საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: გოგა გაგნიძე
საქართველო, სხვადასხვა საერთაშორისო შეფასების მიხედვით, სახელმწიფო მართვის ტიპით ჰიბრიდულ რეჟიმს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სუსტი დემოკრატიაა, მის სხვადასხვა ინსტიტუციებში კი შეინიშნება ავტორიტარული და ოლიგარქიული მმართველობა. დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების სირთულეები სამოქალაქო აქვიზმის სფეეროშიც ვლინდება. ქვემოთ მოცემული თვალსაზრისი გარემოსდაცითი პროტესტის ანალიზს დაეთმობა, რადგან მისი მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე, მზარდია და მისი გზით მიღწეული გარდაქმნების პოტენციალი კი - მაღალი.
საკუთრივ სამოქალაქო აქტივიზმი, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო. პირველად აქ „ჯორჯიან მანგანეზის“ ემისრები, პანდემიის დროს, 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ, როდესაც ლიცენზიის მოპოვების ინტერესი ოფიციალურად წარუდგინეს სახლემწიფოს. სიმბოლურია, რომ მანგანუმის სამთო მოპოვების ეპიცენტრი საჩხერე-ჭიათურაა, რეგიონი, რომელიც საქართველოს ჩრდილოვანი მმართველისა და მთავარი ოლიგარქის მშობლიური მხარეა. ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ამ რეგიონის მოსახლეობისთვის მრავალფეროვან მატერიალურ დახმარებას სწევს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ხარჯავს პერსონალურ ფინანსებს და ამასთანავე მისი რეჟიმი სრულად უგულებელყოფს შეუქცევადად დაზიანებული ბუნების და საცხოვრებლად გამოუსადეგარი ძირძველი სოფლების პრობლემატიკას. სწორედ ასეთივე წინააღმდეგობრივი სახე აქვს ხელისუფლების ქმედებებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების ათვისების საერთო სურათში. ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლება გვაჯერებს, რომ მოსახლეობის აზრს ითვალისწინებს, მათზე ზრუნავს, აქტივისტების მიმართ მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები მისთვის უცნობი ხერხია და რესურსების რაციონალური ათვისება მისი ამოცანაა. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული წიაღისეულის მავნე პოლიტიკა არათუ არ გადაიხედა „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, არამედ გაუარესდა მხარის საზიანოდ. მატერიალური „ბენეფიტები“ კი, რასაც საჩხერე-ჭიათურის მოსახლეობა ოლიგარქისგან იღებს, სხვა არაფერია თუ არა მოსყიდვის, სამოქალაქო პროტესტის ნეტირალიზებისა და პრევენციის მცდელობა. მაგრამ რაც არ ვიცით, და რის შესახებაც იქნება საუბარი ამ წერილში, არის სახელმწიფოს პასიურ-აგრესიული ქმედებები და ყალბი რეაგირებების პოლიტიკა, რაც ჩვენს, გარემოსდაცვითი აქტივისტების, მიმართ ბოლო წლებია იგეგმებოდა. ის წინააღმდეგობრიობა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ ერთის მხრივ ხალხზე ზრუნვისა და მეორეს მხრივ მათი ბუნებრივ-სოციალური გარემოს დეგრადაციის შესახებ, ძალიან კონკრეტული ქმედებებით (სქემებით) იმართება.
გარემოსდაცვითი პროტესტი - გამორჩეული თავის ტკივილი საქართველოს ხელისუფლებისთვის
ზოგადად, წიაღისეული მადნის ათვისების პოლიტიკა არასდროს იყო ქართული სახელმწიფოს ძლიერი მხარე. იქნებოდა ეს ,,პერესტროიკის", შევარდნაძის მმართველობის, ნაციონალური მოძრაობის პერიოდი თუ ქართული ოცნების ხელისუფლება - ყველა გაურბოდა და გაურბის ამა თუ იმ ეკოლოგიური პროტესტის არსებით საჯარო განხილვაზე დასწრებას, რეალური ცვლილებების დაგეგმვას, მათ მიღებას, ასევე წიაღისეულის მოპოვების კანონმდებლობის გაუმჯობესებას და გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი მიდგომების დამკვიდრებას მდგრადი განვითარებისთვის.
