[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

რეგიონები და დედაქალაქი: ახალი პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა, უამრავი პოლიტიკური, ტექნიკური და სამართლებრივი დარღვევის ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციოლოგიური პრობლემის წინაშე დააყენა ქართული საზოგადოება. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში უფსკრული რეგიონებსა და ცენტრს შორის რადიკალურად არის გაზრდილი. განსხვავება იკვეთება როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში. ამ საკითხს მას შემდეგ ჩავუღრმავდი, რაც ამა წლის ივლისში, ოზურგეთში ასეთი მოსაზრება მოვისმინე, რომ დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა 2000-იანებთან შედარებით, რადიკალურად გაიზარდა. 2024 წლისთვის თბილისში მოსახლეობის განვითარების დინამიკა გაცილებით აღემატება რეგიონებისას. ოზურგეთი ჩემთვის ნაცნობი სივრცეა, იქ ბავშვობის წლები მაქვს გატარებული და ჩემი დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ველია. ამ სტატიაზე წერაც კონკრეტული ადგილის გავლით დავიწყე, ხოლო ეს ადგილი ასე თუ ისე გამოხატავს რეგიონების ზოგად ტენდენციას. „აქ გაიყინა ყველაფერი. ყველა მიდის, დაცარიელებულია რეგიონი, ვისაც კი რამე შეიძლება კრიტიკული აზრი ქონდეს, წასულია აქედან“, - მიყვებოდა ჩემი თანამოსაუბრე, ირაკლი, ოზურგეთის ცენტრში, ქალაქის მოედანზე, „ქართუ ფონდის“ მიერ გარემონტებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის წინ. ირაკლი წლებია დაინტერესებულია რეგიონის ისტორიით, პოლიტიკით, ეკონომიკით და ზოგადი ყოფით. ის ოზურგეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ამიტომაც, ჩემთვის მისი დაკვირვება მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას მოახმარა. ფასადები გალამაზებულია, ქუჩები სუფთაა, მოვლილი და მწვანეა, მაგრამ ეს ქალაქი დაცლილია ადამიანებისგან, რომლებიც აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. „ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსია, ვისაც კი შეეძლო, ყველა წავიდა. ზოგი თბილისში, ზოგი ევროპაში. ახალგაზრდა ადამიანი აქ ვერ ჩერდება“, - მითხრა ირაკლიმ. მისი აზრით, ეს განსხვავება უთუოდ აისახებოდა არჩევნების შედეგებზე, თუ სხვა პრობლემებზე, რაც ქართულ რეგიონებს, წლებია, ტანჯავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეგიონული ინდუსტრიები მოიშალა, ქვეყანა კი ნელ-ნელა შეუდგა პოსტსაბჭოთა კაპიტალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზას. რეგიონების მიგრაციას, მცირე ქალაქებში ოპიატების კრიზისი დაემატა. მეთადონის პროგრამები ხშირად ძალაუფლების მიერ ქუჩის და პოლიტიკური კონტროლის იარაღად არის ქცეული. ხშირად, მოსახლეობის შანტაჟისა და გაღარიბების პროცესსაც ყველაზე ცხადად წარმოაჩენს.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის რეგიონები მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციისთვის არსებობდნენ. „ვარდების რევოლუციამდე“ ეს ტენდენცია ყველა რეგიონს ეხებოდა, 2003 წლის შემდეგ სურათი მცირედით შეიცვალა - ბათუმის, ზუგდიდის და თელავის მიმართ ყურადღების გაზრდით, თუმცა, ეს ცვლილებაც ძირითადად ფრანგმენტული იყო და ტენდენცია იყო ასეთი - ცენტრი, თბილისი, ცდილობს ჰქონდეს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური დომინაცია რეგიონებზე. ეკონომიკური მოცემულობა საკმაოდ თვალშისაცემია - ქვეყანაში ძირითადად ერთი და იგივე პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მიერ ხდება კაპიტალის აკუმულაცია. თბილისის მშპ-ს განაწილება ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ მეტია იმავე გურიის რეგიონის განაწილებაზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პოლიტიკური უთანასწორობის გაღვივებას ხელი შეუწყო საქართველოს უნიტარული სახელმწიფო მოწყობის უკიდურესად ცენტრალიზებულმა ხასიათმა, სადაც გადასახადების აკრეფა და განაწილება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, ხშირ შემთხვევაში კი, ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტი დედაქალაქთან შედარებით 20-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია. პოლიტიკური ცენტრალიზაციის პრობლემა ხშირად ეკონომიკური აკუმულაციის საკითხს უკავშირდება - ქვეყნის პოლიტიკურ კლასს ხარბი დამოკიდებულება აქვს საქართველოს რეგიონების მიმართ, რომელთაც ის ნედლი რესურსების წყაროდ განიხილავს, ხოლო მის ბუნებრივ ეკოსისტემას მეორეხარისხოვნად წარმოაჩენს. მეორე მხრივ, რეგიონების დეინდუსტრიალიზაციამ ხელი შეუწყო ისეთი ტიპის საბაზრო ეკონომიკის დაფუძნებას, სადაც რეგიონები ეკონომიკურად მომგებიანნი არ ყოფილან, ხოლო პოლიტიკური მიზანი არა მათი შენარჩუნება, არამედ დიდ ქალაქებში ეკონომიკური მიგრაცია იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს მცირედ დასახლებული ქალაქები წლების განმავლობაში ძლიერ პოლიტიკურ წინააღმდეგობას წევდნენ. ისეთი რეგიონი, როგორიც სამეგრელოა, ოპოზოციურ ბასტიონად მიიჩნეოდა 2012 წლიდან. თუკი 2024 წლამდე პოლიტიკურ ოპოზიციას შეეძლო გავლენა ჰქონოდა  რეგიონებზე, 2024 წლის არჩევნების შედეგებმა ეს უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. არჩევნების პერიოდში ბევრი საუბრობდა იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფუნდამენტური სხვაობა იყო რეგიონებსა და ცენტრს შორის, რა განაპირობებდა ამომრჩევლების მობილიზაციას  რეგიონებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. წინამდებარე სტატიაში შევეცდები ვისაუბრო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში მემარჯვენე პოლიტიკური დღის წესრიგის გაძლიერებას და მმართველი პარტიის რეიტინგის მნიშვნელოვან ზრდას შედარებით მცირერიცხოვან დასახლებებში.

ქალაქების სოციალური და ეკონომიკური ჰეგემონია

საბჭოთა კავშირის ნგრევისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო გლობალური პოლიტიკის და ეკონომიკის ნაწილი გახდა. ძირითადი გლობალური კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციები საქართველოშიც პოულობს გამოხატულებას (ზოგჯერ დაგვიანებით, თუმცა სოციალური მედიის განვითარებამ დროითი მოცემულობაც გარკვეულწილად შეამცირა). დასავლური სამყაროს ყველაზე დიდ ცენტრში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღესდღეობით ორგვარი წარმოდგენა არსებობს ამერიკის შესახებ - პირველი - დემოკრატების, ძირითადად ურბანული მოსახლეობის შეხედულებაა, რომლის თანახმადაც, ამერიკა დემოკრატიული, თანასწორი ქვეყანაა, რომელიც ეყრდნობა კანონის უზენაესობას და კერძო საკუთრებას; მეორე - ტრამპისტების, ნაკლებად ურბანული მოსახლეობის, რომელთა დიდი ნაწილიც 21-ე საუკუნის ამერიკულ ნეოლიბერალურ კაპიტალიზმში გარიყული აღმოჩნდა, მათი პოლიტიკური ბრძოლაც, ამერიკული დემოკრატიის სხვაგვარ გაგებას ეფუძნება. მათთვის თეთრკანიანი მოსახლეობის უფლებები უმნიშვნელოვანესია, ხოლო ფედერალური სახელმწიფოს უფლებები შეზღუდული უნდა იყოს. ასეთი მოსახლეობა ძირითადად ამერიკის არაურბანულ დასახლებებში ცხოვრობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლონეთის, უნგრეთის თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებზე, სადაც დაპირისპირება ურბანულ და არაურბანულ ცენტრებს შორის ბოლო წლებში გაღრმავდა. პოლონელი პოლიტიკოსის და ყოფილი პრემიერის, კაჩინსკის პარტიას 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ მოუგია არცერთ ქალაქში, სადაც 200-ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს (Szczerbiak 2024).

