[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / ანალიტიკური დოკუმენტები

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა

ეროვნული უსაფრთხოება მრავალკომპონენტიანი ცნებაა და ერთ უნივერსალურ განმარტებაში მისი მოთავსება საკმაოდ რთულია.  ვიწრო და მოძველებული გაგებით, ამ ცნებაზე მსჯელობისას, მთავარი აქცენტი ძალოვან ან/და გასამხედროებულ უწყებებზე კეთდება.[1] თანამედროვე, უფრო ფართო, გაგებით ეროვნული უსაფრთხოება ბევრად კომპლექსურია და მოიცავს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ნებისმიერ ისეთ საქმიანობას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას. ამ ლოგიკას მიჰყვება საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ და ადგენს, რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია:[2]

  • სახელმწიფო თავდაცვა;
  • საგარეო უსაფრთხოება;
  • შიდა უსაფრთხოება;
  • სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
  • სამოქალაქო უსაფრთხოება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოება;
  • მართლწესრიგი.

ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა იმ ინსტიტუტების ერთობლიობაა, რომლებიც ამ სფეროში პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებასა და აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი. უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირება, ეროვნულ დონეზე, ქმედებების კოორდინაციისა და სათანადო დემოკრატიული კონტროლის პირობებში საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების სწორ და დროულ იდენტიფიცირებას, მათზე ეფექტიან რეაგირებას ეფუძნება. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, როგორც ერთ მთლიან ეკოსისტემად, არქიტექტურად აღქმა, სხვადასხვა უწყების საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერზედამხედველობის ხელშეწყობისთვისაა აუცილებელი.

ეროვნული უსაფრთხოების საიმედო და სტაბილური სისტემის თანამედროვე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია სისტემის მარეგულირებელი, ნათლად განსაზღვრული, საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციათა მკვეთრი გამიჯვნა და კონტროლისა და ბალანსირების ეფექტიანი მექანიზმები. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის მოწყობისას გარანტირებული უნდა იყოს უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილებების სათანადო გადანაწილება, უწყებრივ და ეროვნულ დონეებზე პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება და განხორციელება, სათანადო ინსტიტუციური ურთიერთკონტროლი და ბალანსი, ქმედითი უწყებათაშორისი კოორდინაცია და დემოკრატიული კონტროლი.

მოქმედმა კონსტიტუციურმა მოდელმა შეცვალა უსაფრთხოების სისტემა: უსაფრთხოების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება გაიზარდა, პრეზიდენტის კი შემცირდა.[3] ახალი კონსტიტუციით, შეიცვალა ზოგიერთი უწყების კომპეტენცია და მათი ანგარიშვალდებულების ადრესატი. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია სრულად აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში მოექცა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას პარლამენტი ამტკიცებს.[4] ამ მოწყობაში, გაუქმდა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოები - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა და უშიშროების საბჭოები.[5] ამ უწყებების ფუნქციები ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შეითავსა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებაზე, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება სხვადასხვა უწყებაზე ნაწილდება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობის საფუძველზე,[6] შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უსაფრთხოების სისტემის მუშაობაში შემდეგი ორგანოები მონაწილეობენ:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • დაზვერვის სამსახური;
  • თავდაცვის სამინისტრო;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • ფინანსთა სამინისტრო.

თითოეულ მათგანს აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატი, რომლის ფარგლებშიც,  შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით,  პასუხისმგებელნი არიან ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უფლებამოსილებები, ძირითადად, ძალოვან ან/და გასამხედროებულ უწყებებზე ნაწილდება, ეს არ გამორიცხავს სხვა ინსტიტუტების ჩართულობას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მის შემადგენლობაში არსებული უწყებების ინსტიტუციურ მოწყობას, ძირითად ფუნქციებს, მართვისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს.  

საქართველოს_ეროვნული_უსაფრთხოების_არქიტექტურა_1681130673.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გიორგი ბილანიშვილი, „რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა“, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, 04.01.2018, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/40FrOfG, განახლებულია: 29.03.2023. 

[2] საქართველოს კანონის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ მე-3 მუხლი.

[3] საქართველოს კონსტიტუციური კანონის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 49-ე, 52-ე, 54-ე და 55-ე მუხლები, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JT6ahu, განახლებულია 28.03.2023.

[4] საქართველოს კანონის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ მე-14 და მე-15 მუხლები.

[5] ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებ-გვერდი, „საბჭოს შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3M6D5Sx, განახლებულია: 29.03.2023.

[6] საქართველოს კანონის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ მე-193 მუხლის მე-2 ნაწილი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“