მაგრამ დღეს ყველა არსებულ პრობლემატიკას ის ემატება, რომ სამთო მოპოვების რეალური დამფინანსებლები და დაინტერესებული პირები არ ჩანან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურები კი ამ დაფარული (მესაკუთრე) ჯგუფების ინტერესების დამცველებად და მსახურებად გვევლინებიან.
სწორედ ასეთ ვითარებაში, როდესაც ბიზნესის რეალური მფლობელები არ ჩანან, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი გამქრალია და დანაშაულებრივი ქმედებები მიზანმიმართულად იფარება კლანური მმართველების მიერ, გარემოსდაცვითი პროტესტი გამორჩეული თავის ტკივილია ხელისუფლებისთვის. გარემოსდაცვითი პრობლემატიკა, როგოც წესი, თვალსაჩინოა, არ იმალება, ხოლო შესაძლო ზიანი და უარყოფითი გავლენა მოქალაქეებზე იოლად დათვლადი და აღსაქმელია უბრალო მოქალაქისთვის.
გარემოსდაცვითი პროტესტის მიმდინარეობაში, როგორც წესი, ერთვებიან შესაძლო მავნე ზემოქმედების გავლენის არეალში მცხოვრები სამოქალაქო ჯგუფები, მსხვილი უფლებადამცველი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. სახელმწიფოს წარმომადგენლები კი, თანამშრომლობისა თუ რეალური გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად, სტანდარტულ, მოგების მიღების მოტივაციით ნაკარნახევ გზებს ეძიებენ და სრულად უგულებელყოფენ მოქალაქეთა სამართლიანი პროტესტს.
დღევანდელი ხელისუფლება, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, მოქმედებს პასიურ-აგრესიული და ყალბი რეაგირების პრინციპით. მაგალითად, ის არ ახდენს პირდაპირ ზეწოლას სამოქალაქო პროტესტზე (რაც ღია აგრესია იქნებოდა), და ნაცვლად ამისა არჩევს იგნორირება გაუწიოს ყველა გარემოსდაცვითი და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინიციატივებს (რაშიც მისი პასიურობა ჩანს). თუმცა ის ირჩევს ყალბი რეაგირების გზას, რაც გულისხმობს, რომ იგი სიტყვიერი, ფუჭი დაპირებებით კვებავს საზოგადოებას და (მისი აზრით) მოკლე დროით იჭერს ორ კურდღელს - საშუალებას აძლევს მასას გამოუშვას ორთქლი, ამასობაში კი, დაელოდოს ხელსაყრელ დროს და კვლავ გააგრძელოს სასურველი მიზნისკენ სვლა.
ერთი სიტყვით, იმის მიხედვით, თუ როგორ ძლიერდება და იხვეწება სამოქალაქო პროტესტის ფორმები, პარალელურად მოდერნიზაციას განიცდის მოქმედი ხელისუფლების პასიურ-აგრესიული და ყალბი რეაგირების პოლიტიკაც. შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული ორი ოპონენტი ერთად იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ საჯარო უწყებები და მათი წარმომადგენლები დაიხვეწონ მდგრადი განვითარების პერსპექტივის შემოტანაში, ისინი ზრდიან წინააღმდეგობას საკუთარი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის მიმართ.
როგორც წესი, საჯარო სტრუქტურები სამოქალაქო აქტივობას განიხილავენ არა როგორც ჯანსაღ და სახელმწიფოსთვის სასარგებლო მოვლენას, არამედ როგორც საფრთხეს და მათი უკურეაქციაც შესაბამისად უარყოფითია.
პასიურ-აგრესიულ და ყალბ რეაგირებას შემდეგი გამოვლინებები აქვს:
მონაწილეობა პროექტის შესახებ ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, მანამ სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, თუმცა მსგავსი საჯარო განხილვები მხოლოდ მას შემდეგ ორგანიზებდა სახელმწიფო უწყებების მიერ, რაც კომპანიას გაწეული აქვს ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები და ნაწარმოები აქვს მადნის შესწავლის სამუშაოები მარაგების დასადგენად. საზოგადოების ინფორმირება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც წიაღისეული მადნის შესწავლა დასრულდება, მარაგები დადგინდება და მოპოვებაზე გადასვლა ხდება საჭირო. ასე მოხდა, მაგალითად, სოფელი მუშევანის შემთხვევაში, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელში ოქროს ათვისების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კომპანიამ მარაგების დადგენისთვის საჭირო ყველა სამუშაო გასწია. ამისსავე მცდელობა იყო სოფელ შქმერშიც, მაგრამ ამ გეგმის სრულად განხორციელება ჯერ ვერ ხერხდება.
