საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„უსახლკარო ადამიანი პოტენციური ბოროტმოქმედია"
იმანუელ კანტი
ბოლო ხანს ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში საცხოვრისის მრავალმხრივი პრობლემატიკა სათანადო ადგილის დამკვიდრებას სულ უფრო გაბედულად ცდილობს. ათწლეულების განმავლობაში ეს მიჩუმათებული თემა დღეს ბუნებრივად ექცევა საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტებს შორის. ამასთან ერთად, საცხოვრისის პრობლემატიკაზე მსჯელობას - ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროს - სისტემური, კომპლექსური ხედვა აკლია. ამგვარი ხედვის ჩამოყალიბება სწორედ ამ სფეროს ესაჭიროება, რადგან საცხოვრისის შეუცვლელ ფენომენში იკვეთება საზოგადოებრივი ცხოველმოქმედების მრავალი ფაქტორი - იდეურ-პოლიტიკური, საფინანსო-ეკონომიკური, სოციალურ-დემოგრაფიული, კულტურულ-ესთეტიკური, ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური თუ სხვა. და მაინც, ყოველივე ამის სათავეში მოქცეულია ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - საცხოვრისის უფლება.
როგორც ცნობილია, ადამიანის ამ სასიცოცხლო უფლებას თანამედროვე საზოგადოებაში იმპერატიულად ამკვიდრებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“: „ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის (ხაზი ჩემია - ვ.ვ.), სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად <...>.“ (მ. 25, პ.1.)[1]
ქართული რეალობის გადასახედიდან, საბჭოთა პერიოდში საცხოვრისის უფლება ადამიანური „მასალით“ მანიპულირების მძლავრ იდეოლოგიურ ბერკეტად გვევლინება. ამ მხრივ, პირველ რიგში გასახსენებელია 1920-ან წლებში დამკვიდრებული „სახლ-კომუნების“ იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც ოჯახის, შინამეურნეობის, პრივატული სივრცის კვდომას ემსახურებოდა და მობინადრეს ოდენ ბიოლოგიურ მინიმუმამდე დაყვანილ განსაზოგადოებრივ მიზერულკვადრატულ მეტრებს უთმობდა. 1930-ანი წლების მეორე ნახევრის „დიდი ტერორის“ ინსტრუმენტებს შორის „კომუნალური ბინების კოშმარმა“ თავისი როლი შეასრულა - საბჭოთა წყობისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანების დასმენის საფასურად რეპრესირებული ოჯახების კუთვნილი ფართობი ხშირად დამსმენს გადაეცემოდა სარგებლობაში. სწორედ მაშინ და იმ საბინაო (თუ „უბინაო“) პირობებში ჩამოყალიბდა „homo soveticus“-ის სოციალურ-ფსიქოლოგიური ტიპაჟი - უპასუხისმგებლობა საცხოვრებელი გარემოს მიმართ, თვითორგანიზების უუნარობა, სარჩენის პოზიცია, NIMBY-ის სინდრომი[2]. ადამიანთა ეს ტიპი იმდენად მდგრადი აღმოჩნდა, რომ დღესაც დიდწილად აბრკოლებს ჩვენში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„ხრუშჩოვისეული ლეღმის“ პერიოდში დაიწყო ურბანული საცხოვრისის ბიოლოგიური მინიმუმიდან გარკვეულ დემოგრაფიულ სტანდარტამდე ამაღლების პროცესი. შიდასაქალაქო განსახლების პოლიტიკა დაექვემდებარა ფორმულას - „ყველა ოჯახს - იზოლირებული ბინა“. ამ ისტორიული პროცესის თანმხლები ნაკლოვანებების მიუხედავად (ასეთები კი მრავლად იყო - არასაკმარისი საცხოვრებელი ფართობი, დაბალი სანიტარიული სტანდარტები, ბინების შიდაგეგმარების ხარვეზები, უზომო თბოდანაკარგი, უსახური არქიტექტურა, დეჰუმანიზებული საცხოვრებელი მასივები, კეთილმოუწყობელი გარემო, სატრანსპორტო პრობლემები და სხვა), ნებსით თუ უნებლიეთ, გადაიდგა პირველი ნაბიჯი საბჭოთა ადამიანისთვის ხარისხობრივად ახლებური საცხოვრებელი გარემოს ფორმირების მიმართულებით.