სოციალურ მეცნიერებებში, სხვადასხვა თეორიით ცდილობენ ახსნან ურბანულ და არაურბანულ მოსახლეობას შორის გაჩენილი ეს უფსკრული და მის გაჩენაში კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების როლი. ანთროპოლოგი დონ კალბი, პოლონეთის პოლიტიკაზე საუბრისას, ამ პრობლემას ქვეყნის პოლიტიკურ ტრასფორმაციას უკავშირებს. განსაკუთრებით, პოლონეთის სახელმწიფო სოციალიზმის რღვევის შედეგად შექმნილ ნეოლიბერალურ პოლიტეკონომიკურ წესრიგს, საიდანაც ყველაზე მეტად გარიყული ტრადიციული მუშათა კლასი აღმოჩნდა (Kalb 2009). იგივე მოხდა საქართველოშიც. აქ განხორციელებულმა ნეოლიბერალური განვითარების მოდელმა ხელი შეუწყო ელიტებს შეექმნათ ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალი. ამ მოდელში კი, სახელმწიფოს შეკვეცილმა ძალაუფლებამ სიმდიდრის გადანაწილება ვერ უზრუნველყო (Gugushvili 2017). ეკონომიკური ტრანფორმაციის შედეგად მიღებული კეთილდღეობაც, ნაკლებად შეეხო ძირითადად მცირე დასახლებების და ქალაქის მუშათა კლასს, რაც, უკვე მოგვიანებით, სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ძალამ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დასაფუძნებლად და არსებული სტატუს კვოს წინააღმდეგ გამოიყენა.

თანამედროვე გლობალიზაციის ანთროპოლოგი, ამერიკელი ურბანისტი, სასკია სასენი კი საუბრობს დიდი ქალაქების დომინაციაზე 21-ე საუკუნეში. ქალაქების, რომლებიც თვითონვე გახდნენ სუვერენული ძალაუფლების მატარებლები, ხოლო სხვა დანარჩენი მასზე დაქვემდებარებული. მეტიც, სასენი აღნიშნავს, რომ გლობალიზაცია დღეს ძირითადად ქალაქებში ხდება, ხოლო ქალაქის მიღმა სივრცეები პოლიტიკური ტრანსფორმაციებისგან შორს არიან (Sassen 2014). ზოგიერთი მკვლევარი კულტურულ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, დაპირისპირებაზე კულტურულ საკითხებში, როგორიცაა თეთრი მასკულინობა, ქვიარ საკითხები და ქრისტიანული ღირებულებები. ქალაქის, ურბანული მოსახლეობის ღირებულებითი განვითარება მკვეთრად დაშორდა რურალურ მოსახლეობას. ტომ შელერი და პოლ ვოლდმანი წიგნში, „თეთრი რურალური ამბოხი: საფრთხე ამერიკის დემოკრატიისთვის“, საუბრობენ მცირე, აპალაჩიურ ქალაქზე დასავლეთ ვირჯინიაში, რომელიც ცნობილი იყო ქვანახშირის მოპოვებით. 80-იანების ბოლოდან ეს ქალაქი თანდათან იცლებოდა ადგილობრივი მოსახლეობისგან, გარემო გამოიშიგნა, ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა და გარკვეულწილად სტაგნაციურ მდგომარეობაში გადავიდა მთელი დასახლება. ამის პარალელურად, კონსერვატიული ამომრჩევლის გავლენა გაიზარდა, ისინი ამ ქალაქისთვის „ოქროს ხანის“ დაბრუნებაზე საუბრობდნენ და ამ ეპოქის დანგრევაში მთავარ დამნაშავეებად ურბანულ ელიტას მოიაზრებდნენ. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ამ დასახლებაში რესპუბლიკური პარტიის უზომოდ დიდი წარმატების მიუხედავად, ცხოვრება არ შეცვლილა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუმცა დღეს მედიამ იცის, როგორ წარმოაჩინოს ადგილობრივი მოსახლეობა ჩაგრულად და როგორ გააძლიეროს სიძულვილის პოლიტიკა აპალაჩელების ამერიკის ურბანული ცენტრის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ქალაქი ისევ განიცდის ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს - ე.წ. ოპიოიდების სახით. ადგილობრივი მცხოვრებლები მაინც კონსერვატიული პარტიის ამომრჩევლებად რჩებიან და, როგორც ავტორები აღნიშნავენ, მემარჯვენე პოლიტიკოსებისგან ემოციურ მხარდაჭერას უფრო იღებენ, ვიდრე ხელშესახებ მატერიალურ ტრანსფორმაციას, რამაც მათი ცხოვრება უნდა შეცვალოს. ამ ტიპის პოლიტიკოსებისთვის ღირებულებითი უფსკრული საშუალება უფრო აღმოჩნდა, ვიდრე მიზანი და მათ თავიანთი დღის წესრიგის დასაფუძნებლად გაღარიბებული მოსახლეობის რესენტიმენტის ინსტრუმენტალიზება წამოიწყეს (Paul Schaler, Tom Waldman 2024).

