[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება

დღეს მნიშვნელოვანი სასამართლო დავა პირველ ინსტანციაში წარმატებით დასრულდა!

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 26 აპრილს აიდა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა კვლევით საქმიანობის დაწყებას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მას საათების განმავლობაში ამოწმებდნენ, უსვამდნენ კითხვებს, არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნის, საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და კონკრეტული განმარტებების გარეშე უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაიბადა ირანში (საქმის დეტალები იხ. შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/apIMN ).

ნიშანდობლივია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ითქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ამასთან სასამართლოში საქმის განხილვისას დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეპუნქტი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, ასევე სისტემატურია დეპარტამენტის მსგავსი პოზიციონირება სასამართლოში, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.

დღეს სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას ამ საქმეზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“