[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

სახელმწიფო უსახლკარო ადამიანების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს - მათ უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება ჩუღურეთის რაიონში - “ოქროს უბნის” ტერიტორიაზე1 მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი და დევნილი მოსახლეობის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. სახელმწიფო ქმნის უსახლკარობის კრიმინალიზების საშიშ პრეცედენტს, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის, გამოსახლებას დაქვემდებარებული მოქალაქეები, ალტერნატიული საცხოვრისის არქონისა და უსახლკარობის გამო, გასამართლდნენ და დაისაჯონ. დამატებით, სისხლის სამართლის დევნის განხორციელება შეიცავს იმის საფრთხესაც, რომ ის გამოყენებულ იქნას მოსახლეობის დაშინების, ზეწოლის, მოლაპარაკებებისას ძალის დემონსტრირების და აქ მაცხოვრებლების მიერ ტერიტორიის სწრაფი დატოვების ინსტრუმენტად. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს მოუწოდებს, არ დაუშვას უსახლკარო მოსახლეობის სისხლისსამართლებრივი დევნა და ისინი ღირსეული და გრძელვადიანი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ჯერაც ცხოვრობს 13 ოჯახი, 2020 წლის დეკემბერში კერძო კომპანია “სითი ლოფტს” გადაეცა, რომლის 100% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამგვარი გარიგებით სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად (1 ლარად) დათმო საკუთარი მრავალმილიონიანი ქონება, რომელშიც ათეულობით ოჯახი ცხოვრობდა, და ეს იმით გაამართლა, რომ "სითი ლოფტი” ოქროს უბნის ტერიტორიაზე წარსულში არსებული ერთ-ერთი სხვა დეველოპერი კომპანიის - “ცენტრ პოინტის”, გაკოტრებული პროექტის დაზარალებულების კომპენსირებას მოახდენდა. სახელმწიფომ, ერთი მხრივ, “ცენტრ პოინტის” რამდენიმემილიონიანი ზარალი უსამართლოდ, გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად განსაზღვრა საკუთარ ტვირთად (“სითი ლოფტს”, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ამ ზარალის ოდენობა 18.4 მილიონ ლარს შეადგენდა), ხოლო, მეორე მხრივ, ამ უძრავი ქონების მონეტიზების დამოუკიდებელი შესაძლებლობები ფაქტობრივად უსასყიდლოდ, 1 ლარად, დათმო. ამასთან ერთად, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, ტერიტორია უსახლკაროდ დარჩენილი და დევნილი მოსახლეობისგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა კომპანიისთვის, რისთვისაც, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, მას “სითი ლოფტის” მიერ გამოყოფილი 1.6 მილიონი ლარი უნდა განეკარგა.

ტერიტორიის გასხვისების შემდგომ, შენობაში მცხოვრებ დევნილებთან და სოციალურად დაუცველ პირებთან თბილისის მერიის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ინდივიდუალიზებულად და გაუმჭვირვალედ წარიმართა. ერთი მხრივ, მერიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპენსაციების ოდენობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით კომპანიასა და მოსახლეობას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის თქმით, ისინი ყველა ძალას იყენებდნენ, რათა სხვადასხვა ოჯახს განსხვავებული ინფორმაცია (მათ შორის, კომპენსირების პირობების შესახებ) მიეღო და მოსახლეობას შორის დაპირისპირების გზით მომხდარიყო გამოსახლების პროცესის ფორსირება.

2021 წლის მაისში, პროკურატურამ 7 ადამიანი ბრალდებულად ცნო თითქოსდა სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით2 გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო. საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 14 ივლისს დაიწყება3. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 7 პირის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საერთოდ არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ბრალდებულ პირებს არ დაურღვევიათ მფლობელობის ხელშეუხებლობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამგვარი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის წინაშე დამატებით 6 უსახლკარო დევნილი დგას.

"ოქროს უბნის” მაცხოვრებლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება პირდაპირ ხსნის მოსახლეობის მიმართ ზეწოლის იმ ფაქტებსაც, რაც დაკავებული ფართებიდან მათი განდევნის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გამოძიების დაწყების დღიდან ხორციელდებოდა. ამჟამად დევნის ადრესატებს შორის არიან როგორც უსახლკაროდ დარჩენილი და დევნილი ოჯახები, რომლებიც არასოდეს დაკმაყოფილებულან ფულადი კომპენსაციითა თუ საცხოვრისით, ასევე ოჯახები, რომლებმაც წლების წინ სახელმწიფოსგან დევნილთათვის გათვალისწინებული კომპენსაცია მიიღეს, თუმცა, ვერ შეძლეს განსახლება.