ამ თეორიების უდიდესი ნაწილი საქართველოს რეგიონების კონსერვატიზაციის საკითხსაც ეხება - 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებულმა ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პოლიტიკამ მართლაც ვერ შექმნა რეგიონების განვითარებისთვის შესაბამისი სტრუქტურული და მატერიალური ბაზისი. 1991 წლის შემდეგ დაწყებულ დეინდუსტრიალიზაციის საწინააღმდეგოდ კი, ვერ (ან არ) შეიქმნა შესაბამისი ეკონომიკური ალტერნატივა. მეორე მხრივ,  დემოკრატიის ნაკლებობამ ქვეყნის რეგიონებში დაამძიმა პოლიტიკური მობილიზაციის შესაძლებლობა. ამასთანავე, საქართველოში რადიკალურად გაიზარდა ქალაქების, განსაკუთრებით კი, თბილისის გავლენა დანარჩენ დასახლებებზე. თბილისი და ბათუმი უდიდესი მიზიდულობის ცენტრებად და შიდა მიგრაციის წყაროდ გადაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ჯგუფები ხშირად საუბრობდნენ ამ პრობლემის შესახებ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დემოკრატიული დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფა, რაც დიდწილად იყო განპირობებული ნაკლოვანი წარმომადგენლობით პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ხშირად, რეგიონის ქალაქის წარმომადგენლები შეირჩეოდნენ არა მათი პოლიტიკური დამსახურების, არამედ ცენტრიდან, უშიშროების სამსახურების ფავორიტიზმით. ისეთი რეგიონები კი, რომლებიც ცენტრის ეკონომიკური ელიტისთვის უფრო მიმზიდველები იყვნენ, ბუნებრივი რესურსებისა თუ სხვა ინტერესიდან გამომდინარე, დედაქალაქისთვის ორმაგად გაძლიერებული პოლიციური და პოლიტიკური კონტროლის სამიზნეები ხდებოდნენ გან - ასეთია, მაგალითად, ჭიათურა. რესურსების გადანაწილებამ და რეგიონების პოლიტიკურმა გამოთიშვამ გზა მისცა ახალ სტრუქტურულ ტრანსფორმაციას საქართველოში, სადაც რეგიონების მოსახლეობას ორი არჩევანი ჰქონდა: ქვეყნიდან წასვლა ან დიდ ქალაქებში მიგრაცია. ქვეყნიდან წასვლა რეგიონებიდან უნარებიანი მუშახელის გადინებას ნიშნავდა, ადგილზე დარჩენას ძირითადად ახერხებდნენ ადგილობრივი ელიტები, რომლებიც მსხვილ ბიზნესებს ემსახურებოდნენ და რეგიონის რესურსების ხელში ჩაგდებით და ექსპლოატაციით იყვნენ დაკავებულნი (გელა მთივლიშვილი 2021). 

