საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ბატალიონების ტერიტორიაზე, უკვე მეათე წელია, მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. მათ ეს დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას „ოცნების ქალაქი“ დაარქვეს. ამ სახელის დარქმევა შემთხვევითი არ ყოფილა. ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა, სჯეროდა, რომ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ბოლოს და ბოლოს შეძლებდნენ ცხოვრების ღირსეულ პირობებში გაგრძელებას.
ეს ილუზიები თვითნებურად დასახლებულ ასობით ოჯახს მალევე დაენგრა. „ოცნების ქალაქში“ პირველი დასახლების გაჩენიდან მალევე - 2013-2014 წლებში, ხელისუფლებამ ქოხების ნგრევა და აქ მცხოვრებლების გამოსახლება დაიწყო. თუმცა, მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, დემონტაჟის პროცესი შეწყდა.
თავდაპირველად, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე დასახლებისას, ადამიანებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. მოსახლეობა მუყაოსგან აშენებულ ქოხებში ცხოვრობდა; არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, სასმელი წყალი და სრულიად დაუცველი იყო სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები.
დასახლების განაშენიანება სპონტანურად მიმდინარეობდა და არავითარ წესრიგს არ ექვემდებარებოდა. ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში, მუყაოს ქოხები მყარი მასალისგან აშენებული სახლებით ჩანაცვლდა; აშენდა სალოცავი მუსლიმი თემისთვის, საგანმანათლებლო სივრცე; მოეწყო უფასო სასადილო, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იკვებებიან.
ნაწილობრივ მოგვარდა სასმელი წყლის საკითხიც, თუმცა, ინფრასტრუქტურის მხრივ პრობლემები კვლავ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასახლებაში არსებული ელექტროგაყვანილობაა, რაც საცხოვრისებში ხანძრის გაჩენის საფრთხეს აჩენს. 2012 წლიდან აქ 20-მდე საცხოვრებელი დაიწვა, რომელთა უმეტესობაში ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყო.
„ოცნების ქალაქში“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემის არარსებობაც წამოადგენს. მართალია, მოსახლეობამ ბათუმის მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა ნარჩენების გატანის საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.
აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის: „პასუხი ყოველთვის არის ერთი და იგივე, თქვენ ხართ უკანონოდ შეჭრილი და თქვენზე არაფერი არ მოქმედებს“ – ამბობს „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი ბინადარი.
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით რთულია აქ ყოფნა. დასახლებასთან ახლოს, არ არის კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა. სკოლა შორსაა, ამიტომ ცუდ ამინდში განსაკუთრებით უჭირთ სასწავლო დაწესებულებამდე მარტივად მისვლა.
მიუხედავად უმძიმესი საცხოვრებელი პირობებისა და „ოცნების ქალაქის“ დასახლების სიდიდისა, წლების მანძილზე მცხოვრებლებმა უპრეცედენტო ორგანიზებას მიაღწიეს - მარტივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთის მხარდაჭერა და თვითორგანიზება. სწორედ მათი ორგანიზებისა და აქტივიზმის შედეგია აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აქ მცხოვრებლებისთვის კორპუსები აეშენებინა.
პროგრამის პირველი ეტაპი დასახლების მცხოვრებთა დაახლოებით, მესამედის დაკმაყოფილებას - 582 ბინის მშენებლობას ითვალისწინებს და 2022 წელს უნდა დასრულდეს. ამის პარალელურად, 30 მაისს, აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებისათვის ბინების გადანაწილების საბოლოო კრიტერიუმები შეიმუშავა, რომლის სიცხადესა და სამართლიანობას ადგილობრივები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მთავრობას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, აღნიშნულის მიზეზი კრიტერიუმების შინაარსი, ასევე, მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა და ხელისუფლების მიერ მათთან არასაკმარისი კომუნიკაციაა. ყოველივე ეს აქ მცხოვრებთათვის ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას იწვევს. მათ ჯერ კიდევ არ იციან, საერთოდ მიიღებენ თუ არა საცხოვრისებს, რომელსაც ამდენი წელი ელოდნენ.
ინსტრუქცია