საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლევან კახიშვილი
ლევან კახიშვილი არის მკვლევარი ევროპული პოლიტიკის კვლევის ჯგუფში, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich). მან სადოქტორო დისერტაცია მოამზადა ბამბერგის უნივერსიტეტში, გერმანიაში, თემაზე, „პარტიული კონკურენციის ბუნება ჰიბრიდულ რეჟიმებში: საქართველოს მაგალითი“. ლევანს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში წინასაარჩევნო პროცესები სულ უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ოპოზიციური პარტიები ქმედითი ზომების მიღებას შეუდგნენ ამ სამზადისში და ზოგიერთი მათგანი წინასაარჩევნო კოალიციაში გაერთიანდა. მაგალითად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა შექმნეს ალიანსი „გამარჯვების პლატფორმა“, რომელსაც გიორგი ვაშაძემ „ზეპარტიული პლატფორმა“ უწოდა. ასევე გაერთიანდნენ და არჩევნებში ერთიანი სიით წარდგებიან გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა, და ახალი. მეორე მხრივ, იქმნება ახალი პოლიტიკური სუბიექტები, როგორიცაა თავისუფლების მოედანი და აირჩიე ევროპა. ორივე ახალი სუბიექტი მზადაა აქტიური თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პროევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან, თუ გაერთიანებასთან. მეტიც, თავისუფლების მოედანი უკვე გაერთიანდა პარტიებთან - ლელო და ხალხისთვის. თუმცა ეს მდგომარეობა, როდესაც ყველა პოლიტიკური აქტორი იაზრებს კოორდინაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიუთითებს მნიშვნელოვან გამოწვევაზე: როგორ უნდა აწარმოოს სამ-ოთხ პოლუსიანმა ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია ისე, რომ ამომრჩეველი დაარწმუნოს საკუთარ ერთიანობაში?
ბოლოდროინდელი პოლიტიკის ანალიზს თუ გადავხედავთ, იკვეთება მნიშვნელოვანი ტენდენცია: პოლიტიკის ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ოპოზიციის მხრიდან საჭიროა „თემატური კამპანია“ ან „გამართული წინასაარჩევნო სტრატეგია“ იმისათვის, რათა ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. თუმცა როგორი უნდა იყოს ამგვარი წინასაარჩევნო კამპანია თუ სტრატეგია, როგორც წესი, არ არის გაანალიზებული. „სწორი“ წინასაარჩევნო კამპანიისა თუ სტრატეგიის ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად ძირითადად გამოყოფენ ამომრჩევლის მობილიზაციასა და ხმების დაცვის საჭიროებას. მეტიც, გვხვდება მოწოდებები, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს ეგზისტენციალური ხასიათის რეფერენდუმი, სადაც უმნიშვნელო ხდება როგორც „პარტიული კონფიგურაციები,“ ისე „კონკრეტული დაპირებები და საგნობრივი პლატფორმები“.
დემოკრატიულ პროცესებსა და შინაარსობრივ პოლიტიკურ კონკურენციაზე აქცენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ იხრება. ახალი კანონმდებლობა, როგორიცაა ე.წ. რუსული კანონი, რომელიც მიმართულია „უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისკენ, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გენდერული და სექსუალური უმცირესობების უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას ითვალისწინებს, რიტორიკა, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და კიდევ 12 წლით იქნება ქვეყნის სათავეში, ამ ავტორიტარული ტენდენციების ნიშნებია. ამასთანავე, ქართული ოცნება განაგრძობს ტრანზაქციული ხასიათის პოლიტიკურ პრაქტიკებს: ამომრჩევლის მოსყიდვის სხვადასხვა ფორმა, ადმინისტრაციული რესურსების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მუქარა - ეს ყველაფერი პოლიტიკური კლიენტელიზმის მახასიათებლებია.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიებიცა და ექსპერტებიც თანხმდებიან ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მაინც არ არის მიზანშეწონილი წინასაარჩევნო კონკურენციის დამახინჯებული ფორმით წარმოჩენა. პარტიებმა საკუთარი ფუნქცია ყოველთვის უნდა შეასრულონ, განსაკუთრებით, როდესაც კრიზისული პერიოდია, შესაბამისად, არჩევნების შინაარსისგან დაცლა გამორიცხავს ჯანსაღ პროგრამულ კონკურენციას და არჩევნების შემდგომ პერიოდს ბუნდოვანს ხდის ამომრჩევლისთვის. ეს კი, საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება.
აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ დისკუსიებში მარტივი მოსასმენია პასუხი კითხვაზე - „რა არის საჭირო?“ თუმცა რთულად მოიძებნება პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ის, რაც საჭიროა. წინამდებარე სტატიის მიზანი სწორედ ამგვარი დისკუსიის წამოწყებაა: როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში მას შემდეგ, რაც პარტიები ჩამოყალიბდებიან, თუ რა ტიპის კოალიციურ გაერთიანებებში უნდა გადანაწილდნენ ოპოზიციური პარტიები. მართალია, ამომრჩევლის მობილიზაცია და ხმების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ სტატია მიმოიხილავს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ორ ურთიერთდაკავშირებულ ინსტრუმენტს: პროგრამულ კონკურენციასა და კოალიციურ შეთანხმებებს. ორივე ამ ინსტრუმენტის მიზანია მეტი სიცხადის შეტანა წინასაარჩევნო გარემოში იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების შემდგომ.
პროგრამული პოლიტიკა
ნებისმიერი კოალიციური გაერთიანება ეფუძნება იმას, რომ ორ ან მეტ პოლიტიკურ სუბიექტს რაღაც აერთიანებს. კონსოლიდირებულ დემოკრატიებში ეს გამაერთიანებელი ფაქტორი, როგორც წესი, იდეოლოგიური პოზიციებია. საპარლამენტო რესპუბლიკებში კოალიციები, მთავრობის ფორმირების მიზნით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იქმნება. იქიდან გამომდინარე, რომ პარტიების ხედვებს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში იდეოლოგიური ფასეულობები განაპირობებს, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იცვლება და სტაბილურობას ინარჩუნებს, დასავლურმა პარტიებმა წინასწარ იციან, რომელ კონკურენტ პარტიასთან აქვთ უფრო მეტი საერთო და რომელთან ნაკლები. შესაბამისად, კოალიციაში პარტნიორები მსგავსი იდეოლოგიური ხედვების მქონე პარტიები ხდებიან. ეს ყველაფერი ბუნებრივი და მარტივია დასავლურ კონტექსტში, თუმცა რთულია ქართულ რეალობაში.
ქართული პოლიტიკური პარტიები არ ხასიათდებიან სტაბილური იდეოლოგიური ფასეულობებით, რომლითაც არჩევნებიდან არჩევნებამდე შეინარჩუნებენ თანმიმდევრულ ხედვებს საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ. მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პარტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულია ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს არჩევნებში, არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ). თუმცა თუ მის იდეოლოგიურ პოზიციებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ზიგზაგისებრ მოძრაობასა და პოლიტიკური ცენტრის კვეთას, რაც სტაბილური პოლიტიკური პარტიებისთვის მიზანშეწონილი არ არის (იხილეთ ნახ. 1). ენმ აფიქსირებს მთელ რიგ პოზიციებს რადიკალური მემარჯვენეობიდან რადიკალურ მემარცხენეობამდე. ამის საპირწონედ, ქართული ოცნება სტაბილურად ინარჩუნებს მემარცხენე-ცენტრისტულ პოზიციებს ბოლო სამ არჩევნებში. ეს მონაცემები ეყრდნობა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს და მათ შინაარსს, რომლის მეშვეობითაც გამოითვლება მემარჯვენე-მემარცხენეობის ინდექსი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხების აგრეგირებით. მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული პარტიების პოზიციების წინასწარ განჭვრეტა ამომრჩევლების, ექსპერტების, ან თუნდაც პოტენციური კოალიციური პარტნიორების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ პარტიების შემთხვევაში, რომლებსაც ჯერ არც კი შეუქმნიათ წინასაარჩევნო პლატფორმა და საკუთარი პოზიციების კონსოლიდაცია არ მოუხდენიათ. შესაბამისად, ამომრჩეველმა არ იცის, რას ელოდოს ამგვარი პარტიებისგან.
