საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი აიდა ბალაფკანი საქართველოში არ შემოუშვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საზღვარზე მიღებული არაეფექტიანი და ფორმალური ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ ძალაში დატოვა უარის გადაწყვეტილება, აიდა ბალაფკანი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. მის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.
ნიშანდობლივია, რომ აიდა ბალაფკანის ქვეყანაში შემოშვებაზე უარის გადაწყვეტილება დაეფუძნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხსენებული ქვეპუნქტი შსს-ს მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად. როგორც მსგავს საქმეებზე ჩვენი ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, შიგანან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ნორმის ქვეშ გულისხმობს არა კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ შექმნილ სპეციალურ სიებს, რომელიც კონკრეტულ პირებზე საქართველოში შემოსვლის კონტროლსა და შეზღუდვებს აწესებს. ჩვენი შეფასებით, ამგვარი სიების შექმნა კანონით დადგენილი სტანდარტების დარღვევითა და სათანადო პროცედურის გარეშე ხდება და გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების დარღვევის თვითნებურ საფუძველს ქმნის. უფრო მეტიც, ამგვარი თვითნებური საფუძველი ხშირად დისკრიმინაციული მოპყრობის პირობას ქმნის და ორმაგად დამაზიანებელი ეფექტი აქვს კონკრეტულ პირებზე.
ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ნორმა აშკარად ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და ორაზროვანია და მისი გამოყენების პრაქტიკა მას არაკონსტიტუციურ ნორმატიულ შინაარსს აძლევს. აიდას საქმის სასარჩელო წარმოების ფარგლებში საქალაქო სასამართლოს დამატებით ვთხოვთ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული მექანიზმი და მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში უცხოელი პირის შემოსვლაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებული საქმეები მოიცავს არაერთ მსგავს შემთხვევას (მაგალითად, მეიდან ტვ ჟურნალისტის ჯემალ ალის (2017 წ.), რეპატრირებული მესხი აქტივისტის ხალილ სარვაროვის (2018 წ.), რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის ასლანბეკ დადაევის (2019 წ.), ტელეკომპანია დოჟდის ტელეწმაყვანის მიხაილ ფიშმანის (2022 წ) საქმეებზე), როდესაც უცხოელებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ზემოთ განხილული ნორმის საფუძველზე ეთქვათ, რეალური მიზეზების და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების უხეშ თვითნებობად გადაქცევის და სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას. ზოგიერთ შემთხვევაში კი კონკრეტულ საქმეებზე დისკრიმინაციული მიდგომების გამოყენების ეჭვებიც კი ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქმეების სასამართლოში განხილვის დროსაც კი, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პირისთვის საქართველოში შემოსვლაზე დაწესებული აკრძალვები (ზემოთ ხსენებულ სიაში შეყვანა) როგორც წესი საიდუმლო ინფორმაციას ეფუძნება და მასზე წვდომის უფლება შეზღუდული აქვს უფლებების დარღვევის მსხვერპლსა და მის ადვოკატსაც კი. სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს აქვს და სასამართლო პრაქტიკაზე დაკვირვებით, წარმოიშობა დასაბუთებული კითხვები სასამართლოს მხრიდან ამგვარი ინფორმაციის გადამოწმებისა და კონტროლის ეფექტიანობასთან და რეალურობასთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამგვარ შემთხვევებში მხარეთა საპროცესო უფლებები გათანაბრებას და ამისთვის საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს საჭიროებს.
ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საზღვრის კვეთის დროს ხშირად იკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევის თვითნებური და ზოგჯერ დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც აშკრად არაკონსტიტუციურ შინაარსს იღებს და არსებითია, სასამართლომ და პარლამენტმა მათი კომპეტენციების ფარგლებში ამ სფეროზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კონტროლი გაზარდოს და ის შესაბამისად, ახალ განმარტებასა და მოწესრიგებას დაუქვემდებაროს.
ინსტრუქცია