[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია და კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

გიორგი ანთაძე,

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი, ჯეოქეისი

ილუსტრაცია - Foreign Affairs ; Matt Needle, ფოტოების წყარო: Reuters;

შესავალი

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოვლენები ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა და მღელვარების მთავარ საბაბად იქცა. კანონის ამოქმედების სამართლებრივ რისკებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა, პარალელურად მიმდინარე რეგიონული მოვლენები, საერთაშორისო ვითარება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული კითხვები დამატებით განხილვას საჭიროებს.

მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორც არამარტო შიდა პოლიტიკის საკითხი, არამედ გავაანალიზოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კანონის ინიციირებაზე გარე ფაქტორებს, კონკრეტულად კი, მსოფლიოში მიმდინარე საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციულ პროცესებს, რომლის უკანაც რამდენიმე სახელმწიფო დგას.

სტატიაში მიმოვიხილავთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციის მიზეზებს, აქტორებს და მის გავლენას საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ვინაიდან ამ პროცესებთან მჭიდრო კავშირშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაც, რომლის მსგავსი კანონებიც ბოლო წლებში ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში იქნა ინიციირებული. 

ნიშანდობლივია, რომ მსგავსი კანონების მიიღეს ან მიღების მცდელობა ჰქონდათ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის დაბალი ხარისხით ან ძლიერი პრორუსული განწყობებით გამოირჩევიან. ასეთებია, მაგალითად: ყირგიზეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა.[1] როგორც ამ ქვეყნებში, ისე საქართველოშიც მიმდინარე პროცესები მხოლოდ შიდაპოლიტიკურ მნიშვნელობას არ ატარებს − აუცილებლად გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკური გარემო და ასპექტები.

საქართველოში კანონის მიღებას თან ახლდა ხელისუფლების აშკარად ღია დაპირისპირება დასავლეთთან და ასევე, ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების გააქტიურება.  ამავე პროცესებს უკავშირდება სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემაც.[2] აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონსორციუმი და მისი შვილობილი კომპანია სხვადასხვა დროსა და ადგილას  იყო სანქცირებული.[3]

მიმდინარე მოვლენები აუცილებლად ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა იქნას განხილული, ვინაიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება იწყებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის აშკარა ცვლილებას და მას, შესაძლოა, ის ძალები ეხმარებოდნენ ამ გზაზე, რომლებიც დღევანდელ მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის მცდელობის ავანგარდში არიან. ეს ქვეყნებია, უპირველესად, ჩინეთი და რუსეთი და მათი პარტნიორი სახელმწიფოები.

საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაგებად, აუცილებელია სწორედ დღევანდელი საერთაშორისო გარემოს ფუნდამენტური ცვლილებების გააზრება და მათ კონტექსტში ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესების დანახვა. ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად, დავინახოთ რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და  საზოგადოებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ამგვარმა ცვლილებამ. ამ საკითხების გააზრება ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოს პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის, რომელსაც უნდა ესმოდეს შიდა პოლიტიკური ვითარების საგარეო კონტექსტები.

დავიწყოთ დღეს არსებული გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და გარემოს აღწერით.

ჩინეთი, რუსეთი და საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია

გლობალური წესრიგი განამტკიცებს იმ ძლიერი სახელმწიფოების პოზიციებს საერთაშორისო არენაზე, რომლებიც მას ხელმძღვანელობენ. მაგალითად, აშშ-მ ინვესტიციები ჩადო ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგში, რომლის შექმნასაც თავად შეუწყო ხელი. ეს წესრიგი ასახავს ამერიკულ პრეფერენციებს და ავრცელებს აშშ-ის გავლენას. მანამ, სანამ წესრიგი საკმარის სარგებელს უზრუნველყოფს უმრავლესობისთვის, სახელმწიფოთა ბირთვი მის დაცვას შეეცდება. ათეული წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით ამ წესრიგის საფრთხეები შემოიფარგლებოდა რამდენიმე ოდიოზური სახელმწიფოთი, რომელთაც არ გააჩნდა ძალა არსებული სისტემის დასამარცხებლად. ასეთ ქვეყნებს შეიძლება მივაკუთვნოთ, ჩრ.კორეა, ირანი, ერაყი, ბრაზილია, ინდონეზია, ვენესუელა, აფრიკის რიგი ქვეყნები და ა.შ.

ერთი მხრივ, ძნელია წარმოვიდგინოთ ისეთი კონფიგურაცია, სადაც აშშ და მისი მოკავშირეები აღარ იქნებიან წამყვანი ძალა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისტორიამ გვიჩვენა, რომ გლობალური წესრიგი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. 1910-იან წლებში ბრიტანული იმპერია გამოიყურებოდა როგორც განუსაზღვრელი დროით მდგრადი დასავლური ჰეგემონი. თუმცა, შემდეგ ორმა მსოფლიო ომმა და დეკოლონიზაციის ტალღამ შეცვალა ვითარება. მას შემდეგ აშშ-ის დომინაციით შექმნილი მსოფლიო წესრიგი გამყარდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მტკიცედ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მას ცვალებადობა და წინააღმდეგობრივი ტენდენციებიც ახასიათებდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მისგან გამოწვეულმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რესტრუქტურიზაციამ ახალი რეალობა შექმნა. ამ ქარიშხლის ღერძი წარმოადგენს ახალ სიმძიმის ცენტრს, სახელმწიფოთა ჯგუფს, რომლისკენაც შეუძლიათ ყურადღება მიმართონ არსებული წესრიგის მიმართ უკმაყოფილო სხვა ქვეყნებმა. ეს ღერძი აყალიბებს საერთაშორისო სისტემას, რომელსაც ახასიათებს სულ უფრო ორგანიზებული და კონკურენტუნარიანი წესრიგი.

ისტორიულად, კონკურენტი წესრიგები ახალისებს კონფლიქტებს, განსაკუთრებით, მათ შორის გეოგრაფიულად მომიჯნავე რაიონებში. ომები წარმოიშობა სპეციფიკური პირობებისგან, როგორებიცაა ტერიტორიული დავა, ეროვნული ან მოკავშირის ინტერესების დაცვის საჭიროება, ან რეჟიმის არსებობის საფრთხე. მაგრამ ნებისმიერი ამ პირობის გამო ომის წარმოშობის ალბათობა მატულობს დაპირისპირებული წესრიგების არსებობის დროს.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ პერიოდები, რომლებიც ხასიათდებოდა გაბატონებული ერთიანი წესრიგით − როგორიცაა, XIX საუკუნეში დიდ ნაწილში შენარჩუნებული ევროპული ბალანსი, ან ცივი ომის შემდგომი აშშ-ის ბატონობის ხანა − ნაკლებად იყო მიდრეკილი კონფლიქტებისკენ, ვიდრე ის პერიოდები, რომლებსაც ახასიათებდა რამდენიმე წესრიგი, როგორებიცაა ორ მსოფლიო ომს შორის მრავალპოლარული პერიოდი და ცივი ომის ბიპოლარული სისტემა. 

მსოფლიომ უკვე მიიღო წინასწარი გაფრთხილება იმ არასტაბილურობის შესახებ, რომელსაც  კონკურენტი წესრიგების ახალი ერა გამოიწვევს ალტერნატიული წესების ნორმალიზაციით დაინტერესებული და იზოლაციის საფრთხით ნაკლებად არიან შეშინებული პოტენციური აგრესორებისთვის. ასეთ გარემოში კი,  შესაძლოა, მათ კიდევ უფრო ფართო და აქტიური მოქმედებებისაც აღარ შეეშინდეთ. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამის პირველი დიდი სიგნალია.

მაგალითად, ჰამასის თავდასხმა ისრაელზე და მას შემდეგ ისრაელის მასშტაბური სამხედრო თავდასხმები ღაზაზე, უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს. გასულ ოქტომბერში აზერბაიჯანმა სამხედრო კონტროლი დაამყარა მთიან ყარაბაღზე. 2023 წელს დაძაბულობა გაიზარდა სერბეთსა და კოსოვოს შორისაც, ხოლო ვენესუელა დეკემბერში მეზობელ გვიანას ტერიტორიების მითვისებით დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა პირობებმა გამოიწვია გადატრიალებები მიანმასა და აფრიკის საჰარას რეგიონში, 2020 წლიდან ასეთი აჯანყებების მზარდი რაოდენობა ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას, ან არსებულის ტრანსფორმაციას უკავშირდება.  

მრავალი წლის განმავლობაში ჩანდა, რომ სამხედრო გადატრიალებები ნაკლებად  ხდებოდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ სამოქმედო გეგმის ავტორები გარედან დიდ რისკებს აწყდებოდნენ ნორმების დარღვევისთვის. ახლა კი ვითარება შეცვლილია. სამთავრობო რეჟიმის დამხობამ შეიძლება დაარღვიოს ურთიერთობები დასავლეთთან, მაგრამ ახალი რეჟიმები შეძლებენ მხარდაჭერის პოვნას პეკინსა და მოსკოვში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია აფრიკის კონტინენტისათვის.

მზარდი თანამშრომლობა ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის იკვებება მათი საერთო ოპოზიციით დასავლეთის მიერ დომინირებულ გლობალური წესრიგის მიმართ და მის წინააღმდეგ. ანტაგონიზმით, რომელიც ემყარება რწმენას, რომ ეს სისტემა არ გამოხატავს მათ სტატუსს ან არ იძლევა მოქმედების თავისუფლებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ამასთან, თითოეული ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას გავლენის სფეროებზე: ჩინეთის „ძირითადი ინტერესები“, რომელიც ვრცელდება ტაივანზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე; ირანის "წინააღმდეგობის ღერძი" მარიონეტული, პროქსი ჯგუფებია, რაც თეირანს აძლევს ბერკეტს ერაყში, ლიბანში, სირიაში, იემენში და სხვაგან; ჩრდილოეთ კორეის პრეტენზია მთელ კორეის ნახევარკუნძულზე და რუსეთის „ახლო საზღვარგარეთი“, რომელიც კრემლისთვის მოიცავს, მინიმუმ, იმ ქვეყნებს, რომლებიც  ისტორიულ იმპერიაში შედიოდნენ. ოთხივე ქვეყანა შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ამ გავლენის უპირველეს დაბრკოლებას სფეროებზე კონტროლის დასამყარებლად და შესაბამისად, სურთ შემცირდეს ვაშინგტონის ყოფნა მათი ინტერესის რეგიონებში.

ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ღერძს შეიძლება არ სჭირდება ალტერნატიული საერთაშორისო წესრიგის თანმიმდევრული გეგმა არსებული სისტემის დასარღვევად. ამ ქვეყნების საერთო წინააღმდეგობა დღევანდელი წესრიგის მიმართ და მათი გადაწყვეტილებები ცვლილებების განსახორციელებლად, ქმნის ძლიერ საფუძველს ერთობლივი მოქმედებისთვის.  ასე მაგალითად, ისრაელ-ჰამასის ომმა და შესაძლებლობამ, რომ ის შეიძლება აფეთქდეს უფრო ფართო ფრონტით, შეაჩერა აშშ-ს სამი პრეზიდენტის მტკიცე მცდელობა, გადაეტანა ამერიკული რესურსები და ფოკუსირება ახლო აღმოსავლეთიდან სხვა რეგიონებზე.

