საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ზარინა ბურკაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2024 წლის 3 აპრილს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში, რომელიც 2024 წლის მაისს სამი მოსმენით მიიღო. ამ ანტიკონსტიტუციური კანონით მმართველმა ძალამ საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. დემოკრატიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რაც ავტორიტარული ტენდენციების დაძლევას გულისხმობს სამართლიანი არჩევნებით და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობა და წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია. არჩევნების სამართლიანობა კი ნიშნავს ხელისუფლებაზე ლეგიტიმურ წვდომას.
დემოკრატიის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციის წარმატება და კრახი შესაძლოა აიხსნას ორი მნიშვნელოვანი ცვლადით − ლოკალური და საერთაშორისო ფაქტორებით. ვინაიდან ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო პოლიტიკისგან განყენებულად არ ვითარდება, პოლიტიკის მეცნიერები თვლიან, რომ „ყველა საერთაშორისო პოლიტიკა ლოკალურია.“[1] ამ დაშვების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი ელიტები და მოქალაქეები წყვეტენ პოლიტიკური რეჟიმების განვითარების ტრაექტორიებს. ამ ელიტებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, ეკონომიკური ელიტები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. პოლიტიკურ ელიტებში მოიაზრება მმართველი და ოპოზიციური პარტიები,[2] რომლებიც პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი. სამოქალაქო საზოგადოება კი პროფესიულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ და სხვა საზოგადოებრივი ნიშნით გაერთიანებულ ორგანიზაციებს მოიცავს. თუმცა, პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციის კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოება აღქმულია მისი ვიწრო მნიშვნელობით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არის გაიგივებული. ამ აქტორებთან ერთად მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული ნორმების გავრცელებასა და დამკვიდრებაში. თუმცა, ამ აქტორების როლი არ უნდა გავიგოთ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, რადგან ემპირიული გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ მთავარი შიდა აქტორების ძალაუფლება იზღუდება დემოკრატიული პროცესებით, მათ, შესაძლოა, უარყოფითი როლი შეასრულონ დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამდენად, დემოკრატიული კონსოლიდაცია შედეგია იმ ურთიერთქმედებებისა, რომლებიც დემოკრატიზაციის პროცესში მონაწილე აქტორების გადაწყვეტილებებს ეფუძნება.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე, არის საერთაშორისო გავლენები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ განვითარებული საგარეო პოლიტიკის მექანიზმები. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირის პოლიტიკურმა პირობითობამ დადებითი გავლენა იქონია დემოკრატიულ პროცესებზე პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. პოსტსაბჭოთა სივრცის თხუთმეტი სახელმწიფოდან სამმა - ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეძლო დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევა, დანარჩენი სახელმწიფოები კი ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებად ჩამოყალიბდნენ. ამ განსხვავებული შედეგების ახსნა შესაძლებელია საერთაშორისო ფაქტორებით, პოლიტიკური ელიტების არჩევანით და მოქალაქეთა გადაწყვეტილებით, მობილიზდნენ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ. ამდენად, მოცემულ სტატიაში ამ სამი მნიშვნელოვანი ცვლადის ურთიერთმიმართება იქნება განხილული და მათი გავლენები დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
საერთაშორისო ფაქტორები
პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეგატიური აქტორია რუსეთი, რადგან რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი სახელმწიფოებისთვის რუსული გავლენები და რუსეთის მიერ ავტორიტარიზმის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა. თუმცა, ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის შემსუბუქება შეუძლია ადგილობრივი მოთამაშეების გონივრულ პოლიტიკას.[3] ავტორიტარიზმის გავრცელებას ავტორიტარული მოთამაშეები ორი მთავარი ფორმით უწყობს ხელს − ინკლუზიური და ექსკლუზიური ფორმებით.[4] ავტორიტარიზმის ინკლუზიური ფორმით ხელშეწყობის დროს ავტორიტარული საერთაშორისო ინსტიტუტები ფორმირდება, სადაც დომინანტური ქვეყანაა ავტორიტარიზმის გამავრცელებელი დიდი სახელმწიფო. მსგავს ორგანიზაციებად გვევლინება დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა (დსთ), ევრაზიული კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, სადაც რუსეთი დომინანტურ ძალას წარმოადგენს. ანალოგიურად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში წამყვანი სახელმწიფო ჩინეთია. ეს ორგანიზაციები ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) საპირწონედ შეიქმნა, რათა დემოკრატიის გავრცელებას ხელი შეეშალოს. ავტორიტარიზმის ექსკლუზიური ფორმით ხელშეწყობა კი „აქტორებსა“ და მათ მიზნებს ეხება. აქტორებს, როგორც წესი, იყენებენ ავტორიტარული ფასეულობების გასავრცელებლად. რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მხარს უჭერს ავტორიტარული ლიდერების შენარჩუნებას ხელისუფლებაში და ამის ნათელი მაგალითი ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოა.