ქართულ პარტიულ პოლიტიკაში სიცხადის გასაზრდელად, აუცილებელია პარტიები სერიოზულად მოეკიდონ იმას, თუ რა საჯარო პოლიტიკის გატარება სურთ არჩევნების შემდეგ. ქართულ პარტიებს აქვთ ზოგადი იდეოლოგიური პროფილები, რაც შეიძლება ან დასახელებაში ჩანდეს, ან მათი წარსული გამოცდილებიდან, თუ რიტორიკიდან ირკვეოდეს. თუმცა იმის გამო, რომ ეს პროფილები არ არის სტაბილური, აუცილებელია ამომრჩეველთან კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რა საჯარო სიკეთის შექმნას გეგმავს კონკრეტული პარტია საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა გასცდეს საგარეო პოლიტიკას და მოიცვას პირველ რიგში ეკონომიკისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროები.
ნახ. 1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წინასაარჩევნო იდეოლოგიური პოზიციები მემარცხენე-მემარჯვენე ღერძზე 2003-2020 წლებში.
წყარო: ავტორის ილუსტრაცია მანიფესტო პროექტის მონაცემების მიხედვით.
ეს დისკუსია, შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, რადგან არსებობს დაშვება, რომ ქართველი ამომრჩეველი ხმას საჯარო პოლიტიკასა და იდეოლოგიას არ აძლევს. თუმცა, თუ წინასაარჩევნო დაპირებებს უგულებელვყოფთ, მაშინ ამომრჩევლის მობილიზების მიზნის მიღწევა რთულად წარმოსადგენი ხდება. მხოლოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ მობილიზაცია და მტრის ხატის შექმნა ხელს შეუწყობს აფექტურ პოლარიზაციას საზოგადოებაში, რადგან ქართულ ოცნებას ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ყოველი მესამე იყოს საზოგადოებაში. შესაბამისად, ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ არჩევნებში ოცნების დამარცხებაზე არ უნდა იფიქრონ. მეორე მხრივ, დაბეჯითებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქართველმა ამომრჩეველმა იცის, რა სურს და რა პრობლემები აქვს ყოფით ცხოვრებაში. თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და თავისუფლების სხვა პარტიებზე უკეთ მიწოდება, მას კვლავ ექნება მაღალი მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა აღარ არის პროევროპული, საგარეო პოლიტიკა არ არის ის ერთადერთი საკითხი, რომლის გამოც ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას.
რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი-რუსეთის დიქოტომია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ღერძი დღეს არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რასთანაც ევროკავშირი და რუსეთი ასოცირდებიან. ევროკავშირი ასოცირდება კეთილდღეობასთან, დაცულობასთან, ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობასთან, ადამიანის უფლებებთან და ა.შ. მიუხედავად ამისა, არ არის საკმარისი, რომ პარტიების კამპანია მხოლოდ დასავლეთი-რუსეთის ღერძის გარშემო ტრიალებდეს. როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კეთილდღეობის შექმნასა და თავისუფლების დაცვას, აუცილებლად ცხადი უნდა იყოს.
ქართული პარტიებისთვის სიახლე არ უნდა იყოს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის სოციოეკონომიკურ უსამართლობებთან დაკავშირებული საკითხები უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, ხოლო საგარეო პოლიტიკასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებრივ პრიორიტეტებში მეორეხარისხოვანია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დროით პერსპექტივაში. კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, სოციოეკონომიკური პრობლემები დომინირებს გამოკითხულთა პასუხებში კითხვაზე, თუ რა არის ქვეყანაში პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. რესპონდენტების პასუხები შეგვიძლია დავაჯამოთ ორ კატეგორიაში. სოციოეკონომიკური პრობლემების კატეგორიაში გაერთიანდება უმუშევრობა, სიღარიბე, ჯანდაცვის დაბალი ხელმისაწვდომობა, დაბალი პენსიები და ფასების ზრდა და ინფლაცია. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებიდან ორი ძირითადი პრობლემა სახელდება: მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები და რუსეთთან პრობლემური ურთიერთობები. 2008-2024 წლების მონაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების წილი დასახელებულ პრობლემებში მხოლოდ 2008 წელს უთანაბრდება სოციოეკონომიკური პრობლემების წილს (იხ. ნახ. 2). 2010 წლიდან მოყოლებული, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წილი 15 პროცენტს არ ასცდენია, 2024 წელს კი, მხოლოდ 4 პროცენტი შეადგინა.
