საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ორი ძირითადი გზა შეჯიბრებითი და ინკვიზიციური პროცესებია. ზოგადი განმარტების თანახმად, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ ვინ წარმართავს და აკონტროლებს პროცესს.[1] ინკვიზიციურ მოდელში, სასამართლო უშუალოდაა ჩართული საქმის გადაწყვეტის საკითხში, კერძოდ, მოსამართლეები იწყებენ სასამართლო პროცედურებს, აგროვებენ მტკიცებულებებს და განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა გაიხსნას საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.[2] ასევე, ნიშნავენ მოწმეებსა და ექსპერტებს, კითხავენ მათ და განსაზღვრავენ ჩვენებების ღირებულებას.[3] საპირისპიროდ, შეჯიბრებით პროცესში საქმის მიმდინარეობა მთლიანად მხარეებს აქვთ მინდობილი (მათ იურისტებს, რომლებიც ახორციელებენ მოწმეთა დაკითხვას),[4] მოსამართლე კი ნეიტრალური „არბიტრის“ ფუნქციას ასრულებს: ის კი არ აწარმოებს დამოუკიდებელ კვლევა-ძიებას, არამედ აფასებს მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და წყვეტს საქმეს არსებული ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით.[5]
სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი მიზანი იმის დადგენაა, თუ „რა მოხდა სინამდვილეში.“ „სიმართლის დადგენა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა, სისხლის სამართლის პროცესის აღიარებული და პირველადი მიზნებია.[6] ამასთან, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „სიმართლე“ სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის. ამ საკითხზე ორი გაბატონებული მიდგომა შეიძლება გამოიყოს: შესაბამისობის თეორია, რომლის მიხედვითაც განაჩენი მაშინ არის სწორი, როცა ის რელურად მომხდარ გარემოებებს შეესაბამება.[7] ამდენად, ამ თეორიის თანახმად, „სიმართლე“, „ოქროს დაფარული ნაწილია,“ რომლის აღმოჩენა და დღის შუქზე გამოტანაა საჭირო. საპირისპიროდ, კონსენსუსის თეორია სკეპტიკურად უყურებს „რელურად მომხდარი ფაქტების“ a priori არსებობის იდეას და მიუთითებს, რომ „სიმართლე“ უნდა განიმარტოს იმგვარად, როგორც ამაზე შეთანხმდებიან გონიერი ადამიანები სრული და სამართლიანი განხილვის შემდეგ.[8]
სამეცნიერო ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ შესაბამისობისა და კონსენსუსის თეორიების გავრცელება სამართლებრივ სისტემებში დიდწილად განსაზღვრავს კიდეც პროცესის ინკვიზიციურობისა და შეჯიბრებითობის ბუნებას. ინკვიზიციური მოდელი შესაბამისობის თეორიას ეყრდნობა, შეჯიბრებითი კი - კონსენსუსისას.[9] თუმცა, კონსენსუსის თეორიის კრიტიკისთვის უნდა ითქვას, რომ ის სიმართლის არსს კი არ განმარტავს, არამედ მისი დადგენის შესაძლო საუკეთესო გზებზე ამახვილებს ყურადღებას. რეალურად, ამას არც პირველი მოდელი გამორიცხავს. მეტიც, ლოგიკური და გონივრულია, რომ ჭეშმარიტი ფაქტების დადგენა სრული და სამართლიანი გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს.
შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენის მნიშვნელობა ეჭქვეშ არაა დაყენებული. ამერიკულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ხშირად შევხვდებით ნათქვამს, რომ „პროცესის ძირითადი მიზანი სიმართლის განსაზღვრაა...“ მოსამართლე დევიდ პეკი (David W. Peck) სულაც მიუთითებდა, რომ „სიმართლე და სწორი შედეგი მოსამართლისთვის არა უბრალოდ „ძირითადი,“ არამედ ერთადერთი მიზანია.“[10] ამდენად, წინამდებარე კვლევის მიზანი არაა იმ თეზის ეჭქვეშ დაყენება, რომ შეჯიბრებითი პროცესის საბოლოო მიზანიც, ინკვიზიციურის მსგავსად, იმის გარკვევაა, თუ „რა მოხდა სინამდვილეში“ (რადგან ეს მიზანი რომელიმე სამართლის სისტემის საკუთრება კი არა, ზოგადად მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ქვაკუთხედია). სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია იმის დადგენას ემსახურება, შეჯიბრებითი სისტემა, პრინციპების თეორიული განმარტებითა და დამკვიდრებული პროცედურების გამოკვლევით, საბოლოოდ, რამდენად ახერხებს ზემოთქმული მიზნის მიღწევას და რა აბრკოლებს მას ამ პროცესში. ამასთანავე, სტატიის მიზანი არ არის, შეჯიბრებითი პროცესის საპირწონედ ინკვიზიციური პროცესის უპირატესობა წარმოაჩინოს. კვლევის პირველადი ფოკუსი შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენის კუთხით მდგარი გამოწვევებია, ხოლო წარმოდგენილი ფაქტები და ინფორმაცია უმთავრესად სწორედ შეჯიბრებითი მოდელის წიაღში აღმოცენებულ კრიტიკას ეფუძნება.
შეჯიბრებითი სისტემის ისტორიული წინაპირობები
შეჯიბრებითი სისტემის დამკვიდრების ლოგიკა და ტრადიცია კარგად იხსნება აშშ-ის მაგალითზე. ერთ-ერთი მკვლევარი მიუთითებს, რომ „დამფუძნებელ მამებს, რომლებიც მეფის ავტოკრატიული სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, ერთი მხრივ აღმასრულებელი შტოსგან ფედერალური სასამართლო დამოუკიდებლობის, ხოლო მეორე მხრივ, ხალხისთვის არსებითი სასამართლო ძალაუფლების მინიჭების გარანტირება სურდათ.“ შედეგად, შეჯიბრებით ფილოსოფიას დაეფუძნა ფედერალური სისხლის სამართლის სისტემის კონსტიტუციური, პროცედურული და ეთიკური სტრუქტურები.[11]
აშშ-ის კონსტიტუცია სასამართლო ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს „საქმეები“ (cases) და „დავები“ (controversies).[12] „საქმეებისა და დავების“ პრინციპი ფედერალური სასამართლო სისტემის შეზღუდული, შეჯიბრებითი ბუნების საფუძვლად მიიჩნევა. როგორც მოსამართლე მარშალმა მიუთითა Marbury v. Madison-ის საქმეში, სასამართლოები ინდივიდთა უფლებრივ საკითხებს წყვეტენ და, ამდენად, უნდა ერეოდნენ აღმასრულებლის უფლებაში, გამოიყენოს კანონის იძულება. ეს შეზღუდვა სასამართლოებს ავალდებულებს, გადაწყვეტილებები მიიღონ „კონკრეტული სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც გამოხატულია კონკრეტულ შემთხვევებში და არა აბსტრაქციებში“, ხოლო მხარეებს აღჭურავს ავტონომიურობის პრინციპით, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები.[13] ამდენად, აშშ-ის სამართლებრივ სისტემაში შეჯიბრებითი პროცესის დაეფუძნა რეაქციას, დამკვიდრდა კონსტიტუციურად და ამოიზარდა სასამართლო პრაქტიკიდან. ეს უკანასკნელი ითვლება კიდეც შეჯიბრებითი სისტემის მთავარ შემოქმედად.[14]
აშშ-ში შეჯიბრებითი სისტემა ითვლება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებადაც. უზენაესმა სასამართლომ გამორიცხა მოსამართლეების, როგორც პოლიტიკის შემოქმედების საქმიანობა და პრაქტიკით დაადგინა, რომ ისინი მხოლოდ კანონის განმმარტებლები უნდა იყვნენ.[15] ამ მიდგომის თანახმად, ლიმიტირებული სასამართლო ხელისუფლება არა მხოლოდ იცავს პოლიტიკის შემოქმედ ხელისუფლების შტოებს, არამედ თავად სასამართლოს უხსნის გზას, რომ მხარეებს მისცეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე.[16]