ამასთან, რუსეთი გავლენას ახდენს სამიზნე ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და ავტორიტარულ ლიდერებს ხელს უწყობს, რომ სახელმწიფოში ავტორიტარული ორიენტაცია განსაზღვრონ. ამ მიდგომით რუსეთი ყველა არადემოკრატიულ და არალიბერალურ პოლიტიკურ ელიტას უბიძგებს შეინარჩუნოს ძალაუფლება დემოკრატიის გავრცელების შებოჭვის ხარჯზე.
ავტორიტარიზმის გავრცელება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არაა, მას იდეოლოგიური საწყისებიც აქვს. არსობრივად ეს გულისხმობს სისტემურ და ინსტიტუციურ დონეზე ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერასა და არადემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებას. მიჩნეულია, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს იდეოლოგიის ნაცლად მენტალობა გააჩნიათ,[5] თუმცა რუსეთის შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ისტორიული ფაქტორები, კერძოდ ის, რომ ის ყოფილი იმპერიაა, რომელსაც იდენტობის კრიზისი აქვს და პოლიტიკური მიზნის მიღწევას იდეოლოგიის გამოყენებით ცდილობს. ამდენად, იდენტობა და ეროვნული ინტერესი მნიშვნელოვანი ფაქტორებია რუსული საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას.
ავტორიტარიზმის გავრცელების პროცესში მნიშვნელოვანია რუსული გამოცდილების გავრცელება პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს საარჩევნო პროცესებსა და კანონის უზენაესობაზე უარყოფითი გავლენების მოხდენას ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მართვის ეფექტური ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით.[6]
ავტორიტარიზმის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული პროცესების გაყინვა, რასაც რუსეთი სომხეთში 2018 წლამდე ახორციელებდა მისდამი ლოიალურად განწყობილი მთავრობების მეშვეობით. უფრო რადიკალურ მეთოდებს რუსეთმა უკრაინაში მიმართა, როდესაც თავდაპირველად ვიქტორ იანუკოვიჩის მეშვეობით სცადა უკრაინაში სამოქალაქო ომის დაწყება, როდესაც უკრაინის პრორუსულმა მთავრობამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. იანუკოვიჩმა სპეცრაზმ „ბერკუტსა“ და მაიდანის დემონსტრანტებს შორის თავდასხმების შესაწყვეტად გადადგომა არჩია, თუმცა ეს დათმობა პუტინმა უარყოფითად აღიქვა. უფრო მეტიც, იანუკოვიჩს მოუწოდა კიევში წესრიგი ძალისმიერად აღედგინა.[7] პუტინს მოვლენების მისთვის არასასურველი განვითარება უბიძგებდა მისთვის უფრო ძვირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო, რაც ჯერ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში და მოგვიანებით, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სრულმასშტაბიან ინტერვენციაში გამოიხატა. რუსეთი ამ სამხედრო ბერკეტების გამოყენებით შეეცადა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების შესუსტებასა და დამხობას. რუსეთმა მსგავსი მექანიზმები გამოიყენა საქართველოში 2008 წელს, როდესაც რუსეთის შემოჭრით და საქართველოსთან ომით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეასუსტა პოლიტიკურად და ეკონომიკურად, რამაც სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის ფონზე, არჩევნების გზით დემოკრატიული ცვლილებები დააჩქარა საქართველოში.