7 ოქტომბრის შემდგომი სტრატეგიული ვითარება ახლო აღმოსავლეთში დიდ წილად ირანის მიერ არის შექმნილი და მის ინტერესებზეა მორგებული. თეირანი ხედავს შანსს ქაოსში. ირანის ლიდერები იყენებენ და აძლიერებენ ღაზის სექტორში ომს, რათა გაზარდონ თავიანთი რეჟიმის სტატუსი, შეასუსტონ და დააკნინონ ისრაელი, შეარყიონ აშშ-ის ინტერესები და კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადონ რეგიონული წესრიგი საკუთარი ქვეყნისთვის. სინამდვილეში, ისლამური რესპუბლიკა ახლა უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე ოდესმე „ახლო აღმოსავლეთის დასაუფლებლად“, მათ შორის, უნარით, დაარღვიოს გემთა გადაადგილება რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილას სპარსეთის ყურეში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა გამოიყენა 3700-ზე მეტი ირანული წარმოების დრონი. ახლა რუსეთი ყოველთვიურად აწარმოებს მინიმუმ 330 დრონს და თანამშრომლობს ირანთან რუსეთში დრონების ახალი ქარხნის აშენების გეგმებზე, რომელიც  ამ რაოდენობას გაზრდის. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გაუგზავნა ბალისტიკური რაკეტები და 2,5 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი, მაშინ როცა უკრაინის მარაგები შემცირდა. ჩინეთი, თავის მხრივ, გახდა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მაშველი რგოლი. პეკინმა გააძლიერა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა, რამაც მილიარდობით დოლარი მისცა მოსკოვის ხაზინას. ჩინეთი მოსკოვს სთავაზობს ომის წარმოებისთვის საჭირო სხვა ტექნოლოგიებს, დაწყებული ნახევარგამტარებიდან და ელექტრონული მოწყობილობებიდან, დამთავრებული რადარის და კომუნიკაციების ჩახშობის მოწყობილობებით და რეაქტიული  ძრავის ნაწილებით.

საბაჟო ჩანაწერები აჩვენებს, რომ დასავლეთის სავაჭრო სანქციების მიუხედავად, რუსეთში კომპიუტერული ჩიპებისა და მათი კომპონენტების იმპორტი სტაბილურად იზრდება ომამდელ დონემდე. ამ საქონლის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან მოდის.[4]

ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერით გაძლიერდა რუსეთის პოზიცია ბრძოლის ველზე, რაც ძირს უთხრის დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს მოსკოვის იზოლირება, რითაც, უპირველესად, უკრაინა ზარალდება.

ეს თანამშრომლობა მხოლოდ აისბერგის წვერია. ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იყო ადრეც, მაგრამ ომმა უკრაინაში დააჩქარა ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავება აღნიშნულ ქვეყნებს შორის. ეს ოთხი ძალა სულ უფრო მეტად აიდენტიფიცირებს საერთო ინტერესებს, სინქრონიზაციას უკეთებს რიტორიკას და კოორდინაციას უწევს სამხედრო და დიპლომატიური საქმიანობას. მათი დაახლოება ქმნის არსებული წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობის ახალ ღერძს, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. ეს ჯგუფი არ არის ექსკლუზიური ბლოკი და, რა თქმა უნდა, არ არის ალიანსი. ეს არის, ვითარებით უკმაყოფილო ქვეყნების კრებული, რომელთაც აერთიანებს საერთო მიზანი, მოახდინონ დამკვიდრებული საერთაშორისო პრინციპების, წესებისა და ინსტიტუტების გადატრიალება, რომლებიც საფუძვლად უდევს გაბატონებულ საერთაშორისო სისტემას. როდესაც ეს ოთხი ქვეყანა თანამშრომლობს, მათი ქმედებებს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე მათი ინდივიდუალური ძალისხმევის ჯამს. ერთად მუშაობით, ისინი აძლიერებენ ერთმანეთის სამხედრო შესაძლებლობებს; ასუსტებენ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, სანქციების ჩათვლით; ხელს უშლიან ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების გლობალური წესების აღსრულების უნარს. მათი კოლექტიური მიზანია შექმნან ალტერნატივა ამჟამინდელი წესრიგისთვის, რომელშიც, მათი აზრით, აშშ დომინირებს.

მოსკოვი იყო ამ ღერძის გააქტიურების პროვოცირების მთავარი წყარო. უკრაინაში ინტერვენცია იქცა უკან ვერდაბრუნების წერტილად პუტინის  კამპანიისთვის დასავლეთის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური წესრიგის განადგურების სურვილი. 2022 წლიდან მან კიდევ უფრო გააღრმავა კავშირები თანამოაზრე ქვეყნებთან მიზნების მისაღწევად. ომის დაწყებიდან დასავლელი პარტნიორების ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიებისაგან მოწყვეტილ მოსკოვს მცირე არჩევანი ჰქონდა და მოქმედებების გასაგრძელებლად პარტნიორებზე  დამოკიდებული გახდა.

მანამდე, ადრეული 2000-იანი წლებიდან ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ წარმოებული ომების პარალელურად მკვეთრად იზრდება ნავთობზე მსოფლიო ფასები, რაც კრემლსა და ვლადიმერ პუტინს უქმნის სასათბურე ფინანსურ პირობებს. ამ ტენდეციით ზურგამაგრებული პუტინი იწყებს ძალაუფლების კონსოლიდაციას რუსეთის შიგნით. პოლიტიკური ოპოზიცია მაქსიმალურად სუსტდება და მყარდება ერთპიროვნული მმართველობა.

ამასთან ერთად, იწყება გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების აქტიური შეზღუდვა. მსგავსი ნაბიჯები, რუსეთში მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მასობრივი პოლიტიკური პროტესტი რუსეთში, რომელიც  2011 წლის 4 დეკემბერს მეექვსე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ დაიწყო და გაგრძელდა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს და 2012 წლის 4 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა  ისევ გაიმარჯვა.

სწორედ 2012 წელს, იღებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რომლითაც თავდაპირველად აგენტის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს დაევალათ. მომდევნო წლებში სია ეტაპობრივად გაფართოვდა და მასში მოხვდნენ:  უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე არასასურველი ორგანიზაციები (2015 წ.);  მედიები (2017 წ.); მედიის როლის შემსრულებელი ფიზიკური პირები (2019 წ.);  უცხოური მთავრობის, ორგანიზაციის, მოქალაქის ინტერესებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შემსრულებელი ან მათი სხვაგვარი გავლენის ქვეშ მყოფი ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირები (2020 წ.); არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებები (2020 წ.); ყველა, ვინც უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს (2021 წ.); იურიდიული პირის უფლებების არმქონე გაერთიანებები (2021 წ.).

შიდაპოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის პარალელურად, 2007-2022 წლებში რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური ადგილის თანმიმდევრულ გადახედვას იწყებს.

ამის შედეგი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, შემდგომში სირიის სამოქალაქო ომში მოსკოვის აქტიური ჩართვა და ყირიმის ანექსია.

სწორედ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ რუსეთი იწყებს საკუთარი პრესტიჟის ე.წ. აღორძინებას და მოსკოვის, როგორც გლობალური მოთამაშის სტატუსის აქტიურ გადახედვას. მოსკოვის პირდაპირი ინტერვენციის შედეგად სირიის სამოქალაქო ომში, ბაშარ ალ-ასადი ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას სირიაში და კრემლი ახლო აღმოსავლეთში ბრუნდება, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე.

ზოგადად რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლისთანავე აქტუალურობა შეიძინა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საერთაშორისო წესრიგში რუსეთის როლის გადახედვისა და ახალი ადგილის ძებნის კონცეპტუალური ხედვების ჩამოყალიბებამ, იქნებოდა ეს რუსული „ევრაზიონიზმით“ ნაკარნახები კონცეფციები, თუ რუსული სამყაროს იდეის განვითარება, ერთი რამ უცვლელი იყო − იკითხებოდა აშკარა უკმაყოფილება რუსეთის როლითა და ადგილით ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც აშშ-ის დომინირებით ჩამოყალიბდა. შიდაპოლიტიკური კონსოლიდაციისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ, რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში აშკარად იკვეთება უახლოესი სამეზობლო ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები და NATO-ს გაფართოებით შექმნილი უკმაყოფილება. როგორც შემდეგში გამოიკვეთა, ეს საკითხი 2022 წლის 24 თებერვლამდე ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკური პრეტენზიების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი იყო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები გვხვდება დასავლეთშიც. NATO-სა და ევროკავშირის ერთიანობა არაერთ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არ არსებობდა ერთიანი, შეჯერებული პოზიციები NATO-სა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებთან მიმართებაში. ბრექსიტის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი. ამის ფონზე, მიგრანტებისა და ენერგეტიკული საკითხებით დატვირთული დასავლური პოლიტიკური ყოველდღიურობა ვერ კონცენტრირდებოდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე. ამას ყველანაირად ხელს უწყობდა მოსკოვის მხარდაჭერა აქტიური პოპულისტური ჯგუფების მიერ. შედეგად, ვლადიმერ პუტინი შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობას საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის იყენებს. ყირიმის ანექსია და უკრაინის 2014 წლის მოვლენები ვერ ხდება დასავლეთის გამოფხიზლების წინაპირობა. ამ რეალობაში, დასავლეთის მიერ სისუსტის დემონსტრაციის შედეგად, ვლადიმერ პუტინი ახალ მოთხოვნებს უყენებს მას. ეს ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ახალი მსოფლიო წესრიგის გაფორმებისკენ მოწოდება იყო − თითქოს სრულდებოდა ლიბერალურ პრინციპებსა და ღირებულებებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი და სამყარო კვლავ რეგიონული და გლობალური ძალების გავლენის ზონებად უნდა გადაქცეულიყო.

ამავე სულისკვეთების გამოვლინებაა მოსკოვსა და პეკინს შორის გაფორმებული „ულიმიტო თანამშრომლობის“ შეთანხმებაც, რაც წინ უძღოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ასევე, 2022 წლის 24 თებერვლამდე კრემლის მხრიდან აქტიურად ისმოდა სხვადასხვა სახის მოწოდებები, როგორც უშუალოდ NATO-სა და ვაშინგტონის, ისე მთლიანად დასავლეთის მიმართ. მათ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა დასავლეთის იძულება, ეღიარებინა ახალი გლობალური წესრიგი და მისი შეცვლილი თამაშის წესები.

მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და პეკინს შორის არსებობს წინააღმდეგობრივი საკითხებიც,  სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. მაგალითად, გავლენა ცენტრალურ აზიის ქვეყნებზე, სასაზღვრო პრობლემები და ჩინეთის გავლენა აღმოსავლეთ ციმბირზე. თუმცა, მოსკოვისთვის ჩინეთი მაინც იქცა მთავარ მოკავშირედ, არა მარტო უკრაინის ომის კონტექსტში, არამედ უფრო გლობალური მიზნების რეალიზაციის თვალსაზრისითაც.

რუსეთის გარდა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სულ უფრო მეტად იკვეთება პეკინის უკმაყოფილება დღეს არსებული საერთაშორისო წესრიგითა და გლობალური მმართველობის სისტემით. უკმაყოფილება, თავის მხრივ, არ არის ახალი მოვლენა, თუმცა, შეიცვალა ჩინეთის ხელმძღვანელობის თავდაჯერებულობა იმის თაობაზე, რომ პეკინისთვის უკვე მომწიფდა პირობები იმისთვის, რომ  არა მხოლოდ კრიტიკოსი და საერთაშორისო წესრიგის „დისიდენტი“ იყოს, არამედ უფრო პროაქტიულად იმოქმედოს საკუთარი ალტერნატიული ხედვის რეალიზაციისთვის.

გლობალური პროცესები, რომლებიც დღეს ჩინეთის სულ მზარდი და აქტიური ჩართულობით საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის მიზნით მიმდინარეობს, დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 1988 წლის დეკემბერში დენ სიაოპინი ინდოეთის პრემიერ მინისტრ რაჯივ განდისთან დისკუსიისას აღნიშნავდა, რომ: „დროა, ვიფიქროთ სათანადო ახალ პოლიტიკაზე ახალი საერთაშორისო  წესრიგის დამყარებისთვის“. დენ სიაოპინმა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი საერთაშორისო ნორმებად ასე ჩამოაყალიბა − ურთიერთობები (IR), როგორც ალტერნატივა „ჰეგემონიზმის, ბლოკური პოლიტიკისა და სახელშეკრულებო ორგანიზაციებისთვის“, რომელიც „აღარ მუშაობს.”[5] 1988 წელს დენი ჰეგემონიზმს გულისხობდა როგორც საბჭოთას, ისე ამერიკულს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი მემკვიდრეები ამტკიცებდნენ, რომ არსებული საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულია შეერთებული შტატების ჰეგემონიაზე და შენარჩუნებულია დასავლეთის მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად და განვითარებადი ქვეყნების გამოსაყენებლად (მათ შორის, ჩინეთის).[6]

მსგავსი განწყობებია არსებული მსოფლიო წესრიგის უფრო ახალ ოფიციალურ კრიტიკაში, სადაც იგი მოიხსენება როგორც “უსამართლო და არაგონივრული” (bu gongzheng, bu heli). ეს დროდადრო მეორდება გლობალურ მმართველობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ოფიციალური გამოსვლასა და დოკუმენტში და ხშირად საკმაოდ არათანმიმდევრულად არის ახსნილი და წარმოჩენილი. უმეტეს შემთხვევაში, ოფიციალური რიტორიკა სრულად არ ხსნის იმას, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს უკმაყოფილება. მაგრამ უფრო დეტალური შესწავლა იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს არა მხოლოდ ჩინეთის ლიდერების ღრმა შეშფოთებასთან დაკავშირებით დღევანდელ მსოფლიო წესრიგზე, არამედ იმის შესახებაც, თუ რის შექმნა სურთ არსებულის ნაცვლად.

ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელ ცნობას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს გამოთქმა ("უსამართლო და არაგონივრული"), შემოგვთავაზა ფუ იინგმა, ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ 2016 წლის ივლისში ლონდონში წარმოთქმულ გამოსვლაში.[7] იგი აღწერს არსებულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც შექმნილია  შეერთებული შტატების მიერ, როგორც Pax Americana-ს მსგავს მოცემულობას. ეს მსოფლიო წესრიგი შედგება სამ შრისგან. ესენია: „ამერიკული ან დასავლური ღირებულებები“, „სამხედრო გაერთიანებები აშშ-ის ხელმძღვანელობით“ და „გაერო და მისი ინსტიტუტები“. ფუ განასხვავებს მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო წესრიგს ერთმანეთისგან, და ამ უკანასკნელს იგი უფრო ვიწროდ განსაზღვრავს, როგორც „გაეროს, მის ინსტიტუტებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“. რომლის მიმართ ჩინეთს „მიკუთვნებულობის ძლიერი გრძნობა აქვს“. პეკინს არ აქვს განზრახული საერთაშორისო წესრიგის დაშლა, ან მისი გადატვირთვა, რადგან ჩინეთი არის „მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბენეფიციარი, კონტრიბუტორი, ისევე, როგორც მისი რეფორმის ძალისხმევის ნაწილი“. თუმცა, ჩინეთი ეწინააღმდეგება იმას, რასაც ფუ სხვაგან უწოდებს „დასავლეთზე ორიენტირებულ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც დომინირებს აშშ“.

მისი აზრით, არსებული წესრიგი უსამართლოა. ის აგრძელებს დასავლეთის დომინირებას იმ პირობებში, როცა ზღუდავს ჩინეთის გავლენას, მიუხედავად მისი მზარდი ძლიერებისა.

მიუხედავად „უზარმაზარი პროგრესისა“, ჩინეთი „დიდი ხანია პოლიტიკურად გაუცხოებულია დასავლური სამყაროსგან“. შეერთებული შტატები აგრძელებს უარყოს ჩინეთის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ს სამხედრო ალიანსის სისტემის მეშვეობით და  „სარგებლობს ლიდერის როლით” იმ დროს, როდესაც ეკონომიკურმა და ძალაუფლების სიმძიმის ცენტრებმა დაიწყეს გადასვლა „ახლად მზარდი განვითარებადი ქვეყნების“ მიმართულებით. სხვა სიტყვებით, ფუ ვარაუდობს, რომ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს, როგორც დასავლეთის ლიდერს, არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ  მსოფლიო წესრიგზე და რომ ეს უნდა შეიცვალოს, რათა უკეთ აისახოს ძალთა ბალანსის ცვლა განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ. მისი მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩინეთს, როგორც ყველაზე ძლევამოსილ და გავლენიან ქვეყანას ახლად აღმავალ განვითარებად ქვეყნებს შორის, უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეს, ხოლო დასავლეთის როლი, კერძოდ, შეერთებული შტატებისა − უნდა შემცირდეს.

ამასთან ერთად, ფუს აზრით, ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი არაგონივრულია, რადგან მას არ შეუძლია გადაჭრას სამყაროს წინაშე არსებული პრობლემები და ზოგჯერ, ამწვავებს კიდეც მათ. ილუსტრაციად ფუს "დასავლური ღირებულებების გლობალური პოპულარიზაციის" სავარაუდო წარუმატებლობა მოჰყავს[8]. იმ ქვეყნებში, სადაც არსებული მმართველი სტრუქტურები ახლით შეიცვალა, ცვლილებებს ქაოსი და ნეგატიური მოვლენათა ჯაჭვი მოჰყვა. ასე მაგალითად, მისი აზრით, 2011 წლის არაბული გაზაფხულის რევოლუციებმა გამოიწვია არეულობა, ლტოლვილთა მასიური კრიზისი და ტერორისტული „ნახევრად სახელმწიფოს“ აღზევება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფუ ვარაუდობს, რომ დასავლეთის ღირებულებების პოპულარიზაციის მცდელობებმა ხელი შეუწყო რეჟიმების ცვლილებას, რამაც მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტი და ქაოსი გამოიწვია. მის კრიტიკაში იგულისხმება ისიც, რომ გლობალური მასშტაბით ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების ნებისმიერი თავს მოხვეული მცდელობა, მათ შორის ჩინეთშიც, საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევია.

ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რიტორიკას დასავლეთის მიერ ორგანიზებული „ფერადი რევოლუციების“ შესახებ და საქართველოს პირველი პირების საუბარს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ. საერთო პათოსი ერთია, რომ დასავლეთი გარედან იძულებით რევოლუციებისა და „მაიდანების მოწყობით“ ცდილობს შეცვალოს ადგილობრივი ხელისუფლებები.[9]

პეკინის ხედვით, მსოფლიო წესრიგი უნდა იყოს „უფრო სამართლიანი და გონივრული“ და ჩინეთის ხელმძღვანელობა ამ მხრივ სულ უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს.[10] 2013 წლის მარტში, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ჯიეჩიმ განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ 21-ე საუკუნის საერთაშორისო მრავალმხრივმა სისტემამ უნდა გააფართოოს მისი წარმომადგენლობითობა, გააუმჯობესოს სამართლიანობა და გაზარდოს ეფექტურობა. ჩინეთი საერთაშორისო სისტემის მონაწილე, მშენებელი და კონტრიბუტორია. ჩვენ უფრო პროაქტიულად მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო საქმეებში და შევასრულებთ ჩვენს შესაბამის როლს უფრო სამართლიანი და გონივრული საერთაშორისო სისტემის შემუშავებაში“.[11]

ეს მიზანი კიდევ ერთხელ გაიმეორა სი ძინპინმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა საკითხებზე გამართულ მთავარი შიდა შეხვედრის დროს 2014 წლის ნოემბერში.[12] მან ასევე დამატებითი განცხადებები გააკეთა ამ მიმართულებით ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო კონფერენციაზეც 2017 წლის თებერვალში. ამჯერად დაადასტურა, რომ ჩინეთი უნდა „გაუძღვეს“ საერთაშორისო საზოგადოებას „ერთობლივად ჩამოაყალიბონ უფრო სამართლიანი და გონივრული ახალი საერთაშორისო წესრიგი“ და „ერთობლივად დაიცვან საერთაშორისო უსაფრთხოება.”[13] 2018 წლის ივნისში სი-მ ჩინური დიპლომატიის ათი მთავარი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ახალ ერაში “გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმა“ დაასახელა, რომელიც უნდა დაეფუძნოს ”სამართლიანობის კონცეფციას“, რაც ნათლად მიუთითებს მის განზრახვაზე, რომ ჩინეთმა აქტიური როლი შეასრულოს სისტემის რეფორმირების მცდელობებში.[14]

2016 წლის სექტემბრის დასაწყისში გამართულ პოლიტბიუროს სასწავლო სესიაზე გლობალური მმართველობის რეფორმის შესახებ, სი-მ აღნიშნა, რომ გლობალური მმართველობის სტრუქტურა „დამოკიდებულია ძალთა საერთაშორისო ბალანსზე და რეფორმები დამოკიდებულია ამ ბალანსის ცვლილებაზე“.[15] გლობალური მმართველობის სისტემის ტრანსფორმაცია „უფრო სამართლიანი და ეფექტური არქიტექტურის“ მიმართულებით წარმოდგენილია, როგორც ბუნებრივი ევოლუცია, რომელიც შეესაბამება ჩინეთის ძალაუფლების სტატუსს, სადაც პეკინი არ ესწრაფვის „არსებული სისტემის დემონტაჟსა და მის შემცვლელად ახლის შექმნას. პირიქით, ის მიზნად ისახავს გლობალური მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას ინოვაციური გზით.”[16]

არსებული სისტემის უფრო სამართლიანი და უფრო გონივრული მიმართულებით რეფორმის მოწოდებების მიღმა, ჩინეთის ხელმძღვანელობას ჯერ ღიად არ მოუცია დადებითი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა, რომ მსოფლიო გამოიყურებოდეს და არც კი საჯარო წინადადება წარმოუდგენია ამგვარი ხედვის გასამყარებელი ნათელი იდეების შესახებ. ოფიციალურ დიპლომატიურ რიტორიკაში გამოჩნდა ზოგიერთი ლეიტმოტივი და თემა, მაგრამ ისინი ხშირად ეფემერულად ჟღერს: მეგობრობა, გულწრფელობა, ურთიერთსარგებლობა და ინკლუზიურობა; კარგი მეზობლური მეგობრობა, ერთობლივი წვლილი, გაზიარებული სარგებელი და ფართო კონსულტაცია; და ახლა აუცილებელი win-win თანამშრომლობა.[17] ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ამერიკული სიტყვა „nice”-ის სინონიმების ლექსიკონიდან ამოღებული კრებული და შემთხვევით შეკერილი ერთობაა. მათი ზუსტი გამოყენება მსოფლიო წესრიგის რეფორმასთან დაკავშირებით, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ბუნდოვანია.

