საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლევან კახიშვილი, მკვლევარი[1]
სტრატეგიული ერთობის საჭიროება
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ელის. როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახსენა, 2024 წლის არჩევნები უნდა გახდეს ერთგვარი რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს ქართველ ამომრჩეველს პროევროპული საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამასთანავე, ოქტომბერში საქართველოს პარლამენტს მხოლოდ პროპორციული ხმის მიცემის წესით ავირჩევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის 150 წევრი აირჩევა მხოლოდ პარტიული სიებით და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს არ ექნებათ მაჟორიტარული არჩევნების წესით პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა. ამგვარი საარჩევნო სისტემა წინ წამოსწევს პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობას და სწორედ მათ აკისრებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის ფუნქციას. შესაბამისად, ეს ამცირებს ქარიზმატული ლიდერების როლს პოლიტიკაში. მაგრამ იმისათვის, რათა პროევროპულმა პარტიებმა შეძლონ ქართული ოცნების დამარცხება, აუცილებელია თანამშრომლობა. თუმცა აუცილებელია იმის განხილვა, თუ რა სახე უნდა ჰქონდეს ამ თანამშრომლობას და რა გამოწვევების წინაშე დგას ის.
საარჩევნო სისტემაში შეტანილი დადებითი ცვლილების მიუხედავად, იკვეთება ორი მთავარი გამოწვევა. პირველი, ქართული პოლიტიკური პარტიები მოუმზადებლები ხვდებიან არჩევნებს, რომელიც სულ რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. ეს მოუმზადებლობა გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო თუ კერძო დისკუსიებში პოლიტიზების ხარისხი უაღრესად მაღალია, ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს პოლიტიკური დებატების მიმართვა საგნობრივი დებატებისკენ, როდესაც სხვადასხვა პარტია საკუთარ ხედვებს წარუდგენს ამომრჩეველს მათთვის მნიშვნელოვანი წუხილებისა და გამოწვევების შესახებ. მართალია, წინასაარჩევნოდ, თითქმის ყველა პარტია ამზადებს საკუთარ პროგრამას, ამ პროგრამებზე მუშაობა არ მიმდინარეობს არჩევნებსშორის პერიოდში და მათი შექმნის პერიოდშიც კი, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციები ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება.
მაგალითად, 2020 წლის საარჩევნო კომპასის შედეგების მიხედვით მომზადებული ანგარიში აჩვენებს, რომ სწორედ ქართული ოცნება იდგა ყველაზე ახლოს მედიანურ ამომრჩეველთან პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით, ხოლო ამ პოზიციისგან ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. ეს მონაცემები ოპოზიციური პარტიების სისუსტეზე მეტყველებს. თუმცა ამას ისიც ემატება, რომ არცერთი პარტია არ სარგებლობს ამომრჩევლებში მაღალი ნდობით, რაც აისახება გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მაღალ წილზე და ართულებს ამგვარი ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
მეორე გამოწვევა ეხება 2024 წლის არჩევნებში მაღალ ბარიერსა და მანდატების გადანაწილების დათვლის წესს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“. რადგან პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და 150-ის ნამრავლი იყოფა ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამზე, ეს შედეგად გვაძლევს პროპორციულად იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. ეს იმიტომ, რომ იმ პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, არსობრივად იკარგება, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ისეთმა პარტიამ მიიღოს საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა, რომელსაც ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.
მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამგვარი სცენარი. დავუშვათ, არჩევნებში მონაწილეობს ცხრა პარტია. თუ ამ ცხრა პარტიიდან ხუთი პარტია მიიღებს ხმების 4%-ს და ვერ გადალახავს ბარიერს, ხოლო ბარიერგადალახული ოთხი პარტიის მიერ მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდება - 40%, 20%, 10% და 10%, პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს 76 მანდატს და შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას. ეს არის სცენარი, როდესაც ხმების 20% იკარგება. რაც უფრო მეტი ხმა დაიკარგება, მით უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღოს უმრავლესობა. და პირიქით, რაც უფრო ნაკლები ხმა დაიკარგება, მით უფრო მიუახლოვდება უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო პროცენტული მაჩვენებელი 50%-იან ზღვარს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელი გახდება მთავრობის კოალიციურად ფორმირება.
ამგვარად, იქმნება მდგომარეობა, როდესაც, ერთი მხრივ, ქართველი ამომრჩეველი დაბნეულია და არ იცის, ვის მისცეს ხმა, რადგან ვერ პოულობს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან არის ახლოს და მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მისაღები გზებით მოგვარებას ჰპირდება; ხოლო, მეორე მხრივ, კოალიციური მმართველობის ფორმირებისთვის აუცილებელია, რომ ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს და პარტიებმა ბარიერი გადალახონ. ორივე ამ პრობლემის მოკლევადიანი მოგვარების შესაძლებლობას იძლევა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია“. დოკუმენტი ქმნის პოზიტიურ დღის წესრიგს, თუმცა მხოლოდ დემოკრატიისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში და არა ეკონომიკისა, თუ სოციალური პოლიტიკების სფეროებში. ამავე დროს, დოკუმენტი ქმნის ერთგვარ ქოლგას, რომლის ქვეშაც გაერთიანდებიან ის პარტიები, ვისთვისაც ქართული დემოკრატია და ევროპული საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ პარტიების მიერ სიების წარდგენა მათი საქმეა და ის ამ დისკუსიებში მონაწილეობას არ მიიღებს, აუცილებელია პარტიებმა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლების ხმებზე და მათი დაცვა დაიწყონ ახლა და არა მხოლოდ არჩევნების დღეს ან მის შემდეგ. ამისთვის საჭიროა მათ ერთმანეთთან ითანამშრომლონ და იმოქმედონ სტრატეგიულად.
სტრატეგიული კოალიციების კონფიგურაციები
სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებაზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კამათი აღარ მიმდინარეობს, თუმცა ის, თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. რა კონფიგურაციით დალაგდებიან პოლიტიკური პარტიები, გაურკვეველია და დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რამდენი სია უნდა იყოს წარდგენილი წინასაარჩევნოდ. თავისთავად სიების რაოდენობა არაფრისმომცემი და უშინაარსოა, მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რა ტიპის გაერთიანებებია მისაღები ქართველი ამომრჩევლებისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისთვის, პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ამომრჩეველთან პროგრამული კავშირის ფორმირება პრიორიტეტული, პარტიებმა არ იციან ამომრჩევლის რა ნაწილი უჭერს მათ მხარს. ამ რისკის, და სწორედ მისი დაზღვევის გამოა საჭირო კოალიციები, რათა ერთობლივად მოხერხდეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა და ხმების დაკარგვის თავიდან აცილება.
კოალიციების გონივრული კონფიგურაციები უნდა ეფუძნებოდეს ორ მთავარ ფაქტორს. პირველ რიგში პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა ტიპის გაერთიანებებია მისაღები ამომრჩევლისთვის, რათა არ შესთავაზონ იმგვარი რამ, რაც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს სახლში დარჩენისკენ უბიძგებს. მეორე ფაქტორი ეხება უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს და იმას, თუ ვისთან თანამშრომლობაა მათთვის მისაღები. ეს მნიშვნელოვანია სრულიად საპირისპირო შეხედულებების მქონე პარტიების ხელოვნური გაერთიანების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, აუცილებელია კოალიციების კონფიგურაციების რამდენიმე ვერსიის განხილვა.
ერთიანი სია
პირველი კონფიგურაცია, რომელიც განხილვის საგანია, არის ერთი საერთო სიის შექმნა ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის მიერ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სცენარი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. სავსებით სავარაუდოა, რომ ამ სიას არ შეუერთდებიან ისეთი პარტიები, როგორებიცაა „გახარია საქართველოსთვის“ ან „ევროპული საქართველო“. ამასთანავე, ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო კოალიციებისა და კოალიციური მთავრობების საწინააღმდეგო კამპანია. 30 მაისს გავრცელებულ ვიდეოში ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ კოალიციები იწვევს სახელმწიფოს პარალიზებას და განწირულია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დანარჩენი პარტიების დომინირებისთვის. პირველი მტკიცების მიზანია ამომრჩეველში უარყოფითი ემოციების აღძვრა ზოგადად კოალიციების მიმართ, რადგან საქართველო, ერთგვარ, საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება გარე საფრთხეებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მტკიცების მიზანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როლის წინ წამოწევა კოალიციების კონტექსტში და იმაზე მითითება, რომ ოპოზიციის კოალიცია არ იქნება რეალური კოალიცია და იქნება ნაციონალური მოძრაობის ახალი ფორმა.
ამასთანავე, რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად მისაღები იქნება ამომრჩევლისთვის ოპოზიციური პარტიების ამგვარი შეთავაზება. ერთი შეხედვით, ამგვარი მიდგომა ზრდის ამომრჩეველში საგანგებო მდგომარეობის განცდას და მას კრიზისის დაძლევისთვის საგანგებო არჩევანისა და კომპრომისისკენ მოუწოდებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმავე დროს, სწორედ ამ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი ნეგატიური ამომრჩეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ არასოდეს მისცემს ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. შესაძლოა, ამ მოდელში ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა გზით მოახერხონ ენმ-ს დომინაციის კომპენსირება, თუმცა ოპოზიციურ გაერთიანებას ეს რამდენად გამოუვა, რთული სათქმელია. შესაბამისად, თუ ამომრჩეველს ექნება მხოლოდ ორი არჩევანი ქართულ ოცნებასა და გაერთიანებულ პროევროპულ ოპოზიციას შორის, სამი სავარაუდო ქცევის შესაძლებლობა რჩებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურად არიან განწყობილნი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ.
პირველი შესაძლებლობა არის მარტივი გამოსავალი, რომ ამომრჩეველმა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეს პრობლემაა, რადგან თუ ოპოზიციას ქართული ოცნების დამარცხება სურს, ამგვარი ამომრჩევლის მობილიზება აუცილებელია. 2023 წლის ოქტომბრის გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩევლების 62% აცხადებს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს, ხოლო დამატებით 9% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. ეს ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩეველთან წარმოებული კომუნიკაციის არაეფექტიანობაზე მეტყველებს. თუმცა ამგვარი განწყობები გამოწვევაა ქართული ოცნებისთვისაც, შესაბამისად, პარტიებს შორის კონკურენცია სწორედ ამ სეგმენტის დარწმუნებასა და მობილიზაციაზე უნდა იყოს მიმართული. როგორ უნდა მოხდეს ეს მობილიზაცია, ცალკე საკითხია, თუმცა ერთიანი სია, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ამ პროცესს.
მეორე შესაძლებლობაა ის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც ძლიერი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, შესაძლოა, მოექცეს ქართული ოცნების რიტორიკის ქვეშ და იმის შიშით, რომ ოპოზიციურ კოალიციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ აღმოჩნდეს წამყვანი ძალა, ხმა ისევ ქართულ ოცნებას მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მას ამის გაკეთება არ სურდეს.
მესამე შესაძლებლობა კი არის მეორის მსგავსი და ისევე გაართულებს ოპოზიციის წარმატებას, როგორც მეორე. ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად, არც ქართულ ოცნებას და არც ერთიან ოპოზიციას ხმა არ მისცეს და მხარი დაუჭიროს რადიკალურ-კონსერვატიულ მოძრაობებს ან სხვა მცირე ზომის პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ ბარიერის გადალახვის რეალური შანსი. ეს სცენარიც ქართული ოცნების სასარგებლოდ იმოქმედებს.
ამდენად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ოპოზიციის გაერთიანებული სია რისკია. თუ ამგვარი ამომრჩევლის მობილიზება ვერ მოხერხდა და უაღრესად რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამ შეიძლება დაარწმუნოს ის ამომრჩეველი, რომელიც ერთნაირად იმედგაცრუებულია როგორც ქართული ოცნებით, ისე ნაციონალური მოძრაობით, ეს უარყოფითად აისახება ოპოზიციის შანსებზე. აქიდან გამომდინარე, ერთიანი სია, სავარაუდოდ, ვერ იქნება წარმატების გარანტია.
"ერთობა ერთიანობის გარეშე" - არჩევანი ამომრჩეველს
ერთიანი სიის ალტერნატივაა თანამშრომლობა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ ქოლგის ქვეშ და მცირე ზომის პარტიების დაჯგუფება მათი გამსხვილების მიზნით, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკეთოს მისთვის მისაღები არჩევანი. ამ ალტერნატივაში მთავარი გამოწვევა არის კონკრეტული კონფიგურაციის შერჩევა იმგვარად, რომ ამომრჩევლისთვისაც და პარტიებისთვისაც ეს მისაღები იყოს. თუ პირველ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი იყო ის, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელი იქნებოდა ერთიანი სია ამომრჩევლისთვის, ამ შემთხვევაში, მთავარი ფაქტორი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების პროფილები და წარსული გამოცდილებები თანამშრომლობისა, თუ ბლოკების ფორმირების თვალსაზრისით. შესაბამისად, შემთხვევით შერჩეული რიცხვი და მტკიცება იმისა, რომ აუცილებლად სამი სია უნდა არსებობდეს, არ არის ამ გამოწვევების გადაწყვეტის მეთოდი. საჭიროა პარტიების პოზიციების გაანალიზება.
არჩევანი 1: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი. იმის გამო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნეგატიურ სენტიმენტებს აღზრავს ამომრჩეველში, აუცილებელია, რომ მათ ცალკე იყარონ კენჭი არჩევნებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთადერთ პარტნიორად სტრატეგია აღმაშენებელი იკვეთება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, არამედ ამ ორ პარტიას წარსული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის განაწყენება გამოიწვიოს ამგვარმა დაწყვილებამ.
არჩევანი 2: ევროპული საქართველო, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, ახალი. პარტიების ეს დაჯგუფება ორი მიზეზით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ამ პარტიების პოლიტიკური ლიდერები წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ისინი იდეოლოგიურად არიან ერთმნეთთან თანხვედრაში. გარდა ამისა, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა უკვე ფლობენ თანამშრომლობის გამოცდილებას. 2020 წლის საარჩევნო კომპასის მიხედვით, გირჩი - მეტი თავისუფლება და ევროპული საქართველო ეკონომიკურად მემარჯვენე და კულტურულად ლიბერალურ პოზიციებს აფიქსირებენ და მათ შორის იდეოლოგიური მანძილი მცირეა (იხ. ნახ. 1). დროა და ახალი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი იდეოლოგიური პოზიციების პარტიებია. მაგალითად, ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას შეხედულებები გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია ევროპული საქართველოსა და გირჩი - მეტი თავისუფლების ხედვებთან. შესაბამისად, ამ ოთხი პარტიის იდეოლოგიური მსგავსება მათი თანამშრომლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ამ ჯგუფში არიან პარტიები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ ხმების 1-3%-ის აღება. შესაბამისად, ამ პარტიების გაერთიანება არ უნდა დადგეს იმ რისკის წინაშე, რომ მათ ბარიერი ვერ გადალახონ. ამასთანავე, ამ გაერთიანებამ, შესაძლოა, ხმები წაართვას ნაციონალურ მოძრაობას და იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენოს, ვიდრე ეს ამ ეტაპზეა მოსალოდნელი.
არჩევანი 3: ლელო, მოქალაქე, ხალხისთვის, რესპუბლიკელები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ დაჯგუფებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებს. ერთი მხრივ, ეს პარტიები ამომრჩევლის ცნობიერებაში ძლიერად არ ასოცირდებიან არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც ქართულ ოცნებასთან, რაც მათი განყენებულად აღქმის შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ, ეს პარტიები, ძირითადად ცენტრისტული შეხედულებების მქონე პარტიებია. ლელოს პოზიციები 2020 წლის საარჩევნო კომპასის მიხედვით, ნამდვილად ცენტრისტულია, ცენტრისტულ პარტიას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიაც. პარტიის ხალხისთვის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციების შესახებ ხელჩასაჭიდი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ისინი არ დგანან ცენტრისგან შორს. რაც შეეხება მოქალაქეს, მისი იდეოლოგიური პოზიციონირება ეკონომიკურ მემარჯვენეობასა და კულტურულ ლიბერალიზმს შეესაბამებოდა 2020 წლის არჩევნებში, თუმცა პარტიის ლიდერების განცხადებების მიხედვით, პარტია მოქალაქეს არ მიაჩნია, რომ განსაკუთრებით ხისტი უნდა იყოს მათი იდეოლოგიური პოზიციები და ისინი საკუთარ თავს მოქნილობის სივრცეს უტოვებენ. შესაბამისად, ამ პარტიების ერთიანობას ხელს უწყობს იდეოლოგიურად ცენტრისტული პოზიციონირება და ის ფაქტიც, რომ ისინი არ აღიქმებიან არც ქართულ ოცნებასთან და არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პარტიებად.
ნახ. 1. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი 2020 წლის არჩევნების წინ.
წყარო: ლევან კახიშვილი, დავით კეშელავა, გიორგი პაპავა, და დავით სიჭინავა. 2021. „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: მრავალფეროვნება პოზიციების თანაკვეთა და თავისუფალი სივრცეები“. თბილისი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/18418-20220419.pdf.
არჩევანი 4: გახარია საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის საბოლოო დაზუსტებული პოზიცია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ მიმართებით ჯერ კიდევ უცნობია, ხოლო ამომრჩევლის ნაწილში ისინი ქართულ ოცნებასთან აფილირებულად აღიქმებიან, პარტია საქართველოსთვის ცალკე სიით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთანავე, უცნობია ამ პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, თუმცა პარტიის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მანიფესტის მიხედვით, იკვეთება ეკონომიკურად მემარჯვენე შეხედულებები და კულტურულად ლიბერალური პოზიციები. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საკმარისი საფუძველი იყოს ამ პარტიის დასაჯგუფებლად ახალთან, ევროპულ საქართველოსთან, დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლებასთან. მეორე მხრივ, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს მემარცხენე შეხედულებების მქონე პარტია, ქართული ოცნების კვაზი-მემარცხენეობის გარდა, რომელმაც მოჩვენებითი ხასიათი შეიძინა, განსაკუთრებით, მათი ევროპის სოციალ-დემოკრატიული ალიანსიდან გამოსვლის შემდეგ. გახარია საქართველოსთვის იმყოფება უნიკალურ მდგომარეობაში, ვიდრე მისი იდეოლოგიური პროფილი გამოკვეთილა, რომ ეს ნიშა შეავსოს, თუმცა რამდენად მოახერხებს ამას, ეს ცალკე საკითხია. გარდა ამ ყველაფრისა, ამ პარტიას აქვს ორი უპირატესობა, რაც, შესაძლოა, დაეხმაროს მას ბარიერის გადალახვაში. პირველი, პარტიას აქვს პოტენციალი, რომ ქართულ ოცნებას წაართვას ამომრჩეველი. ეს იქნება ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც მიუღებელია ის ოპოზიციური პარტიები, ხოლო ქართული ოცნებით იმედგაცრუებულია. შესაბამისად, ამგვარი ამომრჩევლისთვის გახარია საქართველოსთვის, შეიძლება, აღმოჩნდეს ქართულ ოცნებასთან მიმსგავსებული, თუმცა მაინც ალტერნატიული არჩევანი. მეორე, გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები, შესაძლოა, სიმპათიით სარგებლობდნენ საჯარო მოხელეებს შორის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ პარტიამ საჯარო მოხელეების ხმები დაიმსახუროს. ხმების ეს ორი ჯგუფი იმ ამომრჩევლებს მიეკუთვნება, ვისაც საზოგადოებრივ გამოკითხვებში საკუთარი პოზიციების ღიად დაფიქსირება უჭირს. ამასთანავე, 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიამ, გახარია საქართველოსთვის, მიიღო 42,596 ხმა თბილისში და 95,166 ხმა რეგიონებში პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში. მთლიანობაში, ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო, პარტია მიიღებდა 7,59%-ს, ხოლო ამომრჩევლის 70%-იანი აქტივობის შემთხვევაშიც კი, მიღებული ხმებით ხუთპროცენტიან ბარიერს პარტია მაინც გადალახავს. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიას, გახარია საქართველოსთვის, აქვს შანსი გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი დამოუკიდებლად, თუმცა ეს ყველაფერი, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, მათ მიერ წარმოებულ კამპანიაზეც იქნება დამოკიდებული.
საბოლოოდ, ამ ანალიზის მიხედვით, ოპოზიციამ უნდა მოამზადოს სტრატეგიული კოალიციები და წარადგინოს ოთხი სია „ქართული ქარტიის“ ქოლგის ქვეშ. შესაბამისად, აქ განხილულია ის პარტიები, ვინც მხარდაჭერა გამოხატა ქარტიის მიმართ, ხოლო გირჩი, რომელსაც მსგავსი მხარდაჭერა არ გამოუხატავს, არ არის შეყვანილი პარტიების სიაში. ქარტია განსაზღვრავს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ხოლო ეკონომიკისა და კეთილდღეობის სფეროებში მათ ექნებათ დამოუკიდებელი კამპანიების წარმოების შესაძლებლობა. ტექნიკურად როგორ გადაითარგმნება პარტიების კამპანიები დროებითი მთავრობის პოლიტიკებში, ეს განხილვის საგანია. მთავარია, ოპოზიციამ აჩვენოს, რომ ის აუცილებლად უერთგულებს ქარტიით განსაზღვრულ პირობებს.
დასკვნა: შემდეგი ნაბიჯები
მოცემული ანალიზის მიხედვით, იკვეთება ოთხი ოპოზიციური ჯგუფი, რომლებიც დიდწილად მათი იდეოლოგიური შეხედულებების, წარსული გამოცდილებებისა და ამ გამოცდილებების ამომრჩევლისეული აღქმების მიხედვითაა დალაგებული. აღნიშნული ოთხი სია, ამ ეტაპზე არ არის მაღალი რისკების შემცველი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით. იმავე დროს, არჩევანის შესაძლებლობა დამატებით მოტივაციას მისცემს ამომრჩეველს, განსაკუთრებით, იმ კონტექსტში, რომ ოპოზიციური პარტიები ქარტიის ქოლგის ქვეშ იქნებიან გაერთიანებულნი. აქედან გამომდინარე, ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მობილიზაციას და თავიდან აირიდებს ხმების დაკარგვის შესაძლებლობას.
წინასაარჩევნო კოალიციების გამოწვევა იქნება ეფექტიანი კამპანიის წარმოება. ამ კამპანიის პირობებში კოალიციებმა სწორად უნდა დაგეგმონ კოორდინაცია რესურსების თვალსაზრისით. ერთი მხრივ, აუცილებელი იქნება, რომ ოპოზიციამ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ოცნების მიერ წარმოებულ საარჩევნო კლიენტელიზმს დაუპირისპირდნენ და ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას შეუშალონ ხელი.
[1] ლევან კახიშვილი არის მკვლევარი ევროპული პოლიტიკის კვლევის ჯგუფში, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich). მან სადოქტორო დისერტაცია მოამზადა ბამბერგის უნივერსიტეტში, გერმანიაში, თემაზე - „პარტიული კონკურენციის ბუნება ჰიბრიდულ რეჟიმებში: საქართველოს მაგალითი“. ლევანს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ინსტრუქცია