რუსეთი ერთადერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე არაა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ასრულებს. ამასთან, ეს ორი დემოკრატიის ხელისშემწყობი საგარეო აქტორი ცდილობს საქართველოს დახმარებას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და სახელმწიფო უნარების განმტკიცებაში. აღნიშნულისთვის ორივე მოთამაშემ მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება გასწია პოლიტიკური და სოციალური თანასწორობის მისაღწევად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ევროკავშირი მნიშვნელოვანი აქტორია, ვინაიდან საქართველომ 2023 წლის დეკემბერს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ თვალსაზრისით საჭიროა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტის გაფართოების პოლიტიკის მიმოხილვა. გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, ევროკავშირი „პასიური და აქტიური ზეგავლენის“ ბერკეტებს იყენებს. პასიური ზეგავლენა დემოკრატიზაციაზე გამოიხატება იმით, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას თავისთავად აქვს გავლენა შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, რადგან მას პოლიტიკური და ეკონომიკური სიკეთეები მოსდევს. პასიური ბერკეტი არ გულისხმობს მიზანმიმართულ ქმედებებს ადგილობრივი ელიტების ქცევის შესაცვლელად. წევრობისკენ გზის გაკვალვა აქტიური ზეგავლენის ბერკეტებით ხდება, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ პოლიტიკაში ცვლილებების განმტკიცებას და უპირველესად, პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერებას. აქტიური ბერკეტების გამოყენების პირობებში ევროკავშირი უზრუნველყოფს კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების შესაბამისობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და კანონმდებლობასთან. აქტიური ზეგავლენა ცვლის შიდა პოლიტიკურ ბალანსს არალიბერალური სახელმწიფოებისა და ელიტების საწინააღმდეგოდ და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებით მათი ძალაუფლების სივრცეები ვიწროვდება. ამდენად, საინფორმაციო ველი და ინსტიტუციური ჩარჩო უფრო დემოკრატიული ხდება.[8] ამ ძალაუფლებრივ შეზღუდვებს თან ახლავს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების მცდელობები, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი დამფრთხალი პოლიტიკური ელიტების მხრიდან. ხშირად თვითგადარჩენის მიზნით ისინი დემოკრატიული გავლენების შებოჭვას იწყებენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.[9]
ამდენად, საერთაშორისო ფაქტორებით განპირობებული პროცესების მართვა და კონტროლი შიდა ელიტებს შეუძლიათ. ყველაზე მონდომებულ დემოკრატიულ საგარეო აქტორებსაც კი სჭირდებათ მხარდამჭერი საშინაო პოლიტიკური ელიტები, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო არენებზე, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდეს.[10]
პოლიტიკური ელიტების არჩევანი
ვინაიდან პოლიტიკური ელიტები განსაზღვრავენ თამაშის წესებს დემოკრატიულ თუ ავტორიტარულ პოლიტიკურ რეჟიმებში, საერთაშორისო აქტორები მათთან ამყარებენ პირველად კავშირებს. ამასთან, პოლიტიკური ელიტები განსაზღვრავენ, რომელ საგარეო პოლიტიკურ აქტორთან ჩამოაყალიბონ და გააღრმაონ სოციალური, თუ ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი. ამ გადაწყვეტილების მიზანი რუსული გავლენების შესუსტება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება იყო. ამასთან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებში ასოცირდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ კეთილდღეობასთან. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან ისტორიული კუთვნილება, რასაც საქართველოში დღემდე არსებული ყველა სახელისუფლებო ძალა აღნიშნავდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას სიტყვებიც მიუთითებს ამ ისტორიული კუთვნილების მნიშვნელობაზე, როდესაც მან 1999 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები − „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატოში ინტეგრაცია განიხილება, როგორც სახელმწიფოებრივი მთლიანობის განმტკიცებისა და რუსული აგრესიისგან თავდაცვის მექანიზმი. თუმცა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას რუსეთი და რუსული გავლენები საქართველოსა თუ ევროპაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომამდე, დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შემოქმედებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნატოს გაფართოების თემაზე. ევროპული პოლიტიკა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის დროს რუსეთის შეკავებას მისი ეკონომიკური ინტეგრაციით ცდილობდა, რითაც მხოლოდ რუსული აგრესიის გადავადება ხდებოდა და არა მისი თავიდან არიდება. რუსეთის ეკონომიკურმა გაძლიერებამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ჩართულობით ომის დაფინანსების შესაძლებლობა გაზარდა. ამასთან, ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების რუსეთზე გაზრდამ, ნატოს გაფართოების შეჩერებამ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით და რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვამ რუსეთის ძალმომრეობა შეაგულიანა. რუსული გავლენების გამავრცელებელთა მიერ კი ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პროპაგანდისტული მიზნებით იქნა გამოყენებული.