ამგვარი გარემოს არსს კარგად განსაზღვრავს არა ლინგვისტურად, არამედ კულტუროლოგიურად არცთუ ადვილად „სათარგმნი“, თანამედროვე ევროპული ურბანული კულტურის ფუძემდებელი ცნება - privacy. ეს იყო სოციალური გარღვევა ჩვენში საცხოვრისის შინაარსისა და ფუნქციის ევოლუციაში. ამ გარღვევამ, გარკვეულწილად, განაპირობა კიდეც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მოშლის შეუქცევადი პროცესი, როდესაც ადამიანები დარწმუნდნენ კომუნისტური იდეოლოგიის ფასეულობების სიყალბეში და იგრძნეს უბრალო, ოჯახური, ყოფითი ბედნიერებისა და სიმყუდროვის მივიწყებული მომაჯადოებელი ძალა. ასეა თუ ისე, საბჭოეთის ბოლო პერიოდი საცხოვრისის სექტორში ხასიათდებოდა ქალაქებში საბინაო მშენებლობის არნახული მასშტაბით, ბინის მისაღებად „რიგში მდგომთა“ გრძელი სიებით, შესაბამისი კორუფციული სქემებითა და, მაინც, - საცხოვრისის დაუფლების არცთუ უიმედო მოლოდინით.
ამგვარი მოლოდინი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ხანებში, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაძლიერდა. პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ვერ მოასწრო - 1991 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ, ძალიან გონივრულად შედგენილ კანონპროექტს, „ბინების პრივატიზების შესახებ“, კანონად ქცევა არ ეწერა - სულ მალე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო. ხუნტა უმალვე მიმართავს პოპულისტურ ხერხს და 1992 წლის 1 თებერვალს აცხადებს ბინების ფაქტობრივად უსასყიდლო პრივატიზაციას - ავარიულ მდგომარეობაში არსებულთა ჩათვლით. ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგებს ჩვენი საზოგადოება დღესაც იმკის.
ედუარდ შევარდნაძის მეთაურობის პერიოდი, ქვეყნის საბინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მეტად წინააღმდეგობრივი და უსისტემო იყო. ერთი მხრივ, შეიმჩნეოდა საცხოვრისის ახლებური პრობლემატიკის გააზრების მცდელობები; საქართველო ეროვნული მოხსენებითა და საცხოვრისის სფეროში საერთაშორისო ინიციატივებით ღირსეულად წარდგა „ჰაბიტატის“[3] მეორე მსოფლიო ფორუმზე, სტამბოლში, 1996 წელს; დაიწყო კომერციული სამშენებლო ბიზნესის განვითარება; ჩაისახა უძრავი ქონების ბაზარი და ა.შ. მეორე მხრივ, ეს პერიოდი ხასიათდება საცხოვრისის პრივატიზების ლამის ძალდატანებითი დაჩქარებით, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის რყევით; უამრავი მკვდრადშობილი თუ უდღეური დადგენილება-გადაწყვეტილებით[4]; ტოტალური კორუფციით, „საფინანსო პირამიდების“ კონსტრუირებით; ქალაქთმშენებლობითი დისციპლინის მოშლით; სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის სფეროში აღებული ვალდებულებების უგულებელყოფითა და სხვა ამგვარით. რაც მთავარია, საცხოვრისის სექტორში გაჩნდა ახლებური გამოწვევები, რომლებთან გასამკლავებლად ქვეყნის ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა; ის მათ, უბრალოდ, ჯიუტად არ ხედავდა.
ეს გამოწვევები კი უპრეცედენტო ხასიათისა და მასშტაბის იყო - შეიარაღებული კონფლიქტებისა და ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად გაჩენილი დევნილების მრავალრიცხოვანი ტალღა; 2002 წელს თბილისში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული 20 000-ზე მეტი ობიექტი; ნორმატიულად ამორტიზებული შენობები, რომლებსაც მიმდინარე, კაპიტალური და ავარიული რემონტი 1990 წლიდან აღარ ჩატარებია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაჩნდა საცხოვრისის მაძიებლების ახლებური კატეგორიები - უბინაოები და უსახლკაროები. „საქართველოს მისახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერა“ უკვე აფიქსირებს 788 უსახლკარო შინამეურნეობას (ოჯახს), 2 531 წევრით. სავარაუდოდ, ეს მონაცემები არასრული იყო.
