საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და ფაქტობრივად, გამოძიების პრობლემურობაზე განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა.
დაირღვა თუ არა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლება სპეცოპერაციისას, გასროლის დროს - ამ საკითხზე მსჯელობისას, ევროპული სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების არაეფექტიანობამ, სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევის დადგენა შეუძლებელი გახადა.
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევისთვის, სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის პარალელურად, მოუწევს ხელახლა დაიწყოს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და უზრუნველყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელმაც სწორედ სპეცოპერაციისა და ძალის გამოყენების მართლზომიერების საკითხი უნდა შეაფასოს.
გთავაზობთ ციტატებს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, გამოძიების ეტაპზე არსებული ხარვეზების შესახებ.
ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, ვინაიდან გამოძიების საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები (მათ შორის, ხელყუმბარა) ამოიღო იმ უწყებამ, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაატარა და რომლის თანამშრომლების ბრალეულობის საკითხიც გამოძიებას უნდა შეეფასებინა. ამ მტკიცებულებების მოპოვების სანდოობას პირდაპირი გავლენა ჰქონდა გამოძიების შემდგომ პროგრესზე.
ევროპული სასამართლოს თქმით, პროკურატურამ სათანადოდ ვერ შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე სისხლის კვალი და ყურსასმენის არსებობის საკითხი. ამ საკითხების სათანადო შესწავლა მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ვერსიის საპასუხოდ, რომელიც მიიჩნევდა, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მომენტში მწოლიარე თემირლან მაჩალიკაშვილი ტელეფონს ყურსასმენებით უსმენდა და შეიძლება ვერც კი აღიქვა მომხდარი.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლების მონაწილეობა გამოძიების პროცესში ხარვეზიანი იყო და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათი ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიებაში, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების არცერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რის გამოც ოჯახმა ვერ შეძლო გაესაჩივრებინა თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე.
ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არცნობის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის ოჯახს და ადვოკატებს ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქმეში მონაწილე სპეცრაზმელების ჩვენების შინაარსის დროული გაცნობის უფლება და ის საგამოძიებო მოქმედების შედეგები ოჯახს დაგვიანებით გააცნეს.
ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ გამოძიების ეტაპზე, სპეცრაზმელების გამოკითხვის გაჭიანურებამ შექმნა რისკი, რომ სპეცრაზმელთა ჩვენებები ერთმანეთთან შეჯერებულიყო.
სასამართლო უთითებს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანგარიშები, რამაც საქმის ამ ნაწილის სათანადო გამოძიების შესაძლებლობა შეზღუდა.
ინსტრუქცია