საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: მიხეილ ნებიერიძე
შესავალი: საერთო ისტორიული პერსპექტივები
სექსუალური გრძნობები და შეგრძნებები, ქცევის ფორმები და წარმოდგენები, თითოეულ ადამიანს გააჩნია, თუმცა, ამასთანავე, საკუთარი სექსუალური გამოცდილებით ყველა ადამიანი განსაკუთრებულია, რადგანაც ეს გამოცდილება ღრმა პიროვნული სივრციდან ამოიზრდება. სექსუალური შეხედულებების ფორმირებაზე გავლენას ახდენს როგორც პიროვნული გამოცდილებები, ისე საერთო საზოგადოებრივი ხდომილებები. კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე და ცხოვრების ყველა სფეროში, სექსუალობა ადამიანისთვის მომხიბვლელი, მიმზიდველი და მომაჯადოებელი როლის შემცველი იყო და ეს დღემდე გრძელდება. ხელოვნების ნაწარმოებები და ლიტერატურული მემკვიდრეობა სავსეა სექსუალური წარმოდგენებით.[1] რელიგიები, ფილოსოფიური სკოლები და საკანონმდებლო სტრუქტურები მუდმივად ცდილობდნენ და დღემდე განაგრძობენ ადამიანის სექსუალობისთვის ნორმების, შეზღუდვებისა და ტაბუს დაწესებას. თუკი იმ სამყაროს შეცნობა გვსურს, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ მუდმივად უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენი წარსულის სიზუსტით კვლევა-ძიებას. წარსულის გამოძიებისას კი აღმოვაჩენთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში რელიგია, ანდაც რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, სექსუალობასთან ერთად, ადამიანის ცხოვრების უმთავრეს მამოძრავებელ ძალას, უნარსა და შესაძლებლობას წარმოადგენდა.[2] ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული თანამედროვე წარმოდგენები მრავალ საკითხში განსხვავდება წარსული შეხედულებებისა და დამოკიდებულებებისგან. წინამდებარე ტექსტში პირველ ეტაპზე მოკლედ გავეცნოთ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებულ ძირითად ისტორიულ პერსპექტივებს, რის შემდეგაც უფრო კარგად შევძლებთ იმ დამოკიდებულებათა და წინააღმდეგობათა მოხელთებას, რომლებიც მართლმადიდებლურ თეოლოგიასა და ეკლესიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და სწავლებით დონეზე გამოიკვეთა.
კაცობრიობის ისტორიაში იუდეველთა, ანდაც ისრაელიტთა გამოჩენამ ადამიანის სექსუალური ქცევებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები წარმოაჩინა. ძველი აღთქმის პირველ ხუთ წიგნში, რომლებიც იუდეველთა საკანონმდებლო კოდექსის ფუნდამეტია, მოცემულია ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული სხვადასხვა განჩინება: მაგალითად, მრუშობა დეკალოგში ცოდვადაა მიჩნეული (გამ. 20, 14). თუმცა, საერთო ჯამში, ძველი აღთქმის იუდეველთათვის სექსუალობა არც თავისთავად უკეთურებად განიხილებოდა და არც მხოლოდ გამრავლებასა და შვილიერებაზე დაიყვანებოდა. ის უფრო მეტად ღვთისგან ბოძებულ ენერგიად წარმოედგინათ, როგორც ეს ქებათა-ქებაში ტრფობის ფორმითაა გადმოცემული: „რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით! სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა. შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?! ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი. და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი, შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი. სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც. მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი. მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე; მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა; ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი“ (ქებათა-ქება 7, 7-13).[3]
მართლმადიდებელი თეოლოგი და რელიგიის სოციოლოგი დემოსთენე სავრამისი აღნიშნავს, რომ არქაულ და უმეტესად წინარექრისტიანულ რელიგიებში ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით შეიმჩნევა შიში, რომელიც მეტწილად სექსუალური კავშირის შედეგებთან (ფეხმძიმობა, ბავშვის დაბადება) და ქალის მენსტრუალური ციკლის დროს სისხლის გამოდენასთანაა დაკავშირებული. რაც, თავის მხრივ, ამ შემთხვევაში ქალებისთვის გარკვეული საზოგადოებრივი ნორმებისა და შეზღუდვების მიზეზი ხდებოდა. ქრისტიანულ დასავლეთში კი ამგვარ შიშთან ერთად დანაშაულის გრძნობა და ცოდვის ცნება იმკვიდრებს ადგილს,[4] რომლის საწყისებსაც, ბუნებრივია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძველი აღთქმის პერიოდთან მივყავართ.
ანტიკურ საბერძნეთში ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად ტოლერანტული და პოზიტიური წარმოდგენები ჭარბობდა. პლატონმა ეროტიკულ სიყვარულსა და სექსუალურ ვნებას შორის სხვაობის ხაზი გაავლო. მისი შეხედულების მიხედვით, ჩვენი ცხოველური ბუნებაა პრინციპულად სექსუალური ვნების შემცველი და სექსუალური ვნებით შეპყრობისას ცხოველებივით ვმოქმედებთ და შევიგრძნობთ. ეროტიკული სიყვარულისას კი, ჩვენი, როგორც რაციონალური ქმნილებების ბუნება ერთვება თამაშში და ადამიანი უფრო მეტად სუფთა და მტკიცე იმპულსების დაკმაყოფილებას ესწრაფვის. ეროტიკული სიყვარულის სრულყოფილი მიღწევისთვის, პლატონის აზრით, ვნების ელემენტი საერთოდ უნდა გაქრეს. ვნების გარეშე კი, სიყვარული, პლატონური სიყვარული, შინაგანად რაციონალური და მორალურად წმინდა ხდება. პლატონის შემდგომ, ნეოპლატონურ ფილოსოფიასა და მის მიმდევრებში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ სექსუალური ვნება უპირველესად ფიზიკურია, ხოლო სიყვარულს ყოველთვის სულიერი მხარე გააჩნია.[5] ადრეული ქრისტიანობის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც მოგვიანებით შედარებით ვრცლად შევეხებით, ძველბერძნულმა ფილოსოფიურმა და ებრაულმა წარმოდგენებმა ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და მეტწილად სხეულებრივ და სულიერ სიყვარულს შორის სხვაობის ფორმა შეიძინა.