იგივე შეიძლება ითქვას რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ამერიკული დახმარებების გაჭიანურებული პროცესების გარშემო განვითარებული მოსაზრებების შესახებ, რომ თითქოს დემოკრატიული საერთაშორისო თანამეგობრობა მარტო ტოვებს უკრაინას რუსეთის პირისპირ. რეალურად კი კონსოლიდირებულ დემოკრატიებში ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება დელიბერაციისა და პროცედურული დემოკრატიის შედეგია, რაც გულისხმობს კრიტიკული აზრის გათვალისწინებას და შიდა ელექტორალური რისკების განსაზღვრას, რასაც შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
ქართულ რეალობაში პოლიტიკური პარტიების რაციონალი განსხვავებულია, რადგან როგორც სახელისუფლებო ისე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარტიული ინტერესის გაიგივება ხდება სახელმწიფო ინტერესთან. ამდენად, პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ვიდრე პოლიტიკური ცვლილებებისთვის. ამასთან, პრობლემურია შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა, რაც გამოიხატება პარტიული ხელისუფლების პერსონალიზაციასა და პარტიული წევრების რეკრუტირებისა, თუ ნომინაციის ბუნდოვანი პროცედურების არსებობაში. პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად და განსაკუთრებით, ოპოზიციურ პარტიებს უჭირთ საზოგადოებასთან კოორდინაცია, ვინაიდან რეგიონალური პარტიული ბაზისი არ არის მუდმივი და განვითარებული ისე, რომ ორიენტირებული გახდეს საშუალო ამომრჩევლის მოზიდვაზე. ამდენად, პოლიტიკური პარტიები არ შემოიკრებენ ყველა ტიპის ამომრჩეველს, რასაც დასავლურ პარტიულ პოლიტიკაში “catch-all-parties” უწოდებენ.[11] უფრო მეტიც, ქართულ რეალობაში „შუაშისტობა“ საქილიკოა, მაშინ როდესაც დასავლურ პოლიტიკაში „შუაშისტი ამომრჩეველი“ არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს და დემოკრატიის საყრდენს წარმოადგენს.
პარტიული მორფოლოგიის მიღმა მნიშვნელოვანი კომპონენტია პარტიული ლიდერები და მათი არჩევანი. პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც წესი, სამი ტიპის ლიდერი არსებობს − პარტიული აქტივიდან, სადაზვერვო სამსახურებიდან და ეკონომიკური ელიტებიდან მოსული მმართველები. ამ უკანასკნელს ოლიგარქებსაც უწოდებენ. ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია პოლიტიკური რეჟიმის ტრაექტორიის განვითარების თვალსაზრისით, რადგან მათი რაციონალური გათვლები განსხვავებულია. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე იყო პარტიული პოლიტიკოსი, რომელიც რეალურ პოლიტიკას ქმნიდა, ხოლო ჰეიდარ ალიევი და ვლადიმერ პუტინი სადაზვერვო სამსახურებიდან დაწინაურებული მმართველები არიან, რამაც პოლიტიკური რეჟიმის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა. შევარდნაძემ ჰიბრიდული რეჟიმი ჩამოაყალიბა, ალიევმა და პუტინმა კი ავტორიტარული რეჟიმების კონსოლიდაცია მოახდინეს. რაც შეეხება პარტიული პოლიტიკის ოლიგარქიულ საწყისებს, ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში და მისი რეგიონების პარტია, რომელიც საბჭოთა ნომენკლატურისა და ახალი ოლიგარქების შერწყმით წარმოიქმნა. რეგიონების პარტიამ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მოახდინა, ხოლო გადაწყვეტილებებს კოალიციური მექანიზმით იღებდა, რაც შიდა ელიტებს შორის თანამშრომლობას უზრუნველყოფდა და ადმინისტრაციული რესურსების კონტროლს ეფექტურს ხდიდა.[12]
გარკვეულწილად, ეს მოცემულობა საქართველოს ჰგავს, განსაკუთრებით 2016 წლიდან, თუმცა ერთი განსხვავებით, ქართულ რეალობაში ძალაუფლება დეცენტრალიზირებული არაა. საქართველოში 2012 წელს მოსული ხელისუფლება წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების კოალიციას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ფლობს. 2014-2015 წლები დემოკრატიული თვალსაზრისით ყველაზე ჯანსაღ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, რადგან ყველა პოლიტიკური ძალის ხმა ისმის და რაც მთავარია, პირველი მშვიდობიანი ძალაუფლების გადაცემის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი. თუმცა, ეს ერთი შეხედვით დადებითი პოლიტიკური დინამიკა, რაც ძალთა გაზიარებაში გამოიხატა, 2016 წლიდან სუსტდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ტოვებს პოლიტიკას და ის არაფორმალური საშუალებებით გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებსა და არჩეულ ხელისუფალთა გადაწყვეტილებებზე, რითაც იგი ქართულ დემოკრატიას დეფექტურს ხდის. დეფექტური დემოკრატიის ცნება გულისხმობს არაკონსტიტუციური და არარჩეული აქტორების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.[13] ოლიგარქიული საწყისები პარტიულ პოლიტიკაში არასტაბილური ჰიბრიდული რეჟიმების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, რისი მაგალითიც უკრაინა იყო 2010-214 წლებში. ამდენად, პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების ხედვა განმსაზღვრელია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსისთვის. საქართველოში „უცხოური ძალის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები ამის დასტურია. პოლიტიკური ელიტები ავტორიტარულ გზას მაშინ ადგებიან, როდესაც მათ დემოკრატიული ცვლილებები აფრთხობთ პოლიტიკური ძალაუფლების შეზღუდვის გამო, რასაც თან ერთვის გეოპოლიტიკური მოცემულობით განპირობებული საგარეო წნეხი.