ამომრჩევლის ინტერესების ამგვარი სტრუქტურა კეთილდღეობაზე მომართულ პროგრამებზე მოთხოვნაზე მიანიშნებს. თუმცა ის, რომ 2008 წელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სოციოეკონომიკურ პრობლემებს უთანაბრდება, იმაზე მიუთითებს, თუ როგორ რეზონირებს ამომრჩეველში სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტები. აგვისტოს ომი და 90-იანი წლების კონფლიქტების მეხსიერება თანმდევ სიღარიბესთან ერთად ამომრჩეველს იგნორირებული არ აქვს. ეს ერთ-ერთი ამხსნელი შეიძლება იყოს იმისა, თუ რატომ არის ეფექტიანი ქართული ოცნების რიტორიკა ომისა და მშვიდობის დაპირისპირების შესახებ. ქართული ოცნება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პირველი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც აქტიური შეიარაღებული კონფლიქტი არ მომხდარა. შესაბამისად, ამ დისკურსთან დაპირისპირება მხოლოდ დასავლეთი-რუსეთის დიქოტომიითა და ქართული ოცნების წინააღმდეგ მომართული კამპანიით არაეფექტიანი იქნება. ქართული ოცნების ამ უპირატესობას შინაარსობრივი პოლიტიკა უნდა დაუპირისპირდეს.
ნახ. 2. ქვეყანაში არსებული პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: სოციოეკონომიკური პრობლემებისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პროცენტული წილი დასახელებულ პასუხებში, 2008-2024 წწ.
წყარო: ავტორის ილუსტრაცია კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით.
მეორე მხრივ, პროგრამულ კონკურენციაში ქართულ ოცნებას უმნიშვნელოვანესი უპირატესობა აქვს მთელ ოპოზიციასთან მიმართებით: მას არ ჰყავს კონკურენტი მარცხნიდან. 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ოცნება მემარცხენე-ცენტრისტულ პოზიციებზეა, რასაც ასევე ადასტურებს მანიფესტოს პროექტის მონაცემები, და რომ ოცნების მარცხნივ არ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელსაც თუნდაც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნებოდა. მისი ერთადერთი კონკურენტი ცენტრიდან მარცხნივ იყო პატრიოტთა ალიანსი, რომელიც, ქართული ოცნების კულტურული კონსერვატიზმისა და მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის შემდეგ, სავარაუდოდ, უშანსოდ დარჩება. მიუხედავად იდეოლოგიურ სივრცეში ენმ-ის ზიგზაგისებრი გადაადგილებებისა, ქართული ოცნება მემარცხენე ფლანგზე კვლავ უკონკურენტოდ რჩება.
თავის მხრივ, ქართული ოცნების მემარცხენეობა კრიტიკის საგანია როგორც მემარჯვენეების, ისე მემარცხენეების მხრიდან. თუმცა ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ქართული ოცნების კვაზი-მემარცხენეობის შედეგად შეიქმნა საჯარო პოლიტიკები, რომლითაც საზოგადოების დაბალმა ფენამ გარკვეული სარგებელი ნახა. ეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მნიშვნელოვანი რედისტრიბუციული პოლიტიკა, თუმცა ისეთი პროგრამები, როგორიცაა მედიკამენტების ფასების რეგულირება, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, უფასო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო, რამაც საზოგადოების მოწყვლადი ფენების ყოველდღიურობა შეამსუბუქა. ამ პროგრამებს ბევრი ნაკლოვანება აქვს და მათი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ იგნორირება და უგულებელყოფა დაუშვებელია.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შექმნან და იზრუნონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართული ოცნების პროგრამულ პოლიტიკასთან ჯანსაღი კონკურენცია. მაგალითად, 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეოებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ენმ-ის წინასაარჩევნო რიტორიკაში ყოველი მესამე მოწოდება ნეგატიური ხასიათის იყო, ხოლო ქართული ოცნების შემთხვევაში ეს წილი ორჯერ ნაკლები იყო. ნეგატივის მაღალი კონცენტრაცია უარყოფით გავლენას ახდენს ამომრჩევლის სურვილზე მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, რაც კატასტროფული შედეგი იქნება ოპოზიციისთვის. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ოპოზიციის წარმატების მთავარი გასაღები უნდა იყოს, მათი მოზიდვა კი პოზიტიური დღის წესრიგითაა შესაძლებელი.