რატომ არის გარემოსდაცვითი პროტესტი მნიშვნელოვანი საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის:
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო პროტესტი გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩანასახის მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივიცაა არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავე მიზეზით ხშირად არის, რომ რიგ შემთხვევებში გარემოსდაცვითი სამოქალაქო ჯგუფების მოთხოვნების დაკმაყოფილება ფულადი კომპენსაციის საკითხამდე დადის ხოლმე. ჩვენი ქვეყნის ოფიციოზი დღემდე თვლის, რომ მის მიერ გამოყენებული მსგავსი პოლიტიკა ამართლებს. დღეისთვის პროტესტის მონაწილე ჯგუფების დაქსაქსვა და მონაწილეთა მოსყიდვა, ინდივიდუალური მოლაპარაკებების მეშვეობით, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ როგორც წესი, მსგავსი მიდგომა არ აგვარებს პრობლემას, ის უბრალოდ მომდევნო მოქალაქესთან გადაინაცვლებს.
საქართველოში, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ხშირად ეშლებოდა ხელი, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ქვეყნის ცხოვრების და ყურადღების ცენტრს იკავებდა მრავალფეროვანი ეგზისტენციური საფრთხეები: იქნებოდა ეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შიში, რეპრესიები, რეჟიმების ცვლა, ომები, უცხოური სპეცსამსახურების ინტენსიური ზემოქმედება საზოგადოების ყველა ფენაზე თუ სხვა მსგავსი. სწორედ ამ ფონზე თანამედროვე საქართველოში გარემოსდაცვით პროტესტს განსაკუთრებული როლი შეიძლება დაეკისროს, რადგან სხვა სიკეთეებთან ერთად, მისი დადებითი ეფექტი იმაშია, რომ ის „გადამდებია“ და განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების ადამიანებსაც კი აერთიანებს. მოქალაქეთა ჯგუფები ერთიანდებიან ხელშესახები და თვალსაჩინო გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად, მიუხედავად ამ ჯგუფებს შორის სხვადასხვა სახის იდეოლოგიური, თუ მსოფლმხედველობრივი პოზიციებისა. გარემოსდაცვითი პროტესტების მეშვეობით შესაძლებელია მოქალაქეთა დიდი ნაწილის გაერთიანება ხელშესახები პრობლემების გარშემო და მისი დროში განგრძობადობი ხასიათიდან გამომდინარე, დადებითი ზემოქმედების მოხდენა საზოგადოების სრულიად განსხვავებულ, მანამდე კავშირის არმქონე ჯგუფებზე.
ამ თვისების გამო, გარემოსდაცვითი პროტესტი განსაკუთრებული თავსატეხია სახელმწიფოს არსებული სისტემისთვის, რადგან მისი ფარული მართვა და განეიტრალება ბევრად მეტ ძალისხმევას და რესურსებს მოითხოვს, ვიდრე სხვა რომელიმე (პოლიტიკური, სოციალური, რელიგიურ ნიადაგზე და ა.შ.) პროტესტი.
ახლა ყველა ნიშანია იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი პროტესტი მომავალში შეიძლება გადაიქცეს კლანური ბიზნესის შემაკავებელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად. ასევე აღსანიშნავია, რომ თავისი მოთხოვნების სიცხადიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი პროტესტი იოლად იწვევს სამოქალაქო საზოგადოების სიმპათიას და სწრაფად, ყოყმანის გარეშე იძენს ახალ მხარდამჭერებს.
გამომდინარე არსებული სურათიდან, სამოქალაქო გარემოსდაცვითი მოძრაობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, რომ მხილებულ იქნას ის ნიჰილიზმი და უარყოფა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითესება მოსახლეობაში სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობებთან მიმართებაში. ასევე მნიშნვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი საზოგადოება იყოს მუდმივ და დაუბრკოლებელ კავშირში ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბებითა და ხერხებით ცდილობს სახელმწიფო მანქანა სამოქალაქო პროტესტის იგნორირებას და დისკრედიტაციას, ყველა არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი მოძრაობის ერთობა შექმნის ანგარიშგასაწევ ძალას და ოფიციოზის მყარ საპირწონეს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში". მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია