[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

საპენსიო სესხების კრიზისი - ინტერვიუ ია ერაძესთან

12 აპრილს, პარტია „მოქალაქეების“ ინციატივით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გამართა მოსმენა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. დღეს საქართველოში 400,000-მდე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს (ჯამში ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია), ხოლო მათი სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აღემატება[1]. საპენსიო სესხების კრიზისის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორს, ია ერაძეს ვესაუბრეთ.

  • როგორ შეაფასებდით პარლამენტში გამართულ დისკუსიას და რამდენად გამოიკვეთა პრობლემის მოგვარების გზები?

12 აპრილს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის განხილვაზე მოხსენებით წარდგნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ხოდელი, სოციალური მოსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლიდან გამოიკვეთა, რომ ბანკის მიერ შექმნილი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს და ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულებით განსაზღვრული წესების გარდა, ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ მდგრადობაზე ამახვილებს ყურადღებას, საპენსიო სესხები კი მთლიანი სასესხო პორტფელის მხოლოდ 1,1%-ს შეადგენს. მართალია, ეს სესხები საფრთხეს არ უქმნის ფინანსურ თუ ეკონომიკურ სტაბილურობას, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ საქმე ეხება 400 000 პენსიონერს და მათი ყოველდღიური გადარჩენისთვის ბრძოლას. ამასთან, ეროვნული ბანკის ფუნქცია ფინანსური სტაბილურობის გარდა მომხმარებლის უფლებების დაცვასაც წარმოადგენს და სწორედ მსესხებლების ინტერესებიდან გამომდინარე, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს. თანაც, თუ დავუბრუნდებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს, რომელთა არსებობაც აბსოლუტურად მისასალმებელი და აუცილებელია, წარმოუდგენელია სამართლიან პრაქტიკად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ პენსიონერები სესხის მომსახურების შედეგად ხშირად საარსებო მინიმუმის ზღვარს მიღმა რჩებიან. მართალია ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სესხის მომსახურების კოეფიციენტს (PTI), რომელიც 1000 ლარამდე შემოსავლისთვის 25%-ია, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს რომ პენსიონერების შემთხვევაში ეს კოეფიციენტი არ არის საკმარისი დამცავი მექანიზმი. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ რა ოდენობის შემოსავალი რჩებათ მსესხებლებს სესხის მომსახურების შემდეგ. აქ კი ყველაზე დაბალ ნიშნულად შეგვიძლია საარსებო მინიმუმი განვიხილოთ, რომელიც იმავდროულად გადასინჯვას და გამოთვლის მეთოდოლოგიის შეცვლას საჭიროებს, რადგან ის არ შეესაბამება რეალური ცხოვრების ხარჯებს.

მოულოდნელი არ ყოფილა ლიბერთი ბანკის პოზიცია და მათ მიერ საპენსიო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთის მისი საბაზრო ღირებულებით გამართლება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბატონი კობა გვენეტაძის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 2014 წლამდე 200%-საც კი შეადგენდა. საინტერესოა, ასეთი წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იმ დროსაც სესხის საბაზრო ფასი იყო თუ ლიბერთი ბანკის მხრიდან რეგულაციების დეფიციტით სარგებლობა. ბატონი ვასილ ხოდელის გამოსვლაში საინტერესო იყოს იმის ხაზგასმაც, რომ მისი სურვილია ხანდაზმულები აღარ მოიხსენიებოდნენ როგორც პენსიონერები. ტერმინოლოგიის შეცვლის ამგვარი დაჟინება შესაძლოა იმით ავხსნათ, რომ ლიბერთი ბანკი ცდილობს დაგვავიწყოს სიტყვა პენსიონერთან ასოცირებული სიდუხჭირე და ამ სიტყვის ლექსიკიდან ამოღებით ნაკლებად სენსიტიური გახადოს თუნდაც საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის საკითხი.