შესაძლოა, ჩინეთის ელიტებს არ გააჩნდეთ სრულყოფილი ხედვა იმ მსოფლიოსი, რომლის წარმოჩენასაც ისურვებდნენ დასავლეთის მიერ დომინირებული, ლიბერალური ნორმებითა და ღირებულებებით გამყარებული, ამერიკის შეერთებული შტატების „ლიდერშიფით“ არსებული მსოფლიო წესრიგის ნაცვლად. ასევე შესაძლებელია, რომ ჩინეთის ღრმა სტრატეგიული კულტურით ნასაზრდოებმა პეკინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ შეიმუშავა დეტალური გეგმა კონკრეტული ზომებითა და ნაბიჯებით და ამჯობინა, მოვლენების განვითარების პროცესს მიჰყოლოდა და გზადაგზა  ჰქონოდა შესწორებისა და ევოლუციის საშუალება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაჟღერებულ გლობალურ ინიციატივებს, უდავოა, რომ პეკინი ქმნის ინსტრუმენტებს არსებული წესრიგის ტრანსფორმაციისთვის,

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების უნივერსალურობის უარყოფა, როგორც ეს არის გათვალისწინებული და განხორციელებული არსებული საერთაშორისო წესრიგით, ჩინური დისკურსის მთავარი ელემენტი სი ძინპინის ხელმძღვანელობის დროს გახდა. ჩინური კულტურული და ისტორიული ტრადიციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დასავლეთის უარყოფის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც ის წარმოდგენილია როგორც სისტემა, რომელიც განიცდის ვარდნას, საშიშია და ქაოსური. ამის საპირწონედ, ჩინეთის მიღწევები წარმოდგენილია, როგორც დადასტურება იმისა, რომ ხელმძღვანელობის მიერ არჩეული განვითარების გზა სწორია, გამართლებული და ეფექტური. ამის ფონზე, „დასავლურმა კაპიტალიზმმა განიცადა დამარცხებები (ფინანსური კრიზისი, ვალის კრიზისი, ნდობის კრიზისი) და მისი თავდაჯერებულობა შეირყა“ (იანგ ჯიეჩი, სახელმწიფო საბჭოს წევრი). ეს კრიტიკა იანგმა გააფართოვა მთელ დასავლურცენტრისტულ საერთაშორისო სისტემაზე, რომელიც დაფუძნებულია დასავლურ ღირებულებებზე, რის გამოც „დასავლური მმართველობის კონცეფციებს, სისტემებსა და მოდელებს სულ უფრო უჭირთ ახალი საერთაშორისო ვითარების აღქმა და დროსთან თანხვედრა“. [18]

მსგავსი განწყობები გვხდება ჩინურ აკადემიურ სფეროშიც. ჰან ძენის, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, მიმდინარე „სისტემურმა კრიზისმა“ დაამტკიცა კაპიტალისტური სისტემის მანკიერებები, მაში,ნ როდესაც ჩინეთის განვითარების მიდგომის წარმატებამ და მისმა „შესანიშნავმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა“ „დასავლეთზე ორიენტირებულ ცენტრიზმს შესთავაზა ისტორიული მნიშვნელობის გამოწვევა.“[19]

როგორც ვხედავთ, ეს დაპირისპირება და კონკურენცია სამყაროს ორ მოდელს შორის, იდეოლოგიურ დონეზეც კი, „თვალსაჩინოა“ ჩინეთში.

უდავოა, რომ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს აქვს ამბიცია გარდაქმნას მსოფლიო. მას აქვს სურვილი დაშალოს ვაშინგტონის მოკავშირეთა ქსელი და გაწმინდოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ის, რასაც ის „დასავლურ“ ღირებულებებს უწოდებს. მან უნდა შეარყიოს აშშ დოლარის დომინანტიური სტატუსი და აღმოფხვრას ვაშინგტონის გავლენა კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროზე. მის ახალ მრავალპოლუსიან წესრიგში, გლობალური ინსტიტუტები და ნორმები დაეფუძნება ჩინურ წარმოდგენებს საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ, ჩინურ ღირებულებებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკური უფლებების შესახებ და ჩინურ ტექნოლოგიებს. ჩინეთს აღარ მოუწევს ბრძოლა ლიდერობისთვის. ასეთ სისტემაში მისი ცენტრალური როლი გარანტირებული იქნება. 

სი ძინპინის თქმით, ასეთი მსოფლიო რეალურად ხელმისაწვდომია. გასულ დეკემბერში საგარეო საქმეთა საკითხებზე მუშაობის ცენტრალურ კონფერენციაზე მან სიამაყით აღნიშნა, რომ პეკინი (მთავრობის პრესრელიზის მიხედვით) „უნიკალურ პოზიციას იკავებს საერთაშორისო არენაზე მსოფლიოს გარდაქმნისა და ახალი ეპოქის შექმნის გზაზე.“[20] მან ასევე განაცხადა, რომ მისი  გლობალური წესრიგის კონცეფცია - „კაცობრიობის საერთო მომავლის თანამეგობრობა“, "ჩინური ინიციატივიდან" "საერთაშორისო კონსენსუსამდე" გაფართოვდა და,  უნდა განხორციელდეს ოთხი ჩინური პროგრამის განხორციელების გზით. ესენია: "სარტყელი და გზის" ინიციატივა (BRI), გლობალური განვითარების ინიციატივა (GDI), გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (GSI) და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა (GCI). ჩინეთს გარეთ, ასეთი თავდაჯერებული რიტორიკა ხშირად ფასდება, როგორც პეკინის გაზრდილი პრეტენზიების მაჩვენებელი და დაბრკოლება ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. პეკინის ინიციატივებს მხარს უჭერს ყოვლისმომცველი, რესურსებით კარგად უზრუნველყოფილი და დისციპლინირებული საოპერაციო სტრატეგია, რომელიც ახერხებს მისწვდეს მთავრობებსა და ხალხებს ძალიან ბევრ ქვეყანაში.

დღევანდელი პეკინის სამოქმედო გეგმა იწყება გარდაქმნილი მსოფლიო წესრიგის კარგად განსაზღვრული ხედვით. ჩინეთის მთავრობას სურს არა მხოლოდ მრავალპოლუსიანი, არამედ აბსოლუტური სუვერენიტეტის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა; უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კონსენსუსს და გაეროს ქარტიას; ადამიანის უფლებები, რომლებიც განისაზღვრება თითოეული ქვეყნის კონკრეტული გარემოებების მიხედვით; განვითარება, როგორც „მთავარი გასაღები“ ყველა გამოსავლისთვის; აშშ დოლარის დომინანტობის დასრულება; და პირობა, რომ არცერთი ქვეყანა და არცერთი ადამიანი არ დარჩება უყურადღებოდ.

სი ძინპინის სტრატეგია გასულ წელს, 2023 წლის მაისში გამოაქვეყნა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივამ (GCI). ეს ინიციატივა წინა პლანზე აყენებს იდეას, რომ განსხვავებული ცივილიზაციებისა და განვითარების დონის ქვეყნებს  სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი ექნება. იგი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები განსაზღვრავს უფლებებს და არცერთ ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების დისკურსის კონტროლის მანდატი. როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა განაცხადა: „ადამიანის უფლებების დაცვისთვის არ არსებობს ერთი ზომა ყველასთვის“.[21]

ეს არის ადამიანის უფლებების იმგვარი განსაზღვრება, რომლისკენაც ისწრაფის ე.წ. „სუვერენული დემოკრატიის“ ქვეყნები და რაზეც უკვე ხშირად ლაპარაკობენ საქართველოშიც. მუდმივი ხაზგასმა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე სწორედ ამგვარ საფრთხეებსაც მოიცავს, ხოლო „ქართული ოცნების“ რიტორიკა ადამიანის უფლებების განსაკუთრებულ განსაზღვრებასაც გულისხმობს. ამას ბოლოდროინდელი ინიციატივები და განცხადებებიც ცხადყოფს.[22]

პეკინის გლობალური ხედვა მკვეთრ კონტრასტშია იმ სისტემასთან, რომელსაც აშშ უჭერს მხარს. 2023 წლის ანგარიშში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ისევ ჩაბღაუჭებულია ცივი ომის მენტალიტეტს“ და „კრავს პატარა ბლოკებს თავისი მოკავშირეების სისტემის მეშვეობით,“ რათა „გაყოს რეგიონები, გააღვივოს კონფრონტაცია და შეარყიოს მშვიდობა." ანგარიშის თანახმად, აშშ ერევა „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“, იყენებს დოლარის დომინანტურ მდგომარეობას საერთაშორისო სარეზერვო ვალუტად იმისთვის, რომ "აიძულოს სხვა ქვეყნები, მოემსახურონ ამერიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას" და ცდილობს „შექმნას დაბრკოლებები სხვა ქვეყნების სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების წინაშე.“ სამინისტროს თქმით, აშშ ავრცელებს „კულტურულ ჰეგემონიას“. „ამერიკის კულტურული ექსპანსიის ნამდვილი იარაღებია „კომპანია მატელის და კოკა-კოლას საწარმოო ხაზები,“ − ვკითხულობთ განცხადებაში.[23]

პეკინი აცხადებს, რომ მისი ხედვა წინ წამოსწევს მსოფლიოს უმრავლესობის ინტერესებს. მთავარი მისია ჩინეთს აკისრია, მაგრამ ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-საც თავისი როლი აქვს შესასრულებელი. 2023 წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე,  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავე დროს, ჩინეთი და რუსეთი წარმოადგენს ახალ მოდელს დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის. ჩინეთი და ევროკავშირი კი მსოფლიოს ორი უმსხვილესი ბაზარი და ცივილიზაციაა და უნდა შეეწინააღმდეგოს იდეოლოგიურ საფუძველზე ბლოკების შექმნას. ჩინეთი, როგორც "უდიდესი განვითარებადი ქვეყანა", როგორც ვანგმა უწოდა მას, მხარს უჭერს გლობალური სამხრეთის სოლიდარობასა და თანამშრომლობას მსოფლიო საქმეებში წარმომადგენლობის გასაზრდელად.

ჩინეთის ხედვა წარმოდგენილია ისე, რომ თითქმის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი იყოს. ის ქვეყნები, სადაც არ არის დემოკრატია, ასეთ წესრიგში ვალიდური გახდება. იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიაა, მაგრამ არაა დიდი ძალები, მეტი ხმა და გლობალიზაციის სარგებლის უფრო დიდი წილი მიეცემა საერთაშორისო სისტემაში. დამკვირვებლებს აშშ-ში, თუ სხვაგან შეიძლება გრანდიოზულად მოეჩვენოთ ეს ფრაზეოლოგია და ჩინეთის ამბიციები, მაგრამ პეკინი ამას საკუთარ რისკის ფასად აკეთებს: უკმაყოფილება არსებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ მსოფლიოს დიდ ნაწილში სულ უფრო იზრდება და ჩინეთის წინადადებებს უფრო მეტი ემხრობა, ვიდრე ადრე.

ოც წელზე მეტია, რაც ჩინეთი ახსენებს „ახალ უსაფრთხოების კონცეფციას“, რომელიც მოიცავს ნორმებს, როგორებიცაა საერთო უსაფრთხოება, სისტემური მრავალფეროვნება და მრავალპოლუსიანობა. მაგრამ ბოლო წლებში ჩინეთი თვლის, რომ მან შეიძინა უნარი, წინ წასწიოს საკუთარი ხედვა. ამ მიზნით, ძალაუფლების პირველი ათი წლის განმავლობაში, სი ძინპინმა გამოაცხადა ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ოთხი გლობალური პროგრამა: "ერთი სარტყელი და გზა" ინიციატივა (BRI) 2013 წელს, გლობალური განვითარების ინიციატივა (GDI) 2021 წელს, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (GSI) და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა (GCI) 2023 წელს. თითოეული მათგანი რაღაც ფორმით უწყობს ხელს როგორც საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციას, ისე ჩინეთის ცენტრალურ როლსაც.

ჩინეთის ძალისხმევების მხარდაჭერა, შესაძლოა, მცირე იყოს საერთაშორისო საზოგადოების ბევრი სეგმენტის მხრიდან. თუმცა ჩინეთის ლიდერები დიდ რწმენას გამოხატავენ საკუთარი ტრანსფორმაციული ხედვის მიმართ. BRICS-ისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) და G77-ის წევრებს შორის პროცესების საკმაოდ მაღალი დინამიკა არსებობს GDI, GSI და BRI-ის ფუნდამენტურ პრინციპებსა და პოლიტიკებთან დაკავშირებით, მათ შორის, ასევე არადემოკრატიულ ქვეყნებსა და აფრიკის ქვეყნებს შორისაც. გლობალური ცივილიზაციის ინიციატივამ (GCI) მიიღო კიდევ უფრო დიდი რიტორიკული მხარდაჭერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 100-ზე მეტმა ქვეყანამ, რეგიონულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა GCI-ისადმი, და ჩინური ოფიციალური პირები მოუწოდებდნენ BRICS-ის, ASEAN-ის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს, აეთვისებინათ ეს კონცეფცია. 2022 წლის სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე, ჩინეთმა წამოაყენა GCI და მიიღო მხარდაჭერა ყველა წევრისგან, გარდა ინდოეთისა და ტაჯიკეთისა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ თურქეთმა ინტერესი გამოთქვა BRICS-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონტექსტში მნიშვნელოვანი გარემოებაა.[24]

ჩინეთის ლიდერები ინტენსიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა მიიღონ მათი გლობალური ხედვა. მათი სტრატეგია მრავალდონიანია: ხელშეკრულებების გაფორმება ცალკეულ ქვეყნებთან, ინიციატივების ან მათი კომპონენტების ინტეგრირება მრავალმხრივ ორგანიზაციებში და საკუთარი წინადადებების ჩადება გლობალური მმართველობის ინსტიტუტებში. „გზის და სარტყლის“ ინიციატივა (BRI) ამ მიდგომის მოდელია. დაახლოებით 140 ქვეყანა გახდა ამ პროგრამის წევრი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა განვითარების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოზე ორიენტირებული პოლიტიკური უფლებების და საერთო უსაფრთხოების პრიორიტეტულობა − ისეთ ღირებულებებს, რომლებიც ჩადებულია ჩინეთის ხედვაში. ეს ორმხრივი ხელშეკრულებები თან ახლდა ჩინელი ოფიციალური პირების მცდელობებს, დაეკავშირებინათ BRI სხვა რეგიონულ განვითარების ძალისხმევებთან, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მიერ 2025  ურთიერთდაკავშირებულობის გენერალური გეგმა.

ჩინეთმა ასევე წარმატებით მოახერხა BRI-ის ინტეგრირება 20-ზე მეტ გაერო-ს სააგენტოსა და პროგრამაში. მან განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინა BRI-ის გაერო-ს მაღალი პროფილის 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საქმეების დეპარტამენტმა, რომლის ხელმძღვანელიც 10 წელზე მეტია ჩინელი ოფიციალური პირია, შეადგინა ანგარიში BRI-ის მხარდაჭერის შესახებ ამ დღის წესრიგისთვის. ეს ანგარიში ნაწილობრივ დაფინანსდა გაერო-ს მშვიდობისა და განვითარების ფონდიდან, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ჩინეთის 200 მილიონი დოლარის შემოწირულობით. ასეთი მხარდაჭერა, ცხადია, ხელს უწყობს ენთუზიაზმს, რომელსაც გამოხატავენ გაერო-ს მაღალჩინოსნები, მათ შორის გენერალური მდივანი BRI-ის მიმართ.

ჩინეთის წარმატებები დიდ ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, შეიძლება, მცირე მასშტაბის ჩანდეს, მაგრამ ისინი გროვდება, რაც პეკინს ანიჭებს საკმაო ავტორიტეტს ძირითად ინსტიტუტებში, რომლებსაც ბევრ აღმავალ და საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკებში ფასობს. საბოლოოდ, პეკინს გააჩნია მძლავრი ოპერაციული სტრატეგია სასურველი ტრანსფორმაციის მისაღწევად, ისევე, როგორც უნარი, გრძელვადიან პერიოდში კოორდინაცია გაუწიოს საკუთარი მთავრობის  პოლიტიკას მრავალ დონეზე. 

იმის მიზეზი, თუ რატომ არის პეკინის ძალისხმევა წარმატებული,  ნაწილობრივ მდგომარეობს იმაში, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი არ არის უნაკლო და ბუნებრივია, არა ერთი გამოწვევა და პრობლემაც აქვს. ამიტომ, დროთა განმავლობაში აშშ-ს მიერ გაბატონებული სისტემა მსოფლიოს დიდ ნაწილში კარგავს პოპულარობას. მას არ გააჩნია გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების კარგი ისტორია, როგორებიცაა პანდემიები, კლიმატის ცვლილება, ვალის კრიზისები ან საკვების დეფიციტი − რომლებიც არათანაბარი ძალით აწვება პლანეტის ყველაზე დაუცველ ხალხს. ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ გაერო და მისი ინსტიტუტები, მათ შორის, უშიშროების საბჭო, ადეკვატურად არ ასახავს მსოფლიოს ძალთა განაწილებას. საერთაშორისო სისტემამ ვერ შეძლო ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარება, ან ახლების თავიდან აცილება (უკრაინა). აშშ სულ უფრო მეტად აღიქმება იმ ძალად, რომლის ქმედებები იმ ინსტიტუტებისა და ნორმების გვერდის ავლით მოხდა, რომელთა შექმნასაც თავად შეუწყო ხელი: უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე ფართო სანქციების დაწესება, დიდი ომების დაწყება შესაბამისი საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და სანქციების მიღმა (ერაყი 2003), საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, შესუსტება და გლობალური შეთანხმებებიდან გასვლა ტრამპის ადმინისტრაციის დროს. დაბოლოს, ვაშინგტონის მხრიდან გლობალური ვითარების პერიოდული წარმოჩენა, როგორც „განხეთქილება ავტოკრატებსა და დემოკრატიებს შორის, თავს აბეზრებს და აღიზიანებს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ზოგიერთ დემოკრატიულსაც.“[25]

ასეთ ვითარებაში, თუნდაც ჩინეთის ხედვა სრულად არ განხორციელდეს, თუ მსოფლიოს არ ექნება სანდო ალტერნატივა, ჩინეთს შეეძლება ამ უკმაყოფილების გამოყენება არსებული საერთაშორისო სისტემის დეგრადაციისთვის და საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც, ჩინეთთან უზარმაზარი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, რომელმაც 2023 წელს 740 მილიარდი ევრო შეადგინა, რეალისტურად ხედავს პეკინისგან მომდინარე საფრთხეებს.[26] იგი პეკინს უყურებს როგორც „პარტნიორს თანამშრომლობისთვის, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს“.[27]

ევროკავშირ-ჩინეთის 2023 წლის საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ: “ჩინეთი ნაკლებად ღიაა მსოფლიოსთვის და უფრო რეპრესიულია შიდა პოლიტიკის მხრივ, ხოლო საგარეო პოლიტიკაში უფრო შემტევ პოზიციას იკავებს, მიმართავს ეკონომიკურ იძულებას, ევროპულ საქონელზე ბოიკოტს და ჩვენთვის კრიტიკული ნედლეულის ექსპორტის კონტროლს.

ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ახასიათებს განსხვავებები, როგორიცაა ჩინეთის პოზიცია რუსეთის აგრესიული ომის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების საკითხი, ბაზარზე წვდომა და ინვესტიციები, გარემოსდაცვითი თემები და მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები“.[28]

ეს განცხადება აღწერს გამწვავებულ დაძაბულობას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით:

  1. ჩინეთი გახდა უფრო ჩაკეტილი და რეპრესიული შიდა პოლიტიკის გამო;
  2. იგი უფრო აგრესიულად იქცევა საგარეო პოლიტიკაში, მიმართავს ეკონომიკურ ზეწოლას ევროპის წინააღმდეგ;
  3. არსებობს სერიოზული განხეთქილება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით;
  4. დაძაბულობაა ადამიანის უფლებების, ეკონომიკური თანამშრომლობის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ამრიგად, ევროკავშირის ურთიერთობა ჩინეთთან გახდა უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, რაც მოითხოვს პრინციპულ და ერთიან პოზიციას ევროკავშირის და  აშშ-ის მხრიდან.

დასავლეთის მხრიდან ერთიანი მიდგომები ჩინეთთან ურთიერთობებში კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. აშშ-ის მიერ ქვეყნების დარწმუნების რთული ბრძოლა, თავი აერიდებინათ ჰუავეის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისთვის, პრობლემის ადრეულ ეტაპზე მოგვარების მნიშვნელოვანი მაგალითია. გაცილებით რთული იქნება გლობალური წესრიგის შეცვლა, რომელმაც მომავალში შეიძლება ჩაანაცვლოს უნივერსალური ადამიანის უფლებები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული უფლებებით, მნიშვნელოვნად გაანეიტრალოს აშშ დოლარის როლი ფინანსურ სისტემაში, ფართოდ დანერგოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტექნოლოგიური სისტემები და დაშალოს აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსები. ამიტომ რეაგირება დასავლეთისგან  უკვე დღესაა საჭირო.

ამ პროცესებში ჩინეთი მარტო არ არის. ამიტომ აშშ უნდა მოქმედებდეს აქტიურად, რათა დაიკავოს ლიდერის პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაში და ასე შესთავაზოს საკუთარი ალტერნატივა ჩინეთს.  აუცილებელია არსებული და ახალი გლობალური პრობლემების გადაწყვეტა ინოვაციური და აქტიური დიპლომატიის გზით, ინკლუზიური საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო დემოკრატიულად გარდაქმნა და დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების გაძლიერება, როგორც მათი უპირატესობის დემონსტრირებით, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შეფერხებების აღმოფხვრის გზით. სხვა შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები, უარეს შემთხვევაში, დამოკიდებულნი იქნებიან ჩინეთის მიერ დადგენილი წესებით დამყარებულ მსოფლიო წესრიგზე და ეს ახალი მსოფლიო წესრიგი დროთა განმავლობაში დაშორდება ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს. ასეთ რეალობაში საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოების ბედი განსაკუთრებით მძიმე იქნება და მოსახლეობის მცდელობის მიუხედავად, პროდასავლური პოლიტიკური პროცესები ჩვენთან, შესაძლოა, საბოლოოდ განეიტრალდეს.

ჩინეთისა და მოსკოვის პოლიტიკური სისტემები იმიტომ კი არ არის ფუნდამენტურად პრობლემური, რომ თავისი არსით ანტიდასავლურია, არამედ იმიტომ, რომ ღირებულებები რომელზედაც ისინი დგას, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფლების და გამოხატვის დემოკრატიულ სტანდარტებს. ამის დადასტურებაა რუსეთში „აგენტების კანონის“ მეშვეობით ამუშავებული რეპრესიული მანქანა, რომელიც ებრძვის ყველანაირ ანტისამთავრობო და თავისუფალ აზრს. ქვეყანაში მკვდარია ოპოზიციური პოლიტიკური პროცესი. რეჟიმისთვის არასასურველი პოლიტიკოსები და აქტივისტები იდევნებიან ან ფიზიკურად ნადგურდებიან (ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია და ა.შ.).

ჩინეთში სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია ტოტალური კონტროლი მოქალაქეებზე, შეზღუდულია პოლიტიკური აქტივიზმი და ილახება ეთნიკური და რელიგიური  უმცირესობების უფლებები როგორც ტიბეტში, ასევე იუღურებით დასახლებულ ტერიტორიაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი იუღურების ფაქტობრივ გენოციდს ეწევა. [29] ამასთან, იგივე Freedomhouse-ის ადამიანის პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების ინდექსით ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც არათავისუფალი სახელმწიფო, ისევე როგორც ირანი და რუსეთი.[30]

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ძირითადი სახელმწიფოების ჩამონათვალი, რომლებიც პირველ რიგში, ცდილობს შერყეული საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციულ ფაზაში წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებას. იზრდება და ასეთი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს არადემოკრატიული, ან პირდაპირ ტოტალიტარულ/ავტოკრატიულია, სადაც ადამიანის უფლებები უკიდურესად შეზღუდულია.

 

 საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების შედეგები და საფრთხეები

როგორც ვხედავთ, საერთაშორისო წესრიგის თვალსაზრისით ორი პოლიტიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და ეკონომიკური  პოლუსი ყალიბდება, რომელიც თავს ორი დედაქალაქის პეკინისა და ვაშინგტონის ირგვლივ იყრის. თუმცა, ამასთან ერთად გვაქვს ორი პოტენციურად დაპირისპირებული ბანაკიც, საიდანაც ვაშინგტონი, ანუ გლობალური დასავლეთი განასახიერებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგს, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა და მეორე − პეკინისა და მოსკოვის თაოსნობით, ამ წესრიგის გადახედვის აქტიურ ფაზაში მყოფ სახელმწიფოთა დაჯგუფებას, რომელიც  მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციით არის დაინტერესებული და აქტიურადაც მოქმედებს აღნიშნული მიმართულებით. ცხადია, ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ფუნდამენტური ძვრები უკვე აშკარაა.

როგორც ვხედავთ მეორე ბანაკში ქვენების აბსოლუტური უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ არადემოკრატიული, ან პირდაპირ ავტოკრატიულ/ტოტალიტარული რეჟიმია. ყოველივეს გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ორი ქვეყნის, ჩინეთისა და აშშ-ის ირგვლივ განვითარდება ტექნოლოგიური და საინფორმაციო გრავიტაციის ცენტრები − თანმდევი პოლიტიკური ალიანსებითა და კავშირებით. დიდი ალბათობით, პროცესები წავა იქითკენ, რომ შეიქმნება ერთგვარი ციფრული „რკინის ფარდა“ ორ სამყაროს შორის, რომელიც პირველ რიგში ტექნოლოგიურ და კიბერსივრცეში ჩამოყალიბდება და განსაზღვრავს ძირითადი სახელმწიფოების, თუ კავშირების კუთვნილებას ამა თუ იმ გრავიტაციის ცენტრთან.

ასეთ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ღირებულებების საკითხი. ის, თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების რა ნორმები და ღირებულებები განსაზღვრავს უახლოეს მომავალში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ქოლგების ქვეშ მყოფი საზოგადოებების ცხოვრების წესს. დღევანდელ დასავლეთში დემოკრატიისა და ლიბერალური დღის წესრიგის კრიზისია და არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტეც აშკარად ჩანს.  

აშშ-ის და დასავლეთის, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის მთავარი ფლაგმანის მომხიბვლელობა ჩინეთთან შედარებით ჯერ კიდევ ძალაშია და ასე დარჩება ახლო მომავალშიც. ხოლო, იქ, სადაც შესუსტდება ტრადიციული დასავლური დემოკრატიული ღირებულებები, ჩინეთი და რუსეთი შეეცდება გავლენის სფეროების გაფართოებას. ეს მოხდება ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებზე შედარებით იაფი წვდომის შეთავაზებით, ასევე, რიგ შემთხვევაში ხისტი სამხედრო ძალის გამოყენებითაც.

ამ პროცესების მსვლელობა და შინაარსი თითოეულ ქვეყანაში, რომელიც ჯერ არ არის პირდაპირ რომელიმე გრავიტაციის ცენტრის − დასავლურის ან, პირობითად,  ჩინურის ნაწილი, განისაზღვრება იმით, თუ რამდენად აქტიური დაიცავს მათი მოსახლეობა  ლიბერალურ ღირებულებებს, რისთვისაც დემოკრატიულ საზოგადობებში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს, რომლის  ჩახშობის ინსტრუმენტიცაა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. დასავლეთში ამ კანონის მსგავსი კანონმდებლობა, პირველ რიგში, სწორედ იმ ქვეყნების და აქტიორების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც დღეს მეორე ბანაკს წარმოადგენს რუსეთისა და ჩინეთის თამადობით.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ქმნის წინაპირობებს საქართველოს იმგვარ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის, რომელიც თავისი ტიპოლოგიური მახასიათებლებით დაუახლოვდება ავტოკრატიულ რეჟიმებს, ჩამოსცილდება დასავლურ სამყაროს და საბოლოოდ, ფარდის მეორე მხარეს აღმოჩნდება, იქ სადაც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი და მათი პარტნიორი სახელმწიფოები თუ აქტიორები. ნებისმიერი ქვეყნისთვის და მასში მცხოვრები საზოგადოებებისათვის, ეს არის არჩევანი პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ და სოციო-ეკონომიკურ სისტემებს შორის და რაც მთავარია, უპირველესად, ღირებულებითი არჩევანი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ღიად ანტიდასავლური რიტორიკა შესაძლოა მიუთითებდეს გარე ფაქტორების გავლენით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. მართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების საფასურად და მისი არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური უსაფრთხოების საბაბით, შესაძლოა, ეძებდეს ახალ მოკავშირეებს, რადგან ბოლო პერიოდის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯები მიუღებელია დასავლური დემოკრატიული სამყაროსათვის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ პერსპექტივებს.

სავარაუდოდ, ქვეყნის მმართველი გუნდი ცდილობს სიტუაციური მოკავშირეების გამონახვას  აღმოსავლეთში, რომლის გეოსტრატეგიული ინტერესები ემთხვევა მმართველი გუნდის შიდაპოლიტიკურ ინტერესებს − ძალაუფლების დიდი ხნით შენარჩუნების სურვილს, მყიფე და ცვალებად გარემოში ივანიშვილის ქონების უსაფრთხოებას, რისი გამოძახილიც უნდა იყოს ეწ. „ოფშორების კანონის“ მიღებაც.  ამასვე მიანიშნებს ისიც, რომ დიდი ალბათობით, ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვა სწორედ ჩინური მხარეს გადაეცემა და ეს არ არის განპირობებული მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით.[31]

სულ უფრო აქტიურად ისმის საუბრები, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ე.წ. ჩრდილოეთო-სამხრეთის კორიდორზე, რაც გულისხმობს რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით ირანისა და ინდოეთისკენ ტვირთების გადაადგილებას. ეს პუტინმა ბოლო პრესკონფერენციაზეც გაჟღერდა,[32]  შესაძლოა, ამ პროცესში საქართველოს ჩართულობაც იქნას განხილული, განსაკუთრებით მაშინ, თუ თბილისი ე.წ. 3+3 ფორმატს მიუერთდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, ისიც, რომ მსგავსი ნაბიჯი სტრატეგიული რაციონალიზმის  ნიშნებსაც ატარებს. კერძოდ, საქართველოში რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხე ჩინეთის ინტერესების დაწინაურებით, შესაძლოა, შემცირდეს, რადგან დღეს რუსეთის პეკინზე დამოკიდებულების ხარისხი ძალიან დიდია. ანუ, მართველი გუნდის მხრიდან კიდევ ერთ პლასტში ხდება სიტუაციური მოკავშირის შემოყვანა, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს პირობებს „ქართული ოცნების“ პოპულარული რიტორიკისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების შესახებ და, მეორე მხრივ, ემსახურება უშუალოდ გარე აქტორის რეგიონული ინტერესების რეალიზაციასაც.

ამასთან ერთად, ეწ „რუსული კანონის“ შემოტანა და გაძლიერებული ანტიდასავლური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს ნატოს-თან ინტეგრაციის გზაზე  წინსვლის შესაძლებლობებს აქრობს.  მიმდინარე წლის ივნისში ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე, შესაძლოა, შექმნილიყო წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველოს ე.წ. სამოქმედო გეგმა შესრულებულად ჩათვლილიყო. დღევანდელ პირობებში ეს უკვე წარმოუდგენელია.

მიმდინარე პროცესები ყველანაირად ხელს უწყობს საქართველოს მოწყვეტას ნატო-ს შემდგომი გაფართოების დღის წესრიგიდან და ემთხვევა მოსკოვისა და პეკინის სურვილებს სამხრეთ კავკასიაში.

„ხალხის ძალის“ მიერ ბოლო პერიოდში პირდაპირ ხდება ნატო-ს თემის საბოტაჟი და მისი მე-5 პუნქტის არასწორი ინტერპრეტაცია ქართულ საზოგადოებაში ნატო-ს თემაზე არასწორი წარმოდგენების შესაქმნელად. დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ პარტიის მიერ გახმოვანებული გზავნილები ხშირად წინასწარ მიანიშნებს „ქართული ოცნების“ შემდგომ ნაბიჯებს, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება ნატო-სთან ურთიერთობისა და გაწევრიანების სურვილის გადახედვასაც გულისხმობდეს.

ყველა ეს პროცესი ერთად, დიდი ალბათობით, სწორედ საქართველოს პროდასავლური კურსიდან საბოლოო გადახვევის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხევაში კიდევ უფრო დააჩქარებს მოვლენებს. ასევე სავარაუდოა საუბრების დაწყება აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენისა და რეგიონში ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანზიტო მიმართულების გააქტიურების შესახებაც. გრძელვადიან პერსპექტივაში აფაზეთის თემით სპეკულირების გააქტიურებაც მოსალოდნელია. ასეთ ვითარებაში შესაძლოა თბილისი ე.წ. 3+3 ფორმატშიც ვიხილოთ. ეს ფორმატი, როგორც ახლაა წარმოდგენილი, საქართველოსთვის დიდად მოგებიანი არაა, რადგან ეს ითვალისწინებს აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის და ასევე სამი არადემოკრატიული ქვეყნის − რუსეთის, თურქეთის და ირანის თანამშრომლობას, რაც დასავლეთის ჩართულობის გარეშე, საქართველოს ინტერესებში არ შედის,

საბოლოოდ, მოვლენათა ასეთი დინამიკა ჩვენს რეგიონში დასავლეთის გავლენის მაქსიმალურ შემცირებას გამოიწვევს და ჩინეთისა და რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ნიშანდობლივია ამ მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაც, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გააკეთა საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მან განაცხადა, რომ: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია. „რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხების ნებით. ...თუკი ვინმეს, აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყნების ლიდერებს, უნდათ მიაღწიოს რაიმე შედეგებს  რეგიონში, მაშინ დაე, დაგველაპარაკონ. დღემდე, უადგილო და არასაჭირო ჩარევას რაიმე სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“[33]

ამრიგად, სახეზეა რეგიონული და გლობალური აქტორების გააქტიურება ანტიდასავლურ ფრონტზე, რასაც პირდაპირ პასუხობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდრიონელი ქმედებები.

მიმდინარე პროცესები ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიის დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. სახელისუფლებლო რიტორიკა და ნაბიჯები კი, თავის მხრივ, არაერთ საფრთხეს ქმნის ქვეყნის შიგნით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სტრატეგიულ დოკუმენტებს, მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასაც, სადაც პირდაპირ ნათქვამი, რომ: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტია, რომელიც ეფუძნება საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს, არის ფართო საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი და გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციით.“[34]

ჩანაწერი ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. სწორედ ამგვარი არჩევანის გაკეთება ხდება საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, როდესაც ხელისუფლება, ორიენტირებას აკეთებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც დასავლეთს, საერთაშორისო სამართალსა და ლიბერალურ პრინციპებზე მდგარ მსოფლიო წესრიგს უპირისპირდება.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ანტიდასავლური კურსის გაგრძელება მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას და მდგრადობას. დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ის მატერიალურ და ინტელექტუალურ დახმარებას უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტების  განვითარებაში. უამრავი პროგრამა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ამ პროგრამების შეჩერება მძიმედ დაარტყამს ინსტიტუციების მდგრადობას.

მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობაში ასე ძლიერია პროდასავლური განწყობები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭების, ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური შეცვლის შემთხვევაში მნიშვნელოვნად რისკავს და უპირისპირდება საკუთარი ამომრჩევლის დიდ ნაწილს. ასეთ შემთხვევაში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიდევ უფრო საჭირო გახდება რეპრესიული აპარატის ამუშავება და სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კონტროლის გამკაცრება.

პროცესები საფრთხეს უქმნის საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობასაც, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლურ ფინანსურ სისტემებთან.  ანტიდასავლური კურსის გაგრძელების შემთხვევაში, თუ შეწყდება ფინანსური ნაკადები, დიდი ალბათობით ალტერნატივა იქნება ჩინური კრედიტები, რაც მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, არადემოკრატიული ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი რისკების შემცველია  და  ვერმომსახურების შემთხვევაში იწვევს სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე ოპერაციული კონტროლის დაკარგვას პეკინის სასარგებლოდ.მაგალითად, 2017 წელს, შრილანკამ ჩინეთს 99 წლით გადასცა ერთ-ერთი პორტი იმის გამო, რომ ვერ ფარავდა BRI-ის სესხებს.  ადგილობრივი მთავრობების მხრიდან გაუფრთხილებელი დამოკიდებულების და ჩინეთის მიერ ხელშეკრულებებში დამატებით მოთხოვნების გამო, ქვეყნები ხშირად იძულებულები არიან, ითანამშრომლონ ჩინურ კომპანიებთან სახელმწიფო გარანტიებით, რაც რისკის ტვირთს ზრდის თვითონ ამ აქვეყნებზე და არა ჩინურ კომპანიებზე. ეს ხდება პაკისტანთან, ლაოსთან და არა ერთ აფრიკულ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია და აჩვენებს, რომ BRI-სთან დაკავშირებული ვალები სერიოზულ გამოწვევად იქცა ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით სუბსაჰარის აფრიკაში.

ფაქტები:

  • 2010 წლიდან სახელმწიფო ვალი სამჯერ გაიზარდა სუბსაჰარის აფრიკაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ჩინურმა სესხებმა.
  • BRI-ის წევრი ქვეყნების 60%-ზე მეტი ვალის გადახდის სირთულეების წინაშე დგას − ეს მაჩვენებელი 2010 წლიდან 1200%-ით გაიზარდა.[35]

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ვალები დააგროვა ჩინური ინვესტიციების სანაცვლოდ და ახლა უჭირთ მათი დაფარვა. ზოგიერთი ქვეყანა იძულებული გახდა პეკინისთვის გადაეცა სტრატეგიული აქტივები, როგორიც არის, მაგალითად, პორტები.

BRI-ის პროექტებში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობას აწუხებს ის ფაქტიც, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამუშაოებს ძირითადად ჩინელი მუშები ასრულებენ, რომლებიც ხელფასებს საკუთარ ქვეყნებში გზავნიან და არ ხარჯავენ ადგილობრივ ბიზნესებში. ეს საკითხი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გარკვეულ პრობლემებს BRI პროექტებთან დაკავშირებით.

ამგვარი პრობლემები კიდევ უფრო ზრდის კრიტიკულ განწყობას BRI-ის მიმართ და ბევრ პარტნიორ ქვეყანაში აქვს კითხვები ამ ინიციატივის სარგებლიანობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, გლობალური წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესი, თავის მხრივ იძლევა შესაძლებლობებსაც, მათ შორის ჩინეთთან ვაჭრობისა და ფართო რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით, თუმცა, ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოსაყენებლად, მნიშვნელოვანია საქართველოს შიდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული განმტკიცება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დასრულება, რაც მინიმუმზე დაიყვანდა იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს წინაშე გლობალური წესრიგის ტრანსფორმაციის შედეგად შეიძლება წარმოიშვას, მათ შორის ჩინეთთან, ურთიერთობებისას.

დასავლეთის მხრიდან ერთიანი სტრატეგიული მიდგომის არარსებობა შავი ზღვის რეგიონისადმი ამ პროცესს ერთი ორად ართულებს.

 

დასკვნა

დღეს მიმდინარე გლობალური ტენდეციები ხასიათდება საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის მცდელობით, უპირველესად, ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, რაც ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მყოფ ქვეყნებს უბიძგებს არჩევანი გააკეთონ დასავლეთსა და ჩინეთ-რუსეთის სატელიტ-პარტნიორის მდგომარეობას შორის. ეს კი, ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან წარმოებული საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალურ ცვლილებას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლების დღეს არსებული პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიული არჩევანი დაბრუნდეს დასავლური ცივილიზაციის წიაღში ფუნდამენტური საფრთხის წინაშე დგას.

ამრიგად, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს „ქართული ოცნების“ ხელში, რომლის გამოყენებაც პოტენციურად ქმნის საშუალებას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი აქტორების − სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღდეგ რეპრესიული აპარატი ამუშავდეს. მოვლენათა ამგვარი განვითარება გაამყარებს საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმის დამაყრების შესაძლებლობას და შედეგად ქვეყნა საბოლოოდ შეიცვლის პროდასავლურ კურსს. საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს იმ ქვეყნების ბანაკში, რომლებიც უპირისპირდებიან დღეს არსებულ საერთაშორისო წესრიგს და ახალისებენ ეწ. „სუვერენული დემოკრატიების“ ჩამოყალიბებას. ამ ვითარებაში მცირე სახელმწიფოებს, რომლებიც მოკლებულები იქნებიან დასავლური ტიპის ალიანსებსა და პარტნიორებს, გაუჭირდებათ საკუთარი ინტერესების რეალიზაცია და აღმოჩნდებიან დაუცველნი.

ამასთან ერთად, საგარეო პოლიტიკის ასეთი ცვლილება ეგზისტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სამოქალაქო და თავისუფალი საზოგადოების ფიზიკურ არსებობას და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მომავალს. ყველა სახელმწიფოს, რომლებიც ავტორიტარულ ქვეყნებთანაა ალიანსში, ფუნდამენტური პრობლემები აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და პიროვნების თავისუფლებების მხრივ. ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია ემიგრაციის ახალი ტალღა, რომელიც ამჯერად ქვეყნის ყველაზე ინტელექტუალურ და შრომისუნარიან მოსახლეობას შეეხება. ქვეყანაში ჩამოყალიბდება აღმოსავლური ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი.

შედეგად, თბილისი იზოლირებული აღმოჩნდება მისი დასავლელი პარტნიორებისგან და პირისპირ აღმოჩნდება რუსეთთან. საფრთხე შეექმნება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკასაც. ასეთი ტიპის იზოლაცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდის კრემლის პირდაპირ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე.

აღსანიშნავია, რომ პროცესების საბოლოოდ დასრულება და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება, ასევე დიდ წილად იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე ომის საბოლოო შედეგებზე. სავარაუდოდ, საქართველოში მიიმდინარე ანტიდასავლური  პროცესების ფორსირება, სწორედ ამ ახალი რეალობის დადგომამდე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას მინიმუმამდე დაჰყავს სომხეთის შანსები, დაადგეს პროდასავლური ინტეგრაციის აქტიურ ფაზას.