უნდა ითქვას, რომ „ვარდების რევოლუციის“ პირველ, გულუბრყვილო ენთუზიაზმით აღსავსე ეტაპზე, იყო საცხოვრისის სფეროს სისტემური გააზრების მასშტაბური სახელმწიფოებრივი მცდელობა - ახლად გარდაქმნილმა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრომ 2004 წელს შეიმუშავა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „საქართველოს საბინაო პოლიტიკის საფუძვლების“ პროექტი[5]. ამ დოკუმენტის მიხედვით, „პროგრამის ძირითად არსს წარმოადგენს: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი სფეროს, საბინაო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების დასახვა და საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგების პროცესების ხელშეწყობისათვის შესაბამისი სამოქმედო პროგრამის ჩამოყალიბება; საქართველოს მოქალაქეთათვის ღირსეული და ხელმისაწვდომი საცხოვრისით უზრუნველყოფის უფლების ხელშეწყობა, რაც დაცულია კონსტიტუციით, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით, ადამიანთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო აქტით და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით.“ პროგრამის შესრულების ვადად დასახული იყო 6 თვე - 2004 წლის ბოლომდე, მაგრამ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად საბაზრო ურთიერთობების თაყვანისმცემელი პირის მოსვლის შემდეგ საცხოვრისის პრობლემატიკა ბაზრის სტიქიას ჩაბარდა; ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, ქვეყანამ ამ სფეროში „განვითარების ტემპი დაკარგა“.
ამ ფონზე ერთადერთ მასშტაბურ მიღწევად საცხოვრისის მართვის სფეროში გვევლინება დედაქალაქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოძრაობის გაშლა, რაც, უთუოდ, თბილისის მერიის მხრიდან, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, მრავალბინიანი სახლების სარემონტო სამუშაოების თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებამ განაპირობა.
დღეს საქართველოში უსახლკაროთა რაოდენობა დრამატულად იზრდება - 2017 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ ორგანოში შესულია უსახლკაროდ რეგისტრაციის 6100-მდე განაცხადი.[6]გადასაწყვეტია დევნილთა დაბინავების უმძიმესი, ხანგრძლივი პრობლემა. ქვეყანაში იზრდება ე.წ. სოციალური/ხელმისაწვდომი/მუნიციპალური საცხოვრისის მაძიებელთა რაოდენობა. მოკლედ რომ ვთქვათ, საცხოვრისის პრობლემატიკა ღრმა სისტემურ კრიზისში მოექცა. ქვემოთ მოგვყავს ამ კრიზისული ვითარების განმსაზღვრელი რამდენიმე ძირითადი კომპონენტი.
იდეოლოგიური კურსი და პოლიტიკური ნება
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში გაბატონდა ლიბერალური იდეოლოგიური კურსი; საბინაო პრობლემატიკა მთლიანად საბაზრო ძალებს, ბაზრის სტიქიას ჩაბარდა. საცხოვრისის ფონდის განვითარება მხოლოდ კომერციული ბინათმშენებლობით განისაზღვრა. შედეგად, საქართველო მსოფლიოში ლამის ერთადერთი ქვეყანა გახდა, სადაც ხელისუფლებები - ნაციონალური თუ მუნიციპალური - ამ ბოლო დრომდე გაურბოდნენ საცხოვრისის ისეთი სექტორის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობას, როგორიცაა ხელმისაწვდომი/სახელმწიფო/ მუნიციპალური საცხოვრისი.
საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა
მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც საცხოვრისის პრობლემატიკა იმდენად იქნება უგულებელყოფილი, როგორც ეს საქართველოში ხდება. ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია ამ სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა, „საბინაო კოდექსის“ ჩათვლით; ამ მხრივ, ჩვენი საზოგადოება, ფაქტობრივად, მხოლოდ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამარაა მიტოვებული.
ინსტიტუციური მოწყობა
ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებაში არაერთგზის გამართული ინსტიტუციური „ოპტიმიზაციის“ შემდეგ საცხოვრისის პრობლემატიკამ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმატი ვერ შეიძინა. დევნილთა დაბინავების საკითხები შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციაში; უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა; კომერციული ბინათმშენებლობა, ბუნებრივია, კერძო სექტორის ინტერესების სფეროშია მოქცეული. „უპატრონოდ“ დარჩენილია საცხოვრისის უმნიშვნელოვანესი სექტორი - ე.წ. „ხელმისაწვდომი“ საცხოვრისი, რომლის გარეშე არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ არსებობს.
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის 15 კომიტეტს შორის არც ერთის ინტერესებში არ შედის საცხოვრისის პრობლემატიკა; საბჭოეთის დროიდან კარგად ცნობილი ფორმულის შესაბამისად - „არ არის კომიტეტი - არ არის პრობლემა.“ ყველაზე ახლოს ამ პრობლემას, ერთი შეხედვით, უახლოვდება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მაგრამ ამ კომიტეტის დებულებაში 16 დეკლარირებულ „პრიორიტეტულ მიმართულებას“ შორის - ნარჩენების მართვა, სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა - საცხოვრისს მკაფიოდ არტიკულირებული ადგილი არ მოეძებნა.