თუმცა, პოლიტიკური ელიტების გარდა, მნიშვნელოვან საშინაო აქტორებს სამოქალაქო საზოგადოება და მედია წარმოადგენს, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიული პროცესების განსაზღვრა. ეს ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე ახდენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციონალიზმის იდეების ლეგიტიმაციას საზოგადოებაში. ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური პლურალიზმის და კონკურენციის დამკვიდრებას. მედიას შეუძლია სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმურ საჯარო აქტორად წარმოჩენა და დემოკრატიული დღის წესრიგის შექმნა, თუ ის მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს არ ანიჭებს უპირატესობას და მას პოლიტიკური პარალელიზმი არ ახასიათებს. მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაც და დაცვაც შეუძლიათ სახელმწიფოს დისციპლინირების გზით. ისინი არჩევნების შედეგებზეც ახდენენ ზეგავლენას ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით. სწორედ ამ ნორმატიული თვისებების გამო, ისინი ხშირად პოლიტიკური აქტორების თავდასხმის ობიექტები ხდებიან. საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დემოკრატიული ცვლილებების მიღწევაში, და განსაკუთრებით, საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობას შეუწყვეს ხელი.[14]
პოსტსაბჭოთა სივრცეში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროების ყველაზე დაუნდობელ მეთოდებს რუსეთმა მიმართა, როდესაც 2012 წელს მიიღო კანონი „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციას დაეკისრა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზაციებს უჩერდებოდათ საქმიანობის უფლება. 2016 წელს მიღებული ახალი კანონის თანახმად კი უცხოელებს შეეზღუდათ რუსული მედია საშუალებების ფლობა და მათი მაქსიმალური წილი განისაზღვრა 20 პროცენტით.[15] მზარდი ავტორიტარული ტენდენციების პირობებში რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციებმა მუშაობა შეაჩერეს, ხოლო საჯარო სივრცეში ხელისუფლების კრიტიკა პრაქტიკულად აიკრძალა, რამაც პოლიტიკური რეჟიმის ჩაკეტვა განაპირობა. ამ კანონის გავრცელება მეზობელ სახელმწიფოებში ავტორიტარული ფასეულობების დიფუზიის ერთ-ერთი მაგალითია.
2023-2024 წლებში, საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხის გააქტიურების კვალდაკვალ რუსეთის გავლენები გაძლიერდა და საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მსგავსი კანონის რეპლიკაცია, რაც თავისი არსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ,[16] ხელს უწყობს საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებასა და საბჭოური დასმენების მეთოდების ხელახალ დამკვიდრებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უწევს ავტორიტარულ ტენდეციებთან ჭიდილი, რაც სახიფათო გარემოს ქმნის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით. სახელდობრ, პუტინის ავტორიტარული რეჟიმი შერყეულია, რადგან უკრაინაში არაპროვოცირებული ინტერვენციით რუსეთს ეკონომიკური ზიანი მიადგა და მსოფლიო პოლიტიკიდან გაირიყა. პოლიტიკური თვალსაზრისით განკვეთილი სახელმწიფოს მეთაურებზე კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ძებნა გამოაცხადა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, რომლებსაც გენოციდური ხასიათი აქვს.[17] ამ ფონზე, რუსეთი მეტწილად დამოკიდებული გახდა ჩინეთზე, ხოლო მის ხილულ მოკავშირეებად მხოლოდ ირანი, ჰამასი, ჰეზბოლა და ავღანური თალიბანი შემორჩა.
რუსეთი ცნობილია პარტნიორებთან პირობების შეუსრულებლობით, რის მაგალითიც სომხეთია. აზერბაიჯანმა თურქეთთან ალიანსითა და რუსეთის უმოქმედობით შეძლო საერთაშორისო სამართლით აღიარებული აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიების შემომტკიცება და სახელმწიფოებრივი მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება. 2024 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფალთა გამოსვლები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ ალიევის გზის გამეორება სურთ და ამიტომაც, სუვერენიტეტზე, ტრადიციებსა და იდენტობაზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება, რის ფონზეც ევროპული ინტეგრაცია უფრო გრძელვადიან პერსპექტივად ესახებათ და მიანიშნებენ, რომ ჯერ სახელმწიფოებრიობის განმტკიცება უნდა მოხდეს, რაც შემდეგ დემოკრატიულ პროცესებს უფრო გაადვილებს. თუმცა, ამ ფორმულაში ბუნდოვანი და სახიფათო რუსეთის როლია, რომლის მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოს გამთლიანება და დემოკრატიულობა. უფრო მეტიც, უკრაინასთან გაჩაღებული ომის ფონზე, მისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის ამოქმედებისთვის ხელის შეშლა მთავარი ამოცანაა, რათა გარკვეული ბერკეტები მოიპოვოს როგორც ევროკავშირთან ისე, ჩინეთთან მიმართებით, რადგან ეს შუა კორიდორი ამ ორ საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტს შორის ეკონომიკურ კავშირებს აყალიბებს და აძლიერებს რუსეთის გვერდის ავლით.
