[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

რუსეთი კონფლიქტის რეგიონებში ანექსიურ პოლიტიკას აგრძელებს, რასაც თბილისი პრაქტიკულად დუმილით ხვდება

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიურ პროცესებს აგრძელებს, რაც ამჯერად რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურების დანერგვაში გამოიხატება.

17 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) მოქალაქეებს რუსული პასპორტების მიღება საგრძნობლად გაუმარტივდებათ.  აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის აღება უკვე სამი ძირითადი მოთხოვნის აღების გარეშე შეუძლიათ.

  • მათ არ დასჭირდებათ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრების ნებართვა;
  • შეუძლიათ პასპორტის მიღება რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლის გარეშე;
  • არ მოეთხოვებათ რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს გამარტივებული წესით შეეძლოთ 2009 წლამდე. მას შემდეგ რაც რუსეთმა ორივე ერთეულის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს წესიც გააუქმა, იმ ლოგიკით რომ სტანდარტული წესით შეეძლოთ მისი აღება როგორც “უცხო ქვეყნის მოქალაქეებს”.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე არსებული რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.

გარდა მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურებისა მიმდინარე თვეში რაულ ხაჯიმბას ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში სხვა საკითხებსაც შეეხო, მაგალითად, ფსოუს გამშვებ პუნქტზე მიმოსვლის გამარტივებას, ენერგეტიკულ თანამშრომლობას (აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობის საკითხს), ასევე, სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რამაც ფსოუზე სატრანსპორტო გადატვირთულობა უნდა მოხსნას და სხვა.

არაღიარების პირობებში, რუსეთის მოქალაქის პასპორტი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის იზოლაციის შედეგების შემცირებისა და საერთაშორისო გადაადგილების შესაძლებლობაა. Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტს აქვს რუსეთის მოქალაქის პასპორტი. იმ ფონზე რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პასპორტებით გადაადგილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაშია შესაძლებელი და იმ რამდენიმე ქვეყანაში რომელიც მათ “დამოუკიდებლობას” აღიარებს, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის პასპორტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების გარკვეულ საშუალებას ქმნის. თუმცა, აფხაზების და ოსების საერთაშორისო გადაადგილების პრაქტიკა რეალობაში სხვაგვარად გამოიყურება. რუსული პასპორტი, რომელსაც აფხაზები და სამხრეთელი ოსები ე.წ. საკონსულოებში იღებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც არ არის საერთაშორისო გადაადგილებისთვის სრულად ვარგისი, რადგან ის გაცემულია აფხაზეთში/ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთისთვის/ცხინვალის რეგიონისთვის განკუთვნილი სერიული ნომრის მითითებით. საერთაშორისო გადაადგილებისთვის კი საჭიროა, რომ პასპორტს ჰქონდეს რუსეთის ფედერაციის სერიული ნომერი, და შემდგომში ის ვარგისი იქნება საერთაშორისო ვიზის მისაღებად.[1] აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტით კი ვიზის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, და ეს პასპორტი უმეტეს შემთხვევაში საერთაშორისო გადაადგილებისას იბლოკება იმ ქვეყნების მიერ, ვინც არ აღიარებს ამ ერთეულების დამოუკიდებლობას.


გარდა ამისა, 2022 წელს, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები,  რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები აღარ არის ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად. ამავე დროს, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს უტოვებს დისკრეციას, გამონაკლისის სახით, გასცენ ვიზები ამ დოკუმენტების საფუძველზე, თუ ეს ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.[2] აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების კონტექსტში მიიღო. ექსპერტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა მანამდე არსებული პრაქტიკა დააკანონა, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები არც 2022 წლამდე იღებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს.[3]