რეგიონებიდან მიგრაცია და ოპიატების პრობლემა

საქართველო მიგრაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოლდოვის რესპუბლიკის მსგავსად, ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა 1990 წლის შემდეგ. მიგრაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო და დამანგრეველი აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოსთვის, უფრო მეტად კი, იმ რეგიონული ცენტრებისთვის, რომელთა ეკონომიკური მაჩვენებელიც ადგილობრივ მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევდა. რეგიონების დაცლამ, განაკუთრებით ქალების წასვლამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის სტრუქტურაზე. პატრიარქატის პირობებში, ქალების მიგრაციამ და რემიტანსებით რეგიონების „შენახვამ“ კიდევ უფრო დაამძიმა ადგილობრივი პრობლემები. გაეროს განვითარების სააგენტოს კვლევის მიხედვით კი, ქალების მიგრაცია იწვევდა „ფიზიკურ და ემოციურ ზრუნვის დეფიციტს, რაც უარყოფითად აისახება დატოვებული ბავშვების სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესებზე“ (მერი (მეკო) ჩაჩავა ნინო ზუბაშვილი 2023). კაცები, რომელთა ნაწილმაც სააკაშვილის პერიოდის ნულოვანი ტოლერანტობა გამოიარა, ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკური ჯგუფი აღმოჩნდა პოლიტიკური ტრანზიციის დროს. უმუშევრობამ და უპერსპექტივობამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ოპიოიდებზე დამოკიდებული გახადა. თუკი 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მიზანი იყო უკომპრომისო, ხშირად კი უგუნური ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ მიდგომა საპირისპიროდ მოტრიალდა - მათ ნარკოტიკები მოსახლეობის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტად გამოიყენეს (ვარდიაშვილი 2014). შესაბამისად, ნარკოდამოკიდებულების დე ფაქტო დეკრიმინალიზაციამ ძალაუფლების დაკვეთა შეასრულა. წამალდამოკიდებული ადამიანები ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლების გამყარების საფუძვლად აქცია და საკუთარ ჰეგემონიურ წესრიგს დაუქვემდებარა. თუკი სისტემას წინააღმდეგობას არ გაუწევენ, ხოლო კრიტიკულ მომენტში დაეხმარებიან, განაკუთრებით კი, არჩევნების დროს, მეთადონი და სუბოქსინი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ამას არ იზამენ, მათთვის ეს პროგრამები, შესაძლოა, დაიხუროს. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არის ხელმისაწვდომი მეთადონის (თუ სხვა ოპიატების) პროგრამები და ე.წ. სახარშები. სახარშები სახლებში ეწყობა: ეს არის ადგილები, სადაც ძირითადად ახალგაზრდა კაცები იკრიბებიან და ამზადებენ ნარკოტიკებს სხვადასხვა მასალისგან, როგორიცაა წიწვები, მეთადონი, სუბოქსინი და ა.შ. ეს საშუალებები კაცებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკებია. როგორც პოლ პრესიადო აღწერს (Preciado 2013), ნარკოტიკების მოხმარება ქმნის შესაბამის სუბიექტებს - ამგვარად, არსებობს ე.წ. მეთადონის სუბიექტი, ჯეფის სუბიექტი და კროკოდილის სუბიექტი, რაც ჰაბიტუსსა და ცხოვრების სტილში გამოიხატება. ოზურგეთში ნებისმიერი გასეირნება სავსეა უჩვეულო გადაკვეთებით და ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დილით, პროგრამიდან გამოსვლის შემდეგ, სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. ასეთი ადგილი არც ისე ბევრია ქალაქში - მეთადონს ჩაი ხსნის, ხოლო ჩაი ძირითადად მცირე ზომის კაფეებშია ხელმისაწვდომი.

რეგიონებიდან მიგრაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დაბერება, წამალდამოკიდებულების შესამჩნევი კრიზისი და ახალგაზრდა მოსახლეობისგან რეგიონების დაცლა საქართველოს რეგიონების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ეს მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა - ახალგაზრდები და, შესაბამისად, შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, მიდის რეგიონებიდან, ხოლო ადგილზე რჩება პენსიონერი მოსახლეობა, უმუშევარი კაცებით, წამალდამოკიდებულებით. ქალაქებში არსებული კრიტიკული მასის კიდევ უფრო შემცირებას ხელისუფლება კარგად ორგანიზებულ მედიაპროპაგანდას უპირისპირებს. 