ისლამურ, ინდუისტურ და ძველი აღმოსავლეთის სხვა სოციოკულტურებში ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო განსხვავებული და, გარკვეულწილად, პოზიტიური წარმოდგენები ჭარბობდა. მაგალითად, თითქმის ყველა ინდუისტურ სუბჯგუფში სექსუალური გამოხატულებისა და ფორმების მრავალფეროვნება სრულებით მიღებული გახლდათ. ჩინეთში კი სექსუალობა არა რაღაც შიშისა და ძრწოლის მომგვრელად, ანდაც ცოდვის შემცველად, არამედ, პირიქით, რელიგიურ აქტად და უკვდავებისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც კი აღიქმებოდა. ინდური კამასუტრა, რომელიც დაახლოებით იმავე დროსაა შედგენილი, როდესაც ავგუსტინემ თავისი აღსარება დაწერა, სექსუალური სიყვარულის ხელოვნების ძალზედ დეტალურ „გზამკვლევს“ გვთავაზობს. ძველ ჩინეთსა და იაპონიაში ასევე ჰქონდათ „სახელმძღვანელოები“, რომლებშიც სექსუალური სიამოვნების მიღწევის გზები და ვარიაციები განიხილებოდა.[6] ქრისტიანული ტრადიციის ევროპის რეგიონში კი, პირველი ათასწლეულის შემდგომ, ეკლესიის ავტორიტეტისა და გავლენის მატებასთან ერთად, სექსუალობის ნორმირება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მეტად რეპრესიულ ფორმას იძენდა, რაშიც ხელისუფალთა და ეკლესიის პოზიციები დიდწილად ერთმანეთს ემთხვეოდა.
XV-XVI საუკუნეებში, ჰუმანიზმის დაბადებასთან ერთად, ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული რეპრესიული მიდგომა გარკვეულწილად შესუსტდა. პროტესტანტული რეფორმაცია, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, ნაკლებად აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. მარტინ ლუთერი, რომელიც თავად სექსუალობასთან მიმართებით ნაკლებად თავისუფალ წარმოდგენებს იზიარებდა, ადამიანის სექსუალობას ცოდვის შემცველად არ მიიჩნევდა და არც უქორწინებლობას და ქალწულებას თვლიდა თავისთავად სათნოებად. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოებასა და რელიგიურ გაერთიანებაში ადამიანის სექსუალობასთან მიმართებით წარმოდგენები ერთმანეთისგან სხვაობდა. მე-19 საუკუნის ინგლისი და საფრანგეთი ადამიანის სექსუალობას საკმაოდ ტოლერანტულად უდგებოდა, ამავე დროს, პურიტანული ეთოსის კოლონიზებულ ჩრდილოეთ ამერიკაში უქორწინებელ წყვილთა შორის სექსუალური კავშირი კანონით ისჯებოდა. ვიქტორიანულმა ეპოქამ კი, საკუთარი მაღალი მორალური წარმოდგენებით, ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით საზოგადოებებში აქამდე არნახული ტაბუები წარმოშვა. ამ პერიოდში ნორმები და აკრძალვები იმდენად აბსურდულ ფორმებს იძენდნენ, რომ ზოგიერთ ვიქტორიანულ ოჯახში განსხვავებული სქესის ავტორთა წიგნების თაროზე ერთად დაწყობაც კი იკრძალებოდა.[7]
ადამიანის სექსუალობის უფრო მეტად წმინდად მეცნიერული კვლევა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში იწყება. ამ კუთხით გარდამტეხი როლი ამერიკაში მოღვაწე, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორის, ალფრედ კინზის შრომებმა შეასრულა. თითქმის 12 000 ადამიანის გამოკითხვაზე დაფუძნებულმა ორნაწილიანმა კვლევამ, ბევრ ტაბუირებულ საკითხს ახადა ფარდა.[8] მაგალითად, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულ მამაკაცთა 37%-ს აშშ-ში ზრდასრულობის ასაკში სულ მცირე ერთი ჰომოსექსუალური გამოცდილება მაინც ჰქონდა, დაქორწინებულ მამაკაცთა 40% კი თავის მეუღლეს ღალატობდა. გამოკითხულ ქალთა 62% მასტურბაციით იყო დაკავებული. კინზის კვლევა რეალობის ობიექტური ჩვენების მცდელობა იყო და არა ადამიანის სექსუალური ქცევის მორალური, ან სამედიცინო განსჯა. მიუხედავად იმისა, რომ კინზის შრომამ პოპულარობასთან ერთად მრავალმხრივი კრიტიკაც დაიმსახურა, მან ინდიანას უნივერსიტეტში სექსუალობასთან დაკავშირებულ მომავალ მნიშვნელოვან კვლევით საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი.[9] ამ მოვლენებს, მალევე, სამოციან წლებში, ე.წ. სექსუალური რევოლუცია მოჰყვა. თავად სექსუალური რევოლუციის მიზეზები მრავალმხრივია. მათ შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ წვდომა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე, ახალგაზრდობის მრავალმხრივი პროტესტები, ფემინიზმის ხელახალი ტალღა და სექსუალურ საკითხებზე საკმაოდ ღია დისკუსიებისა და განხილვების გამართვა.[10] სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული კი, ადამიანის სექსუალობაზე, სექსუალურ კავშირებსა და სექსოლოგიაზე უამრავი სამეცნიერო შრომის გამოქვეყნება იწყება.[11] თანამედროვე პერიოდში ადამიანის სექსუალობაზე, სქესზე, გენდერზე, სექსუალურ თვითიდენტიფიკაციაზე, როგორც სამეცნიერო და სამედიცინო, ისე საკანონმდებლო დონეზე, უკიდურესად დაძაბული დისკუსიები მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში სექსუალობასთან დაკავშირებული ტენდენციები, წარმოდგენები და შეხედულებები იცვლება, თუმცა ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მიმართულებით განვითარდება მომავალში სექსუალობასთან დაკავშირებით კაცობრიობის შეხედულება.