ამ ეტაპზე, რუსეთი აზერბაიჯანთან პირდაპირ კონფრონტაციას ერიდება, თუმცა, იგი სომხეთში პრორუსული ძალების მეშვეობით ცდილობს ერთის მხრივ ფაშინიანის ხელისუფლების შესუსტებას და მეორეს მხრივ, აზერბაიჯანთან კონფლიქტის რეესკალაციას, რასაც ალიევისა და ფაშინიანის გონივრული პოლიტიკა აფერხებს. აზერბაიჯანს აგრეთვე შეუძლია იქცეს ევროკავშირისთვის ენერგომომარაგების ალტერნატიულ წყაროდ, რაც ევროკავშირის სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამ გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით კი საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს სიფრთხილე მართებთ, რადგან მავნებლური კანონი შესაძლოა გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების საგანი წინასაარჩევნოდ, რადგან ის პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებების მნიშვნელოვანი სეგმენტის გამოთიშვას ემსახურება, რასაც ეკონომიკური თვალსაზრისითაც ექნება მტკივნეული შედეგები, რადგან სხვადასხვა ორგანიზაციის დახურვის ფონზე სამუშაო ადგილები შემცირდება.
ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების ფონზე რთული იქნება დასავლური ინვესტიციების მოზიდვა. მოვლენების ამგვარი განვითარება რუსულ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ის თავის სტრატეგიულ მიზანს ნაკლები დანახარჯით მიაღწევს. რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკურ იზოლაციას, რომელიც მიიღწევა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაწყვეტით, რასაც აღნიშნული კანონი აღწევს, თუ მისი შეჩერება არ მოხდა. უმეგობროდ დარჩენილი და მარტოდ მოხელთებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დარღვევა კი ადვილად იქნება შესაძლებელი დასუსტებული რუსეთისთვისაც.
ეს პროცესები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს წინასაარჩევნოდ, რადგან ოპოზიციური პარტიების სისუსტის მიუხედავად, ქართული ოცნების საარჩევნო შანსები, რომ ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს, მნიშვნელოვნად მცირდება. საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ თანხმდებოდნენ გარკვეულ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა ისინი მუდმივ თანხვედრაში იყვნენ საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით. დღევანდლამდე, ყველა პოლიტიკური პარტია თვლიდა, რომ ანტიდასავლურობასა და პრორუსულობას დიდი საარჩევნო ფასი აქვს. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამ დაშვების შემოწმების კარგი შესაძლებლობა იქნება. წინასაარჩევნო სამოქალაქო მობილიზაცია და საქართველოში 2024 წლის აპრილში და მაისში „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის საპასუხოდ მიმდინარე აქციები და ამ დემონსტრაციებზე გამოსულ მოქალაქეთა რაოდენობა მიუთითებს,[18] რომ ეს გამოცდა, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ვერ ჩააბაროს და მისდაუნებურად რუსულმა გავლენებმა პირველ კოალიციურ მთავრობას ჩაუყაროს საფუძველი საქართველოში. არსებული კრიზისული ვითარებიდან კი საუკეთესო გამოსავალი არჩევნები და პოლიტიკური ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა, რაც ქართულ დემოკრატიას განამტკიცებს და 2024 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას შესაძლებელს გახდის. ამდენად, საქართველოს მოქალაქეებს და მათ პოლიტიკურ არჩევანს გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება.
მოქალაქეთა არჩევანი
საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნა.[19] ამასთან, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს ისტორიულად მიეკუთვნება. ქართულ-ევროპული იდენტობის სიახლოვე თავსებადია საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკურ პროექტთან, რაც ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. ამ გარდამტეხ პოლიტიკურ მომენტში, თუ პოლიტიკურ ელიტებს საღი აზრი არ აქვთ, მოქალაქეებს რჩებათ ვერტიკალური ანგარიშვალდებულების მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენონ მაღალი საარჩევნო აქტივობა და ხმა მისცენ სტრატეგიულად. ხმის მიცემის სტრატეგიულობა კი გულისხმობს მცირე პარტიების მნიშვნელობის წინ წამოწევას. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს ბლოკურ გაერთიანებებს, თუმცა ამ კონტექსტში ეს პრობლემური არ იქნება, რადგან მცირე პარტიები საკუთარ იდენტობას ჩამოაყალიბებენ, თუ საარჩევნო კამპანიის დროს მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან თავიანთ ამომრჩევლებთან რეგიონებსა და დედაქალაქში, ხოლო კოალიციური ფორმირების გამოცდილებას არჩევნების შემდგომ პერიოდში მიიღებენ.
