საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2010-2016 წლებში წარმოების რეალურ სექტორში საერთო ჯამში 19 მშრომელთა წინააღმდეგობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი, სადაც შრომის საკითხებთან დაკავშირებით წინააღმდეგობის ისტორიას წერდნენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოს, ჭიათური მაღაროებსა და ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული, ტყიბული ქვანახშირის მოპოვებაზე მომუშავე, ქსანის მინის ტარის ქარხანაში მშრომელი, კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მოპოვებით საწარმოში დასაქმებული, ქუთაისის ყოფილი მეტალურგიული ქარხანის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მეტროს მშრომელები.. მშრომელთა კოლექტიური მოქმედებებს ზოგჯერ ორგანიზებული სახე ჰქონდა, ზოგჯერ კი რეაქციულად და სტიქიურად წარმოიქმნებოდა და საბოლოოდ ხანგრძლივ გაფიცვებში თუ მასობრივი პროტესტებში გარდაიქმნებოდა. მშრომელთა კოლექტიურ ბრძოლებს ძირითადად ორი მთავარი ადრესატი ჰყავდა – ერთის მხრივ ეს იყო საწარმო თუ დამსაქმებელი, რომელსაც ისინი ზოგჯერ დაბალ ანაზღაურებას, ზოგჯერ მძიმე შრომის პირობებს თუ სხვადასხვა უსამართლობის აღმოფხვრას ედავებოდნენ. მეორეს მხრივ კი, ეს იყო სახელმწიფო და სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებსაც მშრომელები გამუდმებით მოუწოდებნენ მეტი გულისხმიერებისკენ, შრომელთა მდგომარეობით დაინტერესებისკენ, მეტი მხარდაჭერისკენ და დამსაქმებელთა მიმართებაში არსებული ძალთა ასიმეტრიის სხვადასხვა რეგულაციების დაწესების გზით დაბალანსებისკენ.
შესავალი
მშრომელთა მდგომარეობა და მათი სოციალური კეთილდღეობა მხოლოდ დასაქმების ადგილზე არსებულ შრომის ორგანიზების ცალკულ მიდგომაზე თუ აქ არსებულ ანაზღაურების სქემებზე არ არის დამოკიდებული. ის ასევე მჭიდრო კავშირშია საწარმოს გარეთ, სახელმწიფოს დონეზე მიმდინარე მაკრო პოლიტიკურ თუ სოციო-ეკონომიკურ პროცესებთან. ამის გამო, სახელმწიფოს დონეზე განხორციელებულ გარდაქმნებს თუ ცვლილებებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა 2010-2016 წლებში მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის დინამიკაზე, მის შედეგებზე და ამ წინააღმდეგობის ფორმებსა თუ შინაარსზე.
ამ სახის მსჯელობა, კერძოდ მშრომელთა წინააღმდეგობის დინამიკაზე დაკვირვება იძლევა შესაძლებლობას რომ 2010-2016 წლებში მომხდარი მშრომელთა საპროტესტო მოქმედებები სამ ფაზად დაიყოს და ამ გზით შესაძლებელი გახდეს წინააღმდეგობის პოლიტიკის დინამკაზე საუბარი და უფრო სიღრმისეული მსჯელობის წამოწყება. ეს ფაზებია:
საინტერესოა, რომ მშრომელთა პროტესტების დროით შკალაზე მოთავსება და მის სიხშირეზე დაკვირვება დამატებით არგუმენტებს აჩენს საკვლევ პერიოდში მიმდინარე წინააღმდეგობის პოლიტიკის ცვლილების დინამიკის და მისი სამ ფაზად დაჯგუფების თვალსაზრისის გასამყარებლად. დიაგრამა 1-ზე მოცემულია 2010 წლიდან 2016 წლის პერიოდში გამართული მშროელთა გაფიცვების განაწილება დროით შკალაზე, სადაც სამი სხვადასხვა ფერით მოინიშნულია ის საპროტესტო ფაზები, რომლებიც ცალკეულ განხილვას და სიღრსმისეულ შესწავლას საჭიროებს.
