საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი არაფორმალური დასახლების - „ოცნების ქალაქის“ - მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომლის შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე, ვინც საცხოვრისით დაუკმაყოფილებელი შეიძლება დარჩეს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და აღნიშნული პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები.
30 მაისს, აჭარის ა/რ მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ - განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებისათვის ბინების გადანაწილების საბოლოო კრიტერიუმები (ჯამში 15 კრიტერიუმი) შეიმუშავა, რომელიც, მისი პოზიციით, განსახლების სამართლიან სტანდარტს ადგენს. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემას ან/და პროცესის მოდიფიცირებას საჭიროებს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 1740 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა საცხოვრისების მშენებლობის პირველი ეტაპი მხოლოდ 582 შინამეურნეობის დაკმაყოფილებას (ამ მიზნით ორი კორპუსი შენდება) ითვალისწინებს, რამაც სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავების საჭიროება შექმნა. მიუხედავად ამისა, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, პირველ რიგში, პრიორიტეტი მიანიჭა არა ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას, არამედ იმ პირებს, რომელთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე იგეგმება მესამე შენობის აგება. კომისიის მიერ გათვალისწინებული მოწყვლადობის კრიტერიუმები (შშმ პირის და შშმ ბავშვის სტატუსი, სპეციალური სამედიცინო საჭიროება, მარტოხელა მშობელი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მშობელი, მრავალშვილიანი ოჯახები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მრავალსულიანი ოჯახები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები) კი მხოლოდ ტერიტორიული პრინციპის დაკმაყოფილების შემდეგ იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ იქნება უსახლკარო მოსახლეობის განსახლების სათანადო სტანდარტად მიჩნეული.
დამატებით, გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისების გადაცემის პროცესში აჭარის ა/რ მთავრობამ გაითვალისწინა ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები. კერძოდ, საცხოვრებელს ვერ მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც 2019 წლის მდგომარეობით ჰქონდათ უძრავი ქონება საქართველოს რომელიმე თვითმმართველ ქალაქში ან 2019 წლის შემდეგ ქონება გაყიდეს, ასევე, ის ოჯახები, რომელთაც ისარგებლეს ეკომიგრანტის საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამით. დამატებით, ბინას ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 2017-2021 წლებში ყოველწლიურად 40 000 ლარს აჭარბებდა. დასახლების მაცხოვრებელთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირების ნაცვლად ჩამკეტი სტანდარტების ბლანკეტურად დაწესებამ ამჟამად უსახლკარო მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მიღმა შეიძლება დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქის“ არაფორმალურ დასახლებაში ადამიანები 2012 – 2013 წლიდან, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და მთავრობისგან საცხოვრისით უზრუნველყოფას ითხოვენ, მათ შორის, საპროტესტო აქციების მეშვეობით. წლების განმავლობაში აჭარის ა/რ მთავრობა მათ სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავებას ჰპირდებოდა, თუმცა აღნიშნული მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობა გაუმჭვირვალედ და დროში გაწელილად წარიმართა. როგორც მოსახლეებმა აღნიშნეს, კრიტერიუმების მიღების შემდგომ მთავრობას მათთვის პროაქტიურად არ მოუწოდებია ინფორმაცია (ერთი უბნის გამოკლებით) კრიტერიუმების შინაარსის, საცხოვრისების ბენეფიციარი ოჯახების, ბინის ფართობებისა და უახლოეს მომავალში მისაღები ღონისძიებების შესახებ. მათთვის ასევე უცნობია აღნიშნული კრიტერიუმების სამართლებრივი ბუნებისა და ძალის შესახებ.
საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმების შინაარსი ადგილობრივ მოსახლეობაში დაბნეულობასა და დაძაბულობას იწვევს, რაც შესაძლოა შინამეურნეობებს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. მიუხედავად ამისა, აჭარის ა/რ მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია რაიმე ტიპის ღონისძიება მისი პრევენციისთვის. მეორე მხრივ, ზუსტ ინფორმაციაზე წვდომის სირთულეების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ საცხოვრისების მშენებლობის პროექტის შეჩერების, კრიტერიუმების შინაარსისა ან მათი ცვლილების გამო შესაძლოა, არა მხოლოდ მშენებლობის პირველ, არამედ შემდგომი ეტაპების დროსაც საცხოვრისის გარეშე დარჩეს. აქედან გამომდინარე, მაცხოვრებლები განსახლების სამართლიანი კრიტერიუმების დაწესებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბინას ვერ მიიღებენ, არსებული საცხოვრისის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის ა/რ მთავრობას:
ინსტრუქცია