„ქართული ოცნების“ ჰეგემონია რეგიონებში

ზემოთ აღწერილი მდგომარეობის კვალდაკვალ, ჩნდება კითხვა, თუკი ყველაფერი ასეთი განადგურებულია, მოსახლეობა გაღარიბებული და საქართველოს ქალაქებიდან გაქცეული, რატომ არის „ქართული ოცნება“ მისაღები პოლიტიკური ძალა? 2020 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტრატეგია რეგიონების მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ დიდ ქალაქში, შესაძლოა, დაეკარგათ პოლიტიკური ჰეგემონია, შეუდგნენ ფსონის დადებას რეგიონებზე და რეგიონებში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. მმართველი პოლიტიკური ჯგუფის რეგიონული ჰეგემონიის გაძლიერებას ხელი შეუწყო სამმა ძირითადმა ფაქტორმა: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიკურმა ზრდამ, მმართველი პარტიის მიერ რეგიონის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გაფართოებამ და რეგიონებიდან მიგრაციამ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ „ქართული ოცნება“ გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა. ომის დაწყებიდან მალევე, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ერთი მხრივ, ირიბად თანაუგრძნობდნენ უკრაინას, ხოლო, მეორე მხრივ, ღიად ცდილობდნენ ეკონომიკური ბენეფიტების მიღებას, ხშირად კი, სანქციების გვერდის ავლით, სანქცირებულ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას. 2022 წელს დაწყებულმა ომმა, საქართველოს სამი წლის განმავლობაში ათპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მოუტანა, რის ფონზეც ბიუჯეტი გაიზარდა, ხოლო რეგიონებში ინფრასტრუქტურული დანახარჯები გაორმაგდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნაკლები გავლენის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს (Deer 2023), თუმცა რუსეთ-უკრაინის ომით ეკონომიკური ბენეფიტები საკმაოდ თვალსაჩინო იყო საქართველოს ეკონომიკისთვის.

თუ კვლავ ოზურგეთის მაგალითს გავყვებით, დავინახავთ, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საგრძნობლად არის შეცვლილი - სკოლები, თეატრები, ქუჩები, ახალი გზები, პარკები, ქალაქის ფასადები და ზოგადად საჯარო დანახარჯები საგრძნობლად გაიზარდა. შედარებისთვის, 2012 წელს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე გადიოდა ახალი გზა, ძველი ინფრასტრუქტურა ჩამოშლილი იყო. რეგიონებში, მოსახლეობისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები აღმოჩნდა ერთგვარი ოცნების ჰეგემონიური წესრიგის შემქმნელი. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოინფრასტრუქტურული დაპირება მოსახლეობას იმედებს აღუძრავდა. თუკი ყველაზე პოპულარულ, სამთავრობო მედიას ჩართავთ, ნახავთ, თუ როგორი სისწრაფით ვითარდება საქართველოს. ამის პარალელურად კი, ოპოზიციას მმართველი პარტია უკრაინიზაციის გზის გამგრძელებლად სახავდა, ოპოზიციის იდეების გაყოლას ომის გზად წარმოაჩენდა, საკუთარ თავს - ამის თავიდან ამცილებლად. ოცნების ბიბლიური სცენარი აპოკალიფსის პრევენცია იყო, რაც 2024 წლის არჩევნების წინ, ბილბორდების სახით მატერიალიზდა. შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებ ადამიანს, ორ არჩევანს სთავაზობდა: ან რეგიონის განახლებას, განვითარებას და მოდერნიზაციას, ან ამ კეთილდღეობის შეწყვეტას და ომს (ჯემნიუსი 2024).

დიდ ქალაქებში შექმნილი ჰეგემონიური კრიზისის დაბალანსებას ოცნება რეგიონში შეუდგა. თუკი თბილისის ელიტისთვის გაზიარებულ ტენდერებს, ეკონომიკურ განაწილებას იმავე ელიტისგან კრიტიკული პოზიცია უპირისპირდებოდა, რეგიონებში ეს საპირისპიროდ მოტრიალდა. ოცნების ხედვა, ინვესტირება მოეხდინა რეგიონებში, ასევე მოიცავდა ადგილობრივი კლიენტალური ჯგუფებისთვის ტენდერების და ბენეფიტების გაზიარებას. ისინი იყვნენ უშუალო მიმღებები იმ ეკონომიკური სარგებლისა, რომელიც ცენტრიდან რეგიონებში ინაცვლებდა. საპირისპიროდ კი, „ქართული ოცნება“ ამ ჯგუფებისგან პარტიულ და პოლიტიკურ ლოიალობას მოითხოვდა. არჩევნების დროს ისინი იყვნენ მმართველი პარტიის პოლიტიკური ხედვების და იდეების მთავარი გამტარები. მმართველ პარტიას ნებისმიერ სოფელში ჰყავდა საკუთარი პოლიტიკური იდეების წარმომადგენელი, ეს ადამიანები ხშირად თანამდებობრივად ან/და ეკონომიკურად იყვნენ მიბმულნი ხელისუფლებაზე, რომელიც მათ შესაბამის ეკონომიკურ ბენეფიტს სთავაზობდა - ეს ბენეფიტი კი, საგრძნობლად დიდი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ჯგუფები, რომლებიც კლიენტალურ პირამიდაში იმყოფებოდნენ, საკმაოდ ფართო იყო. მსგავსი კავშირების შექმნა ემყარება ნათესაურ, მეგობრულ, ძმაკაცურ და ქუჩურ კავშირებს. ეს პირამიდა საკმაოდ დიდია, თუმცა ხარჯიანი, ეფექტიანი და ეკონომიკური ჩამოჟონვის ყველაზე ეფექტიანი გზა ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. ის ემყარება არა დემოკრატიულ პრინციპს, არამედ კლიენტალიზმს, რაც ქართული საზოგადოებისთვის ისტორიულად უცხო ხილი არ არის.[1] გარდა ამისა, რეგიონებისთვის მატერიალური ჰეგემონიის წყაროა სოციალური დახმარების სისტემები. სოციალური დახმარება, ხშირად ლოიალურობის დასამყარებლად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 18% სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალური შემწეობის მიმღებთა განაწილება კი საგრძნობლად ასიმეტრიულია - რეგიონებში მოსახლეობის ¼ და მეტი იღებს დახმარებას (სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2023).