მიუხედავად, იმისა, რომ მოსკოვის როლი მიმდინარე პროცესებში აქტიურად არ ჩანს და რუსეთი რეგიონში უფრო სუსტად გამოიყურება ვიდრე ადრე − მისი სამხედრო ყოფნა უკრაინასთან ომის გამო უკიდურესად შესუსტებულია, შემცირებულია გავლენა ერევანზე და ბაქოზე, განადგურებულია შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, არც დასავლეთი ჩანს უფრო ძლიერად. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი პროევროპული სოციალური დინამიკა საქართველოსა და სომხეთში, მაგრამ მათ ძლიერი კონკურენციას უწევენ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალები, რომლებიც სამხრეთ კავკასიას სრულიად განსხვავებული მიმართულებით უბიძგებენ.

საბოლოოდ, დღეს საქართველო და მისი დემოკრატიული განვითარების მომავალი ერთგვარ გზაგასაყარზე იმყოფება, რომელზედაც დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო გარემოს ტრანსფორმაცია. არჩევანი კეთდება დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსა და სხვა დანარჩენს შორის. წყდება ასევე ის, თუ სად გაივლის დასავლური ცივილიზაციის საზღვარი აღმოსავლეთ ევროპაში. იქნება ეს საზღვარი კონსტანცა, თუ ქართული საზოგადოების ძალისხმევით − თბილისი? ეს შეკითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] ანტონ კოკაია, “ღიად დაიწყებენ მუშაობას. უწესრიგობა აღარ იქნება“ - „აგენტების კანონი“ მხოლოდ საქართველოში არ გახსენებიათ; აპრილი 10, 2024; https://www.radiotavisupleba.ge/a/აგენტების-კანონი-მხოლოდ-საქართველოში-არ-გახსენებიათ/32899333.html

[2] ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება გამარჯვებულად; რადიო თავისუფლება, ახალი ამბები, მაისი 29, 2024; https://www.radiotavisupleba.ge/a/32970548.html

[3] შოთა ტყეშელაშვილი; ჩინური კონსორციუმი სხვადასხვა დროს WB-ის, ADB-ისა და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიებში მოხვდა; ბიზნეს მედია; 04.06.2024; https://bm.ge/news/chinuri-konsortsiumi-skhvadaskhva-dros-wb-is-adb-isa-da-afrikis-ganvitarebis-bankis-shav-siebshi-mokhvda?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR08h1hSyLOvyX-eMJFQ23pIqoDuBVojkaLRJGcr5V2D6SAXdrrYoX234-s_aem_AaP2LUL7IxNVyD1FzoO1ma6BMueWjf_7SvlBRUMmsJTyp7WvJF4Qc5TSbQn0afQ3wWIFSGTYXjTd6d2FKzaYAwjB

[4] Chris Miller; report, The Impact of Semiconductor Sanctions on Russia; https://www.aei.org/wp-content/uploads/2024/04/The-Impact-of-Semiconductor-Sanctions-on-Russia.pdf?x85095

[5]Deng Xiaoping, “A New International Order Should Be Established with the Five Principles of Peaceful Coexistence as Norms,” in Selected Works of Deng Xiaoping, vol. 3, 1982–1992 (Beijing: Foreign Languages Press, 1994), available at https://cpcchina.chinadaily.com.cn/2010- 10/26/content_13918469.htm.

[6]Shinji Yamaguchi, “The Continuity and Changes in China’s Perception of the International Order,” NIDS Security Studies 18, no. 2 (2016): 63–81, http://www.nids.mod.go.jp/english/publication/kiyo/pdf/2016/bulletin_e2016_5.pdf.

[7] Fu Ying, “China and the Future of the International Order” (speech delivered at Chatham House, London, July 6, 2016), https://www. chathamhouse.org/sites/default/files/events/special/2016-07-08-China-International-Order_0.pdf.

[8] Zhao Xiaochun echoes Fu Ying’s point: “Governance failures, especially in the West, have undermined the world’s confidence in the Washington Consensus, making more imperative the search for an alternative model that is more just, equitable and representative.” Zhao Xiaochun, “In Pursuit of a Community of Shared Future: China’s Global Activism in Perspective,” China Quarterly of International Strategic Studies 4, no. 1 (2018): 23–37, https://www.worldscientific.com/doi/abs/10.1142/S2377740018500082.

[9] სუსი ისევ „მაიდანის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ლაპარაკობს, რადიო თავისუფლება; 08.05.2024; https://www.radiotavisupleba.ge/a/32937752.html

[10] Whereas Deng’s foreign policy dictum was for China to “hide its strength and bide its time” (taoguang yanghui), in January 2014 Xi announced that China should be “striving for achievement” (fenfa you wei). For further discussion, see Anne-Marie Brady, “Chinese Foreign Policy: A New Era Dawns,” Diplomat, March 17, 2014, https://thediplomat.com/2014/03/chinese-foreign-policy-a-new-era-dawns.

[11] “Yang Jiechi: Zhongguo jiang yi geng jiji de zitai canyu guoji shiwu” [Yang Jiechi: China Will More Energetically Participate in International Affairs], China Daily, March 9, 2019, http://www.chinadaily.com.cn/dfpd2013qglianghui/2013-03/09/content_16293777.htm.

[12] “Xi Jinping zhuxi zhongyang waishi gongzuo huiyi bing fabiao zhongyao jianghua” [Xi Jinping Attended the Central Foreign Affairs Working Conference and Delivered an Important Speech], Xinhua, November 29, 2014, http://www.xinhuanet.com/politics/2014- 11/29/c_1113457723.htm.

[13] “Xi Jinping shou ti ‘liang ge yindao’ you shenyi” [Xi Jinping’s First Mention of “Two Guides” Has Profound Meaning], Sina News Center, February 20, 2017, -  A 'CHINA MODEL?' BEIJING'S PROMOTION OF ALTERNATIVE

GLOBAL NORMS AND STANDARDS https://www.uscc.gov/sites/default/files/202010/March_13_Hearing_and_April_27_Roundtable_Transcript_0.pdf

[14] Xi Urges Breaking New Ground in Major Country Diplomacy with Chinese Characteristics,” Xinhua, June 24, 2018, http://www.xinhuanet. com/english/2018-06/24/c_137276269.htm; and “China as a Selective Revisionist Power in the International Order,” Institute of Southeast Asian Studies, Report, no. 21, April 2019, https://www.iseas.edu.sg/images/pdf/ISEAS_Perspective_2019_21.pdf.

[15] Xi Calls for Reforms on Global Governance,” Xinhua, September 29, 2016, available at http://www.chinadaily.com.cn/china/2016-09/29/ content_26931697.htm.

 

[16] “Full Transcript: Interview with Chinese President Xi Jinping,” Wall Street Journal, September 22, 2015, https://www.wsj.com/articles/full-transcript-interview-with-chinese-president-xi-jinping-1442894700.

[17]  Liu Zhenmin, “Forging Sound Relations through the Principle of Amity, Sincerity, Mutual Benefit and Inclusiveness, Add New Chapters in Neighborhood Diplomacy,” Ministry of Foreign Affairs (PRC), January 10, 2017, https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/wjdt_665385/ zyjh_665391/t1429989.shtml.

[18] Yang Jiechi, “Tuidong goujian renlei mingyun gongtongti” [Promoting Construction of the Community of Common Destiny], People’s Daily, November 19, 2017, http://opinion.people.com.cn/n1/2017/1119/c1003-29654654.html.

[19] Han Zhen, “Ziben zhuyi zhidu lie zhi hua de biran jieguo” [The Inevitable Result Outcome of the Capitalist System’s Inferiority], People’s Daily, January 22, 2017, https://opinion.huanqiu.com/article/9CaKrnJZXsY; and Han Zhen, “On the Three Foundations of China’s Cultural Self-Confidence,” Qiushi Journal 9, no. 3 (2017), http://english.qstheory.cn/2017-09/01/c_1121528607.htm.

[20] Elizabeth Economy, China’s Alternative Order And What America Should Learn From It, ესეების კრებული „Foreign Affairs”, Volume 103, Number 3, https://www.foreignaffairs.com/china/chinas-alternative-order-xi-jinping-elizabeth-economy

[21] Elizabeth Economy, China’s Alternative Order And What America Should Learn From It, ესეების კრებული „Foreign Affairs”, Volume 103, Number 3, https://www.foreignaffairs.com/china/chinas-alternative-order-xi-jinping-elizabeth-economy

[22] „ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიციირებს; რადიო თავისუფლება; 06.04.2024; https://www.radiotavisupleba.ge/a/32978466.html

[23] Elizabeth Economy, China’s Alternative Order And What America Should Learn From It, ესეების კრებული „Foreign Affairs”, Volume 103, Number 3, https://www.foreignaffairs.com/china/chinas-alternative-order-xi-jinping-elizabeth-economy

[24] Kremlin welcomes Turkey's reported desire to join BRICS; Reuters; June 4, 2024; https://www.reuters.com/world/kremlin-welcomes-turkeys-reported-desire-join-brics-2024-06-04/?

[25] იქვე;

[26]Statistisches Bundesamt (Destatis); Trade with China increasingly important; https://www.destatis.de/Europa/EN/Topic/Foreign-trade/EU_tradingPartner.html

[27] EU-China Relations factsheet; https://www.eeas.europa.eu/sites/default/files/documents/2023/EU-China_Factsheet_Dec2023_02.pdf

[28] იქვე

[29] რადიო თავისუფლება; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს უიღურების „გენოციდში“ ადანაშაულებს; მაისი 13, 2021; https://www.radiotavisupleba.ge/a/31252977.html

[30] Freedom House people’s access to political rights and civil liberties ; https://freedomhouse.org/countries/freedom-world/scores

[31] რა იცვლება საგარეო პოლიტიკაში - ინტერვიუ გიორგი ანთაძესთან; რადიო თავისუფლების youtub არხი; 06.05.2024; https://youtu.be/qR0MXsSzCHM?si=ynKCruGgBoe2trMM 

[32] Встреча Владимира Путина с руководителями информационных агентств: прямая трансляция; https://www.youtube.com/live/HoIkgwDNibQ?si=WEDkd6P2rZdr3sLe&t=1029

[33] ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია - უადგილო და არასაჭირო ჩარევას სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს; 9.05.2024; ინტერპრესნიუსი; https://www.interpressnews.ge/ka/article/800049-ilham-alievi-samxret-kavkasiis-kveqnebis-sakmeebshi-araregionuli-kveqnebis-chareva-miugebelia-uadgilo-da-arasachiro-charevas-sargebeli-ar-moutania-da-arc-moitans

[34] 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია; https://mfa.gov.ge/Foreign-Policy-Strategy#Chapter_oi

[35] Elaine Dezenski; Cash, corruption, crumbling dams — that's China's Belt and Road Initiative, 10 years in; Euronews; https://www.euronews.com/2023/10/17/cash-corruption-crumbling-dams-thats-chinas-belt-and-road-initiative-10-years-in

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“