[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / სტატია

როგორ მუშაობს საქმის განაწილების ახალი სისტემა სასამართლოში

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის შემუშავება ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, რომელმაც უნდა უპასუხოს არაერთ გამოწვევას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების წესი, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოფდეს საქმეთა მიუკერძოებლად განხილვას, პროცესის გარეშე ჩარევებისაგან დაცვას, ასევე, მართლმსაჯულების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას და მოსამართლეებს შორის შრომის სამართლიან განაწილებას.

საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემა ეფუძნება სასამართლოში შესული საქმეების შემთხვევითი და თანაბარი განაწილების პრინციპს მოსამართლეებს შორის. ეს წესი მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა.

კანონპროექტის განხილვის ეტაპზე ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქმეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების ინიციატივა, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე და შემდგომშიც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფები არ აფიქსირებდნენ ცალსახა მხარდაჭერას აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.[1] უნდა ითქვას, რომ ამ და სხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, “მესამე ტალღის” რეფორმით გათვალისწინებული რიგი პოზიტიური ცვლილებების ამოქმედება მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა განაწილების ახალი წესი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, საკანონმდებლო დონეზე ღიად არის დარჩენილი მთელი რიგი საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაანდო.

როგორ მიმდინარეობს საქმეთა განაწილება პილოტურ რეჟიმში

საქართველოს მასშტაბით საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის სრულად ამოქმედების თარიღად კანონით განსაზღვრულია 2017 წლის 31 დეკემბერი. თუმცა, 2017 წლის პირველი ივლისიდან, საქმეთა განაწილების ახალი წესი პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.[2]

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ EMC-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად,[3] სასამართლოში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის ამოქმედებიდან 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, განაწილებული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიის საქმეების ჯამური ოდენობა შეადგენს 987 საქმეს.

ამავე პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რიგითობის წესით გადანაწილდა 7 საქმე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით[4] ელექტრონული პროგრამის გარეშე განაწილებული შვიდი საქმიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ  ორი საქმე განაწილდა თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით, ხოლო ხუთი საქმე განაწილდა  მოსამართლეთა მორიგეობის შესაბამისად. სასამართლოს ცნობით, ასეთ შემთხვევებში საქმეები ნაწილდება როგორც წესი ე.წ. რეზოლუციით, რაც წარმოადგენს საქმის შემადგენელ ნაწილს.

რიგითობის წესით განაწილდა:

  1. ერთი შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;
  2. ერთი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე;
  3. ორი შუამდგომლობა ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ;
  4. ერთი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების დადასტურების თაობაზე;
  5. ორი სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება საქმეთა განაწილების შეფერხებებს, 1 ივლისიდან 21 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა 25-მდე შეფერხება, ამათგან ყველაზე ხანგრძლივი 2017 წლის 5 აგვისტოსა და 2017 წლის რვა სექტემბერს.[5]

EMC-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა შეფერხებების თაობაზე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი აქტების ასლები. უნდა აღინიშნოს, რომ 5 აგვისტოს შეფერხების თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საბჭოსთვის მიწოდებულ აქტში[6] შეფერხების პერიოდად 09:00-13:40-ია მითითებული, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ EMC-სთვის  მიწოდებული ინფორმაციით მითითებულ დღეს შეფერხება 09:00 საათიდან 16:50-საათამდე გაგრძელდა.[7]

EMC-მ გამოითხოვა ასევე დროებითი შეფერხებების აღმოფხვრის შემდგომ, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათების ასლები, მაგრამ პერსონალური ინფორმაციის შემცველობის საფუძვლით, EMC-ს უარი ეთქვა მათ გადმოცემაზე. მაშინ როდესაც სწორედ მოხსენებით ბარათში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია შეფერხებისას სასამართლოს თავმჯდომარის მიერ  რიგითობის წესით განაწილებული საქმეების შესახებ,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი ასლების გადმოცემაზე აფერხებს საქმეთა რიგითობის წესით განაწილების მონიტორინგსა და არ ხდის ამ პროცესს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს.

რა რეგულაციებს ითვალისწინებს საბჭოს მიერ დამტკიცებული წესი საქმის განაწილების შესახებ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით[8] და შემდგომ მასში 24 ივლისს განხორციელებული ცვლილებებით,[9] დაამტკიცა საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი.

ზოგადი წესის მიხედვით, მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე.  რაც შეეხება ზოგადი წესიდან საგამონაკლისო შემთხვევებს, საბჭოს გადაწყვეტილებით, შემთხვევითი განაწილების პრინციპი არ ვრცელდება, მაგალითად, იმ შემთხვევაზე, როდესაც:

  • რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა;
  • სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სარჩელი განმეორებით არის წარდგენილი;
  • სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილია საჩივარი;
  • გადაწყვეტილებაში უსწორობათა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების შესახებ წარდგენილია შესაბამისი განცხადება და სხვ.[10]

საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით, შერჩევის შედეგის ამსახველი დოკუმენტი კი დაერთვის საქმეს.[11]

იმ რაიონულ (საქალაქო სასამართლოებში), სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სასამართლო კოლეგიებში დადგენილია მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, საქმეები ნაწილდება შესაბამისი კოლეგიის/ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.[12] ხოლო იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც არ არის შექმნილი სასამართლო კოლეგიები, საქმეები ნაწილდება შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის.[13]

პრობლემურია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმის კოლეგიურად განხილვისას, სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ წესის თანახმად უზრუნველყოფილია კოლეგიაში საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილოება.[14] აღნიშნული ჩანაწერი 24 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია. თავდაპირველი რედაქციით, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმის კოლეგიურად განხილვისას ელექტრონულ სისტემას უნდა უზრუნველყო საჭირო რაოდენობის მოსამართლეთა შერჩევა.[15]

სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის კოლეგიურად განხილვისას საქმე ნაწილდება სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე და ამ მოსამართლის შესაბამის კოლეგიაზე.[16] ეს საკითხიც განსხვავებულად იყო დარეგულირებული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თავდაპირველი რედაქციით. კერძოდ, საქმე უნდა განაწილებულიყო სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე, ხოლო ელექტრონულ სისტემას დამატებით უნდა უზრუნველყო შესაბამისი კოლეგიის/პალატის შემადგენლობიდან საჭირო რაოდენობის მოსამართლეთა შერჩევა.[17]

საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთათვის საქმეთა არა მხოლოდ შემთხვევითი, არამედ შეძლებისდაგვარად თანაბარი განაწილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული წესის თანახმად, სისტემა აფიქსირებს განაწილებულ საქმეთა საშუალო მაჩვენებელს, თითოეულ მოსამართლეზე განაწილებულ საქმეთა რაოდენობას, შემთხვევითი შერჩევის შედეგად გენერირებულ რიცხვს და ახდენს ყველა ამ პარამეტრის ლოგირებას. შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეთა შორის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებულ საქმეთა რაოდენობას შორის  სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.[18] პრობლემურია, რომ წესი არ ითვალისწინებს საქმის წონის[19] დადგენის სამართლიან და ობიექტურ პრინციპს და საქმეთა თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას მხოლოდ საქმეთა რაოდენობრივ მაჩვენებელს აფუძნებს.

რა უფლებამოსილებები რჩება სასამართლოს თავმჯდომარეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარე ხედავს  მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობას.[20] ამასთან, ელექტრონული სისტემის შეფერხებისას სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმეები გაანაწილოს რიგითობის წესით.

ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარე ან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საქმეებს ანაწილებს იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული სისტემის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება 2 დღეს. საქმეთა განაწილების წესი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც თავმჯდომარეს შეუძლია საქმე გაანაწილოს რიგითობის წესით. კერძოდ, დაუყონებლივ განსახილველ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს, ასევე იმ საქმეების, რომელთა განხილვის ვადა 24 ან 48 საათია, სასამართლოს თავმჯდომარე ან კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე   რიგითობის წესით[21] ანაწილებს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის შეფერხების ხანგრძლივობა აღემატება 3 საათს.[22]

მიუხედავად იმისა, რომ 24 ივლისის ცვლილებებით საქმეთა რიგითობის წესით განაწილების უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, კოლეგიის/პალატების თავმჯდომარეებსაც მიენიჭათ, საბჭოს მიერ დამტკიცებული წესი არ აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში აქვთ მათ აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობის შესაძლებლობა.

პრობლემური და ბუნდოვანია საქმეთა განაწილების წესის გარდამავალი დებულებების ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ელექტრონულ სისტემაში ნებისმიერი ხარვეზის წარმოშობისას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით, სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია გაანაწილოს საქმეები რიგითობის წესის დაცვით.[23]

საქმის განაწილების ახალ მოდელში, განსაკუთრებით საყურადღებო და პრობლემურია თავმჯდომარის უფლებამოსილება ვიწრო სპეციალიზაციებში (თემატურ/საპროცესო ეტაპების მიხედვით შექმნილ ჯგუფებში) განსაზღვროს მოასამართლეთა შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო თემატური/საპროცესო სპეციალიზაციის შექმნა საბჭოს მიერ არის დადგენილი, თავად ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით, მოსამართლეთა შემადგენლობა სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით ერთპიროვნულად განისაზღვრება,[24] რაც მის მიერ საქმეთა განაწილების პროცესზე გავლენის მოხდენის რეალურ რისკებს წარმოშობს. პროგრამა საქმეს ანაწილებს ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეებს შორის, თუმცა ვინ იქნება კონკრეტულ სპეციალიზაციაში, ეს მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის გადასაწყვეტია. ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ვიწრო ჯგუფებში მოსამართლეთა განაწილების ფორმალურ პროცედურას და ეტაპებს კანონი არ იცნობს. შესაბამისად,  თავჯდომარის ეს უფლებამოსილება რჩება საქმის განაწილების ახალი წესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

რა ხდება ელექტრონული სისტემის შეფერხებისას

როგორც უკვე აღინიშნა, თუ სისტემის შეფერხება აღემატება 2 დღეს, ან საგამონაკლისო შემთხვევებში 3 საათს, საქმეებს რიგითობის წესით ანაწილებს სასამართლოს თავმჯდომარე ან კოლეგის/პალატის თავმჯდომარე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარე ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების შესახებ ატყობინებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი შეფერხების აღმოფხვრას. დროებითი შეფერხება ფორმდება შესაბამისი აქტით.[25] იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული ასლების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფერხების შესახებ აქტი გაფორმდა, როგორც  2 დღიანი, ასევე სამ საათზე მეტი ხანგრძლივობის შეფერხებისას.

ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების აღმოფხვრას უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რის შესახებაც ინფორმაციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს.[26]

დროებითი შეფერხების აღმოფხვრისას, სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს მოხსენებითი ბარათით, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია თავმჯდომარის მიერ ამ პერიოდში განაწილებული საქმეების შესახებ.[27]

საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით განსაზღვრული არ არის აქტისა თუ მოხსენებითი ბარათის შედგენის კონკრეტული ვადები და შინაარსი. როგორც უკვე აღინიშნა, მოხსენებითი ბარათების ასლები ხელმისაწვდომი არ არის დაინტერესებული პირებისთვის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირების შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს რიგითობის წესით განაწილებულ საქმეთა ელექტრონულ სისტემაში ასახვას შემდეგი აღნიშვნით: „ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე“.

რა საკითხებზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა საქმის განაწილების წესის გაუმჯობესებისთვის

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ტექსტში უნდა გაწერილიყო ელექტრონული სისტემის ფუქნციონირების დეტალური წესები, ასევე ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხების დროს მოქმედი პრინციპები.[28] საკითხის მეტი კონკრეტიკა კანონის დონეზე ასევე წარმოადგენდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციას. ამ რეკომენდაციის ძირითადი მოტივაცია მდგომარეობდა იმაში, რომ მნიშვნელოვანი რეფორმის რეალური შინაარსი და მასშტაბები კანონმდებელს განესაზღვრა და საბჭოს და ინდივიდუალური სასამართლოების თავმჯდომარეების კომპეტენციაში გადასულიყო მხოლოდ იმ საკითხების მოწესრიგება, რაც ყოველდღიურ პრაქტიკაში რეფორმის განხორციელებისთვის იყო საჭირო. სამწუხაროდ, კანონმდებელმა თავი აარიდა საკითხების დეტალურად, ნათლად და მკაფიოდ მოწესრიგებას და  საკანონმდებლო დონეზე  მხოლოდ ზოგადი პრინციპი ასახა. მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირება კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაანდო.

პარლამენტის, საბჭოსა და სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმეთა შემთხვევითი და თანაბარი განაწილების შესახებ ამ დრომდე მიღებული აქტების, ასევე წესის პილოტურ რეჟიმში მუშაობაზე დაკვირვების გათვალისწინებით, უკვე შესაძლებელია იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელზე მუშაობაც უნდა გაგრძელდეს საქმეთა განაწილების პროცესის დახვეწის და სასამართლოს საქმიანობის შიდა თუ გარე გავლენებისგან დაცვის მიზნით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

- პროგრამის შეფერხებისას მოქმედი ძირითადი წესები მნიშვნელოვანია, რომ მეტი სიცხადით გათვალისწინებული იყოს კანონში;

- საყურადღებოა, რომ საქმეთა რიგითობით განაწილების დღეს არსებული წესი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს პროცესის მანიპულირებისა და ხელოვნური ჩარევისაგან ეფექტიან დაცვას. თუმცა, საქმის განაწილების ელექტრონული პროგრამის შეფერხების შემთხვევაში, სწორედ ამ წესით ხდება საქმეთა განაწილება;

- სასამართლოს თავმჯდომარეების ფართო უფლებამოსილებების კრიტიკის მიუხედავად, ახალმა წესმა ვერ უზრუნველყო საქმეთა განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის როლის მაქსიმალურად შემცირება. განსაკუთრებით პრობლემურია, თავმჯდომარისთვის შენარჩუნებული ფუნქცია, მოსამართლეები საკუთარი შეხედულებით გაანაწილოს ვიწრო სპეციალიზაციებში;

- მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა გადატვირთულობა სასამართლო სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, დღეს მოქმედი საქმეთა განაწილების ახალი წესი, საქმეთა თანაბრად განაწილების უზრუნველსაყოფად, საქმის წონის სამართლიან და ობიექტურ პრინციპს არ მოიცავს;

- სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათები ხელმისაწვდომი არ არის დაინტერესებული პირებისთვის. 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] EMC, გაჭიანურებული სასამართლო რეფორმა და თანმდევი პოლიტიკური პროცესები, [ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2016/05/27/emc-64/,  წვდომის თარიღი: 03.10.2017]
[2] საქმეთა განაწილების ახალი წესის მუშაობის შეფასების მიზნით “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან
[3] რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის წერილი №335/გ.
[4] რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის წერილი №362/გ.
[5] რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის წერილი №335/გ.
[6] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის წერილი №1129/2178-03-ო.
[7] რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის წერილი №335/გ.
 
[8] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილება №1/56.
[9] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება  №1/243.
[10] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 3.
[11] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 4.
[12] იქვე.
[13] იქვე.
[14] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/243, მუხლი 4.
[15] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 4.
[16] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/243, მუხლი 4.
[17] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 4.
[18]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 5.
[19]მეთოდოლოგია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების ეროვნული ცენტრი იყენებს მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის გამოსაანგარიშებლად არის  სამოსამართლო დროის საშუალო ოდენობის გამოთვლა საქმეთა ტიპების მიხედვით. იმის გამო, რომ საქმეები განსხვავდება სირთულის მიხედვით, საქმის განხილვისთვის საჭირო საშუალო დრო, რასაც საქმის წონა ეწოდება, ასევე განსხვავებულია.
[20]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 6.
[21] მით. საქმეების განაწილებას მათი შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით.
[22]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/243, მუხლი 6.
[23] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 8.
[24] მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 8 აპრილის ბრძანება, [ხელმისაწვდომია: https://goo.gl/1gnTJy, წვდომის თარიღი: 06.10. 2017]
[25]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება №1/56, მუხლი 6.
[26] იქვე.
[27] იქვე.
[28]ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI)  და ადამიანის უფლებათა დირექტორატის (DHR) ერთობლივი დასკვნა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, §71.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“