ამომრჩევლების „გამოცვლას“ ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაც ესაჭიროებოდა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც დიდი ქალაქების მოსახლეობისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ღიად მიუღებელი გახდა. შედეგად, მმართველი პარტია ე.წ. ლიბერალური ელიტის და ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, მემარჯვენე პოლიტიკური ენის და დისკურსის წარმოებაზე გადაერთო. ეს მეტწილად გასაგები და მისაღები იყო რეგიონული ელიტისთვის, რომელიც კლიენტალური მმართველობისკენ უფრო იყო მიდრეკილი, ვიდრე ლიბერალური დემოკრატიის წესებისკენ. ეს ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ პოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპიცენტრი თბილისი იყო, ხოლო მის მიღმა არსებული სივრცეები ნაკლებად განიცდიდნენ ამ ტრანსფორმაციას. კონსერვატიულ, თუ მემარჯვენე პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადასვლას ასევე შეუწყო ხელი მედიაინფრასტრუქტურის რესტრუქტურიზაციამ, რისი საშუალებითაც, მმართველ პარტიას შეეძლო სხვადასხვაგვარი შიშის პოლიტიკა დაენერგა - შიში იმაზე, თუ როგორ სურდათ საქართველოში ლგბტ ადამიანების ქორწინების დანერგვა, ტრადიციული ყოფის განადგურება, სქესის შეცვლის წახალისება და ქვეყნის კულტურული განადგურება. „ქართული ოცნების“ სვლას მემარჯვენე დღის წესრიგისკენ ცხადი მიზანი ჰქონდა - დაემყარებინა რეგიონული ჰეგემონია, დიდ ქალაქებში მარცხის, ჰეგემონიის შესუსტების დასაზღვევად. 

დასასრულის სახით

საქართველოს   რეგიონებსა და ცენტრს შორის სხვაობის შესახებ დებატები საკმაოდ დიდია და ის მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული. თუმცაღა, ზემოთ აღწერილმა საკითხებმა უამრავი რამ განსაზღვრა. დამოუკიდებელი საქართველოს შემდეგ განვითარებულმა განვითარების მოდელმა, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ კულტურული განვითარების ასიმეტრიამ თავისი შედეგი გამოიღო. თუმცა, მთავარი კითხვა, რაზეც სტატიაში მინდოდა გამეცა პასუხი, იყო ის, თუ რამდენად განსაზღვრა მმართველი პარტიის მიერ შეცვლილმა პოლიტიკურმა ხედვებმა მათი რეგიონული წარმატება. ამაზე პასუხი კომპლექსურია, ერთი მხრივ, საქართველოს რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდაჭერის ნაწილი მოდის მათსავე ეკონომიკურ წარმატებასა და კლიენტალიზმზე, ხოლო ნაკლებად - მათ იდეოლოგიურ მიმღებლობაზე. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პირამიდა საკმაოდ ძვირია და კლიენტალური ჯგუფები პირამიდის ქვემოთ ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს მმართველ პარტიას. მეტიც, ვფიქრობ, მსგავსი სისტემები გარკვეულწილად ხელისუფლების ბოლო ჟამზე მიუთითებს. მეორე მხრივ კი, რეგიონებიდან შიდა და გარე მიგრაცია აძლიერებს მმართველი პარტიის ჰეგემონიას, რადგან შესაბამისი წინააღმდეგობა იკლებს. „ქართული ოცნების“ წარმატებაც დიდწილად მათივე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაში გამოიხატება, იმაზე, თუ სადამდე შეეძლებათ შეუნარჩონონ კეთილდღეობა ადგილობრივ კლიენტალურ ჯგუფებს და გასცენ მინიმალური სოციალური დახმარება ღარიბი მოსახლეობისთვის. ამ სისტემას კი არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვის და გაყალბების პრაქტიკები დაემატა, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არათავისუფალ და არასამართლიან არჩევნებად შეფასდა (ISFED 2024).

საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ დაბალანსებას ოპოზიცია ეფექტიანად ვერ ახერხებდა. ძირითადი დაპირებება, რასაც ისინი რეგიონებს სთავაზობდნენ, ევროკავშირში უწყვეტი ინტეგრაცია იყო. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და არა გადამწყვეტი. უმუშევრობის, მიგრაციის, ნარკოპოლიტიკის, რეგიონული განვითარების და ნდობის ნაკლებობამ საბოლოოდ გააძლიერა მმართველი პარტიის კლიენტალური ჰეგემონია. თუმცაღა, არსებობდა ობიექტური ფაქტორებიც, ეკონომიკური ზრდისა და რუსეთ-უკრაინის ომის სახით. პირველი, ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა ძვირადღირებული პირამიდის ფასი გადაეხადა, პატრონ-კლიენტური მდგომარეობა შეენარჩუნებინა. მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია ტრავმირებულ მეხსიერებას აღვიძებდა ქართულ საზოგადოებაში. ომის დროს ცვლილებების მიღწევა საკმაოდ რთული იყო. ამ ფაქტორებმა და ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებამ შექმნა რეგიონული ბენეფისი „ქართული ოცნებისთვის“.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Bibliography

Gugushvili, Dimitri. 2017. „Lessons from Georgia's neoliberal experiment: A rising tide does not necessarily lift all boats.“ Communist and Post-Communist Studies 1-14.

Sassen, Saskia. 2014. Expulsions: Brutality and Complexity in the Global Economy. Belknap Pr.

Paul Schaler, Tom Waldman. 2024. White Rural Rage: Threat to American Democracy. New York: Random House.

Szczerbiak, Aleks. 2024. „How deep is the crisis in Poland’s Law and Justice party?“ Notes From Poland.

Preciado, Paul. 2013. „Testo Junkie: Sex, Drugs, and Biopolitics.“ e-flux.

Kalb, Don. 2009. „Conversations with a Polish populist: Tracing hidden histories of globalization, class, and dispossession in postsocialism (and beyond).“ American Ethnologist 207-223.

მერი (მეკო) ჩაჩავა ნინო ზუბაშვილი. 2023. ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა საჭიროებების კვლევა დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში. თბილისი.

გელა მთივლიშვილი, გიორგი ბოლქვაძე, ბექა ჯაყელი. 2021. მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურაჯორჯიან მანგანეზისტყვეობაში. ჭიათურა, 6 5.

ვარდიაშვილი, მანანა. 2014. ᲜᲐᲠᲙᲝᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ - ᲬᲐᲛᲐᲚᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲘᲐᲠᲐᲦᲘ. თბილისი, 25 11.

Deer, Rae. 2023. Trickle-Down Economics Has Always Been a Scam. London, 04 10.

ჯემნიუსი. 2024. დანგრეული უკრაინა VS აყვავებული საქართველო - "ქართული ოცნების" ბანერები, რომელსაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა . თბილისი, 26 09.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 2023. საქართველოს მუნიციპალიტეტების ნახევარში სოციალურად დაუცველთა რიცხვი მოსახლეობის 25%-ზე მეტია . თბილისი, 14 07.

ISFED. 2024. Assesment of the Election. Election Report, Tbilisi: ISFED.

[1]იხ. ტიმოთი ბლაუველტი - „კლიენტალიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“. კლიენტალიზმი  არის ეკონომიკურ და სოციალურ სტატუსზე დაფუძნებული არათანაბარი ურთიერთობა („უფროსი“ და მისი „კლიენტი“), რაც მოიცავს ნივთების და სერვისების უკუგებით გაცვლას. ის ეფუძნება პირად კავშირებს, რაც მორალურ ვალდებულებად განიხილება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“