პარალელურად, ამ დრომდე ბუნდოვანია, თუ რა წესით მოხდა ამ ეტაპისთვის “ოქროს უბნიდან” განსახლებული შინამეურნეობებისათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა მაშინ, როდესაც ცალკეული დევნილი და უსახლკარო ოჯახების მიმართ ამგვარ შეთავაზებას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. დამატებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ტერიტორია კომპანია “სითი ლოფტმა” შეიძინა, ხოლო ცალკეულმა შინამეურნეობებმა კომპენსაციის არ-შეთავაზების ან არაადეკვატურობის4 გამო უარი განაცხადეს ფართის დაცლაზე, გვაფიქრებინებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი სახელმწიფოს მიერ გამოყენებულია, როგორც მოსახლეობის დაშინების, ზეწოლის, მოლაპარაკებებისას ძალის დემონსტრირების და აქ მაცხოვრებლების მიერ ტერიტორიის სწრაფი დატოვების ინსტრუმენტი. მოცემულ დაშვებას ამყარებს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დრო, არამედ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანების წინააღმდეგ (მხოლოდ) სამოქალაქო დავის5 გამოყენების შესაძლებლობაზე უარის თქმაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უსახლკარო ადამიანების მიერ უნებართვოდ ცხოვრების, როგორც თვითდახმარების საშუალების, კრიმინალიზაცია და სისხლისსამართლებრივი დევნა არ მოხდებოდა, შესაბამისად, უსახლკარო ადამიანების გასამართლებისა და დასჯის საფრთხე არ იარსებებდა.

ზემოაღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ უსახლკარო ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფასა და კერძო ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაციაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი შემთხვევების დროს სისხლის სამართლის კოდექსის ბოროტად გამოყენების ვარაუდის საფუძველს იძლევა.

ამასთან, ადგილობრივების განცხადებით, წლების წინ6 ოქროს უბნის ტერიტორიაზე ცხოვრება მათ სწორედ სახელმწიფო უწყებების თანხმობით დაიწყეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გასჩენიათ გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენის შიში. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სახელმწიფო მათ მფლობელობაში არსებულ ფართებს საკუთრებაში გადასცემდა ან ღირსეულ ალტერნატიულ საცხოვრისს შესთავაზებდა.7 მათ მოლოდინებს თავისი ქმედებით ამყარებდა მუნიციპალიტეტიც - მაგალითისთვის, ადგილობრივი ხელისუფლება მათ კომუნალური სერვისების გამართვაში დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც იკვეთება სახელმწიფოს მიზანი, ხელი შეუშალოს უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის მიერ ამორტიზებული, მიტოვებული შენობების უნებართვოდ დაკავებას - მოსახლეობას არ ეძლევა საცხოვრისების გამრიცხველიანების შესაძლებლობა.

მოცემული მძიმე სიტუაციის პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 ივნისს “სითი ლოფტისათვის” ტერიტორიის მიყიდვის ხელშეკრულებაში დაგეგმილი ცვლილებებით, თბილისის მერიას აღარ ექნება დევნილების გამოსახლების ვალდებულება - კომპანია თვითონ განახორციელებს მათთან მოლაპარაკებებს და “ფართით ამჟამად მოსარგებლეთა ადამიანის უფლებები დაცული იქნება”. სამწუხაროდ, ცვლილების ზუსტი შინაარსი და მისი აღსრულების ხედვები ოქროს უბნის მაცხოვრებლებისათვის ჯერ კიდევ უცნობი რჩება.

არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ერთი მხრივ, მთავრობის მიმართ, როგორც უსახლკარო პირების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებელი აქტორის არაეფექტიანობაზე, რის შედეგადაც მის როლს კერძო კომპანია შეითავსებს, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე. ამ ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის საკითხებზე ზრუნვის ნაცვლად, სახელმწიფო უმოქმედობის პოლიტიკიდან რეპრესიულ ზომებზე გადადის, უბრუნდება ე.წ. “საპოლიციო გამოსახლების” პრაქტიკას და კერძო ინტერესების დასაცავად საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წარმომადგენლებს არა მხოლოდ ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე ტოვებს, არამედ მათ მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმს იყენებს, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშით მათ საცხოვრისებიდან გამოსვლაზე უარი განაცხადეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ

საქართველოს პროკურატურას:

  • სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ოქროს უბნის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირების წინააღმდეგ;
  • როგორც მოცემულ, ისე მომდევნო საქმეებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი განმარტოს იმგვარად, რომ არ მოახდინოს ყველა პოტენციურად გამოსახლებას დაქვემდებარებული, უსახლკარო ადამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და მათი დასჯა.

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • შეისწავლოს ოქროს უბნის მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებები; სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს მათი სათანადო საცხოვრებლის უფლების სრულყოფილი რეალიზაცია და შესაბამის სოციალურ ან/და მხარდაჭერით სერვისებზე წვდომა.

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:

  • უზრუნველყოს გამოსახლების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალთან, რაც, მათ შორის, უზრუნველყოფს საცხოვრისიდან გამოსახლებისა და უსახლკარობის რისკის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მთელი რიგი მხარდამჭერი პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების არსებობას და გამორიცხავს მათ მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გავრცელებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“