საცხოვრისის კლასიფიკაცია.
ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების პერიფერიაზე საცხოვრისის პრობლემატიკის უღიმღამო არსებობამ ამ კომპლექსური სფეროს კლასიფიკაციის, ადეკვატური ცნება-ტერმინების დამახინჯებული წარმოდგენა განაპირობა. მკაფიოდ გაუმიჯნავი რჩება საცხოვრისის ისეთი, თავისი არსით რადიკალურად განსხვავებული, ფუნქციურ-ტიპოლოგიური თუ სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფები, როგორებიცაა: „უსახლკარო“, „მიუსაფარი“, „თავშესაფარი“, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“, „მუნიციპალური საცხოვრისი“ და სხვა.
საქართველოში საცხოვრისის პრობლემატიკის სავალალო მდგომარეობის ანალიზის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ უმჯობესია დროული დასკვნის გაკეთება. ამ დასკვნის მიხედვით კი, საცხოვრისის სფეროში აუცილებელი ძალისხმევის საუკეთესო იმპულსად, გზავნილად, პოლიტიკურ დაკვეთად საცხოვრისის, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კატეგორიის საქართველოს კონსტიტუციის განახლებულ ვერსიაში ნებისმიერი ფორმით მოხსენიება იქნება.[7] თუ რა ფორმულირებით, რა რედაქციით - არჩევანი არსებობს უცხოური პრაქტიკის მაგალითების სახით. ქვემოთ გთავაზობთ სამ ასეთ მაგალითს, პოსტსაბჭოური ან „პოსტსოციალისტური“ ქვეყნების კონსტიტუციებიდან, რითაც ვამთავრებ ამ სტატია-მოწოდებას (კონსტიტუციებიდან ამონარიდების თარგმანი არაოფიციალურია და სტატიის ავტორს ეკუთვნის).
უკრაინის კონსტიტუცია, მუხლი 47: „ყველას აქვს საცხოვრისის უფლება. სახელმწიფო ქმნის პირობებს, რომლებიც ყოველ მოქალაქეს შეუქმნის საცხოვრისის აშენების, შეძენის ან დაქირავების შესაძლებლობას“.
პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 75, პუნქტი 1: „საჯარო ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას, სახელდობრ, უსახლკარობის აღმოფხვრას; მხარს უჭერს სოციალური [ბინათ]მშენებლობის განვითარებას, აგრეთვე, ხელს უწყობს საკუთარი საცხოვრისის მისაღებად მოქალაქეთა ქმედებებს.“
უნგრეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონი, მუხლი XXII: „უნგრეთი ისწრაფვის ყოველი ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისკენ <...>.“
შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა არ გამოხატავდეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” პოზიციას.
[1]ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ტერმინს „საცხოვრისი“; ამის შესახებ იხ. : ვ. ვარდოსანიძე, თ. სულუხია. ტერმინი „საცხოვრისის“ დაზუსტების საკითხისათვის. კრ.-ში: „მეცნიერება და ტექნიკა“, თბილისი, 1993, #1-2.
[2]NIMBY - Not In My Back Yard.
[3] UN HABITAT PROGRAM- გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია ურბანული განვითარებისა და საცხოვრისის სფეროებში, რომლის საყრდენი სლოგანებია: „მდგრადი ქალაქგანვითარება“ და „ღირსეული საცხოვრისი“. ამ ორგანიზაციის მსოფლიო ფორუმები 20-წლიანი ციკლით იმართება; ბოლო, მესამე ფორუმი გაიმართა ქ. კიტოში (ეკვადორი), 2016 წლის ოქტომბერში.
[4]მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 იანვრის # 39 ბრძანებულებას, „საქართველოში ბინათმშენებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტიმულირების კონცეპტუალურ საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.
[5]დოკუმენტი ავტორის პირადი არქივიდან.
[6]„საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2016 წელი“, გვ. 711.
[7] საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიმდინარე წლის 22 აპრილს დამტკიცებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ზოგადი დებულებების ნაწილი, კერძოდ მე-5 მუხლი შეიცავს ჩანაწერს ღირსეულ საცხოვრებელზე შემდეგი შინაარსით: „სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსებული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.“ (შენიშვნა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ინსტრუქცია