სუსტი და იმედისგამაცრუებელი აღმოჩნდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები. ორივე უწყების გამოსვლიდან გამოსჭვიოდა პათოსი, რომ საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად დარეგულირება და ბაზარზე ჩარევა სასურველი არ არის. ამგვარი მიდგომა კი საკვირველია თუნდაც ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული სტატისტიკური მონაცემების ფონზე, რომელიც ჯიუტად გვაჩვენებს რომ საპენსიო სესხის განაკვეთი 200%-დან 30%-მდე სწორედ ბაზარზე ჩარევისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების შედეგად შემცირდა და ის ბაზარს არ დაურეგულირებია. სოციალური მომსახურების სააგენტოს გულგრილობა საკითხისადმი კიდევ უფრო საკვირველია მაშინ, როცა მისი ვებ-გვერდი ამაყად გვაცნობს, რომ მათი მიზანია „მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის მხარდაჭერა. […] მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ თავი ღირსეულად იგრძნოს და მიიღოს სამართლინი უზრუნველყოფა“. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ამ უწყების პასუხისმგებლობა მხოლოდ პენსიის გაცემით შემოიფარგლებოდეს. სამწუხაროდ, 12 აპრილს პარლამენტში წარმოდგენილი სამივე უწყების მხრიდან პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაგორების ტენდენცია გამოიკვეთა. არც ეროვნულ ბანკს, არც სააგენტოს და არც ფინანსთა სამინისტროს არ გამოუხატავს მზაობა საკითხის მოგვარებისთვის.

  • საკომიტეტო განხილვაზე მოსმენილი არგუმენტების საპირწონედ თავისუფალი ბაზრის პრინციპების უპირატესობის შესახებ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს პარლამენტს და/ან აღმასრულებელ შტოს საკრედიტო პოლიტიკის წარმართვაში? იკვეთება თუ არა ეროვნული ბანკის როლიც?

ამ საკითხს ბაზარი და თუნდაც მხოლოდ ბანკებს შორის კონკურენცია (პარლამენტში გაჟღერდა იდეა, რომ თუ ლიბერთი ბანკს არ ექნება მონოპოლია პენსიების გაცემაზე, კონკურენციამ შესაძლოა შეამციროს საპროცენტო განაკვეთი) ვერ დაარეგულირებს. რომ არა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთის ჭერი (50%), ალბათ დღესაც დაგვიმტკიცებდა ლიბერთი ბაკი რომ 100% ან 200% საბაზრო საპროცენტო განაკვეთია. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს დაიცვას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა. ასევე, ეროვნული ბანკიც ვალდებულია იზრუნოს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მსესხებლის უფლებებზე. მართალია ამჟამად არსებული საპროცენტო განაკვეთი თავსებადია მოქმედ ფიზიკური პირის დაკრედიტების წესთან, მაგრამ პენსიის მიზერული რაოდენობის და მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, იგი შეუთავსებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფართო პრინციპებთან.

  • როგორ უკავშირდება საპენსიო სესხის საკითხი ჭარბვალიანობის და უპასუხისმგებლო დაკრედიტების ზოგად პრობლემებს?

მოგეხსენებათ, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა სწორედ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც შინამეურნეობები ვალის გადახდისუუნარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. ასევე, შესაძლოა მსესხებლები ახერხებდნენ სესხის მომსახურებით სარგებლობას, მაგრამ ამისათვის განკარგვადი შემოსავლის ძალიან დიდ წილს ხარჯავდნენ და შესაბამისად აღარ რჩებოდეთ საკმარისი ფინანსური რესურსი ყველა სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ შინამეურნეობები საქართველოში, როცა მაგალითად 2015 წელს მსესხებელთა ერთი მესამედი შემოსავლის ნახევარზე მეტს სესხის მომსახურებაში ხარჯავდა. მართალია პენსიონერების შემთხვევაში ვერ დადგება სესხის გადაუხდელობის საფრთხე (გარდაცვალების გარდა), რადგან ისინი ყოველთვიურად იღებენ პენსიას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თავად პენსიის სიმწირეს და სესხის მომსახურების შემდეგ დარჩენილ განკარგვად შემოსავალს, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაბალი შეიძლება აღმოჩნდეს, ნამდვილად ჭარბ ვალთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, საპენსიო სესხს ვერ ვუწოდებთ ვერც სამართლიანს და ვერც პასუხისმგებლიანს.

  • რამდენად წინააღმდეგობრივია სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ გასცემს პენსიას, მაგრამ მეორე მხრივ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პენსიონერთა მოწყვლადობით არ ისარგებლოს კერძო ბანკმა? ხომ არ იქნებოდა გამოსავალი სახელმწიფო ბანკის შექმნა და მასზე დაყრდნობა?

სახელმწიფო ნამდვილად წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ პენსიის გაცემით ნაგულისხმებ მიზნებთან, რადგან როგორც ჩანს არ ინტერესდება, თუ რა ხდება პენსიის დარიგების შემდეგ - რამდენად მიზნობრივად შეუძლიათ პენსიონერებს გამოიყენონ პენსია. თუმცა აქ, პრობლემის სათავე თავად პენსიის სიმწირეში მდგომარეობს, რომელიც არ არის საკმარისი ღირსეული სიბერისათვის. სწორედ ამით აიხსნება ასეთი მაღალი მოთხოვნა საპენსიო სესხზეც. იმ სახელმწიფოებში, სადაც პენსია შეესაბამება ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, საპენსიო სესხის საკითხი არც კი დგას. გასაგებია, რომ საქართველოს ბიუჯეტი ამ მხრივ შეზღუდულია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ იმაზე მაინც უნდა იზრუნოს, რომ მის მიერ გაცემული პენსიის დიდი ნაწილი კერძო ბანკის მოგებაში კი არ აისახოს, არამედ პენსიონერის საჭიროებებზე დაიხარჯოს. აქ ჩვენ ბევრ სტრუქტურულ საკითხთან მივდივართ, რომელიც მხოლოდ საფინანსო სექტორის რეგულაციით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია ასევე ფარმაცევტული ბაზარიც, რადგან სწორედ წამლებზე იხარჯება პენსიონერების თანხის დიდი ნაწილი. ეს საკითხი კი თავისთავად ებმის ჯანდაცვის სისტემის პრობლემებს და ამავდროულად კარგად წარმოჩინდება ის ცარიელი ადგილები სხვადასხვა სტრუქტურებში, რომლებსაც სახელმწიფო საზოგადოების საჭიროებების შესაბამისად უნდა ავსებდეს.

სახელმწიფო ბანკის შექმნა, რომელიც იმთავითვე მოგებაზე არ იქნებოდა ორიენტირებული, ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებას. თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის იაფ კრედიტზე წვდომა დადებითად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე. ეს კი საბაზისო პენსიის გაზრდის შესაძლებლობას გააჩენდა და აღარც დადგებოდა ამდენი პენსიონერისათვის სესხის აღების საჭიროება. კარგი იქნებოდა დღეს სწორედ იმაზე ვსაუბრობდეთ, რატომ სჭირდება პენსიონერთა ნახევარს სესხი და არ გვჭირდებოდეს იმაზე ბჭობა, რამდენი უნდა იყოს მათი სესხის საპროცენტო განაკვეთი.

  • რამდენად ეხმიანება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არსებულ საჭიროებებს და რა რისკებს შეიცავს ახალი საპენსიო სისტემა?

საქართველოში გატარებული საპენსიო რეფორმა ნეოლიბერალური საპენსიო სისტემის მაგალითია, რომელიც სამწუხაროდ ვერ აღმოფხვრის საქართველოში არსებულ შემოსავლინაობის უთანასწორობას და სიღარიბეს. ეს სისტემა არ მოიცავს სამუშაო ძალის დიდ ნაწილს - თვითდასაქმებულებს (მათი ჩართულობა ნებაყოფლობითია). ამასთან, საპენსიო რეფორმა არ ემყარება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს და უმუშევარ ან დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ხანდაზმულობის ასაკშიც სიღარიბისთვის იმეტებს. ამავდროულად, საპენსიო სააგენტოს ჩამოყალიბება საინვესტიციო ფონდის სახით საპენსიო სისტემის ფინასიალიზაციის მანიშნებელია, სადაც საპენსიო დანაზოგი საინვესტიციო აქტივებად გადაიქცევა. ამგვარ სისტემაში კი თუნდაც მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის ღირსეული სიბერე საპენსიო სააგენტოს გონივრულ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხდება დამოკიდებული. აქ ბუნდოვანია რისკების დაზღვევის საკითხიც. ასევე უცნობია კონკრეტულად რომელ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და სარგებლიან ანგარიშებზე ხდება დაგროვებული თანხის ინვესტირება. ამრიგად, შეიძლება ითქვას რომ არსებული საპენსიო სისტემა არა მარტო ვერ პასუხობს პენსიონერთა სიღარიბის პრობლემას, არამედ იგი დამატებით რისკებსაც წარმოქმნის დაგორვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ადამიანებისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის 30.69% იქნება – პენსია სესხად, 27.02.20, ნეტგაზეთი https://netgazeti.ge/news/422368/; როგორ შეიძლება შემცირდეს პროცენტი საპენსიო სესხებზე — განხილვა პარლამენტში, 12.04.21, ნეტგაზეთი. https://netgazeti.ge/news/534202/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“