[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანგარიში

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში (2022 -2023 წლების შეფასების ანგარიში)

ანა პაპუაშვილი 

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაზე 2022-2023 წლების დაკვირვებამ აჩვენა, რომ საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დახვეწა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. არსებულ წესში ცვლილებები სულ უფრო ნაკლებად ხდება, მიუხედავად არაერთი პრობლემური ასპექტისა, რომელიც სამოქალაქო სექტორმა, სისტემის მონიტორინგის ფარგლებში, დიდი ხანია გამოავლინა. კერძოდ, საქმეთა შემთხვევითად განაწილების წესი არაერთ გამონაკლისს მოიცავს, რომელიც საერთო სასამართლოებში შესული საქმეების თითქმის ერთ მესამედს შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად განაწილებულს ტოვებს. მკაფიო და მარტივად გასაგები არ არის სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და სასამართლოს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირების, განსაკუთრებით კი, სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები ამ პროცესში. ეს, სისტემაში არსებული არაფორმალური გავლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა საქმიანობას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ბოლოს, სასამართლო სისტემის მზარდი ჩაკეტილობა უკიდურესად ართულებს სისტემის ეფექტიან მონიტორინგს და უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

წინამდებარე ანგარიში რიგით მეოთხეა, რომელიც მიზნად ისახავს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში შესული ცვლილებების, განახლებული მონაცემების და ამ მხრივ სასამართლო სისტემაში კვლავ არსებული გამოწვევების ანალიზსა და შეფასებას. ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:

  • საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიმართულებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები არსებითად გაუარესდა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სისტემის ფუნქციონირების ეფექტიან მონიტორინგს;
  • საქმეთა განაწილების წესში არაერთი ბუნდოვანი და პრობლემური დებულებაა მასში მონაწილე ორგანოების (განსაკუთრებით სასამართლოების თავმჯდომარეთა) უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, საქმეთა განაწილების პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ იდგმება; კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები უმეტესად ტექნიკური, არაარსებითი ხასიათისაა და არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ბუნდოვანი მოწესრიგება და შემთხვევითად განაწილების პრინციპიდან უამრავი გამონაკლისი ვერ უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე იმ არასათანადო გავლენების რისკების მინიმუმამდე შემცირებას, რომლებიც სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენების გათვალისწინებით გვხვდება;
  • მოსამართლეთა მივლინების ახალი, გაუარესებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც აღარ ითვალისწინებს მოსამართლის თანხმობის აუცილებლობას და გეოგრაფიული არეალით შეზღუდულ შემთხვევითად შერჩევის პრინციპს, ზრდის საქმეების კონკრეტულ მოსამართლე(ებ)ზე განაწილების ან განაწილებისგან თავის არიდების რისკებს;
  • სასამართლოს თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და, შესაბამისად, არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის ფონზე, დიდია მათ მიერ რიგი უფლებამოსილებების არაკეთილსინდისიერად, თვითნებურად გამოყენების რისკები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს თავმჯდომარეებისთვის ისეთი ფართო უფლებამოსილებების მინიჭება, რომლებიც სუბიექტური შეფასების და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არალეგიტიმური ზეგავლენის შესაძლებლობას იძლევა;
  • პრობლემად რჩება მოწესრიგება, რომელიც საერთო სასამართლოებში გარკვეულ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირებისათვის საქმეთა განაწილების განსხვავებულ, ბევრად დაბალ პროცენტულ მაჩვენებლებს ითვალისწინებს; ამასთანავე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი ზოგიერთი მოსამართლის დატვირთულობასა და მათ მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობაზე;
  • 300%-მდე გაიზარდა მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას, სასამართლო სისტემის შიგნით პოზიციის ცვლილებისას, ასევე ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან დაბრუნებისას მოსამართლეზე საქმეთა განაწილების ზრდის პროცენტული მაჩვენებლები. საბჭოს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის დაფარვის მიუხედავად, მითითებული ცვლილებითაც კი აშკარაა, რომ საქმეთა რაოდენობა მზარდია, სისტემას კი უჭირს მასთან გამკლავება, რაც ინდივიდუალურ მოსამართლეებზე წნეხს და მათი დატვირთვის მაჩვენებლებს ზრდის;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა კვლავ არ ითვალისწინებს საქმის სირთულესა და წონას, რაც აუცილებელია მოსამართლეთა თანაბარი და სამართლიანი დატვირთვისთვის.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

GEO_საქმეთა_განაწილება_1727873568.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“