გასული საუკუნე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის სექსუალობის მეცნიერული კვლევის დაწყების ხანაა. ამ პერიოდსვე უკავშირდება ამ საკითხის კრიტიკული ისტორიული შესწავლა. ფროიდისა და იუნგის გარდამტეხი შრომების შემდგომ, მიშელ ფუკოს ოთხნაწილიანი შრომის, „სექსუალობის ისტორია“, მესამე ნაწილი დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის სექსუალობისადმი ანტიკური საბერძნეთის, რომის და ქრისტიანობის მიდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ ფუკოს შრომა მეტწილად ფილოსოფიურია, ვიდრე ისტორიული, მისი ხშირად საკამათო ფილოსოფიური მიგნებები დღემდე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონეა. ფუკოსთვის ფუნდამენტური ინტერესის სფერო იყო ის, თუ როგორ, რატომ და რა ფორმით იქცა ადამიანის სექსუალობა მორალისა და მორალური განსჯის საგნად. მისთვის ნათელი გახდა, რომ ამ საკითხზე მიდგომათა ტრანსფორმაციის მთელი კასკადი ერთ მხარეს მდგომ სიშიშვლის, სექსუალურ ინტრიგათა და სიამოვნების მოტრფიალე ბერძნებსა და, მეორე მხარეს შინაგანი სამყაროს მაძიებელ, მორალური განსჯის მქონე ქრისტიანებს შორის აღმოცენდა. სიშიშვლით და სექსუალური სცენებით დატვირთული ბერძნული მხატვრობისა და მოკრძალებული, გეომეტრიული ფორმის ქრისტიანული ფერწერის უძველესი ნიმუშების შედარება, ფუკოსთვის იმის მანიშნებელია, რომ ქრისტიანობამ ადამიანის სექსუალობა გარეგნული გამოხატულებიდან შინაგანისკენ მიმართა, ამით მან მსოფლიო კულტურაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ფუკო ასკვნის, რომ, მართალია, ქრისტიანული ეპოქის პირველ ორ საუკუნეში რიგი ბერძნული, არაქრისტიანული წყაროები ადამიანის სექსუალობასთან მიმართებით გარკვეულად ახალ, „პურიტანულ“ დამოკიდებულებას ამჟღავАნებენ, ადამიანის სხეულის გაგებაში ცვლილების გარდამტეხ პერიოდად მე-4 საუკუნე, პატრისტიკული პერიოდის ასკეტური იდეალები შეიძლება მივიჩნიოთ. რისი შედეგებიც უმთავრესად სექსუალური კავშირის უარყოფითი გაგების დამკვიდრებაში გამოიხატა. ფილოსოფიური კუთხით კოსმოლოგიური ფოკუსირება, საკუთარი თავის შინაგანმა, ასკეტურმა, როგორც ფილოსოფიური ძიების უმაღლესმა მიზანმა ჩაანაცვლა. უმთავრეს ეთიკურ კატეგორიებად კი, მორჩილება და ასკეტური წვრთნა იქნა მიჩნეული, ამავე დროს, სიწმინდისა და უბიწოების სასურველი და ყოვლისმომცველი მიზნის მიღწევა მხოლოდ თვითუარყოფის საშუალებებით იქნებოდა შესაძლებელი.[12]
პერსპექტივები ეკლესიის ისტორიიდან
პატრისტიკული ლიტერატურა, თავის მხრივ, წმინდა წერილს და მასში გაჟღერებულ ღვთის სიტყვას ეფუძნება. სახარებისეული იესო კი უფრო მეტად აპოკალიპტური მქადაგებელია, რომელიც წმინდა წერილის წინასწარმეტყველებითი ტრადიციის კვალდაკვალ, საღვთო სამეფოს ისტორიაში შემოსვლის, მის აქ და ახლა დაწყებაზე მიუთითებს და სექსუალობასთან დაკავშირებით არასისტემურ, ყოველთვის გარკვეულ მომენტზე დაფუძნებულ მოსაზრებას გამოთქვამს. დღემდე პრობლემურია იმის ზუსტად გამორკვევა, თუ რას გულისხმობდა იესო, როდესაც სექსუალობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს იგავურად ეხებოდა. ასევე არანაკლები დავის საგანია, თუ რამდენად უნივერსალურია სექსუალობასთან დაკავშირებული მისი მითითებები. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: „დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის, და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე“ (მარკ. 10,28-30). სადავოა პასუხი კითხვაზე, ეხება თუ არა მისი მოწოდება თავისი მოწაფეებისადმი, ცოლის, შვილებისა და ოჯახის დატოვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ გარკვეული დროით სამოციქულო და მისიონერული ამოცანების შესრულებას, თუ ეს არის საერთო მოწოდება, რომელიც ყველას ეხება და ამ შემთხვევაში წმინდად ესქატოლოგიურია? მისი მოწოდება გულში მრუშობასთან დაკავშირებით (მათ. 5, 27-28) ქალებისა და კაცების სოციალურ მოწყობას შეეხებოდა, თუ უბრალოდ კონკრეტული გულისმიერი ზრახვების მოთოკვისკენ იყო მიმართული? ანდაც, იესოს ამგვარი აზრი ყველა დროის ყველა მის მიმდევარს მიემართება, თუ ეს მხოლოდ მისიონერული მიზნით, საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულებისადმი გაფრთხილებაა, რომელთაც ოჯახები დატოვეს, უამრავ ხალხთან შეხება უწევთ და ამგვარი მსახურების შესრულებისას იესო კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევას აძლევს? შეგვიძლია გავიხსენოთ იესოს დიალოგი სადუკეველებთან (მათ. 22, 23-30), სადაც სადუკეველთა გამომცდელ და სრულიად აბსურდულ დასკვნასა და შეკითხვაზე - „მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი?“ იესო პასუხობს: „სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში“. რა შეიძლება სექსუალურ ეთიკასთან დაკავშირებით ამ კონკრეტული პასაჟიდან გამოვარკვიოთ? პასუხი მარტივია. ქრისტე ესქატოლოგიური მქადაგებელია და აქ ის ღვთის სამეფოს, მთელი ქვეყნიერების ესქატოლოგიურ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს.[13]
შესაბამისად, თუკი იესოს სიტყვებს თავდაპირველ ესქატოლოგიურ კონტექსტს მოვაშორებთ, მათი მნიშვნელობა რადიკალურად შეიცვლება. მაგალითად, როგორც კი გულსა და გონებაში ჩადენილი მრუშობის შესახებ იესოს გამონათქვამს ესქატოლოგიური სიმბოლიზმის მიღმა გავიტანთ და ეთიკური ნორმირების ჩარჩოს მოვარგებთ, მაშინ სექსუალური ეთიკა რადიკალურად ყოვლისმომცველ და პერსონალურ ასკეტურ-ზელოტურ ფორმას იძენს: „თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დავსვათ შეკითხვა: არის თუ არა ეს ზოგადი ეთიკური სწავლება, რომ ყველაფერი გულისმიერი განზრახვიდან მომდინარეობს და, შესაბამისად, გულის წადილს სჭირდება გაფრთხილება? თუ აქ კონკრეტული სექსუალურ-ეთიკური ინსტრუქცია იგულისხმება: რომ ვნებისგან აღძრული აზრები ისეთივე მძიმე ცოდვის შემცველია, როგორც მრუშობა, მაგრამ მაგალითად, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე გულისთქმა არა? ეს უკანასკნელია ინტერპრეტაციის ის ფორმა, რომელმაც პატრისტიკულ ეპოქაში ქრისტიანული სექსუალური ეთიკის ძირითადი ხაზი განსაზღვრა.[14]