კოალიციური შეთანხმებები
პროგრამულმა კონკურენციამ აუცილებლად განსხვავებული სახე უნდა შეიძინოს მიმდინარე წლის არჩევნებში იქიდან გამომდინარე, რომ პარტიები კოალიციურად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მიუხედავად ამისა, საჯარო პოლიტიკის განჭვრეტადობა კვლავ მთავარი საფუძველი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან კოალიციების ორი დონე. პირველ დონეზე პარტიები ჯგუფდებიან საარჩევნო სუბიექტებად. ამ ტიპის წინასაარჩევნო კოალიციებში შესაძლოა განსხვავებული ხედვების პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა მათ უნდა იპოვონ ის, რაც მათ აერთიანებთ და განსხვავებები გვერდით უნდა გადადონ. ეს საერთო ხედვები კი უნდა ჩამოყალიბდეს წინასაარჩევნო პროგრამაში. არ არის აუცილებელი, ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტები არიან, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმით წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე. ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის არსებობას და უფრო ეფექტიანი იქნებოდა ერთიანი სიით წარდგენა, თუმცა ეს უკანასკნელი, როგორც იკვეთება, ნაკლებსავარაუდოა. შესაბამისად, სიცხადის ეს ელემენტი ამ ოპოზიციურმა ცენტრებმა თავად უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში.
მეორე დონეზე კოალიცია უნდა შედგეს არჩევნების შემდგომ პირველ დონეზე შექმნილ კოალიციურ სუბიექტებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ქართული ოცნება არჩევნებში ვერ მოიპოვებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ერთპიროვნულ უმრავლესობას. ამ ტიპის კოალიციის ჩამოყალიბება სამ მთავარ დილემას მოიცავს მასში შემავალი სუბიექტებისთვის: პირველი, კონკურენციისა და თანამშრომლობის დილემა; მეორე, კაბინეტის პორტფელების განაწილება და საჯარო პოლიტიკის დილემა; მესამე - ერთიანობა მმართველობის დროს და იდეოლოგიური პროფილის შენარჩუნება. პირველი დილემა ეხება კონკურენციის სირთულეებს, როდესაც არის მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის საჭიროება იქნება. ასეთ დროს პარტიები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ კოალიციურ მთავრობაში იქნებიან, ერთმანეთის მწვავე კრიტიკას ერიდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენციის დროს ამ სუბიექტებმა არ უნდა გამოიყენონ ერთმანეთის შეურაცხმყოფელი რიტორიკა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
მეორე დილემა უკავშირდება პარტიების ქცევას, რომელიც არის სამი ტიპის. პარტიები ცდილობენ მოიპოვონ ხმები, საჯარო ოფისი და შესაძლებლობა, საჯარო პოლიტიკის საწარმოებლად. როდესაც საქმე ეხება კოალიციურ მთავრობას, როგორ გადანაწილდება მასში მინისტრთა პორტფელები, მოლაპარაკების საგანი ხდება. როგორც წესი, საჭირო ხდება კომპრომისებზე წასვლა და რეალურია სცენარი, როდესაც ერთი სუბიექტი იღებს მინისტრის პორტფელს, მაგრამ მიდის კომპრომისზე საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, ის უარს აცხადებს ზოგიერთი პოლიტიკური მიმართულების განხორციელებაზე და ვალდებულებას იღებს, განახორციელოს ზოგიერთი ის მიმართულება, რომელიც კოალიციის პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამგვარი კომპრომისების გარეშე შეთანხმების მიღწევა, როგორც წესი, შეუძლებელია.
მესამე დილემა გულისხმობს იმას, რომ კოალიციურ მთავრობას სჭირდება ერთიანობის წარმოჩენა, თუმცა, ამავე დროს, მასში შემავალ პარტნიორებს სურთ საკუთარი იდეოლოგიური პროფილის შენარჩუნება ისე, რომ ამომრჩეველს თავი მოტყუებულად არ აგრძნობინონ. კოალიციური მთავრობების ერთიანობის საკითხი და მასთან ხშირად ასოცირებული არასტაბილურობა, შესაძლოა, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდეს ამომრჩევლის დასაშინებლად იმ კონტექსტში, რომ საქართველოს, შესაძლოა, მტკიცე მმართველობა სჭირდებოდეს. ამგვარი მაგალითები უკვე შესამჩნევია და ჯერ კიდევ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესში დაიწყო.
ოპოზიციური პარტიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ამგვარი დილემებისთვის წინასწარ მომზადება. ამ სამზადისისთვის მთავარი ინსტრუმენტი კი უნდა იყოს კოალიციური შეთანხმებები. როგორც წესი, კოალიციური შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ იწყება. თუმცა საქართველოში არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები საჭიროა არჩევნებამდე დაიწყოს და გარკვეული შეთანხმებებიც შედგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის. ამის მაგალითი უკვე სახეზეა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ქართული ქარტიის სახით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საჭიროა იმის ჩვენება, რომ ოპოზიცია ერთიანია ფუნდამენტურ საკითხებში, რაც ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტია.