ამ მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი ხელისშემშლელი იქნება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება, რაც მასობრივი მობილიზაციის ალბათობას ზრდის. თავის მხრივ, მოქალაქეთა მობილიზაციები აჩვენებს, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არამართლზომიერ ძალას იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება საკუთარი ხალხის ხმას არ უსმენს.
მოქალაქეების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია საჯარო მოახლეების და განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე პირების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ მათ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტიული ინტერესები, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და საქართველოს დემოკრატიული, მაშასადამე, ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.
აქვე, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიული ოპოზიციისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რაც გამორიცხავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რადგან ეს მექანიზმები საქართველოს მოსახლეობას სჯის, ასუსტებს დასავლეთის კონკურენტუნარიანობას და ზრდის რუსულ გავლენებს.
ამ რთულ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეების მიზანი უნდა იყოს − მშვიდობით არჩევნებისკენ, მშვიდობით ევროპისკენ, რაც მიღწევადია ეროვნული თანხმობით და არჩევნებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით. დროა, საქართველომ პროპორციული სისტემისა და პარლამენტარიზმის უპირატესობა გამოიყენოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდასაჭერად.
აღნიშნულის პარალელურად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის არჩევანი, რომელიც 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ცერემონიაზე გამოსვლისას გაჟღერდა.[20] პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა „ქართული ქარტია“ და მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური ძალების ერთობას წარუძღვეს იმისათვის, რომ საერთაშორისო აქტორებს, მოქალაქეებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაცია გააუმჯობესოს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დემოკრატიისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის მხარდასაჭერად.
დასკვნა
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზთა შორისაა ისეთი საერთაშორისო ფაქტორი, როგორიც რუსეთის ავტორიტარული და აგრესიული პოლიტიკაა, რომელიც მეტად მტკივნეული გახდა რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ. თუმცა, ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების სათავეები, ასევე, უნდა ვეძებოთ პოლიტიკური ელიტების გადაწყვეტილებებში, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას გეოპოლიტიკური მოცემულობის გამოყენებით. გარდამავალი დემოკრატიული რეჟიმის სახელისუფლებო ელიტები საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტის პოლიტიკურ გამოთიშვას მიმართავენ, რაც ძალადობის მხარდაჭერის ტოლფასია და კონფლიქტების წარმოშობას უწყობს ხელს. თუმცა, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პოლიტიკური ელიტები საერთაშორისო დემოკრატიული წნეხის მიმართ მოწყვლადნი აღმოჩნდნენ, თუ დასავლეთთან სოციალური და ორგანიზაციული კავშირების სიახლოვე[21] მართებულადაა გამოყენებული ოპოზიციური ელიტებისა და მოქალაქეების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად.
ამასთან, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ანიჭებს. სახელდობრ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის განვითარების საჭიროება როგორც ჩინეთის ისე, ევროკავშირის ინტერესშია, რადგან ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური დაკავშირება ხდება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას ტვირთების გადასაზიდად. ამ სავაჭრო გზაზე ჩართულ ქვეყნებს შორის იქნებიან ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა და პოლონეთი. ჩინეთი ამ ეკონომიკურ პროექტს აფინანსებს ევროკავშირის სავაჭრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.[22] შესაბამისად, ჩინეთს სურს რუსეთის ჩანაცვლება და ამერიკის ეკონომიკური გავლენის შესუსტება ევროკავშირში. საერთაშორისო მოთამაშეთა ინტერესთა ამგვარი კონფიგურაცია რუსეთისთვის ხელსაყრელი არაა და იგი ცდილობს საქართველოში არასტაბილური ვითარების შექმნას ურთიერთდაპირისპირების ხელშეწყობით, რათა მან შეინარჩუნოს თავისი საგარეო პოზიციები ევროკავშირთან და ჩინეთთან მიმართებით.