შეჯიბრებითი და ინკვიზიციური მოდელები შეიძლება აიხსნას არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორ ანაწილებენ ძალაუფლებას და რა პასუხიმგებლობას აკისრებენ ისინი სხვადასხვა სამართლებრივ აქტორებს (მოსმაართლე/ნაფიცი მსაჯულები, პროკურატურა და დაცვის მხარე), არამედ უფრო ფართოდ, ეს ორი სისტემა განსხვავებულ სამართლებრივ კულტურებს აფუძნებს, განსხვავებული პროცედურული წესებითა და იმით, თუ როგორ უყურებენ ისინი სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ბაზისურ გარემოებებს.[17] ბევრ ქვეყანაში, ამერიკული გავლენების გავრცელებისა და ამერიკანიზაციის პროცესის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება შეჯიბრებითი პროცესის ან მისი ცალკეული ელემენტების დამკვიდრებაც ჩაითვალოს, რამაც კონტინენტური სამართლის ფრაგმენტაციაც გამოიწვია.[18]
სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
[1] Erin C. Blondel, Victims' Rights in an Adversary System, Duke Law Journal, Vol. 58, No. 2, 2008, p. 241, ხელმისაწვდომია: https://www.jstor.org/stable/40040652?seq=5#metadata_info_tab_contents
[2] იქვე.
[3] Bruno Deffains and Dominique Demougin, The inquisitorial and the adversarial procedure in a criminal court setting, Journal of Institutional and Theoretical Economics (JITE), 2008, p. 2, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/5174463_The_Inquisitorial_and_the_Adversarial_Procedure_in_a_Criminal_Court_Setting
[4] იქვე.
[5] Erin C. Blondel, დასახელებული ნაშრომი, p. 241.
[6] Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, Vol. 36, No. 2, 2011, p. 390, ხელმისაწვდომია: https://scholarship.law.unc.edu/cgi/viewcontent.cgi?referer=https://www.google.com/&httpsredir=1&article=1930&context=ncilj
[7] იქვე, p. 395.
[8] იქვე.
[9] იქვე.
[10] Marvin E. Frankel, The Search for Truth: An Umpireal View, American Law Register, Vol. 123, No. 5, 1975, p. 1033, ხელმისაწვდომია: https://scholarship.law.upenn.edu/cgi/viewcontent.cgi?article=5309&context=penn_law_review
[11] Erin C. Blondel, დასახელებული ნაშრომი, p. 243.
[12] The Constitution of the United States, art. III, sec. 2 (1), ხელმისაწვდომია: https://constitutionus.com/
[13] Erin C. Blondel, დასახელებული ნაშრომი, p. 243.
[14] William van Caenegem, Advantages and disadvantages of the adversarial system in criminal proceedings, Bond University, 1999, p. 72, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/27827449_Advantages_and_disadvantages_of_the_adversarial_system_in_criminal_proceedings
[15] Erin C. Blondel, დასახელებული ნაშრომი, p. 244.
[16] იქვე.
[17] Máximo Langer, From Legal Transplants to Legal Translations: The Globalization of Plea Bargaining and the Americanization Thesis in Criminal Procedure, University of California, Los Angeles School of Law, Vol. 45, No. 1, 2004, p. 4, ხელმისაწვდომია: https://www.academia.edu/36151855/FROM_LEGAL_TRANSPLANTS_TO_LEGAL_TRANSLATIONS_THE_GLOBALIZATION_OF_PLEA_BARGAINING_AND_THE_AMERICANIZATION_THESIS_IN_CRIMINAL_PROCEDURE
[18] იქვე, p. 62.
ინსტრუქცია