დიაგრამა 1 ცხადყოფს, 2010-2011 წლებში სულ 3 კოლექტიურ მოქმედებას ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც 2012 წელი მშრომელთა კოლექტიური მოქმედებების ინტენსვობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო, ისევე როგორ 2016 წელი, რომელიც 2015 წელის ‘ჩავარდნის’ ფონზე, ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ტენდენციას ავლენს შრომითი პროტესტების აფეთქების თვალსაზრისით. საინტერესოა, რითი გამოირჩეოდა 2012 და 2016 წელი, სადაც მშრომელთა აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი იყო? რა ფაქტორები ახდენდა ზეგავლენას მშრომელთა გააქტიურებაზე? როგორ შეიძლება მოვახდინოთ მშრომელთა წინააღმდეგობის ისტორიის ინტერპრეტირება? ამ საკითხებზე მსჯელობისას ცალსახაა, რომ შრომითი პროტესტების დინამიკის ანალიზისთვის მხოლოდ დასაქმების ადგილზე მიმდიარე პროცესების ან შემთხვევების ცალკეულად შესწავლა არასაკმარისი იქნება. საჭიროა ეს შემთხვევები ფართო სურათში მოვაქციოთ და წინააღმდეგობის მოქმედებების დინამიკა სახელმწიფოს დონეზე მიმდინარე ცვლილებებთან კავშირში დავინახოთ.
მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ 2010-2011 წელების პოსტ-რევოლუციური პერიოდის კოლექტიური მოქმედებების მთავარი სპეფიციკა სახელმწიფო დონეზე დამკვიდრებული საპოლიციო კონტროლი და რეპრესირების მიდგომები იყო. 2010-2011 წლებისთვის დამახასიათებელი ეს სპეციფიკა ერთის მხრივ აქრობდა მშროელებისთვის საჯარო პოლიტიკური პროცესებში დემოკრატიულ მონაწილეობის შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ ზღუდავდა გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობას კერძო მეწარმეთათვს და მას სამთავრობო დონეზე წარმოდგენილ ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან განხორციელებულ არაფორმალურ თუ ხისტ ჩარევებს უქვემდებარებდა. აღნიშნული გარემოება კი ქმნიდა იმ რეალობას, სადაც შრომითი პროტესტები არა მხოლოდ მშრომელთა უშუალო წუხილების გაჟღერებას მოიაზრებდა, არამედ ის იმ სიმბოლურ მნიშვნელობასაც იძენბდა, სადაც მშრომელთა ბრძოლა და წინააღმდეგობა სისტემასთან დაპირისპირებაში შესვლის, გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის, და შესაბამისად პოლიტიზირებული სუბიექტების წარმოების დატვითვას ატარებდა. ამასთან, 2010-2011 წლების მშრომელთა პროტესტები გამოირჩეოდა სწრაფი ლიკვიდურობით და მშრომელთა პოტენციური მხარდაჭერების მხრიდან დაბალი აქტიურობით. პროტესტები ხშირ შემთხვევაში ვერ სცდებოდა დასაქმებს ადგილს და მათი გაშუქება მეინსტრიმ მედიაში იშვიათად მიმდინარეობდა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ჰქოდა ადგილი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას, როდესაც მოხდა ქუთაისი მეტალურგული საწარმო „ჰერკულესის“ მშრომელთა მშვიდობიან პროტესტი საპოლიციო ძალის გამოყენებით დარბევა და აქტიური წევრების დაპატიმრება[1], და რომელსაც შემდგომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მაღალი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, 2010-2011 წლის მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის დახასიათებისას უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იზღუდებოდა პროფკავშირული ორგანიზაციების მუშაობა, ხოლო საწრმოების დონეზე განსაკუთრებულად იდევნებოდნენ პროფკავშირში გაწევრიანებული მშრომელები, რაც კიდევ უფრო ფატალურს ხდიდა მშრომელთათვის წინააღმდეგობის პოლიტიკაში შესვლას, კოლექტიურად პროტესტის დაფიქსირებას და ბრძოლის წამოწყებას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა მშრომელთა პროტესტების სიხშირეზე და მის დინამიკაზეც.
2010-2011 წლებთან შედარებით, 2012-2014 წლების მშრომელთა წინააღმდეგობის დინამიკა რადიკალურად ახალ სურათზე მეტყველებს. ის, რომ კვლევაში აღნიშნული პერიოდის წინააღმდეგობები მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდის კოლექტიური მოქმედებები, შემთხვევითი არაა. სწორედ რომ ხელისუფლების ცვლილება და ამის შედეგად მიმდინარე მშრომელთა განწყობის, მოლოდინების თუ დამოკიდებულების ცვლილება შეიძლება მივიჩნიოთ აღნიშნულ პერიოდში მომხდარი პროტესტების ძირითად იმპულსად. 2012 წელი იყო ის პერიოდი, როდესაც მშრომელთა პროტესტების რიცხვმა პიკს მიაღწია (იხ. დიაგრამა 1), ხოლო მომდევნო წლებში პროტესტების სიხშირემ შედარებით იკლო, სანამ მოცემული ფაზის წინააღმდეგობის ისტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, მადნეულის საწარმოზე წამოწყებული მუშების პროტესტით არ დაბოლოვდა.
როგორც ზევით ითქვა, მოცემული პერიოდის პროტესტების მთავარ მამოტივირებელ ფაქტორს ხელისუფლების და სამთავრობო გუნდის ცვლილება წარმოადგენდა. ახალი სამთავრობო გუნდის ძირითად დაპირებები კი „სამართლიანობის აღდგენა“ და რადიკალური ცვლილებების გატარება იყო. 2012 წელს ამ დაპირებებით წახალისებული მშრომელები იფიცებოდნენ ტყბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, რკინიგზში, რათა მოეთხოვათ რადიკალური ცვლილებები, საწარმოში გარდაქმნების გატარება და სამართლიანობის აღდგენა: “2012-ში ზოგადი მოთხოვნა ხომ იყო, სისტემა უნდა დაინგრეს ქვეყანაში, ჩვენი გვქონდა მოთხოვნა, რომ სისტემა უნდა დაინგრეს რკინიგზაშიც, ვითხოვდით, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს რკინიგზაშიც“ – აცხადებდა ერთ-ერთი რესპოდენტი. აღნიშნული პერიოდის პროტესტები გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რეპერტუარებით და რადიკალიზების ახალი ფორმებით, მაშტაბურობთ და ასევე საპროტესტო მოქმედებების ხანგრძლივობის ზრდითაც (იხ: ცხრილი 1). გარდა ამისა, 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებების ფონზე გააქტიურდნენ პროფკავშირული ორგანიზაციებიც (როგორც პირველადი, ასევე გაერთიანება) და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ მშრომელთა პროტესტების მხარდაჭერაში. ასევე გააქტიურდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის აქტივისტური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მშრომელთა ცალკეული მხარდაჭერები. გარდა ღია მხარდაჭერის დაფიქსირებისა, ისინი ასევე ხელს უწყობდნენ სამოქალაქო საზოგადოებრივ დღის წესრიგში ისეთი თემების შეტანას, როგორიცაა მშრომელთა მდგომარეობა, შრომის პოლიტიკა, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკა და ა.შ.
მიუხედავად ამ ცვლილებებისა, რაც დაკავშირებული იყო საპოლიციო კონტროლის შესუსტებასთან, სახალხო პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან, საჯარო სივრცეების პლურალიზაციასთან და შედეგად მშრომელების, სამოქალაქო საზოგადოების თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციების გააქტიურებასთან, აღნიშნული გარდაქმნები არ აღმოჩნდა საკმარისი მშრომელთა მდგომარეობის და შრომის პოლიტიკის სრული გარდაქმნისთვის. ახალი ხელისუფლების მიმართ მაღალი მოლოდინის არსებობის მიუხედავად, მშრომელებმა მალევე დაკარგეს „რეალური ცვლილებების“ იმედი, რაშიც გადამწყვეტი როლი სწორედ რომ კაზრეთში მიმდინარე მშრომელთა 41 დღიანმა გაფიცვამ ითამაშა, რომელმაც კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა მშრომელებისთვის, რის შედეგადაც მათ დაკარგეს ნდობა ახალი ხელისუფლების პოლიტიკის და ამ პოლიტიკის შედეგად დაპირებული რეალური ცვლილებების გატარების მიმართ. ამ ფონზე ადვილი სავარაუდოა, რომ სწორედ ამის შედეგად, 2015 წელი ყველაზე პასიურ წლად გაფორმდა. (იხ. დიაგრამა 1) ამ პერიოდში, წარმოების რეალურ სექტორში დასაქმებული მშრომელების წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
2015 წლის პასიურობისა და წინარე იმედგაცუებების ფონზე, 2016 წელს მშრომელთა ხელახალი გააქტიურება ახალ ტენდენციებზე მიუთითებს. 2016 წლის მშრომელთა პროტესტების შესწავლა იძლევა შესაძლებლობას, რომ ახალი სამთავრობო პოლიტიკის პერიოდის კოლექტიური მოქმედებების შემთხვევები არა მხოლოდ შრომით, არამედ სოციალური ტიპის პროტესტებად იქნეს წაკითხული, სადაც მოთხოვნებს შორის, გარდა კონკრტულ საწარმოში დასაქმებული მშრომელების მცირე ჯგუფის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ასევე ჟღერდებოდა შრომის პოლიტიკის კრიტიკა და სოციალური პოლიტიკის კრიტიკა. მშრომელთა წინააღმდეგობაში ჩართული პირები აქცენტს აკეთებდნენ მაღალ უთანასწორობაზე, ითხოვდნენ სამართლიანი გადანწილების დაწესებას, ასევე შრომის სტანდარტებს და შრომის უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტას.
შესაბამისად, თუ 2010-2011 წლებში მშრომელთა წინააღმდეგობის შემთხვევები სისტემასთან დაპირისპირების შესვლის ტოლფასი იყო და ამის შედეგად მისი შინაარსი თუ დატვირთვა მშრომელთა კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ სცდებოდა, 2012-2014 წელს, მშრომელთა წინააღმდეგობის შემთხვევები უფრო მეტად პოლიტიკური რეალობის ცვლილებით, ასევე ახალი რესურსების გაჩენით იყო განპირობებული და კონკრეტულ საწარმოებში სამართლიანობის აღდგენისკენ მიემართებოდა. 2016 წლის მშრომელთა წინააღმდეგობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კი შესაძლოა ცალსახად აღინიშნოს, რომ მოცემულ პეროდში წინააღმდეგობა წარმოიქმნებოდა იმ სტრუქტურულად მოცემული სოციალური უსამართლობის, ჩაგვრის და ექსპლუატირების, ექსკლუზიის, კონტროლის და დისციპლინირების პრაქტიკების წინააღმდეგ, რომლებიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საწარმოს უკავშირდებოდა, არამედ სისტემური ხასიათის იყო.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მშრომელთა პროტესტები მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა სხვადასხვა თემებზე მომუშავე აქტივისტური ჯგუფებისთვის და პოლიტიკურად აქტიური სუბიექტებისთვის სხვადასხვა თემების პოლიტიზირებისთვის. შრომითი საკითხები გადაიქცა იმ მთავარ ინსტრუმენტად, რომლის ილუსტრირებითაც მიმდინარეობდა საუბარი ქვყანაში გამეფებულ სოციალურ სიდუხჭირეზე, მწვავე უთანასწორობაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სოციალურ, დემოგრაფიულ, გენდერულ თუ გეოგრაფიულ განზომილებებში. ამ პერიოდში ასევე განსაკუთრებით გააქტიურდნენ და გაძლიერდნენ პროფკავშირული ორგანიზაციებიც, რომლებიც უფრო სისტემურ მხარდაჭერას სთავაზობდნენ მშრომელებს. მათი პოლიტიკა უფრო მეტად კონფრონტაციული და უკომპრომისო გახდა. მიუხედავად ყველა ამ პოზიტიური ცვლილებისა, რომელთა იდენტიფიცირებაც 2016 წლის წინააღმდეგობის პოლიტიკაზე დაკვირვებით შეიძლება, საბოლოო ჯამში მშრომელთა მდგომარეობა სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც ვერ გაუმჯობესდა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები მხოლოდ ნაწილობრივ, მშრომელების მხრიდან კომპრომისზე წასვლის ხარჯზე თუ კმაყოფილდებოდა.
შეჯამება
2010 წლიდან მოყოლებული მშრომელები სხვადასხვა ინტენსივობით და სიხშირით აცხადებდნენ დაუმორჩილებლობას და იფიცებოდნენ. მათი წინააღმდეგობის ისტორია წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა, ბრძოლის პოლიტიკური არეალები ფართოვდებოდა და უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოიაზრებდა მოკავშირეებს თუ მომხრეებს შორის. ამ დინამიკას არა თუ შემთხვევითი ხდომილებები განაპირობებდნენ, არამედ მას სისტემური, მწყობრი ხასიათი გააჩნდა და ისეთ სტრუქტურულ ფაქოტრებიდან გამომდინარეობდა, როგორიცაა ხელისუფლების ცვლილება, საჯარო სივრცეზე წვდომის შესაძლებლობა, სახალხო პოლიტიკისთვის რესურსის გაჩენა, დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის მზაობა. მშრომელთა წინააღმდეგობის მიერ ზეგავლენის მოპოვებას ხელს უწყობდა ისეთი რესურსების გაჩენა, როგორიცაა აქტიური მხარდამჭერები, ფართო სოციალური კავშირები, ძლიერი ორგანიზაციები, თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებდა ობიექტური ინფორმაციის სწრაფ და შეუფერხებელ გავრცელებას.
მშრომელთა წინააღმდეგობის შემთვევების ცაკლეულად შესწავლისას, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს შემთხვევები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა და წუხილი მხოლოდ საწარმოს დონეზე, გარე პროცესებიდან იზოლირებულად წარმოიქმნებოდა. თუმცა ეს დაშვება ქარწყლდება, თუ მშრომელთა პროტესტებს და მათი წინააღმდეგობის პოლიტიკას ფართო, დროში განგრძობით ისტორიად დავინახავთ და ამ პერსპექტივიდან შევძლებთ მის ინტერპრეტირებას. ამ მსჯელობისთვის კი საჭიროა, რომ მშრომელთა წინააღმდეგობის დინამიკის ცვლილება დროით შკალაზე მოვათავსოთ, სათვალავში მივიღოთ მაკრო დონეზე მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გარდაქმნები, ასევე გავითვალისწინოთ თავად მშრომელების აგენტობა და მათი მოტივაცია, როდესაც ისინი უპირისპირდებიან ძალაუფლებრივ ერთეულებს, და შემდგომ ამ კომპლექსურ მოცემულობაში შევაფასოთ 2010-2016 წლებში, საქართველოს კონტექსტში მიმდინარე შრომელთა წინააღმდეგობის ისტორია.
სტატია ეფუძნება ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებულ კვლევას წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები – შრომითი, კულტურის და ბუნებრივიგარემოს დაცვითი პროტესტები, რომელიც 2017 წლის ნოემბერის თვეში გამოქვეყნდა და სწავლობს 2010-2016 წლებში საქართველოს მაშტაბით მიმდინარე შრომით, გარემოს დაცვით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემების ირგლივ ორგანიზებულ კოლექტიური წინააღმდეგობის შემთხვევებს.
კვლევითი პუბლიკაციიდან გამომდინარე, წარმოდგენილ სტატიაში მიმოხილულია წარმოების რეალურ სექტორში, კერძოდ ინდუსტრიულ-სამრეწველო, სამთო-მოპოვებით და სატრანსპორტო (რკინიგზა, მეტრო) სექტორებში მიმდინარე მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებების შემთხვევები.
ინსტრუქცია