წინამდებარე ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები ურთიერთდაკავშირებულია და ამ გარემოებებით განპირობებული ავტორიტარული ტენდენციების დაძლევა შესაძლებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით. საქართველოს მოქალაქეებმა და ქართულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის თაოსნობით მშვიდობით, ლეგიტიმურად და არჩევნებით უნდა გაიკვალოს ევროპისკენ და დემოკრატიისკენ მიმავალი გზა. საქართველოს სახელისუფლებო პარტიას კი გააჩნია კონსტიტუციური ვალდებულება, აღიაროს არჩევნების შედეგები, როგორიც არ უნდა იყოს ის მისთვის და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დემოკრატიული კონსოლიდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელია. როდესაც ხელისუფლება ეროვნულ ინტერესსა და მოქალაქეთა ნებას ეწინააღმდეგება, არჩევნები ხდება პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება, რადგან არჩევნები როგორც ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი იტყოდა “უძლურთა ძალას” წარმოადგენს.
[1] Gleditsch Kristian Skrede. “All International Politics Is Local, The Diffusion of Conflict, Integration, and Democratization.” University of Michigan Press, 2002.
[2] Linz and Stepan, “Problems of Democratic Transition and Consolidation, Southern Europe, South America, and Post-Communist Europe.” The Johns Hopkins University Press, 1996.
[3] Kopstein, Jeffrey, S and Reilly, David, A. “Geographic Diffusion and the Transformation of the Post-Communist World.” World Politics 53(1), 2000, 1-37.
[4] Burnell, Peter. “Is there a new autocracy promotion?,” Fride Working Paper 96, 2010, 1–6.
[5] Linz and Stepan, “Problems of Democratic Transition and Consolidation, Southern Europe, South America, and Post-Communist Europe.” The Johns Hopkins University Press, 1996.
[6] Tolstrup, Jakob. “Studying a Negative External Actor: Russia’s Management of Stability and Instability in the ‘Near Abroad.’” Democratization 16:5, 2009, 922-944.
[7] Service, Robert. “Kremlin Winter: Russia and the Second Coming of Vladimir Putin.” Picador, 2019.
[8] Vachudova Milada Anna. “Europe Undivided Democracy, Leverage, and Integration After Communism.” Oxford: Oxford University Press, 2005, 65-72, 107.
[9] Tolstrup, Jakob. “When Can External Actors Influence Democratization? Leverage, Linkages, and Gatekeeper Elites.” Democratization 20(4), 2013, 716–742.
[10] Schimmelfennig, Frank and Scholtz, Hanno. “EU Democracy Promotion in the European Neighborhood Political Conditionality, Economic Development and Transnational Exchange.” European Union Politics 9 (2), 2008, 187–215.
[11] Katz, Richard. “Political Parties” in Caramani, Daniele, “Comparative Politics”, Oxford University Press, 2008, 293-316. Katz, Richard. “A Theory of Parties and Electoral Systems.” The Johns Hopkins University Press, 2007.
[12]Kudelia, S and Kuzio T. “Nothing personal: explaining the rise and decline of political machines in Ukraine.” Post-Soviet Affairs 31 (3), 250-278.
[13] Merkel, Wolfgang, “Embedded and Defective Democracies.” Democratization 11(5), 2004, 33–58.
[14] Burkadze Zarina. “Great Power Competition and the Path to Democracy. The Case of Georgia, 1991-2020.” Rochester University Press, 2022. Bunce, Valerie, Wolchik, Sharon. “Defeating Authoritarian Leaders in Postcommunist Countries,” Cambridge University Press, 2011.
[15] Service, Robert. “Kremlin Winter: Russia and the Second Coming of Vladimir Putin.” Picador, 2019.
[16] მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36#!
[17] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ხელმისაწვდომია აღნიშნულ ვებგვერდზე: https://www.icc-cpi.int/news/situation-ukraine-icc-judges-issue-arrest-warrants-against-vladimir-vladimirovich-putin-and
[18]https://x.com/visionergeo/status/1789387098950189459
მოცემულ ვებგვერდზე მოცემულია დემონსტრანტების რაოდენობა მიმდინარე აქციების მიხედვით.
[19] Burkadze, Zarina, Ketchakmadze Ivane. “How Euro-Atlantic Integration Shapes Popular Attitudes Towards Democracy?” MAPOR Conference Paper, 2023.
[20] პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა - ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/32964417.html
[21] Levitsky, Steven and Way, A., Lucan “Linkage versus Leverage. Rethinking the International Dimension of Regime Change.” Comparative Politics 38(4), 2006, 379–400.
[22] Kenderine, Tristan, Bucsky, Peter. “Middle Corridor—Policy Development and Trade Potential of the Trans-Caspian International Transport Route.” 2021 წლის მაისი, აზიის განვითარების ბანკის პუბლიკაცია შუა კორიდორთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომი: https://www.adb.org/publications/middle-corridor-policy-development-trade-potential
ინსტრუქცია