკვიდრების აუცილებლობის საკითხს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამაც მხოლოდ მოიხსენიებს ამ საკითხს, ყოველგვარი კონკრეტული გეგმის მითითების გარეშე.
სოციალური მოდელის დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების კვლევას და ბენეფიციარისთვის შესაბამისი სოციალური დაცვის პაკეტის შეთავაზებას მოიაზრებს. პოლიტიკური პარტიების ხედვა, ნაცვლად არსებული სისტემის სრულფასოვანი გადასინჯვისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის (ე.წ. პენსია) ბლანკეტური ნიშნულის გაზრდაზე ან/და მის გაანგარიშების წესის ცვლილებაზე გადის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა 2016 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფულადი გასაცემელის ზრდას ითვალისწინებს, რაც მხოლოდ მკვეთრად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალურ პაკეტს შეეხება. ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ერთიანი სოციალური პაკეტის შექმნის დაპირებას ითავლისწინებს „ეროვნული ფორუმის“ წინასაარჩევნო პროგრამა.
კონვენციის რატიფიცირებისა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გარემო უმეტეს შემთხვევაში კვლავ მიუწვდომელი რჩება. შენობები, ქუჩები, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. შენობა-ნაგებობები არათუ ვერ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტს, ხშირ შემთხვევაში შეღწევადიც კი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ფიზიკური გარემოს ადაპტირების პრობლემა განსაკუთრებით მასშტაბურია რეგიონებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია გაცილებით რთულია სწორედ ფიზიკურ და სოციალურ გარემოში არსებული ბარიერების გამო.
გარემოს ადაპტირების ვალდებულებას ითვალისწინებს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუმცა პროგრამა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობების ადაპტირებას და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებისათვის შესაბამისი რეგულაციების შემუშავებას მოიცავს. ფიზიკური ხელიმისაწვდომობის სტანდარტების დანერგვის ვალდებულებას ასევე ვხვდებით „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.
ქვეყანაში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება ხარისხიანი ინკლუზიური განათლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პრობლემა. ოფიციალური მონაცემით საჯარო სექტორში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რაოდენობა დასაქმებულთა 1%-საც ვერ აღწევს.[1]
ცალკეული პოლიტიკური პარტიების პროგრამები გარკვეულწილად შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხებს თუმცა, ეს დოკუმენტები არ შეიცავს ამ კუთხით მათი ხედვების რეალიზების კონკრეტულ მიმართულებებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს დაპირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას ყველა მოქალაქისათვის, მათი საჭიროებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებლად მიიჩნევს მათ დასაქმებას.
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა შეეხება განათლების საკითხებს და აქცენტს სვამს სკოლების დამხმარე საშუალებებით აღჭურვაზე, რაც გაამარტივებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწაველეების სწავლის პროცესში სრულფასოვან ჩართვას, მათ შორის ადაპტირებული ტრანსპორტის მომსახურებითა და მასწავლებლის ასისტენტის სერვისების დახმარებით. პარტია პროფესიული განათლების გაძლიერებისათვის ითვალისწინებს ოკუპაციური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, სპეციალური პედაგოგიკის, მასწავლებლის ასისტენტის მომზადებისა და სხვა მექანიზმების დანერგვასა და გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართულობას პროფესიული განათლების მიღების პროცესში.
სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროში სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო და შეფასების პროგრამების შექმნას ითვალისწინებს „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამა.
პარტიათა უმრავლესობისათვის ყურადღების მიღმა დარჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის თემზე დაფუძნებული სერვისების შექმნისა და განვითარების საკითხები. ამასთან, დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვა და მათ ნაცვლად ბენეფიციარებისათვის სათემო სერვისების შეთავაზება. საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ მიემართება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების საჭიროებებს, რომლებიც დღემდე წარმოადგენენ ამგვარი ინსტიტუციების ბენეფიციარებს, რასაც მათი უფლებების სისტემური შელახვის პრაქტიკა ახლავს თან. დარღვევათა სისტემურობაზე, მათ შორის არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე არაერთ ანგარიშში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი.
აღნიშნული საკითხები, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტაციონარულ და ამბულატორიულ დონეზე ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, თემზე დაფუძნებული სერვისებისა და შინ მოვლის პროგრამის გაძლიერებას ითვალისწინებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა.
ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯოებესებისა და მხარდაჭერის სისტემის რეფორმის დანერგვის საკითხს მხოლოდ „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამა ეხმიანება. პარტიის პროგრამა ითვალისწინებს ქმედუნარიანობის რეფორმის გაგრძელების მიზნით, დამატებითი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნასა და მხარდაჭერის სამსახურის ჩამოყალიბებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოების ვალდებულებას ეროვნულ დონეზე თავად შექმნან ან განსაზღვრონ კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდიანციის ორგანოები, რომელთა სათანადო რეფორმირებისა და ამოქმედების საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროგრამებში არ არის გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებები ამ სფეროში. მხოლოდ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშია საუბარი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერებაზე. კერძოდ, რეფორმის შინაარსი გულისხმობს კანონმდებლობაში სათანადო სანქციებისა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გათვალიწინებასა და დისკრიმინაციის ფაქტების გამოსავლენად სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გაფართოებას. ინსტიტუციური რეფორმის სხვა მიმართულებები არც საქართველო რესპუბლიკური პარტიის პროგრამაშია ხაზგასმული.
[1] ოფიციალური მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებული 53 109 ადამიანიდან, მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ინსტრუქცია