ეკლესიის მამების დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით გარკვეულ მრავალფეროვნებას გვთავაზობს დეტალებში, თუმცა საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ პატრისტიკულ ეპოქაში ქორწინებაზე უარის თქმის, ქორწინებისგან თავშეკავების, ანდაც სხვა სიტყვებით, ქალწულების უპირატესობა გამოიკვეთა. ძველი ეკლესიის მამებისთვის ქორწინებამდელი, ქორწინების მიღმა და სხვა ნებისმიერი ჰეტერო თუ ჰომოსექსუალური კავშირი მიუღებელია და მძიმე ცოდვის შემცველია. ამ ეპოქაში აზრთა ჭიდილი უფრო მეტად, ერთი მხრივ, ქალწულებასა და ქორწინებას შორის უპირატესობის დადგენას და, მეორე მხრივ, ქორწინებაში მყოფი წყვილის სექსუალური კავშირის და მათი შედეგების ფორმათა და რაობის გამორკვევას მიემართება. პატრისტიკული ლიტერატურა მეტწილად რეაქციული ხასიათისაა. ძველი ეკლესიის მასწავლებლები მათ გარშემო წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე წერდნენ და ეხებოდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც იმ ეპოქაში გადაწყვეტას და ეკლესიის მხრიდან პასუხს მოითხოვდა. მაგალითად, ნეტარი ავგუსტინეს დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ნეგატიურისკენ იცვლება პელაგინალებთან დავის შემდგომ პერიოდში, რომლებიც ქორწინებასა და ქალწულებას თანაბარ ღირსებასა და სათნოებით მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ავგუსტინეს ღრმად სწამს, რომ ადამიანს შეუძლებელია ჰქონდეს სექსუალური კავშირი თუნდაც ქორწინებაში და მან რაციონალურობა სრულად შეინარჩუნოს, ანდაც საკუთარი სურვილების და ვნებების მოთოკვა შეძლოს. სექსუალური კავშირის დამყარებისას ადამიანი ვნების ტყვეობაში ექცევა. პლატონის მსგავსად, ავგუსტინეც ამ შემთხვევაში სიყვარულსა და ვნებით აღძვრის დაუოკებელ სურვილს შორის სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს უკანასკნელი კი მისთვის ცოდვით დაცემის შედეგი და, შესაბამისად, თავისთავად ცოდვის შემცველია.[15] წმ. გრიგოლ ნაზიანზელი კი ამის საპირისპიროდ ქორწინებას თავისთავად სიკეთედ მიიჩნევს, რომელსაც საკუთარი ბრწყინვალება და მშვენიერება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქალწულება თავადაც უფრო სასურველად ესახება: „ჩვენ არ ვამცრობთ ქორწინების ღირსებას იმით, რომ ქალწულობას უფრო დიდ პატივს მივაგებთ. მე მივბაძავ ქრისტეს, წმინდა ხელისმომკიდესა და საქმროს, რომელმაც სასწაული აღასრულა ქორწილში და თავისი თანდასწრებით ქორწინებას პატივი მიაგო“.[16] პატრისტიკული პერიოდის ასკეტურმა თავშეკავებულობამ, საერთო ჯამში, ხელი შეუწყო არა მხოლოდ ადამიანის სხეულის გაგებას, არამედ საზოგადოების ნორმირებისა და მოწყობის ფორმის შეცვლასაც. ქრისტიანული გავლენით ბიზანტიურ კულტურასა და საზოგადოებაში ადამიანის სექსუალობა, სექსუალური კავშირის ფორმები და მათი შედეგები (თავდაცვა, აბორტი და ა.შ.) კონკრეტული ნორმირების ჩარჩოს დაექვემდებარა.[17]
გვიან შუა საუკუნეებში მართლმადიდებელ სლავთა დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობაზე უფრო მეტად დასავლურ, გარკვეულწილად, ავგუსტინესეული გაგების ხაზს გაჰყვა. მათთვის სექსუალური კავშირის სურვილი ადამიანის ბუნებისთვის უცხოდ, შესაბამისად, ცოდვის შედეგად და არა ღმერთის თავდაპირველი შესაქმის ნაწილად აღიქმებოდა. ავგუსტინესეული ხედვის კვალდაკვალ, სიყვარულსა და სექსუალურ ვნებას შორის ყოველგვარ კავშირს უარყოფდნენ და ადამიანის სექსუალობის ბოროტ, სატანურ საწყისს, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის, ისე საზოგადოების სტაბილურობისთვის, საფრთხის შემქმნელად წარმოიდგენდნენ. აქედან გამომდინარე, თუკი მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელი იყო, მაშინ მისი მკაცრი კონტროლი და რეგულირება იყო საჭირო.[18]
თანამედროვეობა
გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც, უმეტესად დასავლეთში, ადამიანის სექსუალობის მრავალმხრივმა მეცნიერულმა, ფილოსოფიურმა, ისტორიულმა, სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა შესწავლამ და სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა სექსუალობისადმი მიდგომის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ჩაუყარეს საფუძველი, მართლმადიდებელი საზოგადოების დიდი უმრავლესობა კომუნისტური რეჟიმის ქვეშ მოექცა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ადამიანის სექსუალობა და სექსუალური მორალი კვლავაც აკრძალულ საგნად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ქორწინებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და უფლებების შესწავლა არ შეწყვეტილა, ადამიანის სექსუალობა, სექსუალური ქცევა, როგორც ასეთი, ისევ და ისევ ტაბუირებული რჩებოდა. რეპრესირებული მართლმადიდებელი ეკლესია და თეოლოგია გარკვეულწილად ამ თანამედროვე ტრანსფორმაციული მოვლენების მიღმა დარჩა. უმეტესწილად ემიგრაციაში მყოფ მართლმადიდებელ თეოლოგთა და მოაზროვნეთა ხმა, რომლებიც ადამიანის სექსუალობას საღვთისმეტყველო კუთხით განიხილავდნენ და იკვლევდნენ, საკმარისად ხმამაღალი და თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული არ აღმოჩნდა.
თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია, ადამიანის სექსუალობასთან მიმართებით, უმეტესად, ერთი მხრივ, ქრისტიანულ ქორწინებაზე და მის საკრამენტულ, საიდუმლოებრივ ხასიათზე, მეორე მხრივ კი, საკმაოდ მგრძნობიარე გენდერულ პრობლემატიკაზე ფოკუსირდება, რაც საეკლესიო სივრცეში ქალთა ხელდასხმის საკითხს შეეხება. ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული მთელი რიგი მწვავე და აქტუალური საკითხები კი, ამ დროს ფართო მსჯელობის მიღმა რჩება.[19] მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ადამიანის სექსუალური აქტივობის განხორციელების ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე ქორწინებითი კავშირია, რაც, თავის მხრივ, ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთმიმართების სახე-ხატია. ქორწინებითი კავშირის ერთადერთი მიღებული, ღვთივსათნო ფორმა კი მონოგამიური, ჰეტეროსექსუალური, ჯვრისწერის საიდუმლოთი დაკავშირებული ცოლისა და ქმრის ურთიერთობაა. სექსუალური აქტივობის ყველა სხვა ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელი და ცოდვის შემცველია.[20] ამჟამად, მართლმადიდებელი ეკლესიისა და თეოლოგიისთვის ქალსა და კაცს შორის ქორწინებითი კავშირის მიღმა ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული ყველა სხვა სწავლებითი თუ პასტორალური მწვავე საკითხი დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სხვა დასავლური ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესია მოკლებულია როგორც ღრმა და მრავალფეროვან საღვთისმეტყველო კვლევებს, ისე საეკლესიო დონეზე პასტორალურ და მკაფიო სწავლებით გადაწყვეტილებებს.
მნიშვნელოვანი საეკლესიო დოკუმენტები მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური სწავლების შესახებ პირველად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (შემდეგში რმე) შემოგვთავაზა 2002 და 2008 წლებში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური სწავლება ადამიანის სექსუალობის შესახებ ემყარება რწმენას, რომ სექსუალური ურთიერთობები მონოგამიური, ჰეტეროსექსუალური ქორწინების საზღვრებით უნდა შემოიფარგლოს. ჰეტეროსექსუალური ქორწინების მიღმა ნებისმიერი სექსუალური ატივობა ცოდვად მიიჩნევა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ზოგადად ჰომოსექსუალიზმის მიმართ. გარდა იმისა, რომ ჰომოსექსუალური კავშირები ცოდვად და ბიბლიური სწავლებით დადგენილი ბუნებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ არის მიჩნეული, რმე მრავალია წელია რუსეთში მოქმედ სხვადასხვა კანონს უჭერს მხარს, რომლებიც ლგბტ პირების უფლებების შეზღუდვას ემსახურება. ამ კუთხით აღნიშვნის ღირსია „გეი პროპაგანდის“ კანონისადმი რმე-ს და თავად რმე-ს პატრიარქის, კირილე გუნდიაევის ღია მხარდაჭერა. 2013 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ახალ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას კრძალავს. ამ კანონმა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე ცხარე კრიტიკა დაიმსახურა, რამდენადაც ის უშუალოდ არის დაკავშირებული ლგბტ აქტივიზმის ჩახშობასთან და ლგბტ პირების დისკრიმინაციის ხელშეწყობასთან. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ „გეი პროპაგანდის“ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა. პატრიარქმა კირილემ, საჯაროდ დაუჭირა მხარი კანონს და განაცხადა, რომ ეს გახლდათ ღონისძიება, რომელიც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.