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2024 წლის კვლევაში გამოვლინდა, აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ისეთი პასპორტები აქვთ, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა გაცემული, რადგან რუსეთის ფედერაციაში მისი აღება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, რუსული პასპორტების მიღების გამარტივებული წესი იზოლაციის შემცირების ჰუმანიტარულ მიზნებსაც ვერ პასუხობს და ის ცალსახად რუსული ანექსიური პოლიტიკის ნაწილად შეიძლება რომ განვიხილოთ, იმ სხვა პროცესების პარალელურად, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების კვალდაკვალ დააჩქარმა რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში და რომელსაც დღესაც აგრძელებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის რთული და უმეტეს შემთხვევაში წარუმატებელი პროცედურაა და მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული მიმართვების ნახევარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო რეკომენდაციის საფუძველზე უარყოფილია. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნაკლებად არის სოციალურად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ამ სტატუსის საფუძველზე სოციალური სიკეთეების მიღებისა და საერთაშორისო გადაადგილების ინტერესის გამო მათი მცირე ნაწილი მაინც ცდილობს საქართველოს  მოქალაქეობის მიღებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ მომართვებზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი დაუსაბუთებელი, არალეგიტიმური და გაუგებარი ჩანს.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც საქართველომ დანერგა როგორც კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის (ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას ან მის შთამომავალს, რომელიც 1992 წლის 31 დეკემბრის მომენტისათვის აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა და რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა) საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ნაკლებად მიმზიდველ მექანიზმად რჩება აფხაზებისა და ოსებისთვის - ქართულ სახელმწიფოზე მითითების ნიშნების გამო. ამას ამ დოკუმენტების გაცემის მინიმალური სტატისტიკაც ადასტურებს. სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსებისთვის უფრო მისაღები და მათი გადაადგილებისა და დეიზოლაციის ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც ამავდროულად საქართველოში მათ ფიზიკურ გადაადგილებასა და კავშირებს გააძლიერებდა, ქართულ სახელმწიფოს დღემდე არ დაუნერგავს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მხრიდან არაღიარებისა და იზოლაციის ხისტმა პოლიტიკამ, რომელსაც არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და პოლიტიკური იმპლიკაციები, არამედ სოციალური და ადამიანური განზომილებაც აქვს, გაზარდა კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება რუსეთზე, რის შედეგადაც ისინი კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ ქართულ სამართლებრივ და სოციალურ სივრცეს.

სამწუხაროდ, საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა პრაქტიკულად დუმილით უპასუხეს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის მოქალაქეობის გამარტივებულად გაცემის პოლიტიკას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთოდ არ გააკეთა ამ პროცესებზე განცხადება, რაც ბოლო წლების ტენდენცია გახდა და რადიკალურ შემობრუნებას აჩვენებს დეოკუპაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როცა საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია და პოლიტიკა არ აქვს ეს ტენდენცია, რუსეთის მიმართ პოლიტიკის ცვლილების აშკარა ინსტიტუციური ნიშანი ხდება. 

ამავდროულად, თბილისი ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საინტერესო და ღირსეული სოციალური ალტერნატივები შესთავაზოს და საქართველოს მიმართ მათი დაინტერესება და კავშირები გააღრმაოს. “ქართულ ოცნებას” მშვიდობის აგრესიული პროპაგანდისა და მისი ინსტრუმენტალიზების მიუხედავად, პრაქტიკულად არ გააჩნია გრძელვადიანი პოლიტიკა და ხედვა, თუ როგორი პოლიტიკით აპირებს კონფლიქტის რეგიონებთან ურთიერთობას თუნდაც მომდევნო 10–15 წლის ჭრილში და რა იქნება ის მიდგომები, რომელიც კონფლიქტების ტრანსფორმაციას რეალურად შეუწყობს ხელს.

უფრო მეტიც, დემონსტრაციული დეევროპეიზაციის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს, კიდევ უფრო ამცირებს ამ ადამიანების დაინტერესებას თბილისით და საქართველოს სივრცით, რითაც ის მათთვის კიდევ უფრო უინტერესო და შორეულ რეალობად იქცევა. ევროპული ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაცია და დეევროპეიზაციის აგრესიული პოლიტიკა, ასუსტებს იმ პოტენციურ შესაძლებლობებს, რომელიც სოხუმისთვის და ცხინვალისთვის მოსკოვის ნაცვლად ბრიუსელისა და ძველი, არადემოკრატიული და სუსტი ქართული სახელმწიფოს ნაცვლად დემოკრატიული, კეთილდღეობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შეთავაზებას გულისხმობს.

ამ პირობებში კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება რუსეთზე მხოლოდ იზრდება და ფაქტობრივად შეუქცევადი ხდება. ნდობის აღდგენის, კავშირების გაღრმავების და თბილისის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შეთავაზებების მიმართ ინტერესისა და მოლოდინის დაკარგვა, საბოლოოდ, სრულ პოლიტიკურ გაუცხოებას იწვევს. ეს მიდგომები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მხოლოდ აძლიერებს ამ რეგიონების დამოკიდებულებას რუსეთზე და რადიკალურად ართულებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლებლობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თეონა ფირანიშვილი, ნანა გოგოხია, ეთო კოპალიანი, იზოლაციისა და გაუცხოების მზარდი პოლიტიკა - გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკები განგრძობადი კონფლიქტების კონტექსტში“, 2024, გვ 53.

[2] EU to ban use of Russian passports issued in Abkhazia, South Ossetia: https://eurasianet.org/eu-to-ban-use-of-russianpassports-

Issued-in-abkhazia-south-ossetia

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თეონა ფირანიშვილი, ნანა გოგოხია, ეთო კოპალიანი, იზოლაციისა და გაუცხოების მზარდი პოლიტიკა - გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკები განგრძობადი კონფლიქტების კონტექსტში“, 2024, გვ 60-61.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“