ქართული ქარტია კარგი პრეცენდენტია კოალიციური შეთანხმებებისთვის, თუმცა ის შეზღუდულია თემატურად და მოიცავს საგარეო პოლიტიკასა და დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ დოკუმენტს აკლია ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი: ოპოზიციური პარტიების დაპირება, რომ ისინი არ შევლენ კოალიციურ მოლაპარაკებებში ქართულ ოცნებასთან. ქართული ქარტია თავისი არსით გამაერთიანებელი დოკუმენტია და პრეზიდენტის განცხადებით, ის ღია იყო ქართული ოცნების ხელმოწერისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომხდარა, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება იმის საფუძვლად, რომ ოპოზიცია ნამდვილად ერთიანია ქართული ოცნების წინააღმდეგ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქარტიას ყველა ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს. შესაბამისად, დგას საჭიროება, რომ შეიქმნას ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ფუნდამენტურ საკითხს - ოპოზიციის ერთიანობას - წერილობით განაცხადებს. ეს იქნება ერთგვარი გარანტია იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც ოცნების წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, მაგრამ უწევს სტრატეგიულად აზროვნება. ამგვარ ამომრჩეველს უწევს იმაზე ფიქრი, თუ რომელმა პარტიამ შეიძლება ითანამშრომლოს ქართულ ოცნებასთან და რომელმა არა, ნაცვლად იმისა, რომ ხმა მისცეს იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის პროგრამა მოსწონს. შესაბამისად, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველს ეს არჩევანი უნდა გაუადვილონ.
ამგვარი ჩარჩო შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც შეეხება საქართველოს ხელისფლებების მიერ ჩადენილი დანაშაულების სათანადო და მიუკერძოებელ გამოძიებას იმგვარად, რომ რევანშიზმი დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში. ეს საკითხი არაერთი ოპოზიციური პარტიის ინტერესებში უნდა იყოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება ამომრჩევლისთვის და მსგავსი ერთიანობის კულტივირება საზოგადოებაში. როდესაც ქართული ოცნების რიტორიკა და კამპანია აგებულია პოლარიზაციაზე, დანაწევრებაზე, ოპოზიციის კამპანია აგებული უნდა იყოს ერთიანობაზე და ამ ერთიანობის მაგალითი პირველ რიგში თავად უნდა აჩვენოს.
იმის მიხედვით, თუ რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ხედვების შეჯერებას, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში დამატებით საგნობრივი შეთანხმებების მიღწევა კონკრეტულ სფეროებში. ეს შეთანხმებები ისედაც მოლაპარაკების საგანი იქნება არჩევნების შემდეგ, ამიტომ თუ არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ საზოგადოებას, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ და ემზადებიან ძალაუფლების ხელში ასაღებად და ამ პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ეს მათ მიმართ ნდობის საფუძველს შექმნის. ამასთანავე, წინასწარ შეთანხმებული ხედვები, ხელმოწერილი შეთანხმებები გაამარტივებს მთავრობის ფორმირების პროცესს. კვლევები აჩვენებს, რომ კოალიციური შეთანხმებები მთავრობის სტაბილურობის გარანტიაა. ამ ყველაფერს გვერდით ეფექტად დაემატება ისიც, რომ ამ პროცესების გაშუქება პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის და ოპოზიციურ პარტიებს პროფესიონალურ და საქმიან იმიჯს შესძენს.
ამ მოლაპარაკებების პროცესში ორი ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. პირველი, როგორც ირკვევა, ამომრჩეველს შეიძლება აღიზიანებდეს ოპოზიციური პარტიების მიერ მინისტრთა კაბინეტში პორტფელების გადანაწილებაზე საუბარი. „სკამების“ განაწილება, როდესაც ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, არასერიოზულ შთაბეჭდილებას უქმნის ქართველ ამომრჩეველს. რამდენად მართებულია ეს შთაბეჭდილება, ამის განხილვა ამ სტატიის მიზანი არ არის, თუმცა ოპოზიცია გვერდს აუვლის ამ გამოწვევას, თუ საჯარო პოლიტიკასა და რეფორმებზე ისაუბრებს და მოლაპარაკებების საგანიც ეს იქნება.