2016 წელს კრეტაზე საერთო მართლმადიდებლური კრება გაიმართა, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლები შეეცადნენ თანამედროვეობის გამოწვევებს შეხებოდნენ და ეკლესიის პოზიცია გამოეხატათ, თუმცა კრებამ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებული მიდგომა გამოიჩინა და მხოლოდ ქორწინებითი კავშირის ტრადიციული გაგება შემოგვთავაზა. ამგვარი თავშეკავების პრობლემური სახე განსაკუთრებული სიმძაფრით გამოიხატა, როდესაც ქრისტიანი ლგბტ თემის ევროპული ფორუმის მართლმადიდებლურმა სამუშაო ჯგუფმა კრეტის კრებას ღია წერილით მიმართა, რომელიც სამწუხაროდ, როგორც კრების საბოლოო დოკუმენტებში ჩანს, უპასუხოდ დარჩა. წერილში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ მოპყრობამ საგანგაშო სახე მიიღო: „ბევრ მართლმადიდებელ ლგბტ ქრისტიანს უკვე ჩამოერთვა მრევლის წევრობა და წმინდა ზიარების მიღება აეკრძალა; მათ კონვერსიული თერაპიის გავლა უწევთ, რომელიც მათ პიროვნებაზე მავნე გავლენას ახდენს; გარდა ამისა, აიძულებენ მონაზვნური ცხოვრების წესის მიღებას, თუმცა ამის არც მიდრეკილება და არც მოწოდება არ გააჩნიათ; მათვე აიძულებენ ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს (მათ მეუღლეებს, შვილებს, ოჯახებს) აზიანებს“.[21] ლგბტ ჯგუფი კრებას თხოვნით მიმართავს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლგბტ პირების ადამიანური ღირსება აღიაროს და მათ ეკლესიასთან ღია დიალოგში შესვლის უფლება მიეცეთ: „გთხოვთ: როდესაც ქადაგებებში თუ მოწოდებებში ლგბტ ადამიანებზე და მათ საზრუნავზე საუბრობთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ შეიძლება იმ დროს თქვენს წინ ვიდგეთ! ჩვენ არ ვართ აბსტრაქტული კონცეფცია, რეალური ადამიანები - თქვენი შვილები, დები და ძმები ვართ“.[22]
შედარებით ნაკლებად თავშეკავებული გზავნილის შემცველია 2020 წლის მსოფლიო საპატრიარქოს სოციალური ეთოსის შესახებ შემუშავებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მართალია, ადამიანის სექსუალური ცხოვრების მრავალფეროვნება ეკლესიის სწავლებით ტრადიციულ ჩარჩოში რჩება („ზრდასრულმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა (ქალმა თუ მამაკაცმა) სამი შესაძლო გზიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს: ოჯახური ცხოვრება, მონასტრული ცხოვრება ან უქორწინებლობა“.[23]), ტექსტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთა პირად თავისუფლებას და უფლებას, რათა ყველას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ჰქონდეს მისთვის სასურველი სექსუალური ცხოვრება: „უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია და, მისი სექსუალური შეხედულების გამო, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, სდევნიდეს ან სამართლებრივად აზიანებდეს მას. მაგრამ ეკლესიისათვის ადამიანის იდენტობა გამოიხატება არა მისი სექსუალობით, არამედ, უფრო მეტად, ღვთის იმ ხატებისა და მსგავსების მეშვეობით, რომელიც ყველა ჩვენგანში მყოფობს. ყველა ქრისტიანი მოწოდებულია, თითოეულ ადამიანში ყოველთვის ეძიოს ღვთის ხატება და მსგავსება და წინაღუდგეს ყოველგვარ დისკრიმინაციას მოყვასისადმი, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა. ქრისტიანები მოწოდებულნი არიან, რომ სექსუალური ზომიერებით იცხოვრონ, როგორც ქორწინებაში, ისე მის მიღმა; სწორედ იმიტომ, რომ ქმნილ წესრიგში სექსუალური სიცოცხლე განიწმინდოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანები არ არიან მოწოდებულნი ვინმესადმი ძალადობისა და ზიზღისკენ“.[24]
საერთო ჯამში კი, ფართო სურათი გვაჩვენებს, რომ ადამიანის სექსუალობის და სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ თანამედროვე მართლმადიდებლური დისკურსები, ძალიან ხშირად ისტორიული მტკიცებულებების თავდაცვით რეჟიმში მოშველიების მცდელობებია, რათა თანამედროვეობის დამაბნეველ შეკითხვებზე თავდაჯერებული, მკაფიო და ცალსახა პასუხები შემოგვთავაზონ. მაგრამ ამ თემებთან დაკავშირებით ისტორიულ-თეოლოგიური რეფლექსიის წყაროებში მოხელთება ძალიან რთულია. ამას, სულ მცირე, სამი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, თეოლოგიური შრომები და თავად თეოლოგები მათი კულტურული კონტექსტის ზეგავლენისგან თავისუფალნი არ არიან, ამიტომ, ხშირად ძნელია, თუ არა შეუძლებელი, თეოლოგიური პრინციპებისა და ვარაუდების გარემო კულტურისგან გამოცალკევება; მეორე შემთხვევაში, ამ თემებზე ნააზრევი, სადაც კი მათი მოხელთება შეიძლება, უმეტესად შემთხვევითი ან იმპლიციტურია და არა წმინდად პროგრამული, რაც ბადებს კითხვებს იმის შესახებ, არის თუ არა ეს მასალა მეთოდური და საკითხის სიღრმისეულ შესწავლაზე ორიენტირებული; და ბოლოს, სექსუალობაზე, სქესსა და გენდერზე დებატების უმეტეს (თუ არა ყველა) თანამედროვე დისკურსში ეკლესიისა და თეოლოგიის მხრიდან მხოლოდ წინარემოდერნული ეპოქის საეკლესიო მწერლების (რომლებიც ავტორიტეტული მართლმადიდებლური სასულიერო ტრადიციის ბირთვს ქმნიან) მსჯელობის უკონტექსტო მოშველიება, როგორც შემეცნებით დონეზე, ისე ტერმინოლოგიურად, მიზანშეუწონელი და უნაყოფოა. ყოველივე ეს, თავის მხრივ, საეკლესიო ისტორიულ წყაროებს უქმნის საფრთხეს, რომ ისინი მტკიცებულებების და არგუმენტების მოსაძიებელ მხოლოდ კონკრეტული მიზნის მისაღწევ საშუალებად იქცნენ და ამით ნაძარცვ საუნჯეს დაემსგავსონ.
ფაქტია, რომ ადამიანის სექსუალურ ქცევაზე და ამ ქცევის შედეგებზე (ორსულობა, აბორტი და ა.შ) პიროვნული რელიგიური (ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია) რწმენა-წარმოდგენები განსაკუთრებულ ზეგავლენას (ხშირად ნეგატიურ ზეგავლენას) ახდენენ, რაც აუცილებელს ხდის სულ მცირე იმის გადაწყვეტას, შესაძლებელია თუ არა ადამიანის ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი შემადგენლის, რელიგიისა (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური რწმენა) და სექსუალობის შეთანხმება. მართლმადიდებელ ეკლესიაში, პირველ ნაბიჯად, ამის მისაღწევად, შეიძლება გამოდგეს, ერთი მხრივ, მრავალმხრივი თანამედროვე საღვთისმეტყველო კვლევებისა და მრავალდარგობრივი დისკუსიების გაღრმავება, მეორე მხრივ კი, საეკლესიო დონეზე ღიაობა, რაც, ამასთანავე, შესაძლებელს გახდის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან თანამედროვე გამოწვევებისა და პრობლემების არა თავიდან არიდებას, არამედ მათთან დიალოგს და სულ მცირე, პასტორალური მზრუნველობის განხორციელებას.
თანამედროვე რეალობა გვაჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გენდერთან, სექსუალობასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით წინარემოდერნული შეხედულებების ერთგული რჩება. ეკლესია „გენდერული ესენციალიზმის“ ვერსიას უჭერს მხარს, რომელიც ბიოლოგიურ სქესს, გენდერს და გენდერულ როლებს სტაბილურ, ტრანსისტორიულ რეალობად წარმოაჩენს. რაც უმთავრესად იმას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი არსებითად და მუდმივად ან მამრობითი ან მდედრობითი სქესისაა. საეკლესიო სწავლებით ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირად გაიგება, სექსუალური აქტივობა კი მხოლოდ ამ ქორწინებითი კავშირის ფარგლებშია მორალურად ნებადართული. სხვა ნებისმიერ საჯაროდ აღიარებულ თუ არაღიარებულ გენდერულ იდენტობას და სექსუალობას ეკლესია გმობს. მართლმადიდებელთა უმეტესობა (განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში) სექსუალობის შესახებ ეკლესიის სწავლებას გარდამოცემის, ანდაც ტრადიციის საბოლოო და სრულყოფილ ფორმად იღებს, რომელიც შესწავლას და კრიტიკულ ანალიზს არ შეიძლება დაექვემდებაროს. მაშინ როდესაც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით მიიჩნევა, რომ ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული მართლმადიდებლური სწავლებებისა და პრაქტიკის ჭეშმარიტება შეიძლება ეკლესიაში სწავლების ისტორიული უწყვეტობის დემონსტრირებით დამტკიცდეს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სექსუალური ფორმებისადმი დამოკიდებულებაზე დიდწილად სოციალურ-კონსერვატიული შეხედულებები ახდენენ ზეგავლენას. მართლმადიდებელთა უმრავლესობისთვის სექსუალური მრავალფეროვნებისადმი და სექსუალური განათლებისადმი[25] ეკლესიის წინააღმდეგობა არა მხოლოდ მოცემულ რეალობად, არამედ დოგმატურ ჭეშმარიტებად აღიქმება, რომელიც თანამედროვე სამყაროში ტრადიციული ღირებულებების დეკადენტური სეკულარიზმისგან დაცვას საჭიროებს. ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით მართლმადიდებელ თეოლოგთა შორის განსხვავებული მოსაზრებები ჭარბობს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები და მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტები უმეტესწილად ადამიანის სექსუალობასა და სექსუალურ მრავალფეროვნებაზე ეკლესიის სწავლებისა და პრაქტიკის ტრადიციის უწყვეტობაზე ამახვილებენ ყურადღებას, საეკლესიო მოწყობის ყველა დონეზე, ცალკეული ინდივიდები და ჯგუფები ეკლესიის თეოლოგიის და ისტორიის უფრო კრიტიკულად შესწავლას შეუდგნენ და რამდენიმე შემთხვევაში პასტორალურ პრაქტიკაში ახალ მიდგომებსაც ეყრება საფუძვლები.[26]
სტატია მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
[1] ხელოვნებასა და ლიტერატურაში ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებით იხ.: Camille Paglia, Sexual Personae: Art and Decadence from Nefertiti to Emily Dickenson, Yale University Press (New Haven 1990).
[2] იხ. Demosthenes Savramis, Entchsristlichung und Sexualisierung – zwei Vorteile, Sammlung dialog 30 (München 1969), 44.
[3] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელინურ ხანაში იუდაური კულტურის დამოკიდებულებამ ადამიანის სექსუალობისადმი უფრო მეტად ნეგატიური ფორმა შეიძინა, რაც ელინურ კულტურაში მიღებულ სექსუალურ გამოხატულებებზე იუდეველთა წინააღმდეგობრივი რეაქციით შეიძლება აიხსნას.
[4] იხ. Demosthenes Savramis, Religion und Sexualität, (München 1972), 22-3.
[5] იხ. Roger Scruton, Sexual Desire: A Philosophical Investigation, Continuum Publishing, (Great Britan 2006), 1-2.
[6] იხ. William H. Masters and Virginia E. Johnson, Liebe und Sexualität, Übersetzt von Ronald Fleißner, Ullstein Sachbuch, (Frankfurt/Berlin 1990), 20.
[7] იხ. William H. Masters and Virginia E. Johnson, Liebe und Sexualität, Übersetzt von Ronald Fleißner, Ullstein Sachbuch, (Frankfurt/Berlin 1990), 21-5.
[8] ალფრედ კინზის კვლევის პირველი ნაწილი 1948 წელს, სათაურით, Sexual Behavior in the Human Male, ხოლო მეორე - 1953 წელს, სათაურით, Sexual Behavior in the Human Female, გამოქვეყნდა.
[9] იხ. William H. Masters and Virginia E. Johnson, Liebe und Sexualität, Übersetzt von Ronald Fleißner, Ullstein Sachbuch, (Frankfurt/Berlin 1990), 29.
[10] იხ. იქვე, 31-34.
[11] ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერსებული მკითხველი შეიძლება გაეცნოს ქართულენოვან ნაშრომს: ზურაბ მარშანია, „სამედიცინო სექსოლოგიის ნარკვევები: წიგნი პირველი: „რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ“, (თბილისი 2014).
[12] იხ. John A. McGuckin, The path of Christianity: the first thousend years, (Dovners Grove, Illinois 2017), 1091-7.
ფუკოსვე ეკუთვნის მოსაზრება, რომ სექსუალობის გაგება, სხვა სიტყვებით კი ცალკეული, შეცნობადი სექსუალური იდენტობის ცნება, რომელიც თანამედროვე სამყაროში ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს, მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეების ნაყოფია.
[13] მაგ., ქრისტიანთა ერთი ჯგუფი პონტოში, რომლებიც საღვთო სამეფოს დადგომის მოლოდინით სექსუალურ თავშეკავებულობას და ქალწულებრივ ცხოვრებას მისდევდნენ, სადღაც 200 წლისთვის, როდესაც ამ სამეფოს დადგომის იმედი გაუცრუვდათ, გულაცრუებულნი კვლავ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ: „ახალგაზრდა ქალები დაქორწინდნენ, კაცები კი ბრძოლის ველს დაუბრუნდნენ“. Peter Brown, The Body and Society: men, women, and sexual renunciation in early christianity, Lectures on the History of Reigions 13., (New York 1988), 435.
[14] იხ. John A. McGuckin, The path of Christianity: the first thousend years, (Dovners Grove, Illinois 2017), 1103-7.
ქრისტიანული სექსუალური ეთიკის კლასიკური მიდგომა ძირითადად ემყარება მოსაზრებას, რომ ადამიანის სხეულები ფიქსირებული „ბუნების“ გამოვლინებაა. სხეული ინარჩუნებს მუდმივობას. ის არ იცვლება, ისევე როგორც არც ადამიანის გენდერი შეიძლება შეიცვალოს და არც ადამიანის „ნორმალური“ ქცევის ფორმები, ანუ ის, რაც თავად ადამიანის ბუნებაში „ნორმის“ სახითაა ფიქსირებული. ამგვარად, ძველი ბერძნული სამყაროსთვის სექსუალური ქცევა მიჰყვებოდა „ნორმებს“, რომლებიც თავად ადამიანის ფიქსირებული ბუნების გამოვლინებებს წარმოადგენდა. სწორედ ამ მოსაზრებაზეა მაგ., ჰომოსექსუალური კავშირის, როგორც არაბუნებრივი ქცევის შეფასება დაფუძნებული, და სწორედ ეს მოსაზრებაა დღემდე უმეტესად თანამედროვე მართლმადიდებელი და რომის კათოლიკური ეკლესიის სექსუალური ეთიკის დამცველთა შორის განსაკუთრებით მიმზიდველი.
[15] იხ. David C. Ford, Women and Men in the Early Church: the full views of st. John Chrysostom, (Pennsylvania 1996), 17-24a.
[16] სიტყვა წმინდა ნათლობაზე XVIII, in: David C. Ford, Women and Men in the Early Church: the full views of st. John Chrysostom, (Pennsylvania 1996), 32.
[17] იხ. Peter Brown, The Body and Society: men, women, and sexual renunciation in early christianity, Lectures on the History of Reigions 13., (New York 1988), 428-47.
[18] იხ. Eve Levin, Sex and Society in the World of the Orthodox Slavs, 900-1700, (Cornell University 1989), 13.
[19] მაგ. იხ. Pew Research Center-ის 2017 წლის კვლევის შედეგები შემდეგ ბმულზე: https://www.pewresearch.org/religion/2017/11/08/orthodox-take-socially-conservative-views-on-gender-issues-homosexuality/
[20] იხ. John Breck, The Sacred Gift of Life: Orthodox christianity and Bioethics, (New York 2000), 83-108.
[21] Misha Cherniak, Offener Brief des Europäischen Forums Christlicher LGBT-Gruppen an das Heilige und Große Konil der Orthodoxen Kirche auf Kreta. Juni 2016, in: Ökumenische Rundschau 1/2017 (66. Jahrgang), 73-75,74.
[22] იქვე 73.
[23] „მსოფლიოს სიცოცხლისათვის - მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთოსის შესახებ“, 2020, §20, სრული ტექსტის ქართულენოვანი თარგმანი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/nvPQ6
[24] იქვე, §19.
[25] სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან წინააღმდეგობების შესახებ იხ. 2018 წლის კვლევის შედეგები შემდეგ ბმულზე: https://www.bzga-whocc.de/fileadmin/user_upload/Dokumente/BZgA_IPPFEN_ComprehensiveStudyReport_Online.pdf Sexuality Education in Europa and Central Asia: an overview of 25 countries, (Cologne 2018).
[26] ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სექსუალური მრავალფეროვნების პერსპექტივების შესასწავლად რამდენიმე მცირე ინიციატივა გამოიკვეთა, მათ შორის მეცნიერთა დახურული შეხვედრა ამსტერდამში 2017 წელს და შეხვედრების სამწლიანი პროგრამა ოსლოში (2016–18). მნიშვნელოვანი თანამედროვე პუბლიკაციებისთვის, სადაც სექსუალობაზე, განსაკუთრებით კი ჰომოსექსუალობაზე მართლმადიდებლური პოზიციებია წარმოჩენილი იხ: Misha Cherniak, Olga Gerassimenko, and Michael Brinkschröder, eds., For I am Wonderfully Made: Texts on Eastern Orthodoxy and LGBT Inclusion (Warsaw: European Forum of Lesbian, Gay, Bisexual and Transgender Christian Groups/Esuberanza, 2016); The Wheel, Spring/Summer 2018 issue; Brandon Gallaher, Gregory Tucker, Eastern Orthodoxy and Sexual Diversity: Perspectives on Challenges from the Modern West, Interim Report of the British Council Bridging Voices Consortium of Exeter University and Fordham University, New York on Contemporary Eastern Orthodox Identity and the Challenges of Pluralism and Sexual Diversity in a Secular Age, 2019.
ინსტრუქცია