მეორე, სავსებით შესაძლებელია, რომ შეთანხმებების მიღწევა გართულდეს. ზოგიერთ პარტიას, შესაძლოა, რადიკალური ხედვები ჰქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარ კონფლიქტებს, განსაკუთრებით, როდესაც ოპოზიცია ცდილობს მობილიზაციას ქართული ოცნების წინააღმდეგ, შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე ამომრჩევლებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კომპრომისისა და კონსენსუსის საგანია, თუმცა არსებობს ორი მიდგომა, რა შეიძლება გააკეთონ ამ დროს კოალიციურმა პარტნიორებმა. ერთი მხრივ, შესაძლებელია, რომ ღია დარჩეს წინააღმდეგობრივი საკითხები და მომავალმა პარტნიორებმა თავი აარიდონ მათზე საუბარს. ეს მიდგომა ბუნდოვანს დატოვებს არჩევნების შემდგომ პერიოდს და ამომრჩევლისთვის გაურკვეველი დარჩება, როგორ აპირებს ოპოზიცია მთავრობის ფორმირებას, თუ ისინი ვერ თანხმდებიან მნიშვნელოვან საკითხებზე.
მეორე მხრივ, ამგვარი შეუთავსებლობის მოგვარების მექანიზმია დეტალურად გაწერილი შეთანხმებები, რომლებშიც პარტნიორები წინასწარ მოილაპარაკებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავრობის ფორმირების შემდეგ კი ეს დეტალური შეთანხმება გახდება სამთავრობო პროგრამა. ასეთ დროს საჯარო პოლიტიკის გადმოსახედიდან არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს კონკრეტულ სამინისტროს. მინისტრთა პორტფელები პარტიების პირადი მიზნებისა და პრეფერენციების სფეროში რჩება.
ამგვარად, თუ ოპოზიციური პარტიები შეძლებენ კოალიციების ორივე დონეზე აჩვენონ ერთიანობა, ამომრჩევლის მობილიზაცია უფრო მარტივად მოხერხდება. კოალიციური შეთანხმებები კი საზოგადოებას კონკრეტულ მოლოდინებს გაუჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ. თავის მხრივ, პარტიების ქცევის განჭვრეტადობა მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. ზოგადად, სტაბილურობა და სიცხადე ყოველთვის აკლდა ქართულ პარტიულ პოლიტიკას, რაც ქართული დემოკრატიის მანკიერ მხარეებზე მიუთითებს. წარმომადგენლობითი დემოკრატიის აუცილებელი პირობა ის არის, რომ საჯარო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ არჩევნების მეშვეობით არჩეული პირები. თუ ამომრჩეველს წინასწარ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საჯარო პოლიტიკის გატარებას აპირებს კანდიდატი თუ პარტია და თუ ამ პოლიტიკურ კურსებს შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არსებობს, პოლიტიკურ კონკურენციას აზრი სრულად ეკარგება.
დასკვნა
საარჩევნო კამპანიის წარმოება რესურსებით მდიდარი და ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ხელისუფლების წინააღმდეგ უაღრესად რთული ამოცანაა. ფართოდ გავრცელებული ნიჰილიზმის გაღვივების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ამომრჩეველს აჩვენოს, რომ იმედი არსებობს და რომ ოპოზიცია სრულად იაზრებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამის ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ საქმით და ამომრჩევლისთვის იმაზე მეტის შეთავაზებით, ვიდრე ქართული ოცნების დემონიზება და დასავლეთი-რუსეთის დიქოტომიაა. წინასაარჩევნო პროგრამები და კოალიციური შეთანხმებები საუკეთესო მექანიზმებია ამომრჩევლებში სიცხადის შესატანად და ერთიანობის საჩვენებლად. ეს ორი ფაქტორი კი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამომრჩევლის მობილიზებისთვის.
ამომრჩევლის მობილიზაციას სხვა უამრავი გამოწვევა ახლავს თან, განსაკუთრებით, როდესაც ქართული ოცნება აქტიურად იყენებს კლიენტელისტურ პრაქტიკებსა და ტრანზაქციული ხასიათის მეთოდებს პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. თუმცა, დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველს აჩვენონ, რომ შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით და, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამარჯვებისთვის მზადება. ოპოზიციამ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ ამ გამარჯვებას